ქვეყანა, სადაც ქალად დაბადებას ქვად ყოფნა ჯობია

იცით ქვეყანა, სადაც ქალად დაბადებას ქვად ყოფნა ჯობია, რადგან ქვა უფრო თავისუფალია აქ, ვიდრე მდედრობითი სქესის წარმომადგენელი? მათ ხმის ამოღების უფლება არ აქვთ, საკუთარ აზრებს ხმამაღლა არასდროს გამოთქვამენ. განა მარტო გარეთ, სახლშიც კი – მხოლოდ მამაკაცებს უნდა უსმინონ! უსიტყვო მორჩილება მათი ცხოვრების წესია. ქალი არავითარ გრძნობებსა და სიყვარულს არ უნდა ამჟღავნებდეს – ეს დანაშაულიც კია, რომლის სასჯელი სიკვდილია. იგი ვალდებულია მთელი ცხოვრება კაცს ემსახუროს – მამას, ძმებს, ცოტა მოგვიანებით კი ოჯახის მიერ შერჩეულ ქმარს. თუნდაც გოგონა სრულწლოვან ასაკს არ იყოს მიღწეული, მისი საქმრო კი საზიზღარი ბერიკაცი იყოს, რომელიც ჭირის დღესავით სძულს, მას სხვა არჩევანი არ აქვს – ოჯახის ნებას უნდა დაემორჩილოს. სახლი ქალის ციხეა. სახლიდან გასვლა, თუნდაც პროდუქტების შესაძენად – მხოლოდ ნაცნობი და ნათესავი მამაკაცის თანხლებითაა შესაძლებელი და აუცილებლად ჩადრით.

თალიბანის მმართველობამ, გაუთავებელმა შიდა დაპირისპირებებმა ბოლო მოუღეს ამ ქვეყანას. სახელმწიფოს სხვადასხვა მმართველები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, ბევრი მათგანი სიცოცხლეს გამოასალმეს. აქ პრეზიდენტიც კი შეიძლება სახალხოდ ცემო, დაასაჭურისო და ჩამოახრჩო (მუჰამედ ნაჯიბულა). თალიბანმა საკუთარი წესები შემოიღო ხელისუფლებაში მოსვლისას (1996 წელს), აკრძალა მუსიკა (დაკვრა და კასეტებით ვაჭრობა), ცეკვა, წვერის გაპარსვა, სურათები (რის გამოც უამრავი სურათიანი წიგნი და გამოსახულებიანი ნივთი განადგურდა), ევროპული ვარცხნილობა… ყველა მოქალაქე ვალდებული იყო ელოცა განსაზღვრულ დროს. შეიქმნა “წესრიგის დამყარებისა და ცოდვათა დაძლევის სამინისტრო”, რომელიც ატარებდა სადამსჯელო ღონისძიებებს ამ წესების დამრღვევთა მიმართ. შემდეგ იყო 11 სექტემბერი: აშშ-ში მომხდარი ტერორისტული აქტებიდან ორი თვის თავზე თალიბანი მმართველობიდან ჩამოაგდეს. მაგრამ არეულობები, მართალია იმ დოზით არა, მაგრამ მაინც გაგრძელდა.

ალბათ მიხვდებოდით, რომ საუბარი ავღანეთზეა. ახალი ამბებიდან ასე თუ ისე ვიცოდი, რა მძიმე მდგომარეობა ამ ქვეყანაში და ქალთა უფლებების შელახვის შესახებაც მსმენოდა. თუმცა, მთელი სიმძაფრით ავღანელი ქალების ყოფა ოსნე საიეშტადის “ქაბულელი წიგნებით მოვაჭრის” წაკითხვის შემდეგ შევიგრძენი. ოსნე საიეშტადი ნორვეგიელი ჟურნალისტია, რომელიც 2001 წელს ჩავიდა ქაბულში და ერთ-ერთ იქაურ ოჯახში დასახლდა. ოჯახის შესახებ კი წიგნი დაწერა. “ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე” ნამდვილ ფაქტებსა და ისტორიებს ემყარება, რომლებსაც თავად ოსნე შეესწრო ან სხვებისგან მოისმინა.

პირველი აზრი, რაც წიგნის წაკითხვის შემდეგ თავში მომივიდა, იყო “მადლობა ღმერთს, რომ ავღანეთში არ დავიბადე!”. ქალები აქ მონები და მოსამსახურეები არიან, კაცები კი უსასტიკესი არსებები, რომელთაც ხალხში სახელის გატეხვას საკუთარი დის/ცოლის/დედის მოკვლა ურჩევნიათ. აქ დედებიც კი თანახმა არიან მათი შემარცხვენელი ქალიშვილი მისივე ძმების მიერ ბალიშით იქნას მოგუდული. ოჯახის უფროსის ადგილის გარკვეული მიზეზების გამო (მაგ. ქმრის გარდაცვალება) ქალის მიერ დაკავების შემთხვევაში ხშირად ქალებიც ისეთივე ტირანები და მკაცრები ხდებიან სხვების მიმართ, როგორც მათ ექცეოდნენ. ასეთია წიგნებით მოვაჭრის და ფეროზა, რომელმაც საკუთარი უმცროსი ძმა, ტაჯმირი, იშვილა. ტაჯმირი – ფეროზას ასე ახასიათებს: “დედაჩემი ოსამა ბინ ლადენზე უარესია”. დედა სრულიად განაგებს შვილის ცხოვრებას: მთელ ხელფასს ტაჯმირი ფეროზას აძლევს, ცოლიც დედამ შეურჩია. მიუხედავად იმისა, რომ ტაჯმირს სხვა გოგო უყვარდა, მას დედისთვის წინააღმდეგობის გაწევა არც უცდია. უსიტყვოდ დაემორჩილა ფეროზას, თავის შეყვარებულს კი ახსნა-განმარტებითი წერილი მიწერა: ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდაო.

http://www.telegraph.co.uk/women/womens-life/11213872/Kabul-Will-Afghanistans-women-finally-stop-being-seen-as-a-freak-show.html

ფოტოს პირველწყარო http://www.telegraph.co.uk

ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი ტრადიცია ავღანეთში დაქორწინებაა. კაცი ან მისი ოჯახი ირჩევს საცოლეს. შემდეგ საცოლის ოჯახში მაჭანკალს აგზავნიან და იწყება ვაჭრობა. შეთანხმება მას შემდეგ მიიღწევა, რაც საქმრო გოგოს ოჯახს დამაკმაყოფილებელ თანხას შესთავაზებს. საპატარძლოს ფასს მისი ასაკი, სილამაზე, აღნაგობა და ოჯახის სტატუსი განსაზღვრავს. ქალები ამ ქვეყანაში გაცვლა-გაყიდვის ობიექტები არიან. პატარძლის აზრი მეორეხარისხოვანია. ასე თხოვდებიან სულ პატარა გოგონები მათზე ორჯერ და მეტჯერ უფროს უცნობ კაცებზე.

მართალია, თალიბანი აღარ განაგებს ქვეყანას და არც მუსიკის მოსმენა, ცეკვა და ფრჩხილზე ლაქის წასმა იკრძალება (მაკიაჟიც კი აკრძალული იყო მათი მმართველობის დროს), ქალებს სწავლაც შეუძლიათ, თუმცა, ავღანელ ქალებს დამოუკიდებელი ნაბიჯის გადადგმა ძალიან უჭირთ. ყველგან კედელს აწყდებიან და “იმ სისტემის მარწუხებში არიან მოქცეულები, საუკუნეების მანძილზე რომ ყალიბდებოდა და მოსახლეობას აჩლუნგებდა”.

, , , , , , , , , , , , , , , , , ,

  1. დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: