Posts Tagged კინო

კინოსეანსი – ოსკაროსანი ფილმები (N4)

პოსტში ტრადიციულად მიმოვიხილავ ოსკარის მომპოვებელ თუ უბრალოდ ნომინანტ ფილმებს, რომელთა ნახვაც ოსკარის დაჯილდოების 87-ე ცერემონიამდე მოვასწარი.

ბერდმენი 

  • გამარჯვებული ნომინაციაში “საუკეთესო ფილმი” 

birdman

“ბერდმენი” ჩემთვის ფილმთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, როდესაც უბრალოდ ვერ ვხვდები, რატომ აღფრთოვანდა ხალხი ასე ძალიან (ისევე როგორც თავის დროზე ვერ აღვფრთოვანდი “უოლ სტრიტის მგელით” თუ “მანდარინებით”). ამ აზრის გამო ბევრი კინომანის გულისწყრომაც დავიმსახურე :დ მართალია, ფილმში კარგი დიალოგებია, მუსიკალური გაფორმებაც კარგია, ოპერატორული ნამუშევარიც და ა.შ. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ განსაკუთრებულად მომწონებოდა, პირიქით – ძალიან მოსაწყენი მეჩვენა. თითქმის ყველა მომენტში გამოვიცანი როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ერთი იმას ვერ მივხვდი, რომ დასაწყისში თავად ბერდმენის დადგმული იყო უბედური შემთხვევა მისთვის არასასურველი მსახიობის მოსაშორებლად. ფილმის დასასრულიც ბანალური იყო – თითქოს რეჟისორს ფანტაზია აღარ ეყო და ამიტომ დაამთავრა ფილმი ასე გაურკვევლად – დაე, მაყურებელმა თავად გადაწყვიტოს ბერდმენის ბედიო.

Boyhood (ბავშვობა)

  • ნომინაცია “საუკეთესო ფილმი”, ნომინანტი

boyhood

ეს არის კეთილი ფილმი ერთი ბიჭისა და მისი ოჯახის ცხოვრებაზე. “ბავშვობის” გმირი ეკრანზე თვალსა და ხელს შუა იზრდება ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით: ფილმის გადაღება 12 წელს მიმდინარეობდა ერთი და იმავე მთავარი მსახიობების მონაწილეობით. ძალიან რეალისტური ფილმია, ზედმეტი “კვანძის შეკვრებისა” და “სიბრძნე-ფილოსოფიების” გარეშე. გამიხარდებოდა, რომ ნომინაციაში “საუკეთესო ფილმი” მას გაემარჯვა “ბერდმენის” ნაცვლად.

ამერიკელი სნაიპერი

  • ნომინაცია “საუკეთესო ფილმი”, ნომინანტი

american-sniper

რატომ მოხვდა საერთოდ ეს ფილმი ნომინანტთა შორის, გაუგებარია. რაღა ეგ და რაღა “რემბო”. ყოველ შემთხვევაში, დასაწყისში ძალიან მივამსგავსე “რემბოს”. ომი ერაყში ამერიკელი კინემატოგრაფისებისთვის ისეთივე საყვარელი და მტკივნეული თემაა, როგორც ქართველებისთვის 90-იანი წლები. კლინტ ისტვუდის ეს ნამუშევარი  “The Hurt Lockers” ჰგავს, თუმცა, ეს უკანასკნელი ბევრად სჯობია.

Still Alice (ჯერ კიდევ ელისი)

  • ნომინაციაში “საუკეთესო მსახიობი ქალი” გაიმარჯვა ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა – ჯულიანა მურმა

still alice

არ ვიცი რამდენად რეალისტურად იყო ნაჩვენები ფილმში ალცჰაიმერით დაავადებული ადამიანის ამბავი, მაგრამ, საინტერესო და გულისამაჩუყებელი კი იყო. Still Alice მოგვითხრობს როგორ იცვლება ჯულიანა მურის გმირისა და მისი ოჯახის წევრების ცხოვრება მეხსიერების თანდათანობით დაკარგვასთან ერთად. ერთადერთი მანუგეშებელი ფილმში ჯულიანას გმირის საუცხოო ოჯახია, რომელიც ყველანაირად უდგას მას გვერდში ამ მძიმე დაავადების დროს.  ჯულიანა იმსახურებდა ოსკარს! )) Still Alice კი ერთხელ საყურებლად ღირს.

ყველაფრის თეორია

  • ნომინაცია “საუკეთესო ფილმი” – ნომინანტი, ნომინაციაში “საუკეთესო მსახიობი მამაკაცი” გაიმარჯვა ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა ედი რედმეინმა

theory_of_everything_wedding_kiss

ფილმი ცნობილი ფიზიკოსის – სტივენ ჰოკინგისა და მისი ცოლის ურთიერთობის შესახებაა. ალბათ, ყველას ახსოვს, სოციალურ მედიაში ფრიად პოპულარული აქცია თავზე ყინულიანი წყლის გადასხმით – Ice Bucket Challenge, რომელიც გვერდითი ამიოტროფული სკლეროზით დაავადებულ ადამიანთა დასახმარებლად იყო მიმართული. სტივენ ჰოკინგი ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც ახალგაზრდა ასაკში განუვითარდა ეს დაავადება. მიუხედავად ამისა, ფიზიკოსმა ფარ-ხმალი არ დაყარა და ბევრ წარმატებას მიაღწია ცხოვრებაში. სტივენმა მისი როლის შემსრულებელს, ედი რედმეინს, ოსკარის მოპოვება facebook-ში გულთბილი სტატუსით მიულოცა.

Gone Girl (გაუჩინარებული ქალი)

  • ნომინაცია “საუკეთესო მსახიობი ქალი” როზამუნდ პაიკის თამაშისთვის

gone girl

ამ ფილმის ყურება ნამდვილად ღირდა. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დამაინტრიგებელი ფილმი იყო ოსკარზე წარდგენილთა შორის. ქალი ქორწინებიდან მეხუთე წლის თავზე უბრალოდ ქრება, ეჭვების მთავარი ობიექტი კი მისი ქმარი ხდება. მაგრამ ჩამთრევ სიუჟეტს მიღმა ადამიანთა შორის სასიყვარულო ურთიერთობებია, რომლებიც მუდამ იცვლება, განსაკუთრებით კი ქორწინების შემდეგ. ერთი სიტყვით, ჩემი ფავორიტი ფილმია.

ოსკარის გარეშე არ დარჩენილა ბოლო დროს ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილების მომხდენი ფილმი Interstellar – მან ნომინაციაში “საუკეთესო ვიზუალური ეფექტები” გაიმარჯვა. თუმცა, ჩემი აზრით, ბევრად მეტს იმსახურებს.

interstellar

სხვა ფილმებზე, სხვა დროს, სხვა პოსტში დავწერ ))

Advertisements

, , , , , , , , , , , , , , ,

3 Comments

Interstellar

მაინც რატომ არ გავყევი ფიზიკას?! გავხდებოდი მერე ასტრონავტი, გავფრინდებოდი კოსმოსში და შავი ხვრელის მეშვეობით მოვხვდებოდი ჩემს წარსულში. იქ კი აუცილებლად ჩავაგონებდი ჩემს უმცროს მეს, რომ ასტრონავტობა ამერჩია პროფესიად.

                                              Interstellar-ის ინსპირაცია

What-gif

მგონი არცერთ ფილმს არ მოუხდენია ისეთი შთაბეჭდილება ჩემზე, როგორიც Interstellar-მა მოახდინა. ამ ფილმს უკვე ორჯერ ვუყურე და არც მესამედ ყურებაზე ვიტყოდი უარს.

მთელი სეანსის განმავლობაში და მის შემდეგაც ემოციებს ძლივს ვიკავებდი. დიდხანს ვიყავი ფიქრებში ჩაფლული. მაინც საიდან ნოლანს ამდენი ფანტაზია?!

ალბათ არ გჭირდებათ იმის შეხსენება, რომ რეჟისორი ქრისტოფერ ნოლანი ცნობილია თავისი ფანტასტიკური ჟანრის, უჩვეულო სცენარის მქონე ფილმებით. რამდენიმე ფილმი მომდის თავში მისი სახელის გაგონებაზე.  ერთ-ერთი ყველაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია “Inception” (2010)-მა  – მაშინ ძალიან ბევრი ლაპარაკობდა ამ ფილმზე დადებითად. მართალია, ფილმი მომეწონა, თუმცა, არც დიდად აღფრთოვანებული დავუტოვებივარ.  ბეტმენის სერიებს – The Dark Knight (2008)The Dark Knight Rises (2012) – რაც შეეხება, დღემდე არ მინახავს, იმიტომ რომ რამდენჯერაც დავიწყე ყურება, იმდენჯერ ჩამეძინა. ნოლანის შემოქმედებიდან მახსენდება კიდევ ერთი გამორჩეული ფილმი Memento – განსხვავებული სიუჟეტით – სადაც   მოვლენები დასასრულიდან დასაწყისისკენ ვითარდება.

interstellar_wallpaper_by_nordlingart

Interstellar მკვლევართა ჯგუფის კოსმოსში მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს. ფილმში ბევრი რამაა მეცნიერული სფეროდან აღებული. სცენარისტმა ჯონათან ნოლანმა (ქრისტოფერის ძმამ) სპეციალურად სცენარის დასაწერად შეისწავლა ფარდობითობის თეორია კალიფორნიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. რეჟისორმა ფიზიკოსიც კი დაიქირავა სამეცნიერო კონსულტანტად, რათა ფილმში მოცემული რეალობა სინამდვილესთან მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო. Interstellar-მა რაღაცით გამახსენა ფიზიკოს გია დვალის ძალიან საინტერესო ლექცია პარალელურ სამყაროებზე.

Interstellar2

ფილმი ძალიან ლამაზი და საინტერესო ვიზუალური ეფექტებითაა დატვირთული. ქრისტოფერ ნოლანი შეეცადა რაც შეიძლება ნაკლებად გამოეყენებინა კომპიუტერული ეფექტები და ამისთვის ააგო სხვადასხვა კონსტრუქციები. კოსმოსი, კოსმიური ხომალდები, შავი ხვრელი, სხვადასხვა პლანეტები და ვარსკვლავები – ძალიან საინტერესოდაა ასახული!

Interstellar-2014-Poster

ჩემთვის თითქმის ყველა პერსონაჟის სიტყვის უკან რაღაც დიდი აზრი და ფილოსოფია იმალება. თითოეული ფრაზის გონებაში ღრმად ჩაბეჭდვა მომინდა:

Mankind was born on earth. It was never meant to die here.

Perhaps we’ve just forgotten that we are still pioneers and we’ve barely begun.

The end of earth will not be the end of us.

მუსიკალური გაფორმება არის გენიალური!!! შეიძლება ითქვას, ფილმის მუსიკა ბოლო დღეებში ჩემი ცხოვრების საუნდტრეკად იქცა. თავად მოუსმინეთ ჰანს ციმერის შედევრს:

ყველაფერი მაინც მარადიულ თემამდე – სიყვარულამდე – მიდის,  რომელიც ყველაფერზე, მათ შორის მეცნიერებაზე, მაღლაც კი დგას.

ეს არის მცირე ამონაგლეჯი იმ შთაბეჭდილებებისა, რაც ფილმისგან მივიღე. ყველაფრის გადმოცემა შეუძლებელია. სჯობს თავად უყუროთ.

, , , , , , , , , , ,

3 Comments

კინოსეანსი

ვიწყებ პოსტთა სერიას სახელწოდებით “კინოსეანსი”, სადაც გავარჩევ ბოლო დროს ნანახ ფილმებს. “მინუს” კატეგორიაში მოხვდებიან ფილმები, რომლებმაც იმედები გამიცრუეს და არ მომეწონა. “პლუს” კატეგორიაში მოხვდებიან ფილმები, რომელთა ნახვაც ღირს და ჩემგან შედარებით დადებითი შეფასება დაიმსახურეს.  შეფასებისას არცერთი “ავტორიტეტის” აზრი არ იქნება გათვალისწინებული! :დ ამიტომ პოსტებში გაეცნობით განსხვავებულ შეხედულებებს, რომლებსაც, ალბათ, ნაკლებად დაეთანხმებით. 🙂

მინუსი

  • ,,Life of Pi’ (“პის ცხოვრება”) ამერიკელი რეჟისროსი ენგ ლის ფილმი წარდგენილია ოსკარის 11 ნომინაციაზე. ფილმის ტრეილერით მოვიხიბლე: ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი. სამწუხაროდ, რომ ვუყურე, იმედები გამიცრუვდა: მართალია, საინტერესოდ დაიწყო, ბევრი ლამაზი კადრიც იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან მოვიწყინე. მთელი ფილმი გემის ჩაძირვის შემდეგ გადარჩენილი ინდოელი ბიჭის პისა და ვეფხვის ურთიერთობაზეა, რომელიც მასთან ერთად სამაშველო ნავში მოხვდება. თითქმის ყველა მოქმედება ოკეანეში მოცურავე ნავში ხდება. მოკლედ მე მეტ თავგადასავლს ველოდი. Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , ,

2 Comments

როცა მოსიყვარულე ლუზერი ქმარი გბეზრდება

ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ერთი სიმპატიური და მოსიყვარულე  ქმარი გყავთ. ის უზომოდაა თქვენზე შეყვარებული, არის საუკეთესო მამა და საკუთარ ოჯახს არაფერი ურჩევნია.  გყავთ უსაყვარლესი შვილი. ნორმალური შეძლების ოჯახი გაქვთ. ბევრი საერთო და ტკბილი მოგონება გაკავშირებთ ერთმანეთთან. თქვენი თავრბუდამხვევი რომანი 6 წლის წინ დაიწყო. როგორ ფიქრობთ, იქნებით თუ არა 6 წლის მერეც ისეთი ბედნიერი, როგორც მაშინ? გეყვარებათ თუ არა ისევ ისე ის, ვისაც წლების წინ შეჰფიცეთ, რომ მუდამ მის გვერდში იდგებოდით, ჭირშიცა და ლხინშიც?

შევხედოთ ამას მეორე მხრიდან. ყველაფერი ასეთი იდეალურიც არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს: თქვენი ქმარი ერთი ჩვეულებრივი მუშაა, არც კარგი განათლებითა და არც წამრატებული კარიერით გამორჩეული. ყოველ დილით სამსახურში წასვლამდე  ლუდს სვამს და მიუხედავად მისი პოტენციალისა, არაფრის შეცვლა არ სურს ცხოვრებაში. ერთი სიტყვით, ლუზერია…  პროვინციულ ქალაქში ცხოვრობთ. ადრე ალბათ ვერც წარმოიდგენდით, რომ აქ დარჩენა მოგიწევდათ. მეტად ნიჭიერი სტუდენტი იყავით და დიდ იმედებს ამყარებდით საკუთარ მომავალზე. მწვერვალების დაპყრობას გიწინასწარმეტყველებდნენ თქვენს პროფესიაში. მაგრამ აწმყო სხვანაირია: რიგითი მომსახურე პერსონალი ხართ და ამაოდ ცდილობთ უფრო მაღალი თანამდებობის დაკავებას. როგორ გგონიათ კმაყოფილი იქნებოდით ასეთი ცხოვრებით? ისევ ის გრძნობა გექნებოდათ თქვენი ქმრის მიმართ, როგორც ექვსი წლი წინ?

ზუსტად ასე ვითარდება მოვლენები ფილმში Blue Valentine (2010): წყვილს უყვარდება ერთმანეთი და წლების შემდეგ ეს უსაზღვრო სიყვარული სადღაც ქრება. ცრემლებს ძლივს ვიკავებდი ამ ფილმის ყურებისას, განსაკუთრებით ფინალურ სცენაზე მომაწვა ემოციები. 😀 შემზიზღდა სინდი (ცოლი) და მისი როლის შემსრულებელი მიშელ უილიამსი. როგორ უნდა მიატოვო ასეთი ქმარი! მითუმეტეს, როცა მის როლს რაიან გოსლინგი თამაშობს 😛 თუნდაც ამ დიალოგის გამო ღირდა მასთან მთელი ცხოვრების გატარება: როცა მიშელი საყვედურით ეკითხება რაიანის გმირს: შენ ხომ ამხელა პოტენციალი გაქვს, რატომ არ გინდა რამე სხვა საქმეს მოკიდო ხელი (გულისხმობდა უფრო პრესტიჟულ სამუშაოს), რატომ არ გინდა მოახდინო საკუთარი თავის რეალიზება, რაიანი პასუხობს, რომ მას მოსწონს საკუთარი სამსახური, რადგან ოჯახთან უფრო მეტი დროის გატარების საშუალებას აძლევს. “რაში უნდა გარდავქმნა ეს პოტენციალი, მაინცდამაინც მაღალ ანაზღაურებაში?…  ქმრისა და მამის როლი არის ის ერთადერთი რამ, რაც მე მინდა.” ასეთი არაეგოისტი ადამიანები, რომლებიც მზად არიან მთელი საკუთარი პოტენციალი მხოლოდდამხოლოდ ოჯახს შეალიონ,  მაშინ როცა შეიძლება ბევრ სხვა სფეროში მიაღწიონ წარმატებას, ძალიან ცოტანი არიან. განსაკუთრებით კაცებში, რომელთა უმეტესობისთვის პირადი მიღწევები ყველაზე ღირებული რამაა. რაიანი ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს ოჯახი და წინანდელი ურთიერთობა ცოლთან: “მითხარი, როგორი გინდა ვიყო და გავხდები ასეთი”.

რაიან გოსლინგს უხდება ასეთი მგზნებარე შეყვარებულის იმიჯი. The Notebook (2004) შიც მსგავსად იწვოდა მისი გმირი სიყვარულით, მაგრამ იქ, Blue Valentine-სგან განსხვავებით, ყველაფერი კარგად დასრულდა. მიშელ უილიამსს რაც შეეხება, ამ ფილმში პირველად ვიხილე და იმთავითვე დაიმსახურა ჩემი გულისწყრომა. სინდის როლისთვის ის ოსკარზეც წარადგინეს ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი. რაც შეეხება ფილმის რეჟისორს – Derek Cianfrance-ს – აქამდე მისი არცერთი ნამუშევარი არ მქონდა ნანახი. ძალიან ბევრი ფილმია გადაღებული წარუმატებელი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რომელიც ძალიან კარგად დაიწყო, დროთა განმავლობაში გაუარესდა და საბოლოოდ დასრულდა. განშორების მიზეზები კი ხშირ შემთხვევაში გაუგებარია. გრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ყველაფრის საფუძველი არის ურთიერთობის ხანგრძლივობა. მე კი ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა ხანგრძლივი იყოს, სიყვარული თავისით არ გაქრება, ამას აუცილებლად აქვს სხვა მიზეზები.

Blue Valentine-ში ზუსტად ეს მიზეზებია ნაჩვენები. ამ ფილმმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მკაცრ რეალობას: რამდენად ეგოისტები  და ბრმები არიან ადამიანები, რომ ვერ ხედავენ და ვერ აფასებენ იმათ, ვინც ყველაზე მეტად იმსახურებს მათ ყურადღებას. ამ ფილმის ნახვა კიდევ იმიტომ ღირს, რომ ძალიან კარგადაა ნაჩვენები ყოველდღიური ურთიერთობების პატარ-პატარა და საყვარელი მომენტები: თუნდაც, როგორ ეთამაშება რაიანის გმირი შვილს, როგორ ცდილობს მის მიერ მოწონებული გოგონას ყურადღების მიპყრობას, როგორ უნდა მცირე სიხარული მიანიჭოს პანსიონატში გადმოსახლებულ მოხუცს და ა.შ.

“როგორ უნდა ენდო საკუთარ გრძნობებს, როცა ერთ დღეს გიყვარს და მეორე დღეს აღარ” – კითხულობს საკუთარი მშობლების ცივი ურთიერთობის შემხედვარე მიშელის გმირი. ამ შეკითხვას თავადვე გასცემს მოგვიანებით პასუხს საკუთარი საქციელით. მართალია, მე კი დავეჭვდი მისი გრძნობების გულწრფელობაში, მაგრამ ეს უკვე სხვა საკითხია. თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა ენდო საკუთარ გრძნობებს?

 

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

13 Comments

%d bloggers like this: