Posts Tagged იმედი

პოკერ რინგის ფინალი – ყველაზე ცუდად ორგანიზებული შოუ

2 ივლისს სიღნაღში გაიმართა Europe Bet – ის პოკერის ტურნირის ფინალი. პოკერ რინგისთვის შეგეძლოთ თვალი გედევნებინათ 9 კვირის განმავლობაში “იმედის” ეთერში. ყოველ კვირას ვლინდებოდა ერთი გამარჯვებული, რომელიც ფინალში ითამაშებდა. ფინალურ თამაშში მონაწილეობა მიიღო 9 მოთამაშემ, მათ შორის იყო 3 “ცნობადი” სახე _ “იმედის” წამყვანები: ლაშა ხარაზიშვილი, მამუკა გოგლიძე და ნანუკა ხაზარაძე. წლის ყველაზე ცუდად ორგანიზებული შოუებს შორის პოკერ-რინგი ნამდვილად დაიკავებდა პირველ ადგილს :))

შოუ მცირე დაგვიანებით დაიწყო. ქართული ბომონდის წარმომადგენლები ამაყად მიაბიჯებდნენ წითელ ხალიჩაზე. მათ უმეტესობას პოკერთან ზუსტად ისეთი კავშირი ჰქონდა, როგორც მე _ “ალ-ყაიდასთან”. თამაში, როგორც მივხვდი, დიდად არ აინტერსებდათ: ჭამისა და სმის მერე, მაქსიმუმ 2 საათში მოწვეული სტუმრებისთვის განკუთვნილი რესტორანი ქართული ელიტის ღირსეულმა წარმომადგენლებმა დატოვეს. რას იზამ, შოუ შოუა, ტელევიზიები ვერ ძლებენ “ცნობადი” სახეების გარეშე. ზუსტად ამ მიზეზით ჩართეს თამაშში “იმედის” წამყვანებიც. დარწმუნებული ვარ, ჭოკით ხტომის ტელეშოუ რომ გიმართოს, მაშინვე გამოჩნდებიან ბომონდის წევრები, რომლებიც ჭოკით ხტომის “პროფესიონალები” გამოდგებიან და ვისთვისაც ეს უსაყვარლესი საქმიანობა იქნება.

მზადება პოკერ რინგის ფინალური შოუსთვის

თამაში ღია ცის ქვეშ გაიმართა. გულშემატკივრებსა და რიგით მყურებლებს მეტად არაკომფორტულ მდგომარეობაში მოუწიათ ყოფნა: ვერსად ვერ დაჯდებოდი, ფეხზე მდგარს უნდა გედევნებინა თვალი თამაშისთვის. წესით, ორგანიზატორებს ეს დეტალი უნდა გაეთვალათ: პოკერი ხომ ძალიან დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს (საბოლოო ჯამში მართლაც ასე მოხდა). ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ შოუზე , რომლის საპრიზო ფონდი 50 000 ლარია, მაყურებლისთვის 30 სკამს მაინც არ დადგამდნენ. ეს რომ მცოდნოდა, სახლიდან აუცილებლად წამოვიღებდი სკამს :დ დავაზუსტებ: რიგით მაყურებელში ვგულისხმობ ჩვეულებრივ, “არაცნობად” სახეებს, რომლებიც მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების საგულშემატკივროდ იყვნენ მოსულნი და ყველაზე მეტად აინტერესებდათ თამაშის ბედი.

დილერის ხმა ცუდად, მოთმაშეებისა და კომენტატორების ხმა კი _ საერთოდ არ ისმოდა. ეკრანზე ჩანდა მხოლოდ ის კარტი, რასაც დილერი შლიდა. ვერ გაიგებდი, რომელმა მოთამაშემ რა თქვა და რა კარტი დადო მაგიდაზე. ეკრანზე არც ის ჩანდა, ვის რამდენი ჩიპი ჰქონდა (chip count), ვინ იყო ჩიპლიდერი.

ყველაზე დიიდი რამ, რამაც გამაოცა თამაშის მიმდინარეობისას: თქვენი აზრით, ვინ მღეროდა შესვენებებზე და ართობდა პუბლიკას? ვერც წარმოიდგენთ! ყოველ შემთხვევაში, მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ შორეული 90-იანების მერე ამ ხალხს კიდევ ვიხილავდი სცენაზე. დიდი ხნის პაუზის შემდეგ ქუჩის ბიჭები დაბრუნდნენ! ისევ იგივე სიმღერები (შეიძლება რამდენიმე ახალიც იმღერეს, მაგრამ ძველებისგნ არაფრით განსხვავდებოდა), ისევ ფონოგრამა, იგივე “დახვეწილი” მოძრაობები სცენაზე და ჩაცმულობაც კი იგივე:” საროჩკები”, წვეტიანი ტუფლები და სათვალეები 🙂 მეგონა, რომ დრო უკან დაბრუნდა.

თამაში ტექნიკური ხარვეზების გამო რამდენჯერმე შეჩერდა, ამინდიც არ იყო მთლად შესაფერისი _ ოდნავ წვიმდა, თამაშის დასრულების მერე კი უფრო ძლიერად გაწვიმდა. კიდევ კარგი თამაში ძლიერ წვიმამდე დასრულდა, წინაღმდეგ შემთხვევაში, ალბათ, ჩაიშლებოდა.

შოუს მაყურებლებად თბილისიდან წამოიყვანეს ხალხი, რომელთაგან ზოგიერთმა არც იცოდა, რომ პოკერრინგის ჩაწერაზე მიდიოდა. ერთი ბიჭი დანანებით აღნიშნავდა, რომ ეგონა, რომ აბსოლუტურად სხვა შოუს ჩაწერაზე მიჰყავდათ. თან გააფრთხილეს, რომ ჩაწერა ღამის 2 საათამდე მორჩებოდა და ამ დროისთვის თბილისში წაიყვანდნენ. თუმცა, თამაში გაცილებით დიდხანს გაგრძელდა, ხალხმა სახლში წაყვანა მოითხოვა. ამასთან დაკავშირებით მცირე კონფლიქტი მოხდა თბილისიდან ჩამოყვანილ მაყურებელსა და შოუზე მომუშვე პერსონალს შორის.

რაც შეეხება თამაშს: საინტერესო იყო. დაახლოებით საღამოს 10-ის 15 წუთზე დაწყებული დილის 6-ის ნახევრამდე გაგრძელდა. ბოლოს დილერიცა და შოუს წამყვანი გიორგი ყიფშიძეც ისე გადაიღალნენ, რომ თხოვდნენ მოთამაშეებს დაემთავრებინათ თამაში.

პირველი მოთამაშე, რომელმაც დატოვა თამაში, იყო ნანიკო ხაზარაძე. ფინალური ბრძოლა კი ლევან დვალიშვილს, იგივე დადუსა და ოთო გურგენიძეს შორის გაგრძელდა. 2 მოთმაშე რომ დარჩა, გათენდა კიდევაც და გარდა მათი გულშემატკივრებისა და შოუს ჩაწერზე მომუშავეებისა თითქმის არავინ იყო, ვინც თვალს ადევნებდა ფინალის ბოლო წუთებს.

ცუდი ხარისხის ვიდეოა, მაგრამ ჩანს როგორ გულშემატკივრობენ დადუსა და ოთოს.

და ბოლოს, პოკერ რინგის გამარჯვებული და 17 000-ის მფლობელი გახდა ის ვისაც ვგულშემატკივრობდი _ ოთო გურგენიძე!!!

, , , , , , , , , , , , , , ,

13 Comments

რამდენიმე შეკითხვა “იმედის” ჟურნალისტს


“ვინ არის პეტრე მელიქიშვილი? რამდენი გვერდი აქვს სამკუთხედს? ვინ არის ილია მართალი? იყო თუ არა საქართველოს პირველი პრეზიდენტი კონსტანტინე გამსახურდია? ვინ არის საქართველოს პრემიერმინისტრი? რომელ საუკუნეში მეფობდა შოთა რუსთაველი?” გაეცით პასუხი ამ კითხვებს? ყოჩაღ, ე.ი თქვენ განათლებული და წიგნიერი ყოფილხართ. ვერ გაეცით? ე.ი. უვიცი ხართ. განათლება-გაუნათლებლობის ეს კრიტერიუმი მე არ დამიდგენია. მისი ავტორები ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტები არიან. ამ კითხვებზე დაფიქრება კი ამ დღეებში ძალიან ბევრს მოუწია.

იმედზე “სპეციალური რეპორტაჟის” ბოლო გადაცემაში გასულმა სიუჟეტმა უამრავი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ახალგაზრდა თაობა გაუნათლებლებად და უწიგნურებად შერაცხეს. კვლავ ალაპარაკდნენ იმის შესახებ, თუ რა “ბნელები და დებილები” არიან ეს ახალგაზრდები. ამ სიუჟეტმა ძალიან ბევრი აღაშფოთა: ზოგი საქართველოს მომავლით შეწუხდა (ეს რა უვიცების ხელში არის ჩვენი მომავალი და რა გვეშველებაო), ზოგი კი თემის არასამართლიანი გაშუქებით.

არის თუ არა დღეს საზოგადოების გაუნათლებლობა პრობლემა? რა თქმა უნდა არის. რატომაა საჭირო პრობლემებზე საუბარი, თუნდაც მედიის საშუალებით? იმიტომ, რომ გავაანალიზოთ და დავადგინოთ პრობლემის არსი, მისი საფუძველი. მხოლოდ ასე შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა. ანუ თუ პრობლემის გადაწყვეტა გვინდა, უნდა ვეძებოთ მისი მიზეზები და არა შედეგები. ჩემთვის გაუგებარია, რატომ უკვირთ გაუნათლებლობის მაღალი დონე საქართველოში, გაიხსენეთ როგორ ასწავლიან სკოლებსა და უნივერსიტეტებში. გაუნათლებლობის პირველი მიზეზი სწორედ აქ უნდა იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ გაუნათლებლობა არის პრობლემა, ეს არ ნიშნავს რომ საქართველოში არ არიან ნიჭიერი, ჭკვიანი და განათლებული ახალგაზრდები. (პირადი დაკვირვებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ნაკითხ და ნასწავლ ადამიანთა რიცხვი ჩემ გარშემო იზრდება). სამწუხაროდ “სპეცრეპორტაჟის” სიუჟეტში ისინი ვერ მოხვდნენ. საინტერესოა, ნუთუ ჟურნალისტმა ერთი ადამიანი მაინც ვერ მონახა, ვინც სწორად გასცა პასუხი? რა თქმა უნდა, მონახავდა, უბრალოდ მხოლოდ ისინი მოხვდნენ ეკრანზე, ვინც ხელი შეუწყო ჟურნალისტის აზრის განმტკიცებას. რა მოხდებოდა, რომ ჟურნალისტს მხოლოდ იმ რესპონდენტთა პასუხები ჩაესვა სიუჟეტში, ვინც სწორად გასცა პასუხი? იტყოდნენ, რომ უნიჭიერესი და ძალიან განათლებული ახალგაზრდა თაობა გვყავს? ესეც ისევე შორს იქნებოდა რეალობისგან, როგორიც სინამდვილეში გამოვიდა სიუჟეტი.

როცა ჩემმა დამ მკითხა, ვინ არის პეტრე მელიქიშვილიო, თავიდან მეც დავიბენი და მეგონა, რომ ვინმე ფეისბუქელი მეგობრის შესახებ მეკითხებოდა. ამით იმას მინდა გავუსვა ხაზი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიტუაციასა და გარემოს, როცა შენ მსგავსი გამოკითხვის “მსხვერპლი” ხდები. როდესაც შენთან მიკროფონით ხელში მოდის ჟურნალისტი, უმეტეს შემთხვევაში შენ ენდობი მას და ვერც წარმოიდგენ, რომ ის დასმულ კითხვაში არასწორ ინფორმაციას გამოგაპარებს. მაგალითად, ეჭვი არ შეგეპარება რომ კითხვაში “რომელ საუკუნეში მეფობდა შოთა რუსთაველი?” რამე შეცდომაა.

ვფიქრობ, რომ სიუჟეტში მოყვანილ ინფორმაციას PIRLS და PISAM-ის მიერ ჩატარებულ კვლევის შესახებ დაზუსტება ჭირდება: სიუჟეტის მიხედვით, კვლევამ დაადგინა, რომ საქართველოში წიგნიერების დაბალი დონეა და ის 45 ქვეყანას შორის იკავებს ერთერთ ბოლო ადგილს. უნდა ითქვას, რომ კვლევამ აჩვენა წაკითხულის გააზრების დაბალი დონე სკოლის მოსწავლეებში. ის არ ეხებოდა სტუდენტებს ან უნივერსიტეტდამთავრებულებს, რომლებსაც უკვე აქვთ დიპლომები, არამედ 9-10 და 14-15 წლის ბავშვებს.

სიუჟეტის ნახვის შემდეგ რამდენიმე კითხვა გამიჩნდა მის ავტორთან:

1. გსმენიათ თუ არა რამე იმ პრინციპების შესახებ, რომელიც ჟურნალისტმა უნდა დაიცვას? მაგალითად, ობიექტურობის შესახებ? როგორ ფიქრობთ რამდენად მიუკერძოებელი და დაბალანსებული იყო თქვენ მიერ მომზადებული სიუჟეტი? ნუთუ ერთი რესპოდენტიც კი ვერ იპოვეთ ისეთი, ვინც კითხვებზე სწორი პასუხი გაგცათ?

2. გსმენიათ თუ არა რამე მედიის საგანმანათლებლო ფუქნციის შესახებ? როგორ ფიქრობთ ტელეკომპანია “იმედი” რამდენად და როგორ ცდილობს შეასრულოს ეს ფუნქცია?

3. რა აზრის ხართ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასულ გადაცემებზე “დღის შოუ”, “ყოფილი ცოლების კლუბი”,”თბილისი Live”, “ნანუკას შოუ”? თქვენი აზრით, რამდენად ღირებული გადაცემებია ისინი და რას სძენს მათი ყურება ადამიანს?

4. როდესაც ინტერესდებით სხვების განათლებისა და წიგნიერების დონით, იქნებ თქვენივე კოლეგებიდან დაგეწყოთ კვლევა და ჯერ მცირე გამოკითხვა მათთვის ჩაგეტარებინათ: უკვე ლეგენდები დადის იმაზე, როგორ ეძებდა ელენე ახვლედიანის ნომერს მის გამოფენაზე მოხვედრილი თქვენი ერთერთი კოლეგა. ძალიან მაინტერესებს როგორ გაართმევდნენ თავს მსგავს შეკითხვებს თიკო, ნანკა, ნუკი , კუკი …:/

და ბოლოს, იქნებ აჯობებს სანამ რამე სიუჟეტს გადაიღებთ, გაეცნოთ ჟურნალისტთა ქცევის პრინციპებს?

პ.ს ეს არა მარტო თქვენ, არამედ “იმედის” ყველა ჟურნალისტს ეხება.

, , , , , , , , , , , , , , , ,

7 Comments

საახალწლო განწყობა

სულ არ ვაპირებდი ამ თემაზე პოსტის დაწერას, მაგრამ სხვა ბლოგებს რომ გადავხედე და საახალწლო თემაზე პოსტთა რაოდენობის მომრავლება დავინახე, ჩემი ბლოგი რაღაც ბლოგოსფეროს ცხოვრებისგან მოწყვეტილი მომეჩვენა 😦 . ხოდა გადავწყვიტე დამეწერა ამ პერიოდისათვის აქტუალურ თემაზე: ახალ წელზე, უფრო კონკრეტულად კი საახალწლო განწყობაზე.

ბავშვობიდანვე გვინერგავენ, რომ ახალი წელი სასწაულების მოხდენის, სურვილების ასრულების დროა, გვაჯერებენ თოვლის ბაბუის არსებობას, გვაწერინებენ მასთან წერილებს. ყოველ ახალ წელს გვაქვს იმედი, რომ მომდევნო წელი წინაზე უკეთესი იქნება, ვზეიმობთ და გვიხარია. ერთმანეთს ვულოცავთ. გვჯერა, რომ ახალი წელი ჯადოსნური თარიღია.
ხანდახან გამოჩნდებიან ზედმეტად რეალისტი თუ პესიმისტი ბიძია–დეიდები, რომლებიც ცდილობენ ეს მხიარული საახალწლო განწყობა გაგვიუფერულონ და ბრძნული და დამცინავი სახით გვეუბნებიან: “ახალი წელი? ეს ხომ სისულელეა. ჩვეულებრივი თარიღია, რომელიც ადამიანებმა ერთფეროვნებისგან თავის დაღწევისთვის დღესასწაულად აქციეს. სინამდვილეში ახალ წელს არც არაფერი იცვლება. სასწაულებს ნუ ელოდებით.” (მსგავსი შთაბეჭდილება დამრჩა, როდესაც გიგა ზედანიას სტატია წავიკითხე)
რაღაც მხრივ ასეთი მსჯელობები სიმართლეს შეიცავს. თუმცა, ჩემი აზრით, დიახაც უნდა გვიხაროდეს ახალი წლის მოსვლა, ნაძვის ხესაც უნდა ვრთავდეთ, სუფრასაც ვაწყობდეთ, საზეიმო განწყობასაც ვიქმნიდეთ, მომდევნო წელთან დაკავშირებულ გეგმებსაც ვალაგებდეთ და რა თქმა უნდა, იმედიც უნდა გვქონდეს, რომ ყველაფერი უკეთესად იქნება. თუნდაც ამ მიზეზთა გამო:

1. ხალხს პრობლემები ისედაც არ აკლია და თუკი ახალი წლის დადგომა მცირე პოზიტივს შეიტანს ადამიანთა ცხოვრებაში, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. რა სჯობია იმას, როცა ადამიანი იმედით შეჰყურებს მომავალს და ხვალინდელი დღისგან (მომავალი წლისგან) უკეთესს მოელის. ბოლო დროს შევამჩნიე, რომ ძალიან ბევრი “იმედის ქონას” ფუქსავატი ადამიანების დამახასიათებელ თვისებად მიიჩნევს, თითქოს იმედის მქონე ადამიანი არის ზედმეტად ოპტისმისტი და ეს მისი მხრიდან ხელს უშლის მრავალი პრობლემის დანახვასა და შესაბამისად მოგვარებას. არადა იმედს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ქცევის განხორციელებისათვის. ამისთვის მცირე ფსიქოლოგიურ ახნას მოვიყვან: ობიექტს, რათა ის გახდეს რაიმე ქცევის მამოტივირებელი, უნდა ახასიათებდეს სასურველობა და მოსალოდნელობა ანუ 1)ინდივიდს უნდა უნდოდეს მისი შეძენა (ფლობა), მისთვის ღირებული უნდა იყოს და 2)ინდივიდს უნდა სჯეროდეს, რომ ამ ობიექტის შეძენა არის შესაძლებელი. იმისთვის, რომ ადამიანმა იმოქმედოს უკეთესი მომავლის შექმნისთვის, მას უნდა სჯეროდეს, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია, მოსალოდნელია გარკვეული აქტივობების შემდეგ. ანუ ინდივიდს უნდა ჰქონდეს იმედი, რომ შეძლებს დასახული მიზნის მიღწევას. წინააღმდეგ შემთხვევაში ის არაფრის გაკეთებას არ ეცდება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ახალი წლის სიხარულითა და იმედებით შეხვედრა სულაც არაა აზრს მოკლებული.
2. ახალი წლის დადგომისას ადამიანთა უმეტესობა ძალაუნებურად დაფიქრდება ხოლმე განვლილ წელზე. ახალი წელი გვიბიძგებს გავიაზროთ წინა წლის მოვლენები და დავაწყოთ სამომავლო გეგმები. მართალია, ამ პერიოდში მიღებულ გეგმათა უმრავლესობა ზედმეტად პოზიტიური განწყობის გამო არის უტოპიური, მაგრამ ზოგადად გეგმების დაწყობა მაინც დადებით მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ. ეს უფრო ზრდის დასახული მიზნის მიღწევის შანსს.

ასე რომ ახალ წელს სიხარულიც საჭიროა და საზეიმო განწყობაც. მთავარია რეალობას არ მოვწყდეთ.

ამ დღეებში ძალიან მაკლდა საახალწლო განწყობა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა და ყველაფერი ახალი წლის მოსვლას იუწყებოდა, მე არ მქონდა ამის შეგრძნება. ყველანაირად ვეცადე გამეჩინა საზეიმო განწყობა ჩემში. ამ განწყობის გაჩენის ჩემეულ ხერხებს შემოგთავაზებთ: (:დ)

1. მორთეთ სახლი: დაალაგეთ, დადგით ნაძვის ხე, შეიძინეთ საახალწლო სუვენირები და გაალამაზეთ თქვენი სახლი.
2. მოუმზადეთ საჩუქრები თქვენს საყვარელ ადამიანებს. (საჩუქრებზე გამახსენდა სიმფსონების ერთი სერია, სადაც ჰომერი ცდილობს ოჯახის წევრებისთვის საშობაო საჩუქრების ყიდვას, მაგრამ ვერ ახერხებს, რადგან საკმარისი თანხა არ აქვს. ხოდა საბოლოოდ დამწუხრებული ჰომერი ქუჩაში ნაპოვნ ძაღლს მიიყვანს სახლში საჩუქრის მაგიერ და ამით ძალიან გაახარებს ოჯახის წევრებს. საყვარელი სერიაა. ამით იმის თქმა მინდოდა, რომ სულაც არაა აუცილებელი ძვირადღირებული საჩუქრების შეძენა)
3. უყურეთ საახალწლო (საშობაო) ფილმებს. ამ კატეგორიიდან ჩემი უსაყვარლესი ფილმია “როგორ მოიპარა გრინჩმა შობა”. მაგრამ ამჯერად “მარტო სახლშის” ყურება ვამჯობინე.
4. შეარჩიეთ რას ჩაიცვამთ ახალი წლის ღამეს. იზრუნეთ, რაც შეიძლება ლამაზად გამოუყურებოდეთ.
5. გაამდიდრეთ თქვენი ფლეილისტი საახალწლო (საშობაო) სიმღერებით.


პ.ს. გილოცავთ ახალ წელს! წარმატებული და ბედნიერი წელიწადი ყოფილიყოს! 🙂

, , , , , , , , , , ,

6 Comments

რატომ ვერ იტანენ საქართველოში ჟურნალისტებს

დღემდე მიკვირდა ხოლმე რატომ აქვს ხალხის უმრავლესობას ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ. რომ ვიტყოდი სადმე ჟურნალისტიკაზე ვსწავლობ-მეთქი,ამას უმალ მოჰყვებოდა ხოლმე მსგავსი რეპლიკები: ჟურნალისტები პროვოკატორები არიან, თავხედები და უვიცები. ისიც ხშირად მსმენია, რომ პატიოსანი ადამიანი ჟურნალისტი ვერ იქნება. (იმავეს ამბობენ ხოლმე პოლიტიკოსებზე :D:D:D) ასე და ამგვარად ჩემი პროფესიის გამხელით ჩემ პატიოსნებას ეჭვქვეშ ვაყენებდი. მწყინდა ხოლმე ასეთი წარმოდგენა რომ ჰქონდათ გარშემომყოფებს ამ პროფესიის მიმართ. მედიამუშაკების საქმიანობის კონკრეტული მაგალითები რომ მოჰყავდათ ხოლმე ჩემთან საუბარში (რა თქმა უნდა, ამ მაგალითებში ნეგატიურად იყვნენ წარმოჩენილნი), ვცდილობდი ამეხსნა, რომ ეს არაა ნამდვილი ჟურნალისტიკა, ეს არაა პროფესიონალიზმი, რომ ყველა ჟურნალისტი ასეთი არაა. მაგრამ ამაოდ.
დღემდე არ მომეპოვებოდა ნათელი ახსნა იმისა, რის გამო შეიძლება გძულდეს ასე ერთი რიგითი პროფესიის წარმომადგენელი. დღეს ტელეიმედზე გასული იმიტირებული საინფორმაციო გამოშვების შემდეგ მივხვდი, რატომ ეზიზღებათ საქართველოს მოქალაქეებს ჟურნალისტები. რაც შეეხება ამ საინფორმაციო გამოშვებასა და გადაცემას: ეს არაა ჟურნალისტიკა, ეს რაღაც მასხრობა-სპექტაკლ-საცირკო წარმოდგენის ნაზავია, ეს უკვე დანაშაულია.

, , , , ,

დატოვე კომენტარი