ერთგული ქმრები და ბედნიერი ცოლები

husband-kissing-wife-in-kitchen

სამსახურიდან  სახლში დაბრუნებულ ქმარს წინსაფარმოხვეული ცოლი ეგებება. წუთში გაუწყობს სუფრას. ახალგამომცხვარ ხაჭაპურებს დააგემოვნებინებს. ძილის წინ პერანგს გაუუთოებს მეორე დღისთვის, ტანსაცმელს გაუმზადებს.  ეს სცენა, ერთი შეხედვით ვიღაცისთვის ოჯახური იდილია, სინამდვილეში ერთი დიდი სიყალბეა. ამ სიყალბეს რომ გრძნობ, გული გერევა. მერე რა, რომ ზემოთ ხსენებულ “იდილიაში” ცოლს ქმრის მორჩილი შინამოსამსახურის როლი ენიჭება: მერე რა, რომ საჭმლის დამზადება, სახლის დალაგება, დარეცხვა, ბავშვების მოვლა ოჯახში მხოლოდ ერთ ადამიანს _”სუსტ” სქესს ევალება, მერე რა, რომ ქმარი დროდადრო, როცა ცოლი ბეზრდება, სხვებთან იკმაყოფილებს სექსუალურ მოთხოვნილებებს, და მერე რა რომ, ოჯახის დიასახლისის პატივისცემას ოჯახის თავი უფრო ხშირად სადღეგრძელოებში ავლენს, ვიდრე რეალობაში. მაინც ყველა ბედნიერია. თუ გგონიათ, რომ ახალგაზრდა თაობების ქართულ ოჯახებში საქმე სხვაგვარადაა და მსგავსი რაღაცები აღარ ხდება, ცდებით.

ამ იდილიაზე მახსენდება ერთი ყმაწვილი, რომელიც რაც მახსოვს, ყველგან ცოლის გარეშე დადიოდა და დროს ატარებდა. მისი ცოლი ნერვიულობით კვდებოდა, ხან მის რომელ მეგობარს და ურეკავდა ხან რომელს, სად არისო. ერთხელაც ვკითხე, რა აზრის ხარ იმაზე, შენი ცოლი რომ დადიოდეს შენ გარეშე, სვამდეს და ერთობოდეს და შენ არც კი იცოდე მისი ადგილსამყოფელი. მაგას ვერ იზამს, შვილებს ვერავის დაუტოვებსო, – მიპასუხა არხეინად:/ როგორც აღმოჩნდა, მცირეწლოვანი შვილების ფაქტორის ცოლის სახლში დასაბმელად გამოყენება ერთგვარი ხერხი ყოფილა თურმე. ამას ემატება საოჯახო საქმეები. ამ ყველაფრის წყალობით ქალის სახლიდან ფეხის არგადგმა გარანტირებულია.

კიდევ მახსოვს, როგორ იყვნენ წასულები ოჯახზე მზრუნველი ქმრები სხვაგან სამუშაოდ. რა თქმა უნდა, ცოლების გარეშე. ისიც უნდა ვთქვა, რომ გამომუშავებულ თანხას ვიღაც ნაშებთან გართობაში ხარჯავდნენ :დ მათი ცოლები კი ისხდნენ სახლებში და ალბათ, გულში ამაყობდნენ, რომ ასეთი მზრუნველი ქმრები ყავდათ. რომ კითხო, ძალიან ერთგული მეორე ნახევრები ყავთ. არ ვიცი, ამ ვარდისფერ სათვალეებს უნებურად იკეთებენ თუ უბრალოდ “ოჯახის შესანარჩუნებლად” სხვა გზა არ დარჩენიათ?

ერთი ცოლი მახსენდება, რომელსაც იმდენად უყვარს თავისი ქმარი, სუფრაზე ხალხს აჩუმებს ხოლმე: “ჩემი ქმარუკა სადღეგრძელოს ამბობს და მოუსმინეთო”. “ჩემი ქმარუკა, ჩემი ერთგული” ამ და სხვა მრავალ ეპითეტებს იყენებს ხოლმე, მე კი ამ ეპითეტების მოსმენისას თავში ერთი კითხვა მიტრიალებს სულ, ის თუ იცის, მისი ძვირფასი ქმარუკა როგორ ერთობა ხოლმე უცნობ გოგოებთან. თუ იცის, მაშინ პროტესტის გრძნობა რატომ არ უჩნდება, თუ არ იცის, როგორ ვერ ხვდება, როცა მეც კი ვიცი ამის შესახებ :დ

საინტერესოა, მართლა ვერ ხვდებიან თუ არ უნდათ მიხვდნენ, რომ რაღაც უსამართლობა და სიყალბე არის მათ ურთიერთობებში. ამ ყველაფრისგან დაზარალებულები პირველ რიგში ხომ თვითონვე გამოდიან. ვერავინ ამიხსნის, რატომ არის გარკვეული ვალდებულებები მარტო ერთი ადამიანის კისერზე, როცა მეორესაც მშვენივრად შეუძლია მათი შესრულება. თუ ცოლ-ქმარი ფინანსურ ვალდებულებებს ინაწილებს თანაბრად, რატომ არ ეხება ეს სხვა ფუნქციებსაც. თუ ადამიანი ბუნებით პოლიგამიურია, რატომაა რომ ქმრისთვის სხვა პარტნიორის ყოლა მოსული ამბავია, ცოლი კი ამის გამო სიკვდილის ღირსიც კია.

სანამ ცოლები თვალს დახუჭავენ ამაზე, მანამდე მოუწევთ ყალბ ოჯახურ იდილიაში ცხოვრება და ზღაპრების შეთხზვა თუ რა ბედნიერები არიან.

 

, , , , , , ,

  1. #1 by Sophie Kaufman (@sophiekaufman) on April 26, 2013 - 8:13 am

    პირველი აბზაცის დასაწყისი ძალიან ნორმალურად მომეჩვენა და გავემზადე დამემტკიცებინა, რომ საყვარელი და ახლობელი ადამიანისთვის საჭმლის გამზადება, ხაჭაპურის გამოცხობა (რაც მე ვერაფრით მისწავლია) ძალიან სასიამოვნოა. იმ დღეს ჩემს მეგობარს ვუყვებოდი, რომელიც ახლა იმ სტადიაშია, რომ ვერ გადაუწყვეტია, გათხოვდეს თუ არა, ქორწინება იმ შემთხვევაშია წარმატებული, თუ ორივე მხარე გასცემს და არა მხოლოდ ერთი, როგორიც შენი პოსტის სევდიან მაგალითში😐
    დიასახლის ქალში და მომუშავე კაცში ცუდი არაფერია, თუ ორივე თავს ბედნიერად გრძნობს და არა ჩაგრულად.

    მაგრამ შენი პოსტი სულ სხვა რამეს ეხება, რაც სამწუხაროდ, ვიცი, რომ სიმართლეა. მეც ვიცნობ რამდენიმე ასეთ წყვილს საქართველოში. არ ვიცი, რისი ბრალია და არ მინდა, ვთქვა, ქალი თვითონ იჩაგრავს თავს–მეთქი, იმიტომ, რომ მართლაც ასეა. ცხოვრება ისედაც ძნელია და რატომ ირთულებენ კიდევ უფრო, არ ვიცი. ადრე დავწერე რაღაც ესსე ამ თემაზე მგონი და იქ ვწერდი, მენტალიტეტი რამხელა გავლენას ახდენს: მე მყავს რამდენიმე “დეიდა”, რომლებიც სულ ამბობდნენ, რა მოხდა, კაცმა უნდა “გაიარ–გამოიაროს” და თუ სადღეგრძელოები არ დასჭექა, ის რა კაციაო და მე გაოცებული ვუყურებდი. კამათი რომ მომბეზრდა ბოლოს, ვუთხარი, თქვენი შვილებიც ზუსტად ასეთ “გაიარ–გამოარე” კაცებს გაჰყვებიან და მერე ბედნიერები იქნებით–მეთქი.
    ასეც მოხდა:/

    ქალებს მეტი განათლება სჭირდებათ – მხოლოდ განათლება პირდაპირი გაგებით არა, თავიანთი უფლებების ცოდნა და თავიანთი პიროვნების, რომ სუსტ სქესს არ წარმოადგენენ და ასეთი შტერული გაგება, საერთოდ, მოგონილია.

    • #2 by dreamar on April 26, 2013 - 11:16 am

      “ქორწინება იმ შემთხვევაშია წარმატებული, თუ ორივე მხარე გასცემს და არა მხოლოდ ერთი” გეთანხმები. თუ ადამიანს, მნიშვნელობა არ აქვს, ცოლია თუ ქმარი, შეუძლია დაეხმაროს მეორე ნახევარს და შეუმსუბუქოს ყოფა, თუნდაც ოჯახურ საქმეებში, რატომ არ უნდა გააკეთოს ეს. რატომ უნდა უხაროდეს ქმარს როცა მის ცოლს იმდენი საქმეები აქვს, რომ სახლიდანაც ვერ გამოდის. თვითონ კი ამ დროს ერთობა და აზრადაც არ მოუვა დაეხმაროს, იმ მოტივით რომ “საოჯახო საქმეები აბა რა კაცის საქმეა”. “გაიარ-გამოიარე” კაცების ცოლების მენტალიტეტი ცალკე ფენომენია :დ პრობლემა, ისევ და ისევ ქალშია, როგორც შენ თქვი, საკუთარი უფლებების არმცოდნე ქალში. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში მაინც აღარ დაიჩაგრავენ თავს ქალები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: