Posts Tagged მედია

ნუ გახდებით მანიპულაციის მსხვერპლი

media

გუშინ სადაც არ ვიყავი, ყველგან ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრობდნენ. ტელეარხები განუწყვეტლივ ატრიალებდნენ ცემა-ტყეპის კადრებს. საინტერესო ის იყო, რომ თითქმის ყველა, ვისაც ვესტუმრე, რუსთავი 2- ს უყურებდა. მეგობართან მისულს დედამისი შემომეგება. მომხდარით აღშფოთებული იყო, სინანულით ამბობდა: “ეს რა ხდება, 90-იანი წლების სამოქალაქო ომს მაგონებს ეს ამბებიო”. უცებ მივხვდი, რომ სიტყვები და შეფასება ძალიან მეცნო. მერე გამახსენდა: პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა თქვა მსგავსი რამ თავის განცხადებაში, შემდეგ ამ განცხადებას მთელი დღე ატრიალებდა რუსთავი 2. ეს შეფასება “ნაციონალური მოძრაობის” სხვა წევრებმაც აიტაცეს და უამრავი ადამიანი მთელი დღის განმავლობაში ერთსა და იმავეს იმეორებდა თუთიყუშივით. მეგობართანაც რუსთავი 2-ს უყურებდნენ. აღარ გამიკვირდა, რატომ იყო ასეთი ნაცნობი მისი შეფასება. Read the rest of this entry »

, , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

როგორ გავარჩიოთ დეზინფორმაცია ინფორმაციისგან

true false 2

ინფორმაციათა ნაკადში სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება სიმართლის გარჩევა ტყუილისაგან. “ინფორმაციული ომი” განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო პერიოდში. პოსტის დაწერა ერთმა ახლახანს მომხდარმა ამბავმა გადამაწყვეტინა: ერთ-ერთმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია როგორ სასტიკად ცემეს და დააკავეს პოლიციელებმა ოპერის ბაღში ახალგაზრდა მამაკაცი. სტატია ანონიმურ წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, არ შეიცავს შსს-ს კომენტარს. არც სხვა მედიასაშუალებებს გაუვრცელებიათ მსგავსი ინფო (ვინც გაავრცელა, პირველწყაროდ ეს სააგენტო დაასახელა). მიუხედავად ამისა, ჩემდა გასაკვირად, ეს ფაქტები სულაც არ გამხდარა იმის მიზეზი, ხალხს ეჭვი შეეტანა ამბის სისწორეში. ამ ცნობას მთელი აურზაური მოყვა: ათასმა ადამიანმა დააშეარა განრისხებული კომენტარებით “რას გვიშვრება ეს მთავრობა”, “სად არიან ახალგაზრდები, რატომ არ აპროტესტებენ” და ა.შ. მოგვიანებით შსს-მ გამოაქვეყნა განხადება, სადაც წერია, რომ პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემა არ შეესაბამება სიმართლეს, მედიასაშუალებებს კი ურჩევს სანამ მსგავს ინფორმაციას გამოაქვეყნებენ, გადაამოწმონ ხოლმე. Read the rest of this entry »

, , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

ქართული კომპანიების მინუსები

პოსტში მინდა მოკლედ მიმოვიხილო ქართული კომპანიების ის უარყოფითი მხარეები, რომლებსაც დღეს, სამწუხაროდ, ხშირად შეხვდებით.

N1 ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი ნაკლი: კომპანიის მესვეურთა დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ. დამსაქმებელი ნაკლებად ან საერთოდ არ ზრუნავს დაქირავებულის ინტერესთა დაკმაყოფილებაზე.
აქ საუბარია არამხოლოდ ხელფასის რაოდენობაზე, არამედ თუნდაც ელემენტარულ სამუშაო პირობებზე. ხშირად მოქმედებს პრინციპი “არ არსებობს შეუცვლელი თანამშრომელი”. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი კადრების ხშირი ცვლისა, რაც დიდ პრობლემად არ მიაჩნიათ დამსაქმებლებს. მათ არ ესმით ელემენტარული რამ: რამდენად მნიშვნელოვანია დასაქმებულის მოტივაცია მისი ეფექტურად მუშაობისთვის. მოტივირებული თანამშრომელი ხომ კომპანიის წარმატების გარანტია.  Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , ,

11 Comments

რატომ ვაშეარებ ნაგავს


ხანდახან ხდება ხოლმე რომ ფეისბუქზე “ნაგავს” ვაშეარებ, მაგალითად აი ასეთს. რატომ უნდა გაგიჩნდეს “ნაგვის” სხვებისთვის გაზიარების სურვილი და ამით ამ პროდუქტს ერთგვარი რეკლამირება გაუწიო? ლოგიკური და მართებული კითხვაა. პირველ რიგში, უნდა განვმარტო, რომ “ნაგავ” ინფორმაციაში ვგულისხმობ არაეთიკურ და არაპროფესიონალურ ჟურნალისტურ პროდუქტს. შევეცდები თანმიმდევრულად ავსხნა, რატომ იქცევს ხოლმე “ნაგავი” ჩემს ყურადღებას.

1) რატომ ვუყურებ “ნაგავ” სიუჟეტებს? როცა რაღაცას აფასებ, მითუმეტეს აკრიტიკებ, შენი კრიტიკის საგანს კარგად უნდა იცნობდე. ყოველ შემთხვევაში, გარკვეული წარმოდგენა მაინც უნდა გქონდეს ამ რაღაცის შესახებ. როგორ უნდა თქვა სიუჟეტზე “ნაგავიაო” თუ ნანახი არ გაქვს. მითუმეტეს ეს არ არის 2 საათიანი ფილმი, რომ მასზე დროის დახარჯვა დაგენანოს. მართალია, ყოველი წუთი ძვირფასია, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ განსაკუთრებით დიდ დროს არ მოითხოვს კრიტიკის მსგავსი ობიექტის გაცნობა.

2) პირველი პუნქტიდან გამომდინარე გასაგებია, რატომ ვეცნობი ხოლმე ინფორმაციას პირობითი სახელით “ნაგავი”. მაგრამ ჩნდება მეორე კითხვა: მას შემდეგ როცა პირადად გაეცნობი ამ ინფორმაციას, რა საჭიროა მისი გაზიარება სხვებისთვის? ინფორმაცია, რომელზეც ვსაუბრობ, არის ჟურნალისტური პროდუქტი, სადაც ხშირ შემთხვევაში ირღვევა როგორც რესპონდენტთა უფლებები, ასევე მაყურებელთა უფლება მიიღოს ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია. ეს არ არის უხარისხო ფილმი ან წიგნი, რომლის სხვებისთვის გაზიარებაც, თუნდაც ფეისბუქზე, ცოტა ლოგიკასაა მოკლებული. ძალიან იმედგაცრუებული უნდა დავრჩე ფილმით, რომ მერე ფეისბუქზე დავაშეარო და აღვნიშნო ამის შესახებ. თანაც ანტირეკლამაც რეკლამააო და პირადად ჩემს შემთხვევაში ის უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, ვიდრე ჩვეულებრივი რეკლამა.

მაგრამ ზემოთხსენებული “ნაგავი” ინფორმაცია უბრალოდ უხარისხო პროდუქტი არ არის: პირველ რიგში, აღმაშფოთებელია ის, თუ როგორ ირღვევა ამ პროდუქტით სხვისი უფლებები. რამდენმა ადამიანმა იცის, რომ ჟურნალისტს არ აქვს უფლება რესპოდენტთან შეუთანხმებლად ჩაიწეროს მისი საუბარი გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა? რამდენმა ადამიანმა იცის, რომ დაუშვებელია დანაშაულში ეჭვმიტანილისა თუ უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულის ვინაობის გამხელა ჟურნალისტის მიერ? ბევრ ადამიანს ძალიან მწირი წარმოდგენა აქვს ჟურნალისტის უფლება-მოვალეობების შესახებ. ხშირ შემხთვევაში იმ რესპოდენტებმაც კი რომელთა, სიტყვაზე ვთქვათ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაირღვა ამა თუ იმ სიუჟეტით, არ იციან ამის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უჩივლებდნენ სიუჟეტის ავტორს ან პროტესტს მაინც გამოთქვამდნენ ამის შესახებ. ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, მსგავსი “ნაგავი” სიუჟეტები დისკუსიის საგნად იქცეს და ამ დისკუსიაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს. სწორედ ამ მიზნით გამართლებულად მიმაჩნია “ნაგვის” დაშეარება თუ ყურება. მგონია, რომ თუკი საზოგადოებას მსგავსი ჟურნალისტური პროდუქტების მიმართ შესაბამისი რეაქცია ექნება, მათი რიცხვი იკლებს. იგნორირება მსგავსი ინფორმაციისა, მისი არდანახვა არ მგონია კარგი გამოსავალი იყოს. :/

, , , , , , , , , , , , ,

3 Comments

უნდა ჰქონდეს თუ არა ჟურნალისტს ბლოგი

ბევრ მედიასაშუალებაში ჟურნალისტს ეკრძალება ბლოგის წარმოება. ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზად სახელდება ის, რომ მედიამუშაკმა პირადი აზრების საჯაროდ გამოხატვისას შეიძლება ზიანი მიაყენოს მედიასაშუალების სახელს. გარდა ამისა, შესაძლოა საზოგადოების მხრიდან იკლოს ნდობამ მედიამუშაკის მიერ შექმნილი პროდუქტისადმი. ჟურნალისტის ერთ-ერთი უპირველესი პრინციპი ობიექტურობაა და როცა წინასწარ იცი მისი შეხედულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ძნელია არ დაინახო მის სტატიებში/სიუჟეტებში ამ შეხედულების გავლენა და სუბიექტურობაში დაადანაშაულო.

მიუხედავად ამისა, მაინც მიმაჩნია, რომ ჟურნალისტს ბლოგის წარმოების უფლება უნდა ჰქონდეს.

1) რთულია საკუთარი აზრები მიჩქმალო. ისინი მაინც იპოვიან გამოვლინების გზებს :დ თუნდაც არავერბალურს: შეიძლება ძახილის ერთ ნიშანსა ან ერთ გამოხედვაში ჩანდეს ადამიანის დამოკიდებულება.

2) პირადი აზრი არ გამორიცხავს ობიექტურობას.

3) პირადი აზრი ზოგჯერ (ჩემს შემთხვევაში კი უმეტესწილად) უფრო საინტერესოა, ვიდრე ობიექტური მოსაზრება.

ჟურნალისტი არ არის გრძნობადაცლილი რობოტი. ისევე როგორც სხვა ყველას, მასაც გააჩნია ინდივიდუალური შეხედულებები. მნიშვნელობა ენიჭება იმას, სად გამოხატავს ის საკუთარ აზრებს. ჟურნალისტური მასალის მომზადება პროფესიული სტანდარტების დაცვით უნდა ხდებოდეს. მაგალითად, როცა ვეცნობი ნიუსებს, სულ არ მაინტერესებს ჟურნალისტის პირადი აზრები, ამ დროს მინდა გავიგო სუბიქტურობისგან დაცლილი ამბები. მაგრამ ცარიელი, მშრალი ფაქტების უკან ბევრად საინტერესო რაღაცებია. ხშირად პირადი შეხედულებები, ჟურნალისტის თვალით დანახული რეალობა უფრო მაინტერესებს, ის, რაც არ ხვდება სტატიასა თუ სიუჟეტში. ბლოგი თან საჯარო სივრცეა და თან პირადი. გასაჯაროებული პირადი სივრცე უფრო ამრთებული იქნება ალბათ :დ ბლოგის კითხვისას (ყოველ შემთხვევაში პერსონალური ბლოგის კითხვისას) მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ ავტორი მათ წინაშე წარდგება, პირველ რიგში, როგორც ინდივიდუალური შეხედულებების მქონე ადამიანი და არა ჟურნალისტი. მას არ უნდა ჰქონდეს პრეტენზიები ავტორის ობიექტურობაზე. თანაც ხომ შეიძლება ჟურნალისტი სრულიად განსხვავებულ თემებს ეხებოდეს ბლოგზე და არა იმას, რაზეც მუშაობს. ასეთ შემთხვევაში ჩემთვის გაუგებარია, რა არგუმენტით ეკრძალება პოსტების წერა.

ამ საკითხის გადაწყვეტის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გზა (როცა არც მედია-მუშაკები იქნებიან “წაგებულები” და არც მათი ხელმძღვანელები) არის მისცე უფლება მედია-მუშაკს აწარმოოს ბლოგი, ოღონდ გარკვეული წესების დაცვით (მაგალითად, არ გაავრცელოს დისკრიმინაციული განცხადებები).

ბოლოსდაბოლოს თვითგამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, ჟურნალისტები რატომ უნდა იყვნენ “დაჩაგრულები” ამ მხრივ? :პ თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე?

, , , , , , , , , , , , ,

19 Comments

11/09 ღრმად მეხსიერებაში

fallingman
The_Falling_Man

ზუსტად 10 წლის წინ ამ დღეს მთელი ოჯახი ტელევიზორს ვუსხედით. ეს ის დრო იყო, როცა ჩემთან სახლში ტელევიზორს ჯერ კიდევ უყურებდნენ და ის სულაც არ იყო უსარგებლო ნივთი. ტრადიციულად, საინფორმაციო გამოშვების დაწყების მოლოდინში ჩემი მშობლები ეკრანს მიაპყრობდნენ თვალებს. იმ დღეს თითქმის ყველა არხზე ერთსა და იმავეს გადასცემდნენ: ცნობას აშშ-ში მომხდარი ოთხი ტერორისტული აქტის შესახებ. რაღაც საშინელება იყო, კოშმარი. საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი. ყველაზე მეტად იმ კადრებმა შემაძრწუნეს, სადაც ადამიანები ცეცლხმოკიდებული ცათამბჯენებიდან ხელებს იქნევდნენ დახმარების მოლოდინში და ფანჯრებიდან ხტებოდნენ. მათ მთელი მსოფლიო უყურებდა, მაგრამ ვერავინ შეძლო შველა. მიუხედავად იმისა, რომ არც სისხლი იყო ნაჩვენები და არც გვამები (რითიც ცდილობენ ხოლმე ყურადღების მიპყრობას ეთიკის დამრღვევი მედიასაშუალებანი), ყველაზე სულისშემძვრელი კადრები იყო.

ნაწყვეტები დოკუმენტური ფილმიდან “9 11 the falling man”, რომელიც ცათამბჯენებიდან გადმომხტარი ადამიანების შესახებაა. საინტერესო ფილმია.



მეორე დღეს ჩემს ახალ სკოლაში ყველა ამ ტრაგედიის შესახებ ლაპარაკობდა. ეს იყო უცხო ქვეყნის ტრაგედია, რომელიც ყველაზე მეტად განვიცადე. ალბათ იმიტომ, რომ პირდაპირი ეთერში ვადევნებდი თვალს და მეც ამ ამბის ერთგვარ მონაწილედ ვიქეცი. მას შემდეგ მედიით გავრცელებულ არცერთ ამბავს მოუხდენია ჩემზე ასეთი გავლენა. 10 წელი გავიდა და ის კადრები დღესაც თავში მიტრიალებს.

, , , , , , ,

3 Comments

სკანდალური ინფორმაცია

ფოტოს პირველწყარო

მედია ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს სკანდალს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის საზოგადო პირთანაა დაკავშირებული. ამის მაგალითად ბილ კლინტონსა და მონიკა ლევინსკის თავს გადახდენილი ამბის გახსენებაც კმარა. სკანდალებისადმი დიდი დროის დათმობის გამო ჟურნალისტებს ხშირად აკრიტიკებენ, რადგან ყურადღების მიღმა რჩება სხვა ბევრად მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ეს კი ქმნის იმის საფრთხეს, რომ ამომრჩეველი არჩევნების დროს მიიღებს არასწორ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ის ვერ გაითვალისწინებს/ვერ გაიხსენებს არსებით ინფორმაციას კანდიდატის შესახებ.  რადგან სკანდალი უკეთ ამახსოვრდებათ, დიდი ალბათობაა, რომ ამომრჩევლის გადაწყვეტილება დაეფუძნება სწორედ ამ სკანდალურ ინფორმაციას.

სკანდალი იპყრობს უფრო მეტ ყურადღებას და უკეთესად შემოინახება მეხსიერებაში. რატომ ამახსოვრდება ადამიანს სკანდალი არასკანდალურ ამბავზე უფრო მეტად? Read the rest of this entry »

, , , , , , , ,

2 Comments

რუსთავი2-ის ჟურნალისტმა პასუხი უნდა აგოს

ძალიან ბერვი მარაზმული სიუჟეტი მინახავს ქართველი “პროფესიონალი” ჟურნალისტების დამსახურებით. თუმცა, იმან, რაც ბოლოს ვნახე, ყოველგვარ ზღვარსა და მოლოდინს გადააბიჯა. რუსთავი2-ზე “კურიერში”, 19 მარტს 18 საათზე, გავიდა სიუჟეტი, რომელიც მოგვითხრობს საკუთარი შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალის შესახებ. ნაადრევი მშობიარობის შემდეგ გაჩენილი სისხლისდენის გამო ის საავადმყოფოში მოათავსეს. ქალის განცხადებით, მან მკვდარი 7 თვის ჩვილი გააჩინა და მიწაში დამარხა. არსებობს ეჭვი, რომ დედას სურდა ნაყოფის მოცილება, რამაც გამოიწვია ბავშვის სიკვდილი. ვისაც ეს სიუჟეტი არ გინახავთ, იხილეთ აქ. მისი ავტორია ეკა გაგუა.

წინა პოსტში ვწერდი ობიექტურობის პრინციპზე, რომლის დაცვაც ჟურნალისტს ევალება (ამ პოსტის “მუზა” იყო ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასული სიუჟეტი), დღეს, ეკა გაგუას სიუჟეტით შთაგონებულმა, მინდა დავწერო ჟურნალისტთა კიდევ ერთი, ძალიან მნიშველოვანი პრინციპის შესახებ: პირადი ცხოვრებისა და ღირსების პატივისცემა. ამ პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა ამა თუ იმ მოვლენის გაშუქებისას უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე, რათა არ შელახოს ამ მოვლენაში ჩართულ ადამიანთა პირადი უფლებები. განსაკუთრებით დიდი სიფრთხილე მართებთ მედიის წარმომადგენლებს დანაშაულის ან უბედური შემთხვევის აღწერისას. დაუშვებელია ეჭვმიტანილის, დაზარალებულის და მათი ნათესავების იდენტიფიცირება, თუკი ამას საზოგადოებრივი ინტერესი არ მოითხოვს.

ზემოთხსენებულ სიუჟეტში ჩვილის მოკვლაში ეჭვმიტანილი დედის შესახებ თითქმის ყველაფერი გავიგეთ: მისი სახელი და გვარი, წლოვანება, საცხოვრებელი ადგილიც კი! მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თანახმად კი:
მუხლი 49. 3. დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მაუწყებელმა არ უნდა მოახდინოს ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი სახელი საზოგადოებისთვის ცნობილია ან საქმე საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა.

მუხლი 35. 4. ინფორმაცია პირის საცხოვრებელი ადგილის, ტელეფონის, ფოსტის თუ სხვა პირადი საკონტაქტო მონაცემების შესახებ, შეიძლება გამჟღავნდეს მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას.

ჟურნალისტი ამაყად გვიყვება, როგორ მოახერხა მან შესვლა შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დედის პალატაში: ” ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა შევსულიყავით იმ პალატაში, სადაც წევს … ჩვენ მას ძალიან ბევრი შეკითვხა დავუსვით, თუმცა მან არცერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა, მან არც სახის გამოჩენა არ ისურვა კამერების წინაშე.” ეკა გაგუა ცდილობს როგორმე აალაპარაკოს დანაშაულში ეჭვმიტანილი და პალატაში შეჭრისთანავე კითხვებზე გადადის: “თუ შეიძლება, გვითხარით სახლის პირობებში მოხდა ხო ნაყოფის მოშორება? მხოლოდ ორი სიტყვა გვითხარით ამ ფორმით რატო გადაწყვიტეთ, რატო საავადმყოფოს არ მიმართეთ?” მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თანახმად:

მუხლი 35. 20. მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის დაზარალებულები ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე, როდესაც ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ხელყოფს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიღებულია პირის თანხმობა. პირის გარდაცვალების შემთხვევაში საჭიროა ოჯახის წევრების თანხმობა.
მუხლი 35. 21. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ გასაჭირში მყოფი ადამიანების მიმართ ზეწოლის განორციელება იმისათვის, რომ მათ პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა ან დათანხმდნენ ინტერვიუზე.

რუსთავი2-ს ჟურნალისტმა ამ სიუჟეტის გამო პასუხი უნდა აგოს!

, , , , , , , , , , , ,

11 Comments

რამდენიმე შეკითხვა “იმედის” ჟურნალისტს


“ვინ არის პეტრე მელიქიშვილი? რამდენი გვერდი აქვს სამკუთხედს? ვინ არის ილია მართალი? იყო თუ არა საქართველოს პირველი პრეზიდენტი კონსტანტინე გამსახურდია? ვინ არის საქართველოს პრემიერმინისტრი? რომელ საუკუნეში მეფობდა შოთა რუსთაველი?” გაეცით პასუხი ამ კითხვებს? ყოჩაღ, ე.ი თქვენ განათლებული და წიგნიერი ყოფილხართ. ვერ გაეცით? ე.ი. უვიცი ხართ. განათლება-გაუნათლებლობის ეს კრიტერიუმი მე არ დამიდგენია. მისი ავტორები ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტები არიან. ამ კითხვებზე დაფიქრება კი ამ დღეებში ძალიან ბევრს მოუწია.

იმედზე “სპეციალური რეპორტაჟის” ბოლო გადაცემაში გასულმა სიუჟეტმა უამრავი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ახალგაზრდა თაობა გაუნათლებლებად და უწიგნურებად შერაცხეს. კვლავ ალაპარაკდნენ იმის შესახებ, თუ რა “ბნელები და დებილები” არიან ეს ახალგაზრდები. ამ სიუჟეტმა ძალიან ბევრი აღაშფოთა: ზოგი საქართველოს მომავლით შეწუხდა (ეს რა უვიცების ხელში არის ჩვენი მომავალი და რა გვეშველებაო), ზოგი კი თემის არასამართლიანი გაშუქებით.

არის თუ არა დღეს საზოგადოების გაუნათლებლობა პრობლემა? რა თქმა უნდა არის. რატომაა საჭირო პრობლემებზე საუბარი, თუნდაც მედიის საშუალებით? იმიტომ, რომ გავაანალიზოთ და დავადგინოთ პრობლემის არსი, მისი საფუძველი. მხოლოდ ასე შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა. ანუ თუ პრობლემის გადაწყვეტა გვინდა, უნდა ვეძებოთ მისი მიზეზები და არა შედეგები. ჩემთვის გაუგებარია, რატომ უკვირთ გაუნათლებლობის მაღალი დონე საქართველოში, გაიხსენეთ როგორ ასწავლიან სკოლებსა და უნივერსიტეტებში. გაუნათლებლობის პირველი მიზეზი სწორედ აქ უნდა იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ გაუნათლებლობა არის პრობლემა, ეს არ ნიშნავს რომ საქართველოში არ არიან ნიჭიერი, ჭკვიანი და განათლებული ახალგაზრდები. (პირადი დაკვირვებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ნაკითხ და ნასწავლ ადამიანთა რიცხვი ჩემ გარშემო იზრდება). სამწუხაროდ “სპეცრეპორტაჟის” სიუჟეტში ისინი ვერ მოხვდნენ. საინტერესოა, ნუთუ ჟურნალისტმა ერთი ადამიანი მაინც ვერ მონახა, ვინც სწორად გასცა პასუხი? რა თქმა უნდა, მონახავდა, უბრალოდ მხოლოდ ისინი მოხვდნენ ეკრანზე, ვინც ხელი შეუწყო ჟურნალისტის აზრის განმტკიცებას. რა მოხდებოდა, რომ ჟურნალისტს მხოლოდ იმ რესპონდენტთა პასუხები ჩაესვა სიუჟეტში, ვინც სწორად გასცა პასუხი? იტყოდნენ, რომ უნიჭიერესი და ძალიან განათლებული ახალგაზრდა თაობა გვყავს? ესეც ისევე შორს იქნებოდა რეალობისგან, როგორიც სინამდვილეში გამოვიდა სიუჟეტი.

როცა ჩემმა დამ მკითხა, ვინ არის პეტრე მელიქიშვილიო, თავიდან მეც დავიბენი და მეგონა, რომ ვინმე ფეისბუქელი მეგობრის შესახებ მეკითხებოდა. ამით იმას მინდა გავუსვა ხაზი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიტუაციასა და გარემოს, როცა შენ მსგავსი გამოკითხვის “მსხვერპლი” ხდები. როდესაც შენთან მიკროფონით ხელში მოდის ჟურნალისტი, უმეტეს შემთხვევაში შენ ენდობი მას და ვერც წარმოიდგენ, რომ ის დასმულ კითხვაში არასწორ ინფორმაციას გამოგაპარებს. მაგალითად, ეჭვი არ შეგეპარება რომ კითხვაში “რომელ საუკუნეში მეფობდა შოთა რუსთაველი?” რამე შეცდომაა.

ვფიქრობ, რომ სიუჟეტში მოყვანილ ინფორმაციას PIRLS და PISAM-ის მიერ ჩატარებულ კვლევის შესახებ დაზუსტება ჭირდება: სიუჟეტის მიხედვით, კვლევამ დაადგინა, რომ საქართველოში წიგნიერების დაბალი დონეა და ის 45 ქვეყანას შორის იკავებს ერთერთ ბოლო ადგილს. უნდა ითქვას, რომ კვლევამ აჩვენა წაკითხულის გააზრების დაბალი დონე სკოლის მოსწავლეებში. ის არ ეხებოდა სტუდენტებს ან უნივერსიტეტდამთავრებულებს, რომლებსაც უკვე აქვთ დიპლომები, არამედ 9-10 და 14-15 წლის ბავშვებს.

სიუჟეტის ნახვის შემდეგ რამდენიმე კითხვა გამიჩნდა მის ავტორთან:

1. გსმენიათ თუ არა რამე იმ პრინციპების შესახებ, რომელიც ჟურნალისტმა უნდა დაიცვას? მაგალითად, ობიექტურობის შესახებ? როგორ ფიქრობთ რამდენად მიუკერძოებელი და დაბალანსებული იყო თქვენ მიერ მომზადებული სიუჟეტი? ნუთუ ერთი რესპოდენტიც კი ვერ იპოვეთ ისეთი, ვინც კითხვებზე სწორი პასუხი გაგცათ?

2. გსმენიათ თუ არა რამე მედიის საგანმანათლებლო ფუქნციის შესახებ? როგორ ფიქრობთ ტელეკომპანია “იმედი” რამდენად და როგორ ცდილობს შეასრულოს ეს ფუნქცია?

3. რა აზრის ხართ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასულ გადაცემებზე “დღის შოუ”, “ყოფილი ცოლების კლუბი”,”თბილისი Live”, “ნანუკას შოუ”? თქვენი აზრით, რამდენად ღირებული გადაცემებია ისინი და რას სძენს მათი ყურება ადამიანს?

4. როდესაც ინტერესდებით სხვების განათლებისა და წიგნიერების დონით, იქნებ თქვენივე კოლეგებიდან დაგეწყოთ კვლევა და ჯერ მცირე გამოკითხვა მათთვის ჩაგეტარებინათ: უკვე ლეგენდები დადის იმაზე, როგორ ეძებდა ელენე ახვლედიანის ნომერს მის გამოფენაზე მოხვედრილი თქვენი ერთერთი კოლეგა. ძალიან მაინტერესებს როგორ გაართმევდნენ თავს მსგავს შეკითხვებს თიკო, ნანკა, ნუკი , კუკი …:/

და ბოლოს, იქნებ აჯობებს სანამ რამე სიუჟეტს გადაიღებთ, გაეცნოთ ჟურნალისტთა ქცევის პრინციპებს?

პ.ს ეს არა მარტო თქვენ, არამედ “იმედის” ყველა ჟურნალისტს ეხება.

, , , , , , , , , , , , , , , ,

7 Comments

რა კავშირია სოციალურ მედიასა და გამქრალ მანქანას შორის

ხართ დაინტერესებული სოციალური მედიით? გსურთ საკუთარი ინტერნეტ-რესურსის საშუალებით მთელს მსოფლიოსთან საუბარი? მაშინ წიგნი “სოციალური მედია სკოლაში” თქვენთვისაა განკუთვნილი. თუკი აქამდე სოციალური მედიის შესახებ ქართულ ენაზე ინფორმაციის მოპოვება ბლოგებიდან და ვებსაიტებიდან შეგეძლოთ, ახლა ამას პირველი ქართული სახელმძღვანელოც დაერთო. “სოციალური მედია სკოლაში”-ს პრეზენტაცია დღეს გაიმართა. (ამ წიგნის ონლაინ ვერსია შეგიძლიათ აქ ნახოთ) წიგნში განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: ინტერნეტის შექმნის ისტორია, რა გავლენა მოახდინა ინტერნეტმა ადამიანებზე, ტრადიციული და სოციალური მედია, როგორ ვითარდებოდა ბლოგოსფერო, ბლოგის ეფექტური გამოყენება, facebook-ის შექმნის ისტორია და ასე შემდეგ. ყოველ თავს თან ახლავს შემაჯამებელი მიმოხილვა და პრაქტიკული დავალება. წიგნის გაფორმებაც მის შინაარსზე არანაკლებ მიმზიდველია თანდართული ილუსტრაციების სიუხვის გამო. პრეზენტაციაზე წიგნის ავტორისაგან, სანდრო ასათიანისგან, მეტად საინტერესო ამბები მოვისმინე: მაგალითად, იცოდით, რომ ირანში ყველა ბლოგერი ვალდებულია თავისი ბლოგი კულტურისა და ხელოვნების სამინისტროში დაარეგისტრიროს? თურქეთში დაბლოკილია youtube, თურქმენეთში კი პირველი ინტერნეტკაფე, თქვენ წარმოიდგინეთ, 2007 წელს გაიხსნა! ჩინეთში არასასურველი ინფორმაციის გამავრცელებელი 24 ბლოგერი ციხეში იხდის სასჯელს. facebook-ის wall-ზე სხვადასხვა მოსაზრებების დაწერა კი “კარგად დავიწყებული ძველი ხერხია”: ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში რომის იმპერიის ქალაქ პომპეის მაცხოვრებლებს ახასიათებდათ ეგ ჩვევა _ შენობების კედლებზე წერა, რომლებიც ერთგვარ განცხადებათა დაფებს წააგავდა. youtube-ზე განთავსებული პირველი ვიდეო თუ გინახავთ? თუ არა, მაშინ ნახეთ:

აღარ დავიწყებ სოციალური მედიის თავისებურებებზე, კარგ თუ ცუდ მხარეებზე საუბარს. ვისაც უფრო მეტი გაინტერესებთ, გაეცანით წიგნს “სოციალური მედია სკოლაში”. ამ სახელმძღვანელოს ერთი ეგზემპლარი მეც შემხვდა, ისევე როგორც პრეზენტაციის სხვა დამსწრეებსაც.

ახლა რაც შეეხება პრეზენტაციის შემდგომ ამბავს: გამოვედით გარეთ და მეგობრის მანქანისკენ გავემართეთ, რომელიც თავისუფლების მოედანზე მდებარე პარკირების ადგილზე გააჩერა. მივედით და მანქანა აღარაა 😐 თან ერთხელ უკვე მოხდა მსგავსი რამ: ერთგან გაჩერებული მანქანა სხვაგან აღმოჩნდა სრულიად აუხსნელი მიზეზების გამო. მე ისიც კი ვიფიქრე, უცხოპლანეტელებმა ხომ არ გადაწიეს-მეთქი 😐 ვეძებეთ, ვეძებეთ და ახლო-მახლო ვერსად ვიპოვეთ. საგონებელში ჩავვარდით, ხოდა მერე გავარკვიეთ, რომ თურმე იმ ადგილზე არ შეიძლებოდა ავტომობილის გაჩერება და ევაკუატორით წაიყვანეს საჯარიმო სადგომზე. არადა სხვა მანქანებიც იდგა გარშემო. მაგრამ ბოლოს ყველაფერი კარგად დასრულდა: მანქანა პატრონს ჩაბარდა.
გარდა იმისა, რომ დღეს (უკვე გუშინ) საინტერესო პრეზენტაციისა და “უჩვეულო” ამბის მომსწრე გავხდი, პირველად დავხატე ზეთის საღებავებით და ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით ფუნჯის მოსმის პროცესი. ჩემი აზრით, ფუნჯით საღებავის მოსმა ტილოზე არის საუკეთესო დამამშვიდებელი თერაპია. ჩემს “შედევრს” არ გაგაცნობთ, ჯერ ადრეა ამისთვის :)))

, , , , , , , , , , , , , , , ,

2 Comments