Archive for category ჩემი ამბები

კატისა და აცრის ამბავი

ერთ მშვენიერ დღეს ვარაზისხევზე მივსეირნობდი. გზაზე ფუმფულა, რუხი ფერის, ძალიან ლამაზი კატა შემომხვდა. შემომკნაოდა და კუდს მიბზეკდა, თითქოს მიწვევდა, მოდი მომეფერეო. მეც, რა თქმა უნდა, ხელი გადავუსვი. ფისო სიამოვნებისგან აკრუტუნდა. იზნიქებოდა და იბზიკებოდა. ცოტა მოვეფერე. ხელის უკან წაღებისას ოდნავ მკვეთრი მოძრაობა გავაკეთე, კატას შეეშინდა და გამკაწრა. ნაკაწრი არ მტკენია, მაგრამ საკმაო როდენობის სისხლი წამომივიდა. ზოგადად, ფრთხილი ადამიანი ვარ, ვიცი, რომ ასეთ შემთხვევებში ცოფით დაინფიცირების რისკი არსებობს. ჩემი მეორე მე კი საწინააღმდეგოს ფიქრობდა. პანიკიორი ადამიანები გამახსენდა, ვინც ცხოველის შეხებაზეც კი ასაცრელად გარბის. მეორე მხრივ კი არსებობდა მცირე შანსი, რომ კატა ცოფიანი ყოფილიყო. საგონებელში ჩავვარდი. პირველი რაც გავაკეთე, იყო მეგობრებთან “კონსულტაციის” გავლა. რასაც არავის გირჩევთ. რადგან მეგობრები (ასიდან ალბათ 90 შემთხვევაში) გაიხსენებენ მათი მეზობლებისა თუ ნათესავების გაცოფების ისტორიებს სწორედ ასეთი უმნიშვნელო ნაკაწრებისგან. დეტალებში მოგიყვებიან საზარელ ამბებს ადამიანის ცხოველად ქცევის შესახებ. მსგავსი ამბები შიშს მოგგვრით, შიშმა კი შესაძლოა ხელი შეუშალოს რაციონალური გადაწყვეტილების მიღებას. ყველა შემთხვევაში სჯობს აზრი სპეციალისტს ჰკითხოთ. Read the rest of this entry »

, , , , , , , , ,

2 Comments

აუდიოწიგნების პრეზენტაცია

ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი პროექტი ჩემს ცხოვრებაში დასრულდა. უფრო სწორედ, დიდი იმედი მაქვს, რომ დროებით შეჩერდა და ახლო მომავალში კვლავ გაგრძელდება. საუბარი მაქვს აუდიოწიგნების ჩაწერაზე უსინათლო ბავშვებისთვის. 25 მარტს სწორედ ამ რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია “მარიანისა” და “სამოქალაქო ინიციატივის” ორგანიზებით განხორციელდა. მის ფარგლებში 20 მხატვრული და სამეცნიერო შინაარსის წიგნი ჩაიწერა მოხალისეების მიერ. წიგნები უსინათლოთა სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების სურვილის მიხედვით შეირჩა. ჩანაწერები დაიდება Lib.ge-ზე, ასევე უფასოდ გავრცელდება რეგიონულ ბიბლიოთეკებში, უსინათლოთა კავშირის ფილიალებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რესურსცენტრებში.

აუდიოწიგნების პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში

აუდიოწიგნების პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში

როცა მოხალისეობის აპლიკაციას ვავსებდი ამ პროექტში მონაწილეობის მისაღებად, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმე იქნებოდა. თავდაპირველად მოხალისეებმა მეტყველების ინტენსიური ტრენინგი გავიარეთ: ზაფხულში, კვირაში რამდენჯერმე სამსაათიანი გაკვეთილები გვიტარდებოდა. ჩემი პირველი გაკვეთილი მეტყველებაში ძალიან კარგად მახსოვს: სუნთქვის ვარჯიშების დროს კინაღამ გული წამივიდა. უმკაცრესი ტრენერი გვყავდა – ქეთი: ერთი ციდა გოგო, რომ შეხედავ ბავშვს ჰგავს და სულ ვერ წარმოიდგენ, რომ ასეთი მკაცრი და მომთოხვნი იქნება. ქეთიმ ყველაზე დიდი შრომა გასწია. რომ არა ის, ძნელად წარმომიდგენია როგორ შედგებოდა პროექტი. ტრენინგების შემდეგ დაიწყო ჩაწერები საპატრიარქოს “რადიო ივერიასა” და საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს სტუდიებში. განსხვავებული აღმოჩნდა უშუალოდ ჩაწერის პროცესი: მიკროფონთან მუშაობისას სულ იმაზე ვფიქრობდი, ბგერები სწორად მეთქვა, სიტყვები არ შემშლოდა, მიმექცია ყურადღება ტონისა და ინტონაციისთვის. ჩაწერები რომ დავასრულეთ, აღმოჩნდა, რომ გარკვეული ნაწილი ისევ თავიდან იყო ჩასაწერი. ამიტომ პროექტი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. ყველა მოხალისე ვეცადეთ, აუდიოწიგნები რაც შეიძლება კარგი და ხარისხიანი გამოსულიყო.

კარლო კოლოდის "პინოქიოს თავგადასავალი"-ს ჩაწერის პროცესი

კარლო კოლოდის “პინოქიოს თავგადასავალი”-ს ჩაწერის პროცესი

შეგიძლიათ მოისმინოთ ჩვენი ჩანაწერების კოლაჟი:

თუკი მოხდება ფინანსების მოძიება, აუდიოწიგნების ჩაწერა კვლავ გაგრძელდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩაწერილი 20 აუდიოწიგნი ამ საინტერესო და  ძალიან კარგი პროექტის მარტო პირველი ეტაპია.

, , , , ,

10 Comments

ტური განახლებულ თელავსა და ყვარელში

არ ვიქნები პირველი, თუკი ვიტყვი, რომ ბევრი საინტერესო რამ გვაქვს საქართველოში სანახავი. ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული კუთხეა კახეთი თავისი კულრუტული ძეგლებით, ბუნებით, ეროვნული პარკებითა და ნაკრძალებით. ცოტა ხნის წინ მომეცა საშუალება თელავსა და ყვარელს ვსტუმრებოდი.  მსოფლიო ბანკმა სპეციალური ტური მოაწყო ბლოგერებისთვის. ჯერ მარტო ხედებით მოვიხიბლე გზაში: ძალიან ლამაზია ყვითლად და წითლად შეფერილი მთები, ამ ფერად მთებს იქით კი მორუხო-თეთრი კავკასიონი. დავრწმუნდი, რომ შემოდგომა ერთ-ერთი საუკეთესო დროა კახეთში სტუმრობისთვის.

ბოლოს როდის იყავით თელავში? იცით თუ არა, რომ თელავისა და ყვარლის გარკვეული ნაწილი რეაბილიტირებულ და რესტავრირებულ იქნა? ჩატარებული სამუშაოების შთამბეჭდაობაში რომ დარწმუნდეთ, არაა აუცილებელი ძველ დროს (რეაბილიტაციამდე) იყოთ იქ ნამყოფი. ამისთვის საკმარისია, გადახედოთ ქუჩებს, რომელთაც არ შეხებიათ რესტავრირება. განსხვავება თვალშისაცემია.

განახლებული ქუჩა თელავში

განახლებული ქუჩა თელავში

SAM_0769a

რეაბილიტირებული ყვარელი

ქუჩა ყვარელში, რომელსაც რეაბილიტაცია არ შეხებია

ქუჩა ყვარელში, რომელსაც რეაბილიტაცია არ შეეხო

კახეთის რეგიონალური განვითარების პროექტი, რომელიც მსოფლიოს ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება, ჯერ არ დასრულებულა და კიდევ ბევრი რამის გაკეთებას მოიცავს. პროექტის ფარგლებში კახეთში რესტავრირდა და მოდერნიზებულ იქნა შენობები და ისტორიული ნაგებობები (იგულისხმება პარკინგის, საჯარო ტუაელეტების, კაფეების აშენება-მოწყობა კულტურულ ძეგლებთან), შეკეთდა ასევე სახლის ჭიშკრები, კეთილმოეწყო გარე განათებები, მიწისქვეშა კომუნიკაციები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, გაკეთდა გზები, ბილიკები ველოსიპედით მოსიარულეთათვის (თუმცა, კახეთში ყოფნისას ველოსიპედით მოსიარულე არცერთი ადამიანი არ დამინახავს), ცენტრებში განთავსდა საინფორმაციო ტურიტსული ჯიხურები, რებილიტირებულ იქნა პარკები…ამ ცვლილებებმა ხელი შეუწყო ამ კუთხის ბიზნესგარემოს განვითარებასაც: გაიხსნა ახალი სასტუმროები, კვებითი ობიექტები და ა.შ. კახეთში იმატა ტურისტებიც რიცხვმაც.

სასტუმრო “როიალ ბატონი”, რომლის აუზითაც მოვიხიბლე და რომელიც ილიას ტბას გადმოჰყურებს

SAM_0690a

არიან რეაბილიტაციით როგორც კმაყოფილი, ასევე უკმაყოფილო მოქალაქეები. მაგალითად, თელავში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მერი მადლობელია, რომ მის სახლს ჭერი გადახურეს: “პენსიონერი ვარ და ამის გაკეთებას ჩემი ხარჯით ვერ შევძლებდი”, – ამბობს მერი. ზოგი ჩივის, რომ რეაბილიტაცია მხოლოდ ფასადებს შეეხო, შიგნიდან კი სახლები გაურემონტებელი დარჩა. ერთადერთი რაზეც თითქმის ყველა თანხმდება ისაა, რომ თელავის ქუჩებში ტურისტების რიცხვმა იმატა.

ჩვენი სტუმრობისას თელავში ფესტივალი “New ნადიმი” გაიამრთა. “New ნადიმი”  წელს პირველად ჩატარდა. ერთკვირიანი ფესტივალი მეტად მრავალფეროვანი ღონისძიებებით იყო დატვირთული: ფესტივალის ფარგლებში გაიმართა წიგნების გამოფენა-გაყიდვა, ფილმების ჩვენება, კერამიკული ნაკეთობების გამოფენა, „ღვინის ფესტივალი“, სადაც წარმოდგენილი იყო ქვევრის, ასევე ქარხნული წესით დამზადებულ ღვინოები და სამონასტრო ღვინოც, სხვადასხვა ქართული პროდუქტების: თაფლის, ჩურჩხელების გამოფენა-გაყიდვა, კახური მუსიკალური ანსამბლების კონცერტი, ტრადიციული და თანამედროვე ტექსტილის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ძველი მანქანების გამოფენა, თვითნასწავლი კახელი ფოტოგრაფის შალვა ალხანაიძის გამოფენა “თუში ქალების პორტრეტები”…

ფესტივალზე იქვე დამზადებული ჩურჩხელის დაგემოვნების  საშუალება გქონდათ:

ჩურჩხელის გაკეთების პროცესი

ჩურჩხელის გაკეთების პროცესი

კახელი მიხო და მარო

კახელი მიხო და მარო

“New ნადიმზე” შეგეძლოთ გეცადათ ბედი ძერწვაში:

6a

დავითი ძერწვის პირველ საკუთარ ნიმუშს აკეთებს

რატომღაც მეგონა, რომ თელავში ღონისძიებები იშვიათად იმართება. აღმოჩნდა, რომ მთელი წელი სხვადასხვა კულტურული თუ გასართობი ღონისძიებითაა დატვირთული: აქ ტარდება ელისო ვირსალაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, ფოლკლორული ანსამბლების ფესტივალი “შენ ხარ ვენახი”, სახალხო დღესასწაული “ერეკლეობა”, “ელენეობა” (ელენე ახვლედიანისადმი მიძღვნილი დღესასწაული) … ამას შეემატა “New ნადიმიც”, რომელიც ამიერიდან ყოველწიური გახდება.

კიდევ ბევრი ადგილია კახეთში, რომლის ნახვაც ღირს. მაგალითად, უძველესი კულტურული ძეგლები (ალავერდის სამონასტრო კომპლექსი, ბოდბის მონასტერი (IV ს), გრემის სამონასტრო კომპლექსი, დავით გარეჯის ლავრა, იყალთოს მონასტერი, ნეკრესის, ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსები, უჯარმის ციხე და ა.შ.), ეროვნული პარკები და ნაკრძალები (ლაგოდეხის, თუშეთის, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, ბაწარასა და ბაბანეურის ნაკრძალები…), მუზეუმები (ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, სიღნაღისა და თელავის მუზეუმები). დაწვრილებით ინფორმაციას კახეთის ღირსშესანიშნაობების, სასტუმროებისა და მომსახურების სხვა ობიექტების შესახებ აქ შეგიძლიათ გაეცნოთ. ასე, რომ თუკი საინტერესო ადგილების ნახვა გსურთ, ესტუმრეთ კახეთს.

, , , , ,

დატოვე კომენტარი

ტრენინგი ეთნოგრაფიულში

პროექტის “აუდიოწიგნების ჩაწერა უსინათლოთათვის” პირველი ეტაპი დასრულდა. გუშინ პროექტის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს შეხვედრა გვქონდა ეთნოგრაფიულ მუზეუმში. გავუზიარეთ ერთმანეთს მუშაობის პროცესისგან მიღებული შთაბეჭდილებები, მიზნები და სურვილები.  სექტემბრიდან მცირე შესვენების შემდეგ პროექტი ისევ აქტიურად გრძელდება: დაგეგმილია 20 აუდიო წიგნის ჩაწერა, აქედან რამდენიმეს ჩაწერა უკვე დაწყებულია.  მეც ჩავწერე რაღაც ნაწილი: სამეცნიერო ლიტერატურა შემხვდა, საკმაოდ რთული ენით დაწერილი სასწავლო დამხმარე წიგნი მითოლოგიის შესახებ. სიმართლე გითხრათ, მერჩივნა მხატვრული ლიტერატურა წამეკითხა, ძალიან მინდოდა ეს ასტრიდ ლინდგრენის რომელიმე წიგნი ყოფილიყო, მაგრამ კითხვის სტილისა და მანერის მიხედვით ყველაზე მეტად ჩემი ხმა სამეცნიერო ლიტერატურას მოერგო. თუმცა, როგორც ორგანიზატორები შემპირდნენ, რაიმე მოთხრობასაც ჩამაწერინებენ გული რომ არ დამწყდეს :დ

cawera radioSi2

მეტყველების კურსისგან საკმაოდ განსხვავებული აღმოჩნდა უშუალოდ ჩაწერის პროცესი: მიკროფონთან მუშაობისას შეპყრობილი ხარ ფიქრებით, ყველა ბგერა სწორად თქვა, რამე არ შეგეშალოს, მიაქციო ყურადღება ინტონაციასა და ტონს. ეს კი მცირე დაძაბულობას იწვევს. თუმცა, ყველაფერს თანდათან ეჩვევი. არ მეგონა, რომ სამუშაო ასეთი შრომატევადი იქნებოდა. მაგრამ რაც უფრო მეტს დებ ამა თუ იმ საქმეში, მით უფრო მეტს იღებ.

treningi3

treningi4

ტრენინგზე ვიხილე უსინათლოთათვის განკუთვნილი სხვადასხვა დამხმარე საშუალებები: სანტიმეტრი, სახაზავი, კალამი და დაფა, რომლის საშუალებითაც წერენ, კალკულატორი, რუკები, ნახატები, ბრაილის შრიფტით დაწერილი “ვეფხისტყაოსანი” (უზარმაზარი წიგნი, რომელიც ერთ-ერთ ტომს წარმოადგენდა)… გარდა ამისა, ტრენინგზე მონაწილეებმა გავიკეთეთ სპეციალური სათვალე, რომელიც არ ატარებს სინათლეს და ამ სათვალეებში გამცილებლის დახმარებით დავათვალიერეთ მუზეუმი.

treningi6

treningi5

ორგანიზაცია “მარიანის” წარმომადგენლებმა დაგვირიგეს ბროშურები, სადაც წერია რჩევები როგორ უნდა დავეხმაროთ უსინათლო ადამიანს გადაადგილებისას. მაგალითად, არასდროს მიაწვეთ მას უკნიდან, გამცილებელი ერთი ნაბიჯით წინ უნდა იდგეს. მიმართულების ახსნისას არ გამოიყენოთ ისეთი ფრაზები როგორიცაა: იქით შეუხვიეთ, აქეთ გადმოდით და ა.შ. ამის ნაცვლად უთხარით უშუალოდ რომელ მხარეს წავიდეს: მარჯვნივ, მარცხნივ, უკან და ა.შ.

პ.ს. ძალიან საინტერესო დღე იყო 🙂

, , , ,

დატოვე კომენტარი

მეტყველების პირველი გაკვეთილი

health-speech

გუშინ მეტყველების პირველი გაკვეთილი მქონდა. როგორც წინა პოსტში აღვნიშნე სანამ უშუალოდ აუდიოწიგნების ჩაწერაზე გადავალთ, უნდა დავიხვეწოთ მეტყველება. პირველ გაკვეთილზე დრო ხმოვნების წარმოთქმასა და სწორ სუნთქვას დავუთმეთ. ვერ წარმოვიდგენდი ასეთი რთული თუ აღმოჩნდებოდა ეს გაკვეთილი. სუნთქვის ვარჯიშების დროს რამდენჯერმე კინაღამ გული წამივიდა. როგორც მითხრეს, ეს ჩვეული ამბავია და ბევრს ემართება ასე. მითუმეტეს როცა არაფერი გაქვს ნაჭამი. მაინც მოულოდნელი იყო ჩემთვის: დილითაც მირბენია გამოუძინებელსა და მშიერს, ვაჯიშითაც მივარჯიშია სამი საათის განმავლობაში უჭმელს, მაგრამ ასე ცუდად არ გავმხდარვარ.

მეტყველების დროს ერთ-ერთი მთავარი რამ მუცლით სუნთქვაა. სწორი სუნთქვა არამარტო მეტყველებაში გვეხმარება, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. სუნთქვაზე დამოკიდებულია ჟანგბადის შეღწევა ორგანიზმში. არასწორი სუთქვა  იწვევს გულის დატვირთვას, ასეთ დროს ფილტვების სრულად ვენტილაცია არ ხდება. მე და ალბათ ბევრი ჩემ გარშემო გულ-მკერდით სუნთქვასაა მიჩვეული. რაც არ ყოფილა კარგი. გულ-მკერდით სუნთქვა არის ზედაპირული, ამ დროს ფილტვების მცირე ნაწილი ივსება ჰაერით, შესაბამისად სხეულს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება. მუცლით სუნთვქის დროს ჰაერს ღრმად ვისუნთქავთ, ისე რომ ის ფილტვების ქვედა ნაწილამდეც აღწევს. მუცლით სუნთქვისას ჩასუნთქვაზე მუცელი ოდნავ იბერება, ამოსუნთქვისას კი იზნიქება. ჰაერის ჩასუნთქვა ცხვირის (და არა პირის) მეშვეობით უნდა ხდებოდეს. სწორი სუნთქვის ჩამოყალიბებას ერთი მარტივი სავარჯიშო უწყობს ხელს: ხუთ თვლაზე ცხვირით ღრმად უნდა შევისუნთქოთ ჰაერი (ისე, რომ მუცელი ოდნავ გამოიზნიქოს), მომდევნო ხუთ თვლის განმავლობაში კი ამოვისუნთქოთ პირით (მუცელი უნდა შეიზნიქოს).

თანდათან უნდა გადავეჩვიო გულ-მკერდით სუნთქვას.

, , , ,

3 Comments

აუდიოწიგნები უსინათლო ბავშვებისთვის

Audiobook

რამდენიმე კვირის წინ გავიგე ერთი ძალიან კარგი ინიციატივის შესახებ: არასამთავრობო ორგანიზაცია ”მარიანი” და ”სამოქალაქო ინიციატივა” ეძებდა მოხალისეებს უსინათლო ბავშვებისთვის აუდიოწიგნების ჩასაწერად. როგორც განცხადებაში ეწერა, არსებული აუდიო-წიგნები არაა საკმარისი იმისთვის, რომ უსინათლო ბავშვებმა მიიღონ სრულფასოვანი სასკოლო განათლება. გარდა შეზღუდული რაოდენობისა, წიგნები არც ხარისხით გამოირჩევა: მაგალითად, ზედმეტად თეატრალურადაა გახმოვანებული, რაც მსმენელს აღქმაში უშლის ხელს.  უსინათლო ბავშვებს ურჩევნიათ შედარებით სადა, არამხატვრული თხრობა.

გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა ამ პროექტში: რა სჯობია იმას, როცა თავისუფალ დროს კეთილ საქმეს უთმობ, თან ახალ, საინტერესო გამოცდილებას იღებ. როგორც აღმოჩნდა მოხალისედ ყოფნის სურვილი ბევრმა ადამიანმა გამოთქვა, ამიტომ შერჩეულ კანდიდატებს საკმაოდ დიდი კონკურენციის გადალახვა მოგვიწია. რადგან ოდესღაც გავლილი მაქვს მეტყველების კურსი, მეგონა რომ მშვენიერი მეტყველება მქონდა, თუმცა, როგორც გასაუბრებაზე მითხრეს, პირის აპარატი ცოტა გაზარმაცებული მქონია, რაზეც მუშაობა მომიწევს. პროექტის ფარგლებში ჩაიწერება 20 წიგნი, დისკები კი უფასოდ გავრცელდება საქართველოს მასშტაბით ბიბლიოთეკებსა და სკოლებში, ასევე აიტვირთება ვებგვერდებზე NPLG.GOV.GE და LIB.GE. უშუალოდ წიგნების ჩაწერაზე სანამ გადავალთ, უნდა გავიაროთ ტრენინგები მეტყველების სპეციალისტთან, რომ რაც შეიძლება სრულყოფილი პროდუქტი მივიღოთ ბოლოს. მოკლედ წინ სასიამოვნო სამუშაო მელის 🙂

, , ,

4 Comments

სერიალი ნაცნობი გმირებით

soapoperas

წინა პოსტში იმაზე ვჩიოდი, როგორ მომენატრა ტელევიზორის ყურება-მეთქი. სადმე შემთხვევით რომ გადავეყრები ხოლმე ამ ყუთს, შანსს არ  ვუშვებ ხელიდან რომ ვუყურო. :დ რამდენიმე დღის წინ მეგობართან მომეცა ეგეთი შანსი. მოვიხელთე რა პულტი, ეკრანს “მივეწაფე” ხარბად. ერთ-ერთ არხზე რაღაც სერიალი გადიოდა, უმალ მიიპყრო ყურადღება ჩემთვის ნაცნობი მსახიობით. ჯერ ერთი მსახიობი მეცნო, მერე მეორე, მერე მესამე, მერე აღმოვაჩინე რომ ლამისაა მთელი დასი ნაცნობი მსახიობებით იყო დაკომპლექტებული. ბრაზილიური სერიალი იყო. წარსული გამახსენდა: მთელი ბავშვობა ამ სახეებს ვუცქერდი: მათ ტანჯვას, ბედნიერებას, ინტრიგებსა და თავგადასავლებს. ყველა ბრაზილიურ საპნის ოპერაში ხომ თითქმის ერთი და იგივე მსახიობები თამაშობენ. ხოდა ასე წლების განმავლობაში იცვლებოდა სიუჟეტები, გმირთა სახელები და ცხოვრებისეული ისტორიები, მათი პრობლემები, თავად გმირები კი უცვლელები რჩებოდნენ.  მსახიობები ჩემთან ერთად იზრდებოდნენ და იცვლებოდნენ. წარსული გამახსენდა. დაახლოებით ექვსწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გამიჩნდა სურვილი სერიალისთვის მეყურებინა. რამდენი საინტერესო სერიალი არსებობს, მაგრამ გულს ვერ ვუდებ რომ ვიცი უსასრულოდ უნდა გაგრძელდეს ჩახლართული სიუჟეტი. ინტერნეტში მოვძებნე ზემოთ ხსენებული სერიალი, რამდენიმე სერიას ვუყურე. არ ვიცი სადამდე მეყოფა ნებისყოფა (ორასამდე სერია წინ მაქვს :/). განსაკუთრებული არაფერია, უბრალოდ რომ ვუყურებ ესოდენ ნაცნობ და ახლო ადამიანებს ეკრანიდან, წარსული დღეების მოგონებები ამომიტივტივდება და გულში სითბო მეღვრება ხოლმე 😀

soap operas

, , ,

დატოვე კომენტარი

უტელევიზორობა

tv 1

რამდენიმე წელია არ მიყურებია ტელევიზორისთვის. მას შემდეგ რაც ამ ყუთმა დაკარგა თავისი ფუნქცია (რადგან არავინ უყურებდა),  ის  ჩემი სახლიდან გაქრა. უამრავი მასალა შეგიძლიათ მოიძიოთ  იმის შესახებ თუ რამდენად მავნეა ტვ ჯანმრთელობისთვის, როგორ უწყობს ხელს მისი ყურება გასუქებას, რა მავნე ზეგავლენას ახდენს ბავშვების ფსიქიკაზე, როგორ გვმართავს და იპარავს ჩვენს თავისუფალ დროს.

არადა რამდენი მოგონება მაკავშირებს ამ ყუთთან: ოდესღაც ხომ ტელევიზია რადიოსთან და მეტნაკლებად პრესასთან ერთად ინაწილებდა ჩემთვის ინფორმაციის მიღებისა და გართობის ფუნქციებს. ახლა სასაცილოდ არ მყოფნის, მაშინ კი მთელი სერიოზულობით ვუსმენდი ლათინო-ამერიკული სერიალების გარშემო გამართულ დისკუსიებს: გაიგე, ხუანი რიკარდოს შვილი ყოფილა, იზაბელა ცოლად შეურთავს მარჩელოს და ა.შ. რამდენი მიფიქრია და მიმსჯელია მეგობრებთან ვინ იყო იუდას ქალი. სოფელში “დენის წასვლის” ფენომენმაც განუსაზღვრელი გავლენა მოახდინა ჩემს მოგონებებზე: სერიალის დროს თუ წავიდოდა დენი, კაცი, ქალი, ბავშვი, მოხუცი, ყველა თავქუდმოგლეჯით გარბოდა “დვიჟოკის” მქონე მეზობელთან. საოცარი სანახავი იყო ეს კოლექტიური გაქცევა სახლებიდან იმისთვის, რომ სერიალისთის მოგესწრო და რამე არ გამოგეტოვებინა. ნეტავ ახლა თუ უყურებენ საერთოდ სერიალებს ტვ-ში?

დიდი ბედნიერება იყო კარგი მხატვრული ფილმის გასვლა ეთერში. რომ არ წყდებოდი ტვ-ის და მარტო რეკლამის დროს თუ მოახერხებდი სამზარეულოში გასვლასა და დაცარიელებული ჭიქის ჩაით შევსებას. ახლა, როცა ინტერნეტის საშუალებით უამრავი კარგი ფილმია ხელმისაწვდომი, აღარ ვიცი რომელ ერთს ვუყურო. რამდენიმე საათი მარტო ფილმის შერჩევას ვუნდები, მერე რომ ვიცი, ნებისმიერ დროს შემიძლია ვუყურო, გაურკვეველი ვადით გადავდებ ხოლმე ფილმის ნახვის სეანსს. რაღაც უცნაური ჩვევაა, რამდენი საინტერესო გადაცემა თუ ფილმია ინტერნეტში, მაგრამ რომ ვიცი, ყოველთვისაა ხელმისაწვდომი, უცებ გამოჩნდება რაღაც სხვა სასწრაფოდ მოსაგვარებელი საქმე.

გაგიკვირდებათ და  მომენატრა ტელევიზორთან უბრალოდ დაჯდომა, დიდი ჩაის ჭიქით ხელში და თუნდაც ძალიან სულელური სერიალის (მამა რომ დედა აღმოჩნდება) ყურება თავის რეკლამებიანად.

tv

 

, , ,

%(count)s კომენტარი

ამბავი ყველაზე უნამუსო ტაქსისტზე

Taxi

სანამ უშუალოდ ამბის თხრობაზე გადავიდოდე, მინდა გირჩიოთ, რომ თუ ტაქსის გამოძახებას დააპირებთ, არასოდეს, არასოდეს არ დარეკოთ ნომერზე 2 78 78 78. ამ კომპანიაში მძღოლიან-მენეჯერ-ოპერატორ-მფლობელიანად უნამუსოები და  მატყუარები არიან და დიდი შანსია თქვენც ისეთივე მოტყუებული დარჩეთ, როგორც მე. Read the rest of this entry »

, , , , , , ,

%(count)s კომენტარი

ნუ მიკითხავთ მორალს!

საშინელი და შემაძრწუნებელი ფაქტები მოხდა და ხდება საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში. მაგრამ ამ ყველაფერს ერთი დადებითი მხარეც აქვს: Read the rest of this entry »

, , , , , , , ,

%(count)s კომენტარი

%d bloggers like this: