Posts Tagged ბათუმი

ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?

ამერიკელი მწერლის, ფილიპ კ. დიკის წიგნი “ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?” ჯერ კიდევ ზაფხულში, ბათუმში ყოფნისას შევიძინე. მახსოვს, მაღაზიაში “წიგნები ბათუმში” დიდხანს ვორჭოფობდი რა მეყიდა. არჩევანი ორ წიგნს შორის უნდა გამეკეთებინა. საბოლოოდ, ვარდისფერყდიანი, ლამაზი დიზაინისა და საინტერესო სათაურის მქონე წიგნი ავირჩიე. ძალიანაც ვინანე – “ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?” საერთოდ არ შეეფერებოდა ზაფხულის განწყობას. ამიტომ ეს სევდითა და უიმედობით გაჟღენთილი წიგნი ზაფხულის დამთავრებამდე  აღარც გადამიშლია.

ჩემი ბათუმური შენაძენები – კორმაკ მაკარტის "გზა", რომელიც ამერიკულმა ლიტერატურულმა ჟურნალმა The Millions  21-ე საუკუნის 20 საუკეთესო პროზაულ წიგნთა სიაში შეიყვანა და რომლის მიხედვით 2009 წელს გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი; ფილიპ დიკის "ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე". ორივე წიგნი ფანტასტიკური ჟანრისაა და ორივეში დედამიწისა და კაცობრიობის მომავალი ფრიად მუქ ფერებშია დახატული. იმედია მათი წაკითხვისას სასოწარკვეთას და უიმედობას არ მივეცემი. #book #books #philipdick #dadoes #cormacmccarthy #theroad #bestseller #sciencefiction #წიგნი #ფილიპდიკი #კორმაკმაკარტი #გზა

A post shared by Maria (@maria.cosmonette) on

წიგნში კაცობრიობის ფრიად უიმედო მომავალია დახატული. დედამიწაზე მესამე მსოფლიო ომის შემდეგ ცოცხალი არსებების უმეტესობა ამოხოცილია. რადიოაქტიური მტვრისგან გადარჩენილ დედამიწელებს მთავრობა ყველა აფიშიდან, სატელევიზიო რეკლამისა თუ წერილიდან სხვა პლანეტებზე ემიგრაციისკენ მოუწოდებს. მოსახლეობის ნახევარი გამწყდარია, დანარჩენები კი კოლონიებში არიან გადასახლებულები. ემიგრაციაში ადამიანებს დიდებულ მომავალს უსახავენ – მთავრობის დაპირებების მიხედვით, ისინი გაეცლებიან საშიშ რადიოაქტიურ მტვერს, ასევე უსასყიდლოდ ეყოლებათ მსახური ჰუმანოიდი რობოტები – ანდროიდები. ზოგიერთი ადამიანი უარს აცხადებს მშობლიური დედამიწის მიტოვებაზე და “ბიოლოგიურად უსარგებლო არსებად” ყოფნას ამჯობინებს.

დედამიწაზე დარჩენილები განაგრძობენ მტვრიან და ნაცრისფერ გარემოში ცხოვრებას. გადარჩენილი ადამიანები კოლექტიურ ემპათიაზე დაფუძნებული რელიგიის – მერსერიზმის მიმდევრები არიან. მათ ყოველდღიურ განწყობაზე “განწყობის მოდულატორი” ზრუნავს, რომლითაც საკუთარი თავის სასურველ განწყობაზე მომართვა შეუძლიათ – “ზიზღი”, “დეპრესია”, “სასოწარკვეთის რეჟიმი”, “სამომავლო პერსპექტივების აღმოჩენა და გაცნობიერება, “ტელევიზორის ყურების სურვილი, მიუხედავად იმისა, რა გადის იქ” და ა.შ. რადგან დედამიწა ჯართითაა სავსე, ყველაზე ძლიერ ინდუსტრიად ომის შემდეგ დასუფთავების სამსახურები ქცეულა: იმისთვს, რომ პლანეტაზე ცხოვრება შესაძლებელი იყოს, აუცილებელია მისი ნაგვისგან გასუფთავება.

android

ფილიპ დიკის ნაწარმოების მთავარი თემა ანდროიდებისა და ადამიანების დაპირისპირებაა. ანდროიდები “კლავენ თავიანთ ბატონებს და დედამიწაზე გამორბიან, უკეთესს ცხოვრებას ესწრაფვიან, რომელშიც მონები არ იქნებიან.” ანდროიდების ადამიანებისგან გარჩევა ძალიან რთულია. ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი ემპათის უნარია, რომელიც ჰუმანოიდ რობოტებს არ გააჩნიათ. ამ უნარის გასაზომად და ანდროიდების ამოსაცნობად ადამიანები სპეციალური ვოიტ-კემპფის ტესტს იყენებენ.

წიგნის რეალობაში ადამიანები მარტოსულები და ძალიან უიმედოები არიან. მათი ერთადერთი ოცნება ნამდვილი ცხოველის ყოლაა, იქნება ეს ქათამი, ძაღლი თუ ცხვარი. ცხოველები კი გადაშენების პირას არიან და ძალიან ძვირად ფასობენ. ცოცხალი არსების ყოლა და მასზე ზრუნვა ადამიანთა ერთფეროვან არსებობას აზრს უჩენს.

ფილიპ კ. დიკის ამ ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული რიდლი სკოტის “დანის პირზე მორბენალი” (Blade Runner). “თავებზე მონადირის” ანუ ანდროიდებზე მონადირის როლში ჰარისონ ფორდი მონაწილეობს. ფილმმა, მისი ეკრანებზე გამოსვლის დროს (1982 წელს), დიდი ოვაციები დაიმსახურა სპეცეფექტების გამო და დღესაც მომავალზე გადაღებულ ფილმებს შორის ერთ-ერთ საკულტო ფილმადაა მიჩნეული.

არც ზაფხულის შემდეგ აღუფრთოვანებივარ ამ წიგნს დიდად, მიუხედავად უამრავი დადებითი რეცენზიისა. ისევ მოსაწყენი და უიმედო მომეჩვენა. ერთი რამ რაც შემიძლია გირჩიოთ – არ შეარჩიოთ  ნაწარმოების “ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?” წასაკითხად ახალი იმედებისა და მოლოდინის პერიოდი, თუ არ გინდათ, რომ უიმედობის მორევში ჩაიძიროთ.

Advertisements

, , , , , , , , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

Batumi Summer Set 2013

22 და 23 აგვისტოს ბათუმში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი “ბათუმი სამერ სეტი” გაიმართა. მართალია ფესტივალი სამდღიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ორ დღეშიც საკმაოდ ბევრი დადებითი შთაბეჭდილება მივიღე.

პირველ დღეს ყველაზე მეტი ოვაცია წილად ხვდა Laid Back-ს – დანიურ ელექტრონულ დუეტს, რომელიც 1979 წლიდან არსებობს. სიმართლე გითხრათ, მათი ორადორი სიმღერა ვიცი: “Sunshine Reggae” და “Happy Dreamer”. ამ დუეტის დიდი თაყვანისმცემელი არ ვარ, ამიტომ შორიდან ვადევნებდი მათ გამოსვლას თვალს. უფრო სწორად ყურს ვუგდებდი, რადგან სცენიდან იმდენად შორს ვიყავი ამ დროს, რომ ვერც დავინახავდი.  ჩემი ფავორიტი ამ დღის ლაინ აფ-ში იყო ბრიტანელი დიჯეი  Synkro.

spp1

მეორე დღეს იმდენი ნაცნობი ვნახე, სულ აქეთ-იქით მიწევდა სიარული, ამიტომ თავიდან ბოლომდე ვერცერთ გამომსვლელს ვერ მოვუსმინე, გარდა Sleep Party People-სა: ყველაზე განსხვავებული ბენდი იყო ამ ფესტივალის ლაინ აფში. კურდღლისნიღბიანმა ბიჭებმა დანიიდან ნამდვილი ფურორი მოახდინეს სცენაზე. 

ამ დღის გამომსვლელებიდან კიდევ გამოვარჩევდი Giraffage-ს: 23 წლის კალიფორნიელ დიჯეის.

giraffage

ფოტოს პირველწყარო

ყველაზე მეტად Batumi Summer Set-ზე Faithless-ს (უფრო სწორედ პროექტს, სადაც მონაწილეობენ ამ ჯგუფის მთავარი წევრები Maxi Jazz და Sister Bliss) ველოდებოდი, რომელიც ბოლო, მესამე დღეს უნდა გამოსულიყო. ჩემი წარდგენა არ ჭირდება ამ ბრიტანულ ელექტრონულ ბენდს. “Insomnia”, “God Is a DJ”, “We Come 1” – აქედან ერთი ტრეკი მაინც გექნებათ მოსმენილი. ყველაზე საშინელი ფესტივალის ბოლო დღე გამოდგა: სამწუხაროდ, კონცერტი წვიმის გამო ჩაიშალა. Faithless-ის ნახვა არ მეღირსა. ბევრმა ცუდ ორგანიზებას დააბრალა კონცერტის ჩაშლა, იმ მიზეზით, რომ ორგანიზატორებს ამინდის პოგნოზი უნდა გაეთვალისწინებინათ. სანამ ჩაშლის დეტალებზე გადავალ, ორიოდე სიტყვით ორგანიზებაზე ვიტყვი:

ძალიან კარგად იყო მოწყობილი ფესტივალის ადგილი: გადახურული იყო საკმაოდ დიდი ტერიტორია (სამი დიდი ბარი, სცენის მიმდებარე ტერიტორია). მეორე დღეს ბევრმა წვიმას სწორედ ამ გადახურულ ადგილებს შეაფარა თავი. ასევე მომეწონა ვიზუალური გაფორმება. გარდა მუსიკის მოსმენისა შეგეძლო უამრავ საინტერესო გათამაშებაში მიგეღო მონაწილეობა და მოგეგო სხვადასხვა პრიზი. პირადად მე და ჩემმა მეგობრებმა თითქმის ყველგან მოვსინჯეთ ძალები და ფესტივალიდან საჩუქრებით დატვირთულები წამოვედით. მგონი პირველად მოხდა ისე, რომ ასეთი მასშტაბის ფესტივალზე არავის უჩხუბია, მიუხედავად იმისა, რომ გარშემო უამრავი ალკოჰოლმიღებული ყმაწვილი დაიარებოდა.

რაც შეეხება კონცერტის მესამე დღეს: ამოვარდა ძლიერი ქარი და წვიმა, ფესტივალის ტერიტორია დაიტბორა ბათუმის “საოცრებათა პარკის” სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის გამო, მოხდა მოკლე ჩართვა და დაიწვა აპარატურა. გარდა ამისა, მსგავსი სიმძლავრის შტორმი კიდევ იყო მოსალოდნელი რამდენიმე საათში, სწორედ ამიტომ ორგანიზატორებმა ფესტივალის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს. ალბათ, მომავალში საფესტივალო ადგილის შერჩევისას უფრო მეტი ყურადღება მიექცევა სანიაღვრე სისტემის გამართულობას. მაგრამ ისევე როგორც შეუძლებელია გათვალო სად, როდის და როგორი სიმძლავრის მიწისძვრა მოხდება, ასევე შეუძლებელია გამოიცნო  ამინდის ზუსტი პროგნოზი.

როგორც Batumi Summer Set-ის ფეისბუქ გვერდზე წერია ბილეთების დაბრუნების ყველა მსურველს თანხას უკან მისცემენ. სანამ ბილეთებს დააბრუნებდეთ, ერთ კარგ ამბავს გეტყვით:

20 სექტემბერს, ამჯერად თბილისში, ფესტივალის ბოლო დღე გაიმართება იმავე პროგრამით, რომელიც თავიდან იყო გაცხადებული:

20:00 Vako Key and Vako T.
22;00 Mao and The Mins
23:00 Gio Shengelia and Sikha
00:45 Rone Live
01:45 Faithless Live PA and DJ Set
03:30 Vincent and Lasha

შეინახეთ ძველი ბილეთები, გამოგადგებათ 🙂

Faithless

, , , , , , ,

4 Comments

რატომ უნდა დაისვენო ჰოსტელში

დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს არასდროს დაუსვენია Hostel-ში. მოგბეზრდა ყოველ წელს შვებულების დღეების ერთნაირად გატარება და რამე განსხვავებული გინდა?

1) მაშინ დროა გართობისა და დასვენების ახალ საშუალებას მიმართო: თუ ხარ კომუნიკაბელური და გიყვარს ზღვა, მაშინ ბათუმში მდებარე Boombully Beach Hostel ზუსტად შესაფერისი ადგილია შენთვის!

2) ჰოსტელში საშუალება გეძლევა გაიცნო საინტერესო და განსხვავებული ადამიანები. განსხვავებული იმიტომ, რომ ჰოსტელი დედამიწის სხვადასხვა ადგილას მცხოვრებ ადამიანთა თავშეყრის ადგილია. რა ფასი აქვს ზღვზე დასვენებას თუ ახალი მეგობრები, ახალი ნაცნობები არ შეიძინე! ვინ იცის მომავალში როგორ გამოგადგებიან.

3) ადამიანის კარგად გაცნობის საუკეთესო საშუალება მასთან ერთად ცხოვრებაა. სად ქუჩაში, ბარში, სანაპიროზე ადამიანის გაცნობა და სად ერთ ოთახში მასთან ძილი და ერთ სამზარეულოში ჭამა. თანაცხოვრების შედეგად გაჩენილი ურთიერთობა უფრო ღრმა და დამახსოვრებადია.

4) ჰოსტელში დასვენება ბევრად უფრო იაფია სასტუმროსთან შედარებით (მაქსიმუმ 35 ლარი დღეში).

5) ჰოსტელში ბევრად უფრო კარგი პირობებია ნაქირავებ ბინასთან შედარებით: ნაქირავებ ბინაში არ არის უფასო wi-fi ინტერნეტი, 24 საათიანი დაცვა, გასარუჯი ტერასა და ა.შ

6) ჰოსტელი საუკეთესო ადგილია ზაფხულის ფლირტისთვის! :დ

7) თუ გინდა ახალგაცნობილი ადამიანის დაპატიჟება კოქტეილზე, სულაც არაა საჭირო გარეთ გასვლა: Boombully Beach Hostel-ში ორი ბარია!

8. მოგიმზადებიათ ოდესმე ბარბიქიუ? დიდი ეჭვი მაქვს რომ არა. ალბათ უმეტესობა თქვენგანს ჩემსავით მხოლოდ ფილმებში უნახავს ბარბიქიუს დამზადების პროცესი. Boombully Beach Hostel-ში შეგიძლიათ ისარგებლოთ ბარბიქიუს სპოტით. დროა გაცდეთ მამა-პაპურ მწვადებს! 🙂

9) თუ გშია და თან არ გაქვს საჭმელი, შეგიძლია გამოაღო მაცივარი და მიირთვა ახალგაცნობილი მეგობრების საკვები. ბოლოსდაბოლოს ერთი დიდი ოჯახი ხართ და ამის გამო არ გაგიბრაზდებიან :დ ან სულაც საიდან გაიგებენ ვინ რა შეუჭამა 🙂

10) ჰოსტელში არავინ დაგიწყებთ ბუზღუნს, რომ ამდენ ადამიანს ვერ შეგიშვებენ ერთ ოთახში, რადგან იხმაურებთ და სხვებს შეაწუხებთ. პირიქით, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება, მით უფრო იმხიარულებთ. და თუ მაინც არ გინდათ სხვებთან ძილი, შეგიძლიათ private room-ი დაიქირავოთ.

, , , , , , ,

2 Comments

მოემზადეთ Tbilisi Altervision Newcomers–ისთვის

30 ოქტომბერს Tbilisi AlterVision/newcomers/2010 გაიმართება. ქართველი ახალბედა მუსიკოსების გარდა, კონცერტზე გამოვა ევროპელი შემსრულებელი Tom Novy ( ტომ ნოვი ). ბენდებს, ვისაც სურდა AlterVision–ზე გამოსვლა, 20 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიეტანათ საკუთარი აუდიოჩანაწერები Altervision Group–ის ოფისში. ჩანაწერთა მოსმენის შედეგად უკვე გამოვლინდა 25 ბენდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს showcase-ში. კონცერტზე გამომსვლელთა საბოლოო სია კი showcase–ის შემდეგ გახდება ცნობილი. Read the rest of this entry »

, , , , , , , , ,

3 Comments

Batumi New Wave Rock Fest 2010 ანუ როგორ ამოვყავი თავი ქართულ სუფრაზე

დიდი ხნის შესვენების შემდეგ მე დავბრუნდი. ჩემი პირველი პოსტით ამხელა პაუზის შემდეგ მინდა მოგითხროთ ზაფხულის შთაბეჭდილებებზე, ამჯერად Batumi New Wave Fest 2010ის შესახებ. ფესტივალი წელს მეხუთედ გაიმართა. მის ბევრ მხარდამჭერთა შორის ერთერთი ყველაზე მთავარი ბათუმის მერია იყო. 7 და 8 აგვისტოს თბილისი დაცარიელებულია, უმრავლესობა ზღვისპირეთშია გაკრეფილი, ამიტომ ბათუმის შერჩევა ფესტივალის ადგილად კარგი იდეაა.
გამომსვლელი ბენდები დიდის ამბით კი ესალმებოდნენ სცენიდან ბათუმელებსა და ბათუმს, მაგრამ მაყურებელთა უმრავლესობა თბილისელი იყო. მეტსაც გეტყვით, მიუხედავად ბათუმის ბულვარის მშვენიერებისა, თავი თბილისში მორიგ როკ-კონცერტზე მეგონა: აქ ისევ ის ნაცნობი სახეები დამხვდნენ, რომლებიც ყველა ასეთ როკ-კონცერტს ესწრებიან ხოლმე. კი ვიცოდი რომ ბევრ ნაცნობს ვნახავდი, მაგრამ ამდენნი თუ იქნებოდნენ, ვერ წარმოვიდგენდი.
Read the rest of this entry »

, , , , , , ,

14 Comments

%d bloggers like this: