Posts Tagged განმუხური

რა ხდებოდა Gem fest 2016-ზე

ცოტა დიდი დრო კი გავიდა Gem fest-ის დასრულებიდან, მაგრამ ჩემი შთაბეჭდილებების შესახებ აუცილებლად უნდა დავწერო, განსაკუთრებით იმ უარყოფითი მხარეების შესახებ, რაც ფესტივალს ჰქონდა. თანაც მომავალ წელს ერთთვიანი ფესტივალი იგეგმება და იმედია ორგანიზატორები წლევანდელ მინუსებს გაითვალისწინებენ და გამოასწორებენ.

ანაკლიაში ჩასვლისთანავე პირველ ამოცანად დავისახეთ ბილეთების გადაცვლა “მულტიპასებზე”, რომელთა გარეშე ვერ მოვხვდებოდით ფესტივალის ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ანაკლია ერთი პატარა სოფელია, გადასაცვლელი პუნქტის მოძებნა არც ისე ადვილი აღმოჩნდა. ადგილობრივები აზრზე არ იყვნენ სად შეიძლებოდა ბილეთის ყიდვა/გადაცვლა. ერთმა საერთოდ სხვა მიმართულებით გაგვიშვა. საბოლოოდ ბევრი ფერადი ადამიანი სადაც დავინახეთ, იქ მივედით. ღამენათევები და ნამგზავრები, თაკარა მზის ქვეშ დაახლოებით ერთი საათი ვიდექით რიგში.

Read the rest of this entry »

Advertisements

, , , , , , , , , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

სალომე ჯაშის “ლიდერი ყოველთვის მართალია” – მითი თუ რეალობა?


რამდენიმე დღის წინ ვუყურე სალომე ჯაშის გახმაურებულ დოკუმენტურ ფილმს “ლიდერი ყოველთვის მართალია”. გენიალური ფილმია. მასში ნაჩვენებია ერთერთი პატრიოტული ბანაკის ცხოვრება. თუკი ნახავთ ამ ფილმს, მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გაგიჩნდებათ პატრიოტული ბანაკების მიმართ. გოეთეს ინსტიტუტში, სადაც ფილმის ჩვენება მიმდინარეობდა, დარბაზი იმდენად გაოგნდა ნანახით, ვერც იჯერებდა, რომ ეს ყველაფერი დადგმული არ იყო.
აღმაშფოთებელი იყო ბანაკის ლიდერის უხეში მოპყრობა ბავშვების მიმართ, შოვინისტური ლოზუნგები, ფსევდოპატრიოტიზმის გაღვივების მცდელობა …
მაგრამ ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, მხოლოდ ერთი მხარეა ამ ბანაკებისა. არ შეიძლება მათი ასე ერთმნიშვნლოვნად შეფასება. არადა ფილმის ნახვის შემდეგ დასკვნები სწორედ ერთმნიშვნელოვანი იქნება. მე პირადად ვიყავი პატრიოტულ ბანაკში და შევეცდები ვისაუბრო, იმაზე, რაც დარჩა კადრს მიღმა.

დავიწყებ იქიდან თუ როგორ და რატომ მოვხვდი პატრიოტულ ბანაკში. ლიდერებად დანიშნულმა მეგობრებმა რამდენჯერმე შემომთავაზეს: ბანაკში ხომ არ გინდა წამოსვლაო. პატრიოტული ბანაკების შესახებ ბევრი რამ მსმენოდა. ის რომ ეს იყო იდეოლოგიზებული დასასვენებელი ადგილი, რომ ბევრი რამით საბჭოთა ბანაკებს ჰგავდა, ის რომ შეუძლებელია ასეთ ბანაკში ყოფნის შემდეგ უფრო მეტად შეგიყვარდეს სამშობლო და პატრიოტი გახდე – ჩემთვის იმთავითვე ცნობილი იყო. მიუხედავად ამისა, მე გადავწყვიტე წავსულიყავი პატრიოტულ ბანაკში შემდეგ მიზეზთა გამო:
ა) არადსროს არ ვყოფილვარ ამდენ ბავშვთან ერთად დასასვენებლად. ასევე არასდროს არ მიცხოვრია რეჟიმის მიხედვით. ასე ვთქვათ, საკუთარ თავს გამოცდა მოვუწყვე: მაინტერესებდა რამდენად შევეგუებოდი ამ ყველაფერს.
ბ) რადგან ბევრი რამ მსმენოდა ბანაკების შესახებ (მათ შორის ბევრი ჭორებიც) მაინტერესებდა რეალურად რა ხდებოდა იქ.
გ) მომეცა საშუალება ჩემს მეგობრებთან ერთად დამესვენა (ლიდერი და თანარაზმელთა უმეტესობა ჩემი კურსელები იყვნენ).
დ) TV-ში ხშირად უჩვენებიათ გულისამაჩუყებელი სცენები “პატრიოტთა” ცხოვრებიდან: ბანაკებიდან სახლში დაბრუნებისას როგორ ტიროდნენ ხოლმე ბავშვები. სულ მეცინებოდა და მიკვირდა რა ატირებთ-მეთქი. ამის ჩემი თვალით ხილვისა და გაანალიზების საშუალებაც მომეცა 😀 😀 😀

მიუხედავად იმისა, რომ ბანაკების შესახებ ინფრომაციას ვფლობდი, გადაწყვეტილების მიღებამდე დაწვრილებით გამოვკითხე მათ შესახებ ჩემი რამდენიმე მეგობარი, ვინც უკვე ნამყოფი იყო იქ. გავიგე, რომ უნდა მეტარებინა პატრიოტის ფორმა (მაისური ან ქუდი), უნდა მეცხოვრა გარკვეული რეჟიმით (დილით ადრე ადგომა, ვარჯიში, ჭამა დღეში 3-ჯერ განსაზღვრულ დროს, დაძინებაც განსაზვრულ დროს). ბანაკში არსებული მარტივი წესების დარღვევისთვის იყო განსაზღვრული სრულიად უბოროტო დასჯის მეთოდები, მაგალითად ბუქნების გაკეთება. საღამოობით იმართებოდა ხოლმე წარმოდგენები, რომლებსაც თავად ბავშვები დგამდნენ და მათში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითი იყო. ასევე შეგეძლო მონაწილეობა მიგეღო სპორტულ და ინტელექტუალურ თამაშებში. ასე, რომ როცა მიდიხარ ბანაკში, უნდა იცოდე, იქ რა სიტუაცია დაგხვდება. დოკუმენტურ ფილმში არის ნაჩვენები, როგორ ტოვებს ბანაკს ერთ-ერთი ბავშვი, იმის გამო, რომ არ მოეწონა იქაურობა: სხვა რამეს მოველოდიო. საინტერესოა, მაინც რას მოელოდა ის ბავშვი?

ყველაზე მეტად ფილმში აღმაშფოთა ლიდერის უდიერმა მოპყრობამ ბავშვების მიმართ. შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ყველა ლიდერი ასეთი იყო. არადა ფილმში ნაჩვენები ლიდერი არის ერთი კონკრეტული მაგალითი და ყველა ბანაკზე ნანახის განზოგადება არასწორია. მე პირადად მშვენიერი ლიდერები მყავდა 🙂

შოვინისტურ სლოგანებსა და დადგმებს რაც შეეხება: ეს არ იყო თავსმოხვეული ლიდერების მხრიდან (ყოველ შემთხვევაში ჩემს ბანაკში). ამის შექმნაში თავად ბავშვები მონაწილეობდნენ. შეუძლებელია 10 დღეში ბავშვი ჩამოყალიბდეს პატრიოტად ანუ შეუძლებელია ადამიანის პიროვნებაში ასეთ მცირე დროში ძირეული ცვლილებები მოხდეს უკეთესობისკენ ან თუნდაც უარესობისკენ. ფილმში არის მომენტი: ბავშვი, რომელმაც თავიდან არ იცის რას ნიშნავს პატრიოტიზმი, ბანაკში რამდენიმე დღის გატარების შემდეგ ამბობს, რომ პატრიოტიზმი “ესაა როცა ლიდერს უჯერებ” (ზუსტი ფრაზა არ მახსოვს). არ მგონია უმეტესობას, ვინც ბანაკში მიდიოდა, არ სცოდნოდა ამ სიტყვის მნიშვნელობა და არც ის მგონია, რომ იქ ყოფნის მერე მათი შეხედულებები პატრიოტიზმზე რამდენადმე შეცვლილიყო. ყოველ შემთხვევაში ჩემს მსოფლმხედველობაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია ბანაკში გატარებულ 10 დღეს: არც ქსენოფობი გავმხდარვარ და არც ჩვენი პრეზიდენტი შემყვარებია უფრო მეტად. მე არ ვამართლებ იმ პროპაგანდას, რომელიც იყო პატრიოტულ ბანაკებში. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ადამიანს შეუძლია თუნდაც მსგავსი სიტუაციები თავის სასიკეთოდ გამოიყენოს, ისე რომ არ გახდეს პროპაგანდის მსხვერპლი.

მრავალ ბავშვს მიეცა საშუალება დაესვენა. რამდენია ვისაც არ აქვს ამის შესაძლებლობა. ზოგს ისე მოსწონდა პატრიოტული ბანაკები, რომ მეორე და მესამე ჯერზეც მიდიოდა. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდებს იქ ფიზიკური დატვირთვაც ჰქონდათ, მათ საკუთარი თავის რეალიზების, გამოვლენის საშუალებაც ეძლეოდათ ყოველ საღამოს.

განმუხურის ბანაკში ყოფნისას გავიცანი უამრავი ადამიანი, გამოვცადე საკუთარი თავი, აღმოვაჩინე, რომ შემძლებია შევეგუო რეჟიმს, არადა პირველ დღეებში ბანაკიდან გამოქცევა მინდოდა 😐 ძალიანაც დამწყდა გული, როცა რამდენიმე ხნის შემდეგ საინფორმაციო გამოშვებაში ცეცხლმოკიდებული განმუხურის ბანაკის კადრებს ვუყურებდი.

, , , , , , ,

8 Comments

%d bloggers like this: