არავითარი ლუდი ქუჩაში!!!


ჰაერზე ლუდის დალევა ერთი სიამოვნებაა, განსაკუთრებით ზაფხულს, ზღვის სანაპიროზე🙂 ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ასე მიყვარს ზაფხული, არის ეს სასიამოვნო “რიტუალი”. ბევრ თქვენგანსაც ალბათ არაერთხელ დაულევია ლუდი პარკსა თუ სახლის ეზოში. თურმე, ამის გამო ყველანი კანონდამრღვევები ვყოფილვართ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (რომელიც ჯერ კიდევ 1984 წელს მიიღეს) 171 მუხლის მიხედვით სპირტიანი სასმელის დალევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აკრძალულია. კანონი დიდი ხანია მოქმედებს, თუმცა, მისი აღსრულება ახლახანს დაიწყეს: რამდენიმე დღის წინ ქუჩაში ლუდის მსმელი ახალგაზრდა 80 ლარით დააჯარიმეს.ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა პროტესტი ამ შეზღუდვასთან დაკავშრებით. ფეისბუქის გამოკითხვაში “ემხრობით თუ არა 171 მუხლს” ამ დროისთვის ფეისბუქის 1000 მომხმარებელმა უპასუხა რომ არ ემხრობა, 314 კი ემხრობა.

მე პირადად ვაპროტესტებ 171-ე მუხლს რამდენიმე მიზეზის გამო:
1) ეს მუხლი ბუნდოვანია და ბევრ კითხვას მიჩენს.

მუხლი 171. საზოგადოებრივ ადგილებში სპირტიანი სასმელების სმა ან საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა

1. სპირტიანი სასმელების სმა ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისა, სადაც სპირტიანი სასმელების ჩამოსხმით გაყიდვა ნებადართულია მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ, ან საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა,
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე.
2. იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის ზომების გამოყენებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორიდან ოთხ მინიმალურ ოდენობამდე.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში ორჯერ დაედო ადმინისტრაციული სახდელი საზოგადოებრივ ადგილებში სპირტიანი სასმელების სმისათვის ან საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოთხიდან რვა მინიმალურ ოდენობამდე ანდა გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ორ თვემდე, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების მიღება ჩაითვლება არასაკმარისად, – (ეს პუნქტი/ნაწილი არ არის შსს-ს კომპეტენცია)
4. ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით ოცდაათ დღე-ღამემდე.
საზოგადოებრივ ადგილებში თექვსმეტ წლამდე მოზარდების მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა, აგრეთვე მათ მიერ სპირტიანი სასმელების სმა, –
გამოიწვევს მშობლების ან მათი შემცვლელი პირების დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორიდან ოთხ მინიმალურ ოდენობამდე.

ჩემთვის გაუგებარია, რას ნიშნავს “ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა”. იქნებ მე რომ პირსინგი მეკეთოს ან დახეული ჯინსები მეცვას, ეს ვინმესთვის შეურაცხმყოფელია? ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილი რომ არ დავუთმო მოხუც ადამიანს, ესეც შეურაცხმყოფელი იყოს ამ მოხუცისთვის? ჩემთვის როგორც ამ საზოგადოების ნაწილისთვის, შეურაცხმყოფელი მდგომარეობაა, მაგალითად, როცა დახეული ჯინსებით დავდივარ და ვინმე “კეთილსინდისიერი” ადამიანი მეუბნება “მშობლები არ გყავს, ასე რატომ გაცვიაო”. ჩემთვის, აბსოლუტურად ბუნდოვანი ცნებაა “საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხყოფა”.

მეორე კითხვა, რომელიც ამ მუხლთან დაკავშირებით მებადება, არის შემდეგი: მარტო სპირტიანი სასმელის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დალევის აკრძალვა რომ ყოფილიყო, გასაგები იქნებოდა ეს მუხლი, მაგრამ აკრძალულია არამარტო დალევა, არამედ მთვრალ მდგომარეობაში გადაადგილება! წარმოიდგინეთ, რომ დალიეთ სადმე მეგობრებთან სახლში ან ბარში, სადაც ნებადართულია დალევა. იქ უნდა დარჩეთ, რომ გამოფხიზლდეთ? ან იქნებ დალიეთ და გარეთ გასეირნება მოგინდათ, იმის შიშით, რომ დაგაჯარიმებენ, ვერ უნდა გახვიდეთ გარეთ?:/

მესამე კითხვა: როგორ უნდა განისაზღვროს ადამიანი მთვრალია თუ არა? სწორ ხაზზე თუ ვერ გაიარა მაშინაა მთვრალი, თუ თვალები როცა ეხუჭება? ან იქნებ პოლიციელი პირში ჩასუნვის შემდეგ დაადგენს ამას? თუ ალკოტესტერს გამოიყენებენ? (როგორ ჩემმა ერთმა მეგობარმა თქვა, მძღოლები ხომ არ ვართ?! :/). ის, ვისაც 1 ჭიქა ვისაც აქვს დალეული და ის, ვისაც 10 ჭიქა, ერთნაირად უნდა დაჯარიმდეს?

2) რას ემსახურება ეს კანონი?

ა) ალკოჰოლიზმთან ბრძოლას? ალკოჰოლიზმი მართლაც მწვავე პრობლემაა საქართველოში. არაერთი ალკოჰოლიკი ადამიანი მყავს გარშემო. სამწუხაროდ, მათ შორის ბევრია არასრულწლოვანი. მაგრამ ამ პრობლემის მოგვარება არ უნდა მოხდეს სხვათა უფლებების შეზღუდვით. პირველ რიგში, უნდა გამკაცრდეს კონტროლი არასრულწლოვანებისთვის სპირტიანი სასმელების მიყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით. მეორე, უნდა წარიმართოს ალკოჰოლის მავნებლობის შესახებ საინფორმაციო კამპანია. სკოლებში, თუ მედიის საშუალებით ადამიანებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია რა შეიძლება გამოიწვიოს სპირტიანი სასმელის რეგულარულმა სმამ. და ყველაზე მთავარი, დაფიქრებულხართ იმაზე, რატომ სვამენ ახალგაზრდები? რადგან ჩემ გარშემო ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც ერთ დღესაც ვერ ძლებს სასმელის გარეშე, არაერთხელ დამისვამს მათთვის ეს კითხვა. პასუხი მარტივია: “აბა, სხვა რა უნდა ვაკეთოო”. მეცნიერული კვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ დასაქმების პრობლემა და ალკოჰოლიზმი გადაჯაჭვულია ერთმანეთთან. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს რაიონებში. რომ იყვნენ ეს ადამიანები დასაქმებულები და რომ ჰქონდეთ მიზანი, ხომ არ დალევდნენ ასეთი სიხშირით? პირადი დაკვირვებიდან დავასკვენი, რომ ის “ალკოჰოლიკები”, ვინც სამსახური დაიწყო, ერიდებიან სასმელის დალევას ხშირ შემთხვევაში ამ მიზეზით: “ხვალ ადრე უნდა ავდგე, სამსახურში ვარ წასასვლელი”. ასე რომ, ჩემი აზრით, დასაქმების პრობლემის მოგვარების შემდეგ ალკოჰოლიკთა რიცხვიც შემცირდება. ნუ შეიქმნით ილუზიას, რომ სპირტიანი სასმელების აკრძალვით, ყველა ლოთი გამოსწორების გზას დაადგება!

ბ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას? ქუჩაში უგონოდ მთვრალი ადამიანები, რომლებიც ყვირიან და იგინებიან, მოდიან და უმიზეზოდ “გიტრაკებენ” მეც არ მსიამოვნებს დიდად. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის უნდა დაისაჯოს ყველა: როგორც მთვრალი, ასევე ფხიზელი ადამიანი! ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე მუხლში ზუსტად ამგვარი ქმედებებია აკრძალული:

მუხლი 166. წვრილმანი ხულიგნობა
წვრილმანი ხულიგნობა, ესე იგი საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-
გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება,
რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებათა და
დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება
არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90
დღემდე ვადით. (17.07.2009. N1505)

შეიძლება საერთოდ არ იყოს ადამიანი მთვრალი, მაგრამ მთვრალზე ბევრად შემაწუხებლად იქცეოდეს. და პირიქით, შეიძლება მთვრალი იყოს ადამიანი, მაგრამ არავის არაფერს უშავებდეს და საკუთარი სიმთვრალით ტკბებოდეს. რა საჭიროა ეს აკრძალვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიმთვრალესთან დაკავშრებით?

ზოგიერთის თქმით, 171-ე მუხლი, რომელიც 27 წელია არსებობს, მაგრამ რეალურად ამ დრომდე ამ მუხლით არავინ დაუჯარიმებიათ, არ იმოქმედებს. ახლახანს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ “საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მშვიდ ვითარებაში, ალკოჰოლის, მათ შორის ლუდის სმისთვის მოქალაქეს არავინ დააჯარიმებს.” ეს განცხადებაც ისეთივე ბუნდოვანია, როგორც 171-ე მუხლი. საზოგადოებრივ ადგილებში სპირტიანი სასმელების სმისა ან საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნის მუხლში აშკარად არ წერია, რომ “მშვიდ ვითარებაში” საჯარო ადგილებში დალევა ნებადართულია.:/

შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით გამოწვეული პანიკა ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ, როცა არსებობს ასეთი მუხლი, პოლიციას ყოველთვის ექნება საბაბი დაგაჯარიმოს სიმთვრალისთვის. თანაც კანონიერი!

, , , , , , , , , , , , , , , , ,

  1. #1 by litterator on June 24, 2011 - 2:36 pm

    გეთანხმები, კარგი პოსტია❤

    ალკოჰოლიზმის პრობლემა მართლაც დგას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, თუმცა ამას მართლაც რომ სხვა კამპანია სჭირდება და არა ასეთი🙂

  2. #3 by შსს.მძღოლი on June 24, 2011 - 3:00 pm

    უფრო სწორი იქნება შსს.მძღოლი. ანუ მთვრალი,ან ნასვამი მოსიარულე არ გააუქმეს,მე მხოლოდ ამაზე ვიძახი და არა მთლიანად 171 მუხლზე,თუ ვსვავდი კვირაში 1ერთხელ ან 2კვირაში ერთხელ ან საერთოდ არ ვსვავდი,ის შეძახილი მე ასე დავარკვმევ,ჩემზე პირიკით იმოქმედებს,და გამიასმაგდება ალკოჰოლის სურვილი,იმიტომ რომ უცხო ხილი ხდება,და მე მიყვარს უცხო საკვებით კვება/დავაზუსტებ,რადგან უცხო ხილით მთელი კაცობრიობის არსებობისა დარსებიდან დღემდე იკვებება,ამიტომ პირიქით დამპალ ხილად უნდა იქცეს ჩემი აზრით(და როგორ? ეს უკვე “გავლენიანმა ჭკვიანმა კაც-ქალბატონებმა უნდა გადაწყვიტონ,ანუ იმათზე მაქვს ლაპარაკი ვინც იღებს გადაწყვეტილებებს,მაგრამ რატომგაც ვერ ივარგეს,ჩემის აზრით ) როცა გავეცანი ტექსტს,,პირდაპირ წარმოვსთქვი ეს ფრაზა “მძღოლები გაგვხადეს” უბრალოდ სხვა ასოციაცია არ გამაჩნდა და არც ეხლა გამაჩნია,ნუ სანამ მოსიარულე ნასვამზე რეაგირებას მოახდენენ.თუ არასწორს ვიძახი,მარიმ ან ვინმემ შემისწორეთ.

  3. #4 by Masochist Dreamer on July 7, 2011 - 11:53 am

    სრულიად გეთანხმები,მომეწონა პოსტი : ))) საერთოდ ხელისუფლება ყველაზე მარტივ გზას ირჩევს,პრობლემების გადასაჭრელად!!! ამავე დროს ბიუჯეტის შევსებას ფიქრობს,ხალხის ჯიბიდან თანაც უსამართლოდ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: