Archive for თებერვალი, 2011

საქართველოს ევროვიზიაზე Eldrine წარადგენს


19 თებერვალს პირველი არხის პირდაპირ ეთერში გამართულ ევროვიზიის ეროვნული ფინალში გაიმარჯვა ბენდმა Eldrine. ის 10 მაისს გერმანიაში გამართულ ევროფესტივალზე საქართველოს სახელით წარდგება. ჩემი პოსტი არ იქნება ეროვნული ფინალის ობიექტური განხილვა, არ მოგაწვდით იმ ინფორმაციას, რაც ისედაც იცით ან რასაც შეიძლება სხვაგან გაეცნოთ. თუ გაინტერესებთ რა ხდებოდა სცენაზე ჩემი სუბიექტური შეხედულებების გარეშე, უყურეთ myvideo-ზე ან tvali.ge-ზე 1 არხის19 თებერვლის ეთერის ჩანაწერს 6.30-საათიდან დან 7. 30-მდე.

ევროვიზიის ეროვნულ ფინალში მონაწილეობის სურვილი 50-მა მუსიკოსმა გამოთქვა. კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერს შეეძლო. ამისთვის საჭირო იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში 10 თებერვლამდე
სპეციალურად ამ კონკურსისთვის შექმნილი სიმღერის, ავტობიოგრაფიისა და ფოტოსურათის მიტანა. 50-დან თავდაპირველად შეირჩა 10 კონკურსანტი, შემდეგ სამი კონკურსანტი (ბორის ბედია, თაკო გაჩეჩილაძე და ქეთი ორჯონიკიძე ) გამოეთიშა ევროვიზიის შესარჩევ ტურს: თაკო გაჩეჩილაძე ავად ყოფნის გამო, დანარჩენმა ორმა რატომ თქვა უარი მონაწილეობაზე, უცნობია. კითხვები ეროვნული ფინალის მიმართ თავიდანვე გაჩნდა. ცნობილი იყო, რომ “ნაციონალურ ფინალისტს მაყურებელი და ჟიური ერთობლივად გამოავლენენ. ხმის მიცემის პროცედურა ათივე კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ დაიწყება და 15 წუთს გასტანს. ამ დროის განმავლობაში მაყურებელს საშუალება მიეცემა თავის რჩეულს დაურეკოს ან დაუმესიჯოს. ზარის ღირებულება – 1 ლარი იქნება, თითოეული ნომრიდან – 20 ზარისა თუ სმს –ის დაფიქსირება მოხდება.” ანუ ვინ გაიმარჯვებდა დამოკიდებული იყო ჟიურიზეც და მაყურებელზეც. მაგრამ უცნობია, როგორ უნდა შეთანხმებულიყო ჟიურისა და მაყურებლის აზრი. მაგალითად, რა მოხდებოდა, თუკი ხალხის სიმპათია და ჟიურის ფავორიტი არ დაემთხვეოდა ერთმანეთს: ჟიურის გადაწყვეტილებას მიენიჭებოდა უფრო დიდი მნიშვნელობა თუ მაყურებლისას? გამარჯვებულის გამოცხადებისას არ დაუკონკრეტებიათ რომელმა შემსრულებელმა რამდენი ხმა მიიღო მაყურებლებისგან. ეჭვი მეპარება, რომ Eldrine-ს აეღო ყველაზე მეტი ხმა. იმიტომ კი არა, რომ ცუდი ჯგუფია. უბრალოდ მგონია, რომ თემო საჯაიასა და ნინი შერმადინს უფრო მეტი მსმენელი ჰყავთ, ვიდრე Eldrine-ს. ამიტომ ვინ იქნებოდა გამარჯვებული, ალბათ ჟიურიმ უფრო გადაწყვიტა, ვიდრე ხალხმა. უბრალოდ, რა საჭირო იყო მაშინ ამ “ხმის მიცემის პროცედურის” გამართვა, ვერ ვხვდები 😐

ყველაზე სასაცილო და კურიოზული რამ! შეიძლება იცით კიდევაც, მაგრამ მე ახლახანს გავიგე: ევროვიზიაზე გამოსული შემსრულებლები მღერიან მინუს ფონოგრამაზე! ის, ვინც ინსტრუმენტებით გამოდის, ჩათვალეთ, რომ ტყუილად უკავია. რუსულ მუსიკალურ შოუებში არის მსგავსი შემთხვევები ხშირად და ძალიან სასაცილოდ მეჩვენება, როგორ ცდილობენ შეგიქმნან ილუზია, რომ უკრავენ. ძალიან არაბუნებრივად გამოსდით. 🙂

ხშირად მსმენია, რომ ნამდვილი მუსიკოსი არ უნდა იღებდეს ისეთ კონკურსებში მონაწილეობას, როგორიც ევროვიზიაა. ეს ხომ, პირველ რიგში, კომერციული და პოლიტიკური შოუა. “ჭეშმარიტ” ხელოვანს კი მსგავსი “პაპსავიკური” პროექტები არ უნდა აინტერესებდეს. მაგრამ ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ევროვიზია არის ევროპულ მუსიკალურ ბაზარზე გასვლის, კარგი პროდიუსერის პოვნისა და უცხოური ქვეყნის სცენაზე გამოსვლის საშუალება. ამიტომ ევროფესტივალში მონაწილეობის მიღება, ჩემი აზრით, სულაც არაა დასაძრახი.

მახსოვს, ძალიან ბევრი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია შარშან ევროვიზიისთვის გამოყოფილმა ფინანსებმა. “უღირს თუ არა საქართველოს “ევროვიზია” 802 100 ევროდ?” ამ საკითხზე ბევრი იდავეს. ეტყობა ორგანიზატორებმა ფინანსებთან დაკავშირებული შენიშვნები გაითვალისწინეს და ევროვიზიის ეროვნული ფინალისთვის რაც შეიძლება მცირე ხარჯები გამოყვეს. ეს ყველაფერი აისახებოდა: სცენის გაფორმებაზე, კონცერტისას დადგმულ შოუზე, მომღერალთა ტანსაცმელზე (მათ თვითონ იზრუნეს ჩაცმულობაზე)… თავად მუსიკოსებს უხდებოდათ აპარატურის ატანა-ჩამოტანა სცენაზე. მოკლედ, “სამ ტანცუემ, სამ პაიომ, სამ ბილეტი პრადაიომ” :დ


პირველი მაყურებლის წინაშე თემო საჯაია წარსდგა. სწორედ ის თემო, რომელმაც სულ ახლახანს საქართველოს პრეზიდენტად წარმოგვიდგინა თავი: “მე საქართველოს პრეზიდენტი ვარ,მე ვიბრძვი რომ შენც მითხრა “მიყვარხარ”- გვიმღეროდა ის თავის ბოლო კლიპში. ევროვიზიის შესარჩევ ტურზე თემო სამშობლოს დამცველ ჯარისკაცად წარმოგვიდგა:

არ მეგონა თუ ასეთი მაღალი იქნებოდა თემო საჯაია. დახვეწილი მანერებითა და საუბრით მაჩოს შთაბეჭდილება დატოვა :დ

სიმღერა, რომელიც იყო ჩემი ერთერთი ფავორიტი და რომელიც, ჩემი აზრით, მინიმუმ გაჰიტებას მაინც იმსახურებს, არის სალომე კორკოტაშვილისა და სემის Love. და საერთოდ უნდა ვთქვა, რომ კორკოტა ძალიან საყვარელი გოგოა თავისი ბავშვური იმიჯით 🙂 სემიც და სალომეც ბევრს იღიმებოდნენ. მიყვარს მოღიმარი ხალხი :პ

ჯგუფმა, რომელმაც იმთავითვე მიიქცია ყველას ყურადღება, განსაკუთრებით კი მამაკაცებისა, იყო სუპერსექსუალური ბენდის იმიჯზე პრეტენზიის მქონე „ტკბილი აბები“ (Sweet Pills). ყოველ ჯერზე როგორც კი ჩემს სამეგობრო წრეში ჩამოვარდებოდა საუბარი ევროვიზიაზე, სულ ამ გოგონებს ახსენებდნენ 🙂 ვინ უფრო ლამაზი, გამხდარი ან მაღალი იყო – კონკურსის დროსაც კი ამის გარჩევა მიმდინარეობდა :დ

“ვარსკვლავების აკადემიის” გამარჯვებული_ დიტო ლაგვილავა_ თუ გახსოვთ ? თავისუფალი, უკომპლექსო და მხიარული ადამიანი, როგორც თავის თავს ახასიათებს 🙂 ჯგუფ November-თან ერთად მანაც მიიღო მონაწილეობა ევროვიზიის შესარჩევ ტურში სიმღერით ,,ამ ახალ დღეს”.

საბერძნეთიდან დაბრუნებულმა ნინი შერმადინმა კონკურს x factor-ის გამარჯვებულის ტიტული და მავანთა თქმით ახალი სიყვარულიც _ მარკუს მეტრეველი_ მოიპოვა. ნინიმ ევროვიზიის კონკურსშიც სცადა ბედი, მაგრამ ცდა წარუმატებელი გამოდგა. არადა ბევრი სწორედ მას უწინასწარმეტყველებდა გამარჯვებას. სხვათაშორის მარკუსიც თან ახლდა კონცერტზე :პ

კონკურსზე ყველაზე სიმპატიური ბიჭები ყველაზე არაქართული ჟღერადობის მქონე ჯგუფის (როგორც წამყვანმა აღნიშნა), The Georgians-ის, წევრები იყვნენ. “შეხედე, შეხედე რა საყვარელია” ჩურჩულებდნენ ჩემ უკან ვიღაც გოგოები მათი გამოსვლისას. კინაღამ მივუტრიალდი და ვუთხარი “დაწყნარდით, ოთხივეს შეყვარებული ჰყავს” :დ

გამარჯვება ყველაზე ბოლოს გამოსულ ბენდ Eldrine-ს ერგო. ამ ბენდს პირველად Tbilisi AlterVision-ზე მოვუსმინე. რადგანაც ერთერთ ძველ პოსტში მიწერია Eldrine-ს შექმნის ამბავი (ამბავია სწორი და არა ისტორია:პ) აქ აღარ დავწერ. კონკურსის დღეს ჯგუფის ვოკალისტს მაღალი სიცხე ჰქონდა და ამის გამო არც წინა დღეებში გამართულ რეპეტიციებს დაესწრო. თუკი საქართველოს ევროვიზიაზე წარმდგენი წინა სამი კონკურსანტი სოლო-შემსრულებელი იყო, ამჯერად მას პირველად ბენდი წარადგენს. მოიპოვებს თუ არა წინა წლებთან შედარებით უფრო მაღალ ადგილს საქართველო ევროვიზიაზე, ამას 10 მაისს გავიგებთ. წარმატებას ვუსურვებ Eldrine-ს!

Advertisements

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

13 Comments

როცა მოსიყვარულე ლუზერი ქმარი გბეზრდება

ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ერთი სიმპატიური და მოსიყვარულე  ქმარი გყავთ. ის უზომოდაა თქვენზე შეყვარებული, არის საუკეთესო მამა და საკუთარ ოჯახს არაფერი ურჩევნია.  გყავთ უსაყვარლესი შვილი. ნორმალური შეძლების ოჯახი გაქვთ. ბევრი საერთო და ტკბილი მოგონება გაკავშირებთ ერთმანეთთან. თქვენი თავრბუდამხვევი რომანი 6 წლის წინ დაიწყო. როგორ ფიქრობთ, იქნებით თუ არა 6 წლის მერეც ისეთი ბედნიერი, როგორც მაშინ? გეყვარებათ თუ არა ისევ ისე ის, ვისაც წლების წინ შეჰფიცეთ, რომ მუდამ მის გვერდში იდგებოდით, ჭირშიცა და ლხინშიც?

შევხედოთ ამას მეორე მხრიდან. ყველაფერი ასეთი იდეალურიც არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს: თქვენი ქმარი ერთი ჩვეულებრივი მუშაა, არც კარგი განათლებითა და არც წამრატებული კარიერით გამორჩეული. ყოველ დილით სამსახურში წასვლამდე  ლუდს სვამს და მიუხედავად მისი პოტენციალისა, არაფრის შეცვლა არ სურს ცხოვრებაში. ერთი სიტყვით, ლუზერია…  პროვინციულ ქალაქში ცხოვრობთ. ადრე ალბათ ვერც წარმოიდგენდით, რომ აქ დარჩენა მოგიწევდათ. მეტად ნიჭიერი სტუდენტი იყავით და დიდ იმედებს ამყარებდით საკუთარ მომავალზე. მწვერვალების დაპყრობას გიწინასწარმეტყველებდნენ თქვენს პროფესიაში. მაგრამ აწმყო სხვანაირია: რიგითი მომსახურე პერსონალი ხართ და ამაოდ ცდილობთ უფრო მაღალი თანამდებობის დაკავებას. როგორ გგონიათ კმაყოფილი იქნებოდით ასეთი ცხოვრებით? ისევ ის გრძნობა გექნებოდათ თქვენი ქმრის მიმართ, როგორც ექვსი წლი წინ?

ზუსტად ასე ვითარდება მოვლენები ფილმში Blue Valentine (2010): წყვილს უყვარდება ერთმანეთი და წლების შემდეგ ეს უსაზღვრო სიყვარული სადღაც ქრება. ცრემლებს ძლივს ვიკავებდი ამ ფილმის ყურებისას, განსაკუთრებით ფინალურ სცენაზე მომაწვა ემოციები. 😀 შემზიზღდა სინდი (ცოლი) და მისი როლის შემსრულებელი მიშელ უილიამსი. როგორ უნდა მიატოვო ასეთი ქმარი! მითუმეტეს, როცა მის როლს რაიან გოსლინგი თამაშობს 😛 თუნდაც ამ დიალოგის გამო ღირდა მასთან მთელი ცხოვრების გატარება: როცა მიშელი საყვედურით ეკითხება რაიანის გმირს: შენ ხომ ამხელა პოტენციალი გაქვს, რატომ არ გინდა რამე სხვა საქმეს მოკიდო ხელი (გულისხმობდა უფრო პრესტიჟულ სამუშაოს), რატომ არ გინდა მოახდინო საკუთარი თავის რეალიზება, რაიანი პასუხობს, რომ მას მოსწონს საკუთარი სამსახური, რადგან ოჯახთან უფრო მეტი დროის გატარების საშუალებას აძლევს. “რაში უნდა გარდავქმნა ეს პოტენციალი, მაინცდამაინც მაღალ ანაზღაურებაში?…  ქმრისა და მამის როლი არის ის ერთადერთი რამ, რაც მე მინდა.” ასეთი არაეგოისტი ადამიანები, რომლებიც მზად არიან მთელი საკუთარი პოტენციალი მხოლოდდამხოლოდ ოჯახს შეალიონ,  მაშინ როცა შეიძლება ბევრ სხვა სფეროში მიაღწიონ წარმატებას, ძალიან ცოტანი არიან. განსაკუთრებით კაცებში, რომელთა უმეტესობისთვის პირადი მიღწევები ყველაზე ღირებული რამაა. რაიანი ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს ოჯახი და წინანდელი ურთიერთობა ცოლთან: “მითხარი, როგორი გინდა ვიყო და გავხდები ასეთი”.

რაიან გოსლინგს უხდება ასეთი მგზნებარე შეყვარებულის იმიჯი. The Notebook (2004) შიც მსგავსად იწვოდა მისი გმირი სიყვარულით, მაგრამ იქ, Blue Valentine-სგან განსხვავებით, ყველაფერი კარგად დასრულდა. მიშელ უილიამსს რაც შეეხება, ამ ფილმში პირველად ვიხილე და იმთავითვე დაიმსახურა ჩემი გულისწყრომა. სინდის როლისთვის ის ოსკარზეც წარადგინეს ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი. რაც შეეხება ფილმის რეჟისორს – Derek Cianfrance-ს – აქამდე მისი არცერთი ნამუშევარი არ მქონდა ნანახი. ძალიან ბევრი ფილმია გადაღებული წარუმატებელი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რომელიც ძალიან კარგად დაიწყო, დროთა განმავლობაში გაუარესდა და საბოლოოდ დასრულდა. განშორების მიზეზები კი ხშირ შემთხვევაში გაუგებარია. გრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ყველაფრის საფუძველი არის ურთიერთობის ხანგრძლივობა. მე კი ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა ხანგრძლივი იყოს, სიყვარული თავისით არ გაქრება, ამას აუცილებლად აქვს სხვა მიზეზები.

Blue Valentine-ში ზუსტად ეს მიზეზებია ნაჩვენები. ამ ფილმმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მკაცრ რეალობას: რამდენად ეგოისტები  და ბრმები არიან ადამიანები, რომ ვერ ხედავენ და ვერ აფასებენ იმათ, ვინც ყველაზე მეტად იმსახურებს მათ ყურადღებას. ამ ფილმის ნახვა კიდევ იმიტომ ღირს, რომ ძალიან კარგადაა ნაჩვენები ყოველდღიური ურთიერთობების პატარ-პატარა და საყვარელი მომენტები: თუნდაც, როგორ ეთამაშება რაიანის გმირი შვილს, როგორ ცდილობს მის მიერ მოწონებული გოგონას ყურადღების მიპყრობას, როგორ უნდა მცირე სიხარული მიანიჭოს პანსიონატში გადმოსახლებულ მოხუცს და ა.შ.

“როგორ უნდა ენდო საკუთარ გრძნობებს, როცა ერთ დღეს გიყვარს და მეორე დღეს აღარ” – კითხულობს საკუთარი მშობლების ცივი ურთიერთობის შემხედვარე მიშელის გმირი. ამ შეკითხვას თავადვე გასცემს მოგვიანებით პასუხს საკუთარი საქციელით. მართალია, მე კი დავეჭვდი მისი გრძნობების გულწრფელობაში, მაგრამ ეს უკვე სხვა საკითხია. თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა ენდო საკუთარ გრძნობებს?

 

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

13 Comments

%d bloggers like this: