Posts Tagged კითხვა

ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?

ამერიკელი მწერლის, ფილიპ კ. დიკის წიგნი “ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?” ჯერ კიდევ ზაფხულში, ბათუმში ყოფნისას შევიძინე. მახსოვს, მაღაზიაში “წიგნები ბათუმში” დიდხანს ვორჭოფობდი რა მეყიდა. არჩევანი ორ წიგნს შორის უნდა გამეკეთებინა. საბოლოოდ, ვარდისფერყდიანი, ლამაზი დიზაინისა და საინტერესო სათაურის მქონე წიგნი ავირჩიე. ძალიანაც ვინანე – “ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?” საერთოდ არ შეეფერებოდა ზაფხულის განწყობას. ამიტომ ეს სევდითა და უიმედობით გაჟღენთილი წიგნი ზაფხულის დამთავრებამდე  აღარც გადამიშლია.

ჩემი ბათუმური შენაძენები – კორმაკ მაკარტის "გზა", რომელიც ამერიკულმა ლიტერატურულმა ჟურნალმა The Millions  21-ე საუკუნის 20 საუკეთესო პროზაულ წიგნთა სიაში შეიყვანა და რომლის მიხედვით 2009 წელს გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი; ფილიპ დიკის "ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე". ორივე წიგნი ფანტასტიკური ჟანრისაა და ორივეში დედამიწისა და კაცობრიობის მომავალი ფრიად მუქ ფერებშია დახატული. იმედია მათი წაკითხვისას სასოწარკვეთას და უიმედობას არ მივეცემი. #book #books #philipdick #dadoes #cormacmccarthy #theroad #bestseller #sciencefiction #წიგნი #ფილიპდიკი #კორმაკმაკარტი #გზა

A post shared by Maria (@maria.cosmonette) on

წიგნში კაცობრიობის ფრიად უიმედო მომავალია დახატული. დედამიწაზე მესამე მსოფლიო ომის შემდეგ ცოცხალი არსებების უმეტესობა ამოხოცილია. რადიოაქტიური მტვრისგან გადარჩენილ დედამიწელებს მთავრობა ყველა აფიშიდან, სატელევიზიო რეკლამისა თუ წერილიდან სხვა პლანეტებზე ემიგრაციისკენ მოუწოდებს. მოსახლეობის ნახევარი გამწყდარია, დანარჩენები კი კოლონიებში არიან გადასახლებულები. ემიგრაციაში ადამიანებს დიდებულ მომავალს უსახავენ – მთავრობის დაპირებების მიხედვით, ისინი გაეცლებიან საშიშ რადიოაქტიურ მტვერს, ასევე უსასყიდლოდ ეყოლებათ მსახური ჰუმანოიდი რობოტები – ანდროიდები. ზოგიერთი ადამიანი უარს აცხადებს მშობლიური დედამიწის მიტოვებაზე და “ბიოლოგიურად უსარგებლო არსებად” ყოფნას ამჯობინებს.

დედამიწაზე დარჩენილები განაგრძობენ მტვრიან და ნაცრისფერ გარემოში ცხოვრებას. გადარჩენილი ადამიანები კოლექტიურ ემპათიაზე დაფუძნებული რელიგიის – მერსერიზმის მიმდევრები არიან. მათ ყოველდღიურ განწყობაზე “განწყობის მოდულატორი” ზრუნავს, რომლითაც საკუთარი თავის სასურველ განწყობაზე მომართვა შეუძლიათ – “ზიზღი”, “დეპრესია”, “სასოწარკვეთის რეჟიმი”, “სამომავლო პერსპექტივების აღმოჩენა და გაცნობიერება, “ტელევიზორის ყურების სურვილი, მიუხედავად იმისა, რა გადის იქ” და ა.შ. რადგან დედამიწა ჯართითაა სავსე, ყველაზე ძლიერ ინდუსტრიად ომის შემდეგ დასუფთავების სამსახურები ქცეულა: იმისთვს, რომ პლანეტაზე ცხოვრება შესაძლებელი იყოს, აუცილებელია მისი ნაგვისგან გასუფთავება.

android

ფილიპ დიკის ნაწარმოების მთავარი თემა ანდროიდებისა და ადამიანების დაპირისპირებაა. ანდროიდები “კლავენ თავიანთ ბატონებს და დედამიწაზე გამორბიან, უკეთესს ცხოვრებას ესწრაფვიან, რომელშიც მონები არ იქნებიან.” ანდროიდების ადამიანებისგან გარჩევა ძალიან რთულია. ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი ემპათის უნარია, რომელიც ჰუმანოიდ რობოტებს არ გააჩნიათ. ამ უნარის გასაზომად და ანდროიდების ამოსაცნობად ადამიანები სპეციალური ვოიტ-კემპფის ტესტს იყენებენ.

წიგნის რეალობაში ადამიანები მარტოსულები და ძალიან უიმედოები არიან. მათი ერთადერთი ოცნება ნამდვილი ცხოველის ყოლაა, იქნება ეს ქათამი, ძაღლი თუ ცხვარი. ცხოველები კი გადაშენების პირას არიან და ძალიან ძვირად ფასობენ. ცოცხალი არსების ყოლა და მასზე ზრუნვა ადამიანთა ერთფეროვან არსებობას აზრს უჩენს.

ფილიპ კ. დიკის ამ ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული რიდლი სკოტის “დანის პირზე მორბენალი” (Blade Runner). “თავებზე მონადირის” ანუ ანდროიდებზე მონადირის როლში ჰარისონ ფორდი მონაწილეობს. ფილმმა, მისი ეკრანებზე გამოსვლის დროს (1982 წელს), დიდი ოვაციები დაიმსახურა სპეცეფექტების გამო და დღესაც მომავალზე გადაღებულ ფილმებს შორის ერთ-ერთ საკულტო ფილმადაა მიჩნეული.

არც ზაფხულის შემდეგ აღუფრთოვანებივარ ამ წიგნს დიდად, მიუხედავად უამრავი დადებითი რეცენზიისა. ისევ მოსაწყენი და უიმედო მომეჩვენა. ერთი რამ რაც შემიძლია გირჩიოთ – არ შეარჩიოთ  ნაწარმოების “ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?” წასაკითხად ახალი იმედებისა და მოლოდინის პერიოდი, თუ არ გინდათ, რომ უიმედობის მორევში ჩაიძიროთ.

, , , , , , , , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

ამელი ნოტომი

თუ გინდათ რამე მარტივის, განსხვავებულისა და საინტერესოს წაკითხვა, ამასთან დიდად არ გიჟდებით მრავალგვერდიან წიგნებზე, ამელი ნოტომის რომანებს გირჩევთ:
1. ადვილად 2. თანაც სწრაფად იკითხება  3. აქვს განსხვავებული სიუჟეტები. ნოტომის რომანებში ძნელად თუ წარმოიდგენ როგორ შეიძლება განვითარდეს სიუჟეტი, ფინალზე საუბარიც ხომ ზედმეტია.

ამელი ნოტომი თანამედროვე ბელგიელი მწერალია. დაიბადა 1967 წელს იაპონიაში. აქვს დაწერილი დაახლოებით 14 რომანი. აქედან ბევრმა მიიღო სხვადასხვა ჯილდო. მე პირადად ამელი გავიცანი რომანით “კრძალვითა და ცახცახით” (1999 წლის რომანი, რომელიც ასევე ითარგმნება როგორც “შიშითა და თრთოლვით”). რომანი ავტობიოგრაფიულია, მოგვითხრობს ერთ ბელგიელ გოგონაზე, რომელსაც ბავშვობაში ღმერთობა სურს, საბოლოოდ კი იაპონიაში, ერთ-ერთ კომპანიაში დაიწყებს თარჯიმნად მუშაობას. გოგონას არც ნიჭი აკლია, არც მონდომება და არც შრომისმოყვარეობა, მაგრამ ის მაინც ვერ მიაღწევს კარიერულ წინსვლას, ნაწილობრივ უცხო კულტურის არცოდნის გამო. ამ წიგნის წაკითხვის მერე დავფიქრდი, რამდენად მნიშვნელოვანია იცნობდე იმ ხალხის კულტურას ვისთანაც ურთიერთობ. კიდევ გავოგნდი იმ უცნაურობებით, რაც იაპონელ ერს ჩვევია. შეიძლება სიუჟეტი გეცნოთ: “კრძალვითა და ცახცახის” მიხედვით 2003 წელს ფილმი გადაიღეს.

“კატალინას წინააღმდეგ” _  ამ რომანის კითხვისას ცოტა არ იყოს ნერვები მომეშალა, უფრო სწორედ მთავარმა გმირებმა მომიშალეს თავიანთი თავაზიანობითა და ზრდილობით. ზედმეტი თავაზიანობა დამღუპველია! წარმოიდგინეთ, რომ თქვენთან სახლში ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს მოდის თვქენთვის არასასიამოვნო ადამიანი. წამოგისკუპდებათ დივანზე და 2 საათი ზის ხმისამოუღებლად, თქვენ კი არ იცით რა ქნათ, რით ასიამოვნოთ, რით შემოიყვანოთ თქვენთან კონტაქტში. მოკლედ თავს უხერხულად გრძნობთ. მაგრამ, სტუმარი ღვთისააო: თქვენც ვერ აგდებთ არასასურველ სტუმარს. მისი ვიზიტი კი ყოვედღიურად მეორდება. სულაც არ ადარდებს რომ მასპინძელს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. რას იზამთ? დაავარღვევთ სტუმართმოყვარეობის წესს და არ შემოუშვებთ სახლში? რომანის გმირები ასე არ იქცევიან…

“მერკური”_ ესაა რომანი ერთ ბებრუცუნა პედოფილსა და გოგონაზე, რომელიც უყვარს.  რაც შეეხება ამ გოგოს  _აზელის_ ბოლომდე მაინც ვერ გავიგე რა გრძნობა აკავშირებს მოხუცთან: უყვარს ეს ბებერი თუ სძულს? ეს კაცი იმდენად გიჟდება თავის სიყვარულზე, რომ ოთახში ამწყვდევს და დიდი ხნის განმავლობაში იზოლაციაში ამყოფებს გარე სამყაროსგან, რათა აზელიმ არ მიატოვოს.  ესეც საკითხავია, არის კი ეს სიყვარული, როცა  ადამიანს ასე ბოროტულად ექცევი? მე მაინც მგონია რომ არა. ეს საკუთარი თავის სიყვარული უფროა.  რომანს ორი დასასრული აქვს. უმეტესობამ ერთი დასასრული ჰეფი–ენდად შერაცხა, მეორე კი _ ჰეფი–ენდის საპირისპიროდ. მე კი მგონია, რომ ორივე ენდი ჰეფია: ორივე შემთხვევაში გოგონა (აზელი) ბედნიერი რჩება.

ამელის წიგნი, რომელმაც იმედები გამიცრუა, იყო “შეყვარებულის ამხედრება”. ესაა წიგნი ბავშვობაში განცდილ უსაზღვრო სიყვარულზე, ბავშვურ ურთიერთობებსა და ომობანას თამაშზე, რომელიც მოწინააღმდეგისადმი მოპყრობისა და დამცირების უსასტიკესი მეთოდებით ძალიან ჰგავს ნამდვილ ომს. ალბათ, ბევრ თქვენგანს ჰქონია შემთხვევა, როცა ყველანაირად ცდილობ ასიამოვნო საყვარელ ადამიანს, მოიპოვო მისი მოწონება, ის კი ყურადღებას არ გაქცევს. და მხოლოდ მაშინ დაინტერესდება შენით, როცა ყურადღებას ვეღარ იგრძნობს შენი მხრიდან, როცა მას სრულიად დააიგნორებ. ეს ყველაფერი ბავშვურ თამაშს ჰგავს, თუმცა მსგავს ქცევას ზრდასრულთა ურთიერთობებშიც ხშირად ვხვდებით. სწორედ ასე იქცევა ამელის გმირის სიყავრულის ობიექტი _ იტალიელი გოგონა სახელად ელენე. ელენე სიმშვენიერის ნამდვილი განსახიერებაა, ამელის გმირი _ კი გოგონა, რომელიც ბიჭივით იქცევა, მაგრამ არც გოგონად და არც ბიჭად ყოფნა სურს _ ის უსქესო არსებად აღიქვამს თავს. “შეყვარებულის ამხედრებაც” ავტობიოგრაფიულია. რატომღაც ამ რომანისგან სხვა რამეს მოველოდი _ უფრო ღრმასა და ამაღელვებელს, რაც ალბათ, სათაურმა განაპირობა.

დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ამელი ნოტომის “მკვლელის ჰიგიენას” ან “მტრის კოსმეტიკას”. თუ მოგეპოვებათ, არ დაინანოთ, მათხოვეთ, დიდად მადლიერი დაგრჩებით :))

 

 

, , , , , , , , , , , ,

9 Comments

%d bloggers like this: