Archive for June, 2009
ქალის ადგილი – სამზარეულო
Posted by dreamar in სოციალური საკითხები on June 30, 2009

ქალების ადგილი სამზარეულოშია – ეს აზრი ხშირად მსმენია “ძლიერი სქესის” წარმომადგენლებისგან. ასე ძირითადად 40 წელს გადაცილებული ადამიანები ფიქრობენ. მაგრამ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ეს აზრი ჩემივე თანატოლებისგან მოვისმინე. არადა მე პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდებად მიმაჩნდნენ
დიდი კამათი მოგვივიდა ამ თემაზე. მე ვთქვი, რომ დიახაც არ ვაკეთებ საჭმელს და არ “ვბზრიალებ” სამზარეულოში, რადგან ეს საქმე არ მიყვარს. საერთოდ არ მესმის, რატომ უნდა დახარჯო დრო იმ საქმის კეთებაზე, რაც არ გიყვარს. მითუმეტეს, რომ რამდენიმე საათში მთელი შენი შრომა განავლად იქცევა. სამზარეულოში ტრიალს მირჩევნია სხვა სასარგებლო და ჩემთვის საინტერესო საქმით დავკავდე. თან მე ძირითადად ის საჭმელი მიყვარს, რომლის შეძენაც ნებისმიერ მაღაზიაში მზა სახით შეიძლება, მაგალითად: შოკოლადი, პეჩენია, პიცა, ლობიანი, ჰოთ-დოგი:) ეს ვთქვი თუ არა, ჩემმა ოპონენტებმა კრიტიკის ქარცეცხლში გამატარეს, რას ჰქვია გოგო საჭმელს არ აკეთებდესო, აი, დავუშვათ ქმარი მოდის სახლში დაღლილიო და მშიერიო, არ უნდა დაუხვედროს ცოლმა კერძებიო. ხოდა, იქნებ სულაც პირიქითაა და ცოლი ბრუნდება სახლში დაღლილ-დაქანცული? პრიმიტივებისათვის დამახასიათებელი ფრაზაა:გზა კაცის გულამდე კუჭზე გადისო. თუ ეს ჭეშმარიტებაა, მაშინ ყველა კაცი კუჭის მონა ყოფილა. თუკი ცოლის ფუნქცია მარტოოდენ საჭმლის კეთებით შემოიფარგლება, რაღა საჭიროა ცოლის მოყვანა, შეისახლონ მზარეული და იცხოვრონ ტკბილად და ბედნიერად
:D:D
ის აზრიც ხშირად მსმენია, რომ კაცი უფრო კარგი მზარეულია, ვიდრე ქალი, ხოდა ვინ ეცილებათ? იტრიალონ სამზარეულოში და აკეთონ ათასნაირი კერძები თუ გამოსდით ეს საქმე და თუ სიამოვნებთ.
რა სჯობია იმას, როცა ქალს გემრიელი კერძების მომზადება შეუძლია და უყვარს კიდეც ეს პროცესი, მაგრამ ქალი რომ აუცილებლად უნდა აკეთებდეს საჭმელს, ეს გაუგებარი მოთხოვნაა, დრომოჭმული სტერეოტიპი…
იქნებ ოდესმე მეც შემიყვარდეს სამზარეულოში ტრიალი, მაგრამ მანამდე ვიტყვი, რომ ქალის ადგილი იქაა, სადაც უნდა რომ იყოს: იქნება ეს სამზარეულო, სამსახური თუ სხვა. ეს ქალის გადასაწყვეტია და ყველამ პატივი უნდა სცეს მის არჩევანს.
არეულ-დარეული პოსტი
დღეს სანდრო და თიკო გავაცილეთ. დილაადრიან მოგვიწია აეროპორტში მისვლა, მერე მთელი დღე ნახევრადმძინარენი დავდიოდით. მოკლედ ვაცილებდით და ვფიქრობდით: რა ბედნიერები არიან სანდრო და თიკო აშშ-ში რომ მიდიან. ისინი წავიდნენ, ჩვენ დავრჩით ჩვენ-ჩვენი ფიქრებითა და ჩვენ-ჩვენი გეგმებით. მე უნივერსიტეტის გამოცდები მაქვს წინ, სადიპლომო ნამუშევარიც უნდა გავაკეთო, მერე კიდევ სამაგისტრო გამოცდები ჩავაბარო და თან დიპლომი დავიცვა. ბევრი სამუშაო მელის
ერთი სული მაქვს როდის მოვრჩები ამ ყველაფერს. დავიღალე, მყუდროება და სიწყნარე მომენატრა. დღეს მინიმუმ 7 ადამიანთან ერთად ვატარებ. ადრე ძალიან მიყვარდა ხალხმრავლობა, ახლა მომბეზრდასავით: ერთდროულად რამდენიმე ადამიანი რომ ლაპარაკობს, ხშირ შემთხვევაში, არავინ არავის არ უსმენს, ელემენტარულად იმიტომ, რომ რამდენიმე ადამიანის ერთდროულად მოსმენა შეუძლებელია, ირგვლივ ყაყანია, შენი ყურადღება რამდენიმე ადამიანზე უნდა გაანაწილო და რაც უფრო ბევრი ადამიანია, მით უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობ თითოეულს. “მყუდრო სიტუაციები” (თუ შეიძლება ასე ითქვას) მომენატრა ძალიან, თბილი და გულახდილი საუბრები, ფილმების ყურება ჩაბნელებულ ოთახში (ოღონდ არა კოლექტიურად)…
კიდევ რამე კარგი ცვლილება მინდა, თუნდაც გარეგნობაში: პირსინგის გაკეთება მინდა, ოღონდ ვერ გადამიწყვეტია, გავიკეთო თუ არა. ყურებიც კი არ მაქვს გახვრეტილი და წარბის გახვრეტა მომინდა უცებ
ტუჩზეც მომწონს პირსინგი. ბევრმა მითხრა, მოგიხდებაო. მაგრამ მაინც თავს ვიკავებ: ჯერ გიორგი მეუბნებოდა, არ გაიკეთო პირსინგი, არ მომწონსოო. მერე ერთ მშვენიერ დღესაც მითხრა, თუ გინდა გაიკეთეო. მოკლედ დავიბენი. არადა სულაც არ მინდა ბევრი და შეუძლებელი, ხომ მეთანხმები?
ახალ ეტაპზე გადასვლა

დღეს უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხურზე ბოლო ლექცია მქონდა. სკოლას რომ ვამთავრდებდი, ბევრად უფრო დამწყდა გული, ვიდრე ახლა. თვალი გადავავლე “ცოდნის ტაძარში”
განვლილ წლებს. ბევრად მეტი ცოდნის მოცემა შეეძლო დედა-უნივერსიტეტს ჩემთვის, ვიდრე მივიღე. ტელე-რადიოჟურნალისტიკაზე ვსწავლობ და 4 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მქონდა კამერასთან შეხება. მოკლედ პრაქტიკული სამუშაოს ნაკლებობა – ეს პრობლემა დიდი ხანია არის უნიში და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ლაპარაკობს ამ საკითხზე, ჯერჯერობით მდგომარეობა არ გამოსწორებულა.
თსუ-ში შემთხვევით აღმოვჩნდი, თეატრალურში ვაბარებდი და აქ ამოვყავი თავი. უნიში მოსვლის პირველი დღეც კარგად მახსოვს: როგორ შეგვყარეს ერთმანეთისთვის უცნობი, მომავალი კურსელები დარბაზში და გვაცნობდნენ ჩვენს მომავალ ლექტორებს. მაშინ საშინელი იმედგაცრუება განვიცადე
მაგრამ მას შემდეგ გავიდა ხანი და უნისაც მივეჩვიე, მე-6 კორპუსი მშობლიური გახდა ჩემთვის:) სტუდენტობის გემო კარგად მაინც ვერ ვიგემე. უნიში სტუდენტური ცხოვრება ხომ ძალზე მდარეა. მიუხედავად ამისა, უნიში სტუდენტობის პერიოდს მაინც აქვს თავისი ხიბლი. მე ეს პერიოდი უკვე განვვლე და ახლა უკვე ახალ ეტაპზე გადასვლის დროა:)
კონფორმისტები
Posted by dreamar in სოციალური საკითხები, ფსიქოლოგია on June 11, 2009
“ჭეშმარიტად მშვენიერი და ღვთაებრივი მუდამ მარტოობას გრძნობს ამ გაუხარებელ მიწაზე”. ალბათ, ბევრი დაეთანხმება კონსტანტინე გამსახურდიას ამ ფრაზას. ამიტომაცაა, რომ დღეს ბევრი ცდილობს მასისგან განყენებულად, ყველასგან განსხვავებულად წარმოაჩინოს თავი. თბილისის ქუჩებში ხშირად შეხვდები კეტებსა და დახეულ ჯინსებში გამოწყობილ, პირსინგიან ახალგაზრდებს, რომლებიც ცდილობენ იყონ ორიგინალურები და მათი ეს ორიგინალურობა გამოიხატება არამარტო ჩაცმულობით, არამედ ყველა სხვა ფორმით: იქნება ეს მუსიკალური გემოვნება, ქუჩაში მოქცევა, ჰობი და ა.შ. ხშირად მსმენია ამ “ახალი დროის ახალგაზრდებისგან” მათი მარტოობის შესახებ: “ვერავინ ვერ მიგებს, ზედმეტად განსხვავებული ვარ, ვერ ვეგუები საზოგადოებას, მე ინდივიდი ვარ, სხვები – მასა.” ისინი პროტესტს გამოთქვამენ ყველასა და ყველაფრის მიმართ, თუ რატომ, ხშირ შემთხვევაში თვითონაც არ იციან. “ქუჩაში რომ დავდივარ, ხალხი უცნაურად მიყურებს” – საყვედურობენ ეს ნონკონფორმისტები ქართველი ხახლის ჩამორჩენილობას. არადა მათი მიზანიც ხომ ეგაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ყურადრება მიიპყრონ და საზოგადოებამ ისინი გიჟებად, უჩვეულოებად შერაცხოს. მივესალმები ყველა განსხვავებულსა და უჩვეულო ადამიანს. მე პირადად ძალიან მიყვარს ასეთებთან ურთიერთობა. მაგრამ, ჩემი აზრით, ადამიანი კი არ უნდა ცდილობდეს იყოს ორიგინალური და განსხვავებულის როლს თამაშობდეს, არამედ ბუნებით უნდა იყოს ასეთი.”იყავი ის რაც ხარ” – ბანალური და მარტივი, მაგრამ ამ სიტუაციისთვის შესაფერისი გამონათქვამია. ყველა იმის გასაგონად, ვინც თავს ნონკონფორმისტად მიიჩნევს, ვიტყვი: ნონკონფორმიზმიც ხომ სხვა არაფერია თუ არა კონფორმიზმის გამოვლინება:P
ლაშქრობა ანანურში

როგორც იქნა თავი მოვაბით “პახოდს”! ბევრი პრობლემის გადალახვა მოგვიხდა: ჯერ წასვლის დროზე ძლივს შევთანხმდით: ხან ვის არ ეცალა და ხან ვის, მერე ლაშქრობის ადგილსა და წამოსაღები საჭმლის სიაზეც ბევრი ვიდავეთ. მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მოგვარდა, გადავწყვიტეთ, რომ მიდვივართ ანანურში, გასვლის დრო და ადგილი: 3 მაისი, დილის 9 საათი, დიდუბის ავტოსადგური. რაც მთავარია, მოგვაქვს ბევრი სპირტიანი სასმელი
დათოს ძალიან უნდოდა ისეთ ადგილას წასვლა, სადაც კაცის ჭაჭანება არ იქნებოდა. ჩვენი არჩევანი – ანანურში წავსულიყავით -არ მოეწონა და დაგვემუქრა უკან დაბრუნებით, თუკი ტყეში ერთი ადამიანი ან ერთი ძროხა (ცხვარი, თხა) მაინც შეგვხვდებოდა:D:D:D

ლაშქრობებში ბევრჯერ არ ვარ ნამყოფი, უმეტესობაც ჩემნაირად გამოუცდელი იყო
პირველმა სირთულემ გზაზე იჩინა თავი: ძალიან ძნელია ადამიანისთვის, რომელიც დღეში მაქსიმუმ 2 კმ-ს გადის, აღმართ-აღმართ იაროს ტალახიანი და ქვა-ღორღიან ბილიკზე, თანაც მძიმედ დატვირთულმა. გზაში სულ იმის შესახებიყო ჩხუბი, ვინ წამოიღებდა ქლიბის კარავს – ყველაზე მძიმე ტვირთს.
მივდიოდით ნიკას წინამძღოლობით და არ ვიცოდით სად მივდიოდით, ანანურის ადგილობრივმა მოსახლეებმა კი გვიჩვენეს გზა, მაგრამ დასახულ ადგილს- წიწვოვან ტყეს- მაინც ვერ მივაგენით და ბერვი სიარულის შემდეგ წყაროს შორიახლოს დავბანაკდით. მეორე სირთულე ქლიბის კარვის გაშლა იყო. ინსტრუქცია კი ჰქონდა, მაგრამ მაინც გაგვიძნელდა. მართალია, საბჭოთა კავშირის დროინდელი კარავი იყო, მაგრამ შიგნიდან ძალიან მყუდრო და დიდსივრციანი. მოკლედ, ისეთი კარავი იყო, იქიდან გამოსვლა არ მოგინდებოდა ![]()
ცეცხლი რომ დავანთეთ და საჭმლის კეთებას შევუდექით, უცნაური გარეგნობის მქონე კაცი დაგვადგა თავს, ნაჯახით ხელში. მივესალმეთ, მოგვესალმა. ყველას მაშინვე ერთმა აზრმა გაგვიელვა თავში: რა იქნება ეს კაცი ვინმე ბოროტი არსება რომ აღმოჩნდეს, მანიაკი, რომელიც ღამით დაბრუნდება და ამოგვხოცავს ყველას, როგორც ფილმებში ხდება ხოლმე. მოკლედ გამაკანკალა
:D:D
ტყეში კიდევ ერთი სტუმარი გვეწვია: საშინლად გამხდარი ცუგა. ეტყობა დაიკარგა ან დატოვეს. გავუმასპინძლდით:) იმდენად შეგვეჩვია, რომ მოვდიოდით უკან გამოგვყვა.
ქლიბს შესანიშნავი კულინარიული ნიჭი აღმოაჩნდა (ეტყობა ბებიისგან მოსდევს), რაც გემრიელი მწვადის გაკეთებაში გამოვლინდა. გვიან ღამემდე ვისხედით კოცონთან და ვსვამდით. ზოგიერთს ბევრი მოუვიდა და მერე არ დაგვაძინა თავისი უაზრო შეკითხვებით:” სადაა ზაჟიგალკა?დამიბრუნეთ ჩემი საჟიგალკა!”:D
ზოგიერთებში რა თქმა უნდა ქლიბი იგულისხმება: “გათიშვამდე უნდა დავლიოო”. ავუხსენით, რომ ხვალ დიდი გზა უნდა გავიაროთ, რომ ბარგიც მისი წამოსაღებია, ასე რომ ბევრის დალევა არ იქნება კარგი. მაინც არ დაგვიჯერა. გვაიძულა მისთვის ლუდის ბოთლი გამოგვეტაცა ხელიდან და შორს მოგვესროლა.
ყველაზე დიდი სირთულე წინ გველოდა: მთელი ღამე ნორმალურად არ გვეძინა – მყარ მიწაზე ვერ მოვისვენეთ. მითუმეტეს მე გამიჭირდა: რბილ-რბილ საწოლს მიჩვეულს დილით გვერდები მტკიოდა.
მიუხედავად შექმნილი სიძნელეებისა, ბევრი ვიმხიარულეთ და დროც მშვენივრად გავატარეთ. მესამე დღითაც გადავწყვიტეთ დარჩენა, მაგრამ აღმოვაჩინეთ რა, რომ საჭმელი არ გვეყოფოდა, ჩვენი გადაწყვეტილება მყისვე შევცვალეთ.

უკან წამოსვლისას გზა ბევრად უფრო მოკლე და იოლი მომეჩვენა. ქლიბმა და ბუნიმ არაგვის გადალახვა მოინდომეს ხიდზე გაუსვლელად. ჩვენი თხოვნა, თავი შეეკავებინათ ამისგან, არაფრად ჩააგდეს. ხიდზე გადავედით და შიშით ველოდებოდით ჰორიზონტზე ქლიბისა და ბუნის გამოჩენას. იგვიანებდნენ. გიორგი კი, როგორც ყოველთვის, ხუმრობის ხასიათზე იყო: “წყალზე მოტივტივე არსებები თუ დაინახეთ, ესე იგი ეგენი არიანოო”
საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობით დასრულდა: ბუნიც და ქლიბიც საღ-სალამათები დაბრუნდნენ.

დიდი ხანი ველოდებოდით თბილისის ავტობუსს, ბოლოს დავემგზავრეთ თბილისში მიმავალ კეთილ ადამიანებს
სულ რაღაც ორი დღით წამოვედით სახლებიდან და უკვე მონატრების გრძნობა შემოგვაწვა, გიორგის ერთი სული ჰქონდა როდის მიუჯდებოდა კომპს, მე ჩემი საწოლი მომენატრა, ანის კიდევ ჰალვის ჭამა უნდოდა. შემდეგი დასკვნა გამოვიტანეთ: მოლაშქრეებად ჩამოყალიბებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია და როგორც ბუნიმ თქვა, “პარკეტის” ადამიანები ვართ
:D:D

Recent Comments