პრეზიდენტის ტოპ ტყუილები

გთავაზობთ მიხეილ სააკაშვილის მიერ სხვადასხვა დროს თქმულ ტყუილებს. ეს ის მცირედია, რაც გამახსენდა :დ

 “თიბისი” და “ლიბერთი” რუსულმა ბანკებმა შეიძინეს

2013 წლის თებერვალში ტელევიზიით გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ  ლიბერთი და თიბისი რუსულმა ბანკებმა შეიძინა:

“რით ვერ გადავლახეთ ეს მონური კომპლექსი, რომ რაღაცნაირად ვასიამოვნოთ რუსეთს? არის საკითხები, რომელიც მე მაღელვებს. მაგალითად, “ლიბერთი ბანკი” იყიდა “სბერბანკმა”, “ალფა ბანკი” ყიდულობს “თი-ბისი ბანკს,” “ქართუ” ისედაც რუსული ბანკია. ჩვენი ქართველების ქონების 60-70 პროცენტი ჩადებულია ამ ბანკებში. თუ ვერ გადაიხდის, ამ ქონებას წაიღებენ… ადრე, ქართული ბანკი მაინც წაიღებდა და ქონება საქართველოს კონტროლის ქვეშ იქნებოდა.”

პრეზიდენტის ამ განცხადებას უმალ მოყვა როგორც თიბისის, ასევე ლიბერთი ბანკის წარმომადგენლების პასუხი, სადაც მათ უარყვეს ეს იფნორმაცია.

თიბისი:

„საქართველოს პრეზიდენტმა ახლახანს, მის სატელევიზიო გამოსვლაში აღნიშნა, რომ თითქოსდა თიბისი ბანკი შეიძინა რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა – ალფა ბანკმა. გვინდა ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ თიბისი ბანკი არ აწარმოებს და არც უახლოეს მომავალში გეგმავს მოლაპარაკებას წილის გასხვისების თაობაზე ალფა ბანკთან, თუ ნებისმიერ სხვა უცხოურ ბანკთან.“

ლიბერთი:

“ძვირფასო მეგობრებო, ახლახანს ტელევიზიით გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს “ლიბერთი ბანკი” რუსულმა “სბერბანკმა” იყიდა. მინდა გაცნობოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ “სბერბანკთან” „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვაზე არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ.”

მოგვიანებით, პრეზიდენტმა წუხილი გამოთქვა, რომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.  აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღეისათვის, ქართულ ბაზარზე რუსული კაპიტალის მონაწილეობით ერთადერთი ბანკი  „ვითიბი ბანკი ჯორჯიაა“. ყოფილი „გაერთიანებული ქართული ბანკი“ რუსულმა „ვნეშტორგბანკმა“ 2005 წელს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ შეიძინა.

ახალმა მთავრობამ რუსთაველის გამზირზე სასტუმროს მშენებლობა შეაჩერა

2013 წლის იანვარში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახალმა მთავრობამ რუსთაველის გამზირზე 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა შეაჩერა და ამით 20 ათასი მოქალაქე სამუშაო ადგილის გარეშე დატოვა. ამას მოყვა საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრის განცხადება:

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ინვესტორმა პროექტის განხორციელება შეაჩერა, ახალი მთავრობის მიერ წარმოებული პოლიტიკის მიზეზით, სიმართლეს არ შეესაბამება. პროექტის დაფინანსება და განხორციელება 2010 წლის გაზაფხულზე “დაბი ჯგუფის” ერთ-ერთი მენეჯერის – სამი ედვარდსის – საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან კორუფციული გარიგების მიზეზით შეწყდა…. პრეზიდენტის მიერ ასეთი განცხადების მიზანი არის ახალი ხელისუფლების მიმართ პოტენციური ინვესტორების უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, რითაც ჩვენის აზრით ზარალდება არა რომელიმე მხარე, არამედ მთლიანად ქვეყნის საინვესტიციო იმიჯი.”

 “ქართული ოცნების აქტივისტმა” საქართველოს დროშა დაამტვრია

სააკაშვილის ფეიჯი

იმედზე, გადაცემა “ღია ეთერში”, პრეზიდენტმა დაგმო ამჟამინდელი მთავრობის ერთ-ერთი აქტივისტის მიერ საქართველოსა და ევროპის დროშების დამტვრევა. მან იუთუბზე დადებული ვიდეო მოიშველია, სადაც ჩანს რომ მამაკაცი დროშებს ამტვრევს. ეს განცხადება მოგვიანებით ფეისბუქზე, პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზეც გამოქვეყნდა: “ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, საქართველოს დროშას ხევს, ასეთი დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია!” სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ მამაკაცმა არა საქართველოს, არამედ ქართული ოცნების დროშა დაამტვრია. შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოს სრული ვერსია:

 სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას გზა “ჩაუკეტეს”

25 მარტს ახალქალაქში ვიზიტისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ საავტომობილო გზა გაწმენდილი არ არის და ამის გამო ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები ექმნება.

განცხადებას სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისთვის “ჩაკეტილ” გზასთან დაკავშირებით გამოეხმაურა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და პრეზიდენტს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა:

“მან კარგად იცის, რომ გზა, რომელზეც ის საუბრობდა, ზამთრის განმავლობაში ყოველ წელს ჩაკეტილია და მოსახლეობა მუდმივად ალტერნატიული გზით სარგებლობს. აღნიშნული მონაკვეთი ხასიათდება ზამთრის პერიოდში ინტენსიური ქარბუქებით, რაც იწვევს უხვ ნამქერს საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე და ხილვადობის მინიმუმამდე დაქვეითებას. აღნიშნულ პირობებში მგზავრთა გადაადგილება საფრთხის შემცველია და, შესაბამისად, ამ მონაკვეთზე, წლების მანძილზე, რთულ კლიმატურ პერიოდში სისტემატიურად იკრძალებოდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 2007 წლის სექტემბერში საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის მიერ დამტკიცდა საავტომობილო გზების საუღელტეხილო მონაკვეთების ჩამონათვალი, რომლებიც ზამთრის პერიოდში მოვლა-შენახვას არ ექვემდებარება. მათ შორის არის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზაზე არსებული ტიკმანტაჟის 12 კმ-იანი საუღელტეხილო (ნარდევანი-როდიონოვკის) მონაკვეთი. 2008 წელს საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა 31 მარტს;  2009 წელს – 13 აპრილს;  2010 წელს  – 1 აპრილს;  2011 წელს – 1 აპრილს,  2012 წელს წელს კი  მოძრაობის აღდგენა მხოლოდ 7 აპრილს გახდა შესაძლებელი”

აჭარის სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩემს ჯინაზე შეაჩერეს

ბათუმში შტორმის შემდეგ სტუმრობისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ აჭარის სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრი სამუშაოები “მის ჯინაზე” შეაჩერეს. ე.წ. “ოქროს ქვიშების” პროექტი კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან ბათუმს ზღვისგან წაღების საფრთხე ემუქრება. სინამდვილეში პროექტი არ შეჩერებულა, მან უბრალოდ მოდიფიცირება განიცადა ეკონომიის გაწევის მიზნით.

“პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი ინიციატივით, საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ ბათუმში დაგეგმილი იყო ოქროს ქვიშიანი სანაპირო ზოლისა (პლაჟის) და ნაპირდაცვის გაკეთება. პროექტის ჯამური ოდენობა 200 მილიონ ლარს აღემატებოდა. 200 მილიონიდან 80 მილიონი ლარი ოქროს ქვიშის პლაჟის მოწყობისთვის იყო გათვალისწინებული, ხოლო მისი შენახვის ყოველწლიური ხარჯი 3 მილიონ ლარს აღემატებოდა. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 200 მილიონიდან 175 მილიონი ლარი აზიის განვითარების ბანკიდან სახელმწიფოს კრედიტის სახით უნდა მიეღო, ხოლო დანარჩენი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაეფინანსებინა. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ მოხდა პროექტის მოდიფიცირება, რომლის შესაბამისადაც, ოქროს ქვიშების ნაცვლად, გამოყენებული იქნება ჭოროხის ქვიშა-ხრეშოვანი ადგილობრივი მასალა. პროექტის მოდიფიცირების შედეგად გაკეთებული ეკონომია შეადგენს 80 მილიონ ლარს, ყოველწლიური ექსპლუატაციის ხარჯი კი შვიდჯერ ნაკლებს – 480 ათას ლარს. პროექტის მიხედვით, ჩატარდება როგორც სანაპირო ზოლის (პლაჟის) რეაბილიტაცია, ისე ნაპირსამაგრი სამუშაოები. პროექტის მოდიფიცირებით მიღებული ეკონომია კი გამოყენებული იქნება მოსახლეობისთვის სხვა სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად”, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

ქუთაისიდან კიევამდე გაფრენა 22 ევრო ეღირება

ეს განცხადება პრეზიდენტმა 2012 წლის ივნისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ პრეზენტაციაზე გააკეთა, სადაც მან საქართველოში იაფი ავიაკომპანია Wizz Air-ის შემოსვლა დაანონსა.

”22 ევროდ ტაქსი არ ჩამოგიყვანს ხაშურიდან ქუთაისში და ახლა ბოინგი ჩაგიყვანს ევროპაში. აი, ეს არის ამ აეროპორტის მთავარი დანიშნულება. იმათ გასაგონად, ვინც ამბობს, დიდი ამბავი ახალი პარლამენტი, რა იცვლება ხალხისთვის, დიდი ამბავი აეროპორტი, მერე ვინ იფრენს ამ აეროპორტით? ვინ იფრენს და ქართველი ხალხი, ვისაც დღეს ყვლიფავენ ავიაკომპანიები თბილისის აეროპორტში, ასევე, უსამართლოდ მაღალი ტარიფებია ბათუმის აეროპორტში და თუ ვინმეს ეგონა აქამდე, რომ ფრენა  შესაძლებელი იქნებოდა 37 მანეთად  მარტო იმ პირობებში, თუ შევუერთდებოდით რომელიმე იმპერიას უკან, ეს შესაძლებელი არ იქნება, მაგრამ შესაძლებელი იქნება თავისუფალი ქვეყნიდან ევროპაში ფრენა 37 ევროდ და არა 220 და 240 ევროდ, როგორც არის თბილისიდან. ხალხის ხარჯზე გასუქდნენ და გაქსუვდნენ წუთიერ შემოსავალს დახარბებული  სხვადასხვა ავიაკომპანიები და ბიზნესები. აქ შემოდის ავიაკომპანია, რომელიც თავდაპირველად მგზავრებს გადაიყვანს 22 ევროდ ქუთაისიდან კიევში, კიევიდან ლონდონამდე კი დაამატებს დაახლოებით 15-20 ევროს”,  განახცადა სააკაშვილმა. სინამდვილეში ბილეთის ფასი კიევამდე მინიმუმ ორჯერ ძვირია 22 ევროზე. ასევე მინიმუმ ორჯერ ძვირია ბილეთის ფასი კიევიდან ლონდონამდე.

2009 წელს აფხაზეთში დავბრუნდებით

მიხეილ სააკაშვილმა 2007 წელს დევნილებთან შეხვედრისას დადო პირობა, რომ პრეზდენტად ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, ის დაიბრუნებდა აფხაზეთს: “ჩვენ დავბრუნდებით სახლებში. მე ამის გარანტიას და დაპირებას გაძლევთ. არასოდეს არ მითქვამს არაფერი ასე კონკრეტულად”. მას შემდეგ თითქმის 6 წელი გავიდა, საქართველომ არათუ დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიები, არამედ უფრო მეტი დაკარგა.

 

, , , , , , , ,

  1. დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: