Posts Tagged მერია

ცხოველთა საერთაშორისო დღე თბილისში

Photo1791a

ოთხ ოქტომბერს ცხოველთა საერთაშორისო დღე ცხოველთა დამცველებმა თბილისში საპტოტესტო აქციით აღნიშნეს. აქციის მთავარი მოთხოვნა იყო იმ პირების პასუხისგებაში მიცემა, რომლებიც სასტიკად ეპყრობიან ცხოველებს. გასულ წლებში ასი ათასამდე უპატრონო ძაღლი სასტიკი მეთოდებითაა მოკლული. თბილისის მერიამ მაწანწალა ძაღლების პოპულაციის მართვისა და შემცირების პრობლემის მოგვარება შპს “დებიუტს” გადააბარა. “დებიუტმა” კი ეს პრობლემა ძაღლების დახოცვით გადაჭრა. თანაც მას ამისთვის სამ მილიონამდე ლარი ერგო ბიუჯეტიდან. არსებობს ამის დამადასტურებელი კადრებიც, რომლებიც გადაცემაში “გრიფის გარეშე” გაშუქდა (36-ე წუთიდან).

თუმცა, დღემდე ამ ფაქტთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, არავინ დასჯილა. სისხლის სამართლის 259-ე მუხლის თანახმად  ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. ხოლო ქმედების განმეორების შემთხვევაში – თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ცხოველთა დამცველმა ორგანიზაციებმა მიმართეს პოლიციას გამოეძიათ ზემოაღნიშნული ფაქტები და დაესაჯათ ცხოველთა მკვლელები, რომლებიც ნათლად ჩანან გადაცემის კადრებში. პასუხად კი ეს წერილი მიიღეს:

p

Photo1797

აი ასე, მოკლედ და მარტივად: მასალები არ შეიცავს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს და გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობსო.

ცხოველებისთვის მაშებით ხერხემლის გადატეხისთვის, ნახევრად ცოცხალი ძაღლების ორმოებში ჩაყრისა და შემდეგ მათზე მჟავის გადასხმისთვის ადამიანებს მილიონებს უხდიან, პოლიცია კი ამაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს. ესაა ჩვენი სამწუხარო რეალობა. როგორც კი ცხოველთა დაცვაზე მიდგება საუბარი, მაშინვე გამოხტებიან ჭკუის მსწავლებლები: ცხოველებზე ზრუნვას სჯობს გაჭირვებულებს დაეხმაროთო. ჩვენი საზოგადოებისთვის ეს პრობლემა მეასეხარისხოვანია, მაგრამ საბედნიეროდ არსებობენ ადამიანები, ვისაც ეს თემა ადარდებს და არ იშურებს ძალებს ცხოველთა დასაცავად.

Photo1787a

Photo1795a

Photo1802b

აქციის საპატიო მონაწილე

აქციის საპატიო მონაწილე

Advertisements

, , , , ,

დატოვე კომენტარი

სოლიდარობა მძღოლებს

ვინ იცის რამდენი დრო, ნერვები და ფული მაქვს დახარჯული დედაქალაქში მგზავრობისას. თითქმის ყოველდღე მინიმუმ 30 წთ ავტობუსს ან სამარშრუტო ტაქსს ველოდები. “ნანატრ” ყვითელი ფერის ტრანსპორტში ხშირ შემთხვევაში იმდენი ხალხია, რომ იქ ასვლას დიდი მოხერხებულობა ჭირდება. ე. წ. მარშუტკების მძღოლები იქამდე უჩერებენ და უჩერებენ მგზავრებს, სანამ მარშუტკაში ხალხი იმ რაოდენობას არ მიაღწევს, რომ ნემსი ძლივს ჩავარდეს.  რამდენჯერ ყოფილა: ვდგავარ გაჩერებაზე იმით გახარებული, რომ ბოლო ავტობუსს მივუსწარი. იქვე დამონტაჟებულ ტაბლოიდს ვაკვირდები ყურადღებით, რომელიც მაუწყებს რომ ავტობუსის მოსვლამდე 15 წთ დარჩა. გადის 15 წთ. ჩამოივლის ავტობუსი და არ აჩერებს. მძღოლი კი გაბრაზებულ მგზავრებს გადასძახებს, რომ “გარაჟში მიდის”. ან კიდევ რამდენჯერ ყოფილა, მაგვიანდება სადმე,  ველოდები ტრანსპორტს, დიდი ხნის შემდეგ მოდის მარშუტკა. მძღოლი სიგარეტს ეწევა და თან გვერდით მჯდომ ნაცნობს ესაუბრება. მარშუტკა კი კუს ნაბიჯებით მიიწევს წინ.  “იქნებ ოდნავ უფრო სწრაფად იაროთ” ვეუბნები მძღოლს, ის კი გაბრაზებული ტონით მპასუხობს “თუ არ მოგწონს, შეგიძლია ტაქსით იარო” :/ არც სამგზავრო წესების დაცვით გამოირჩევიან მძღოლები და ხანდახან არც მგზავრებისადმი პატივისცემით (რა თქმა უნდა ყველას არ ეხება). Read the rest of this entry »

, , , , , ,

2 Comments

თბილისის მერიის მორიგი სიურპრიზი

გუშინ მეტროს სადგურებში სალაროებთან უჩვეულო რიგები იდგა. თბილისის მერიამ მცირე სიურპრიზი მოუწყო მოქალაქეებს: სამგზავრო ბარათის მფობელებს უსასყიდლოდ 5 ლარი ერიცხებათ. 5 ლარიანი სატრანსპორტო ვაუჩერის გააქტიურება ნებისმიერი მეტროსადგურის სალაროში შეიძლება 1 იანვრამდე. ეს ამბავი თბილისელებს თავად მერმა, გიგი უგულავამ, ახარა გუშინ მეტროსადგურ “ავლაბარში” სტუმრობისას. ცოტა უნცაურია ამ სიურპრიზის მიზეზი, რომელსაც მერია ასახელებს – გაძვირებული მგზავრობის კომპენსაცია. რატომ გაახსენდათ გაძვირებული ტრანსპორტით შეწუხებული მოქალაქეები მაინცდამაინც ახლა, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი უკვე რამდენიმე თვეა რაც გაიზარდა? ან რატომ გადაწყვიტეს, რომ კომპენსაციისთვის 5 ლარი კმარა?

ფაქტია, რომ მიუხედავად მგზავრობის ღირებულების გაძვირებისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ისევდაისევ ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული: ტრანსპორტის გადაადგილების მოუწესრიგებელი გრაფიკი, გადატენილი ავტობუსები, ერთი უბნიდან მეორეში მოსახვედრად რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლის საჭიროება, ძველი “მარშუტკები” ძველი პირობებით და ახალი, გაძვირებული ტარიფი. თუ მართლა მოქალაქეთა კომფორტულ მგზავრობაზე ზრუნავს მერია, არ ჯობდა ის 5 მილიონი ლარი, რაც ბარათებზე თანხის ჩარიცხვისთვის გამოიყო, სხვა რამისთვის, თუნდაც ზემოთჩამოთვლილი პრობლემების მოსაგვარებლად გამოეყენებინა? :/

მოკლედ, ტყუილად ცდილობს მერია მოქალაქეთა გულის მოგებას ამ ნაბიჯით, რომელიც, სხვა არაფერია, ჩემი აზრით, თუ არა თბილისის ბიუჯეტის თანხების უმიზნო ხარჯვა. :/

, , , , , , , , ,

3 Comments

გაგრძელებული და გაბანძებული DJ@Fest

მართლა ძალიან გამიხარდა ამ ფესტივალის გამართვის შესახებ რომ შევიტყე. თბილისში ჯერ კიდევ ბევრი ახალგაზრდაა, ვინც დასასვენებლად არ წასულა ან ვერ მიდის, მათთვის მსგავსი ღონისძიებები გართობისა და დასვენების ნამდვილად კარგი საშუალებაა. და არამარტო მათთვის, ზოგადად ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის. წესით DJ@Fest 1 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა თბილისის მერიამ ფესტვალის ორგანიზატორებს შესთავაზა მისი 3 დღით გაგრძელება და ხარჯებიც საკუთარ თავზე აიღო. Read the rest of this entry »

, , , , , , , , , ,

6 Comments

“ოროსნები” კონფორმისტების წინააღმდეგ

მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა მეთორმეტეკლასელების პროტესტს სკოლის დამამთვარებელი გამოცდების დანიშვნასთან დაკავშირებით, “ოროსნების” რევოლუცია უწოდა, ქართულმა საზოგადოებამ მყისვე აიტაცა ეს სიტყვები და არ მოაკლო კრიტიკა მოსწავლეთა პროტესტს. გამოჩდნენ განათლებული, ბეჯითი და ჭკუისდამრიგებელი მოქალაქეები, რომლებმაც არ დაიშურეს რჩევები მეთორმეტეკლასელთათვის: აქციების გამართვას სჯობს ისწავლოთო. ბევრმა საკუთარი წარსულიდანაც მოიყვანა მაგალითები: გაიხსენეს, როგორი ძნელი იყო მათ დროს გამოცდების ჩაბარება, როგორ დააკლეს თავი საგნების სწავლას და საბოლოოდ როგორ ჩააბარეს ურთულესი გამოცდები. ზოგმა ვერ დამალა საკუთარი აღშფოთება მოსწავლეების პროტესტთან დაკავშირებით და ამბოხებული მეთორმეტეკლასელები შეამკო ისეთი ეპითეტებით, როგორიცაა “უვიცები”, “ხეპრეები”, “კეკელკები” და ა.შ.

პირადად მე გამიხარდა ამ პროტესტის შესახებ რომ შევიტყვე: საქართველოში მოსწავლეები მაინც აღმოჩნდნენ იმდენად გაბედულები, რომ საკუთარი უკმაყოფილების გამოხატვას არ მოერიდნენ. მათგან განსხვავებით სტუდენტები დუმან. მიუხედავად იმისა, რომ დუმილისა და მშვიდად ყოფნის მიზეზს თუნდაც თბილისის მერიის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება არ უნდა აძლევდეთ. ვგულისხმობ ავტობუსის მთელი რიგი ნომრების გაუქმებას, რამაც სტუდენტებს ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა (გაორმაგებული სამგზავრო ხარჯები + გაორმაგებული დრო დანიშნულების ადგილზე მისაღწევად). მოკლედ კონფორმისტი სტუდენტების შემხედვარე ამ მცირე საპროტესტო აქციამ მომცა იმედი, რომ საქართველოში არსებობს ახალგაზრდა თაობა, ვისაც შეუძლია ღიად გამოხატოს საკუთარი კრიტიკული აზრი.

განვიხილოთ სკოლის მოსწავლეთა პროტესტის საკითხი უფრო დაწვრილებით:

რამდენად სამართლიანია მეთორმეტეკლასელების პროტესტი?

დავიწყოთ თავიდან: ბოლო სამი წლის განმავლობაში განათლების მინისტრი სულ რაღაც 5–ჯერ შეიცვალა (ამ ხუთიდან მახსოვს ნიკა გვარამია, ნოდია და შაშკინი). დღევანდელი მეთორმეტეკლასელები უამრავი სიახლის “მსხვერპლნი” გახდნენ. მეათე კლასში ისინი საბუნებისმეტყველო საგნებს ტრიმესტრულად სწავლობდნენ: ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლოდბნენ მხოლოდ ერთ საბუნებისმეტყველო საგანს, შემდეგ სემესტრში _ მეორე საბუნებისმეტყველო საგანს, მესამეში კი მესამეს. მე–11 კლასში ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის სწავლა არჩევითი იყო. ბოლო წელს კი მათ გამოუცხადეს, რომ უნდა ჩააბარონ 8 გამოცდა შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ერთი უცხო ენა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია. არადა მე–11 კლასში ზოგს საერთოდ არ უსწავლია საბუნებისმეტყველო საგნები. დიდი ალბათობაა იმისა, რომ წინა კლასებშიც არ აქვთ შეძენილი ამ საგნებში ღრმა ცოდნა: დღეს არავინ დავობს იმაზე, რომ სკოლათა უმრავლესობაში სწავლების ხარისხი ძალიან დაბალია.

მეთორმეტეკლასელებს ერთი წელი დარჩათ გამოცდებისთვის მოსამზადებლად. ეს პერიოდი კი იმისთვის, რომ ისწავლო რამდენიმე წლის მასალა, თანაც რამდენიმე საგანში, ძალიან მცირე პერიოდია. განსაკუთრებით  რთულ მდგომარეობაში არიან ის მოსწავლეები, რომლებსაც არ აქვთ რეპეტიტორებთან მომზადების საშუალება. ახლა კიდევ გამოჩნდებიან ზეჭკვიანი ადამიანები და იტყვიან, რომ რეპეტიტორთან მომზადება სულაც არაა საჭირო, რომ ადამიანს თვითონაც შეუძლია სწავლა. არსებობს ბევრი საგანი, სადაც მართლაც არც ისე რთულია მასწავლებლის, რეპეტიტორის დახმარების გარეშე წიგნების საშუალებითა და საკუთარი მონდომებით აითვისო მასალა. მაგრამ არსებობს რთული საგნებიც, სადაც მხოლოდ წიგნის საშუალებით ძნელად რამეს თუ მიხვდები. ბოლოსდაბოლოს, თუკი  ადამიანი ასეთი ჭკვიანია, რომ სხვის დაუხმარებლად შეუძია ყველაფრის სწავლა, მაშინ  რაღა საჭიროა სკოლები და უნივერსიტეტები.

დასკვნა: მოზარდებს სთხოვენ იმ საგნებში გამოცდების ჩაბარებას, რომლებიც სასწავლო პროგრამიდან ამოღებული იყო. განა უსამართლობა არ არის? არავინ ამბობს, რომ გამოცდები არაა საჭირო. უბრალოდ სანამ გამოცდებს დანიშნავდნენ, სჯობდა სკოლაში სწავლების ხარისხი აემაღლებინათ. მოსწავლეები კი გამოცდების შესახებ უფრო ადრე უნდა გაეფრთხილებინათ. ასე, რომ პროტესტი ძალიან სამართლიანია.

დავუშვათ, რომ მეთორმეტეკლასელების პროტესტი ყოველგვარ სამართლიან მიზეზს მოკლებულია. მიუხედავად ამისა, ნებისმიერ მოსწავლეს აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი და ამისთვის არ უნდა დაატოვებინონ თანამდებობები დირექტორებს, როგორც ეს ჩვენთან მოხდა. სულაც რომ არ ეთანხმებოდე ზემოთხსენებულ პროტესტს, როგორ უნდა გაამართლო დირექტორების მოხსნა თანამდებობებიდან, მხოლოდდამხოლოდ იმის გამო, რომ მათი მოსწავლეები საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ!
 

ვინ არიან “ოროსნები”?

ძალიან დავინტერესდი ვინ იყვნენ რევოლუციონერი “ოროსნები”. რადიო თავისუფლების ვებგვერდზე გავეცანი ინტერვიუს ერთერთ ‘ოროსანთან”: ანიმ მშვენიერი წარმოდგენა დამიტოვა _ მოაზროვნე ადამიანისა და საინტერესო მოსაუბრის. მოკლედ, სამწუხაროა, რომ ტენდენციური შეფასებების ავტორად პრეზიდენტი გვევლინება და საზოგადოებამაც, პირველ რიგში მედიამ, ყოველგვარი კრიტიკის გარეშე აიტაცა ეს შეფასებები.

ასე, რომ პატივი ვცეთ ამ მოზარდების აზრს და მოვუსმინოთ.
მათ საყუდარღებოდ, ვინც ამ პროტესტში მხოლოდდამხოლოდ “ოროსნების” რევოლუციას ხედავს: შეეშვით დემაგოგიას, ნუ (ჰ)კიცხავთ განსხვავებულ აზრს!

, , , , , , , , , , , , , , , ,

4 Comments

აჯაფსანდალი, რომელიც მერიამ შემოგვთავაზა

დღეს დიდი აურზაური იყო თბილის-ქალაქში. დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობდა სრულიად საქართველო. ჯერ ყვავილების ფესტივალი გაიმართა შარდენზე, გმირთა მოედანზე მემორიალი გაიხსნა, ევროპის მოედანზე კი ყვავილების საათი გაკეთდა, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობაც დღეს დასრულდა, ამ ყველაფერთან ერთად ტრადიციულად აღლუმიც მოეწყო. დამოუკიდებლობის დღის ზეიმი დაგვირგვინდა, როგორც ქართული მედია გვაუწყებს, გრანდიოზული გალა-კონცერტით. სპეციალურად ამ კონცერტისთვის საქართველოში ჩამოვიდა Boney M, ასევე მანანა მენაბდე და ნიკა კოჩაროვი. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ფრიად გავოცდი კონცერტის მონაწილეთა ვინაობა რომ გავიგე: სად კოჩაროვი და სად გულნაზ გოლეთიანი, ან სად ლადო ბურდული და სად სუხიშვილები :|ალბათ მიზანი რაც შეიძლება მეტი ხალხის მოზიდვა იყო, რასაც მიაღწიეს კიდეც. თავიდან ამდენი ადამიანი რომ დავინახე, რატომღაც ჯექსონის კონცერტი გამახსენდა. უამრავი ფანი რომაა შეკრებილი, თან ყვირიან “მაიკლ, მაიკლ!!!” და მაიკლის დანახვაზე გული მისდით. მშვიდობის ხიდთან შეკრებილ ხალხს ვისი ნახვა ან მოსმენა უნდოდა, არ ვიცი. ფაქტია, რომ თუ მთლად სცენასთან არ იდგებოდი, ეს შეუძლებელი იყო: მუსიკის უსაშინლესი ჟღერადობა იდგა (‘ზვუკი” ანუ). მეგობრებთან ერთად მივედი და 10 წუთზე მეტხანს ვერ გავჩერდი. პრინციპში არც ვაპირებდით იქ დარჩენას, უბრალოდ გვაინტერესებდა რა ხდებოდა. სცენაზე ვიღაც გამოვიდა და მგონი სიმღერა დაიწყო, მაგრამ ჩვენ არაფერი არ გვესმოდა და ვერც ვხედავდით ვინ იდგა სცენაზე. შეიძლება Boney M-ის გამო შეიკრიბა ამდენი მოქალაქე. მაგრამ მე თუ მკითხავ, რაღა დროს Boney M-ია, ან აღარ მობეზრდათ როგორც ჩემი ერთი მეგობარი ამბობს ხოლმე, ამ “ნაფტალინისსუნიანი” ჯგუფების ჩამოყვანა? საერთოდ კი ასეთი დასკვნა გამოვიტანე, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, ასეთ კონცერტს არ უნდა დაესწროს.
დღეს ზუგდიდშიც დიდი აურზაური იყო: იქაც კონცერტი მოეწყო, სადაც მონაწილეობდნენ MС Solaar, Youssou N’dour, Youssoupha, DJ Maia K, Jane Birkin, Grace, ასევე სალომე კორკოტაშვილი, მგზავრები, პორნოპოეზია, String, Rema. იმედი მაქვს, რომ იქ უკეთესი სიტუაცია იყო, ვიდრე აქ მშვიდობის ხიდთან. კონცერტი დევნილების მხარდასაჭერად გაიმართა. ერთერთ პლაკატს რომ მოვკარი თვალი, საიდანაც MС Solaar ნაღვლიანი მზერით შემომცქეროდა, ქვემოთ კი წარწერა იყო “დღეს მეც დევნილი ვარ”, გული ამიჩუყდა და რამის თვალზე ცრემლი მომადგა. ძალიან კარგია, რომ ზუგდიდში გაიმართა ასეთი ღონისძიება, აბა ყველაფერი მარტო თბილისში ხომ არ უნდა ხდებოდეს? ისიც კარგია, რომ დევნილები გვახსოვს და მათ დახმარებას ვცდილობთ. მაგრამ სამწუხაროა, რომ საქართველოში გამართულ კონცერტთა უმეტესობას პოლიტიკური დათვირთვა აქვს და მუსიკა მეორეხარისხოვანია. ამაზე კარგი პოსტი დაწერა ნასტასიამ.

გაღიზიანებული წამოვედი სახლში, ამდენი ხალხის ბედნიერი სახე რომ ვნახე. მაინც რა უხაროდათ არ მესმის. მერე ალბათ ტვ-ში შემდეგი სახის კომენტარებს გააკეთებენ:”არაჩვეულებრივი კონცერტი იყო. ძალიან ვისიამოვნე. კარგი იქნება თუ ხშირად გაიმართება მსგავსი ღონისძიებები. მადლობა მერიას.”
მე კი ჩემდათავად ვიტყვი, მადლობა მერიას არაჩვეულებრივი აჯაფსანდალისთვის!

გთავაზობთ 26 მაისის სურათებს, ცუდი ხარისხისაა, მაგრამ მათი დადება მაინც გადავწყვიტე 🙂


მშვიდობის ხიდს მოუხდა სცენა 😛


ხალხი “გრუზავიკზე” შემომსხდარიც კი ადევნებდა თვალყურს კონცერტს :დ


პირდაპირი ჩართვა რუსთავი2-დან


ეს ფოტო არაფერ შუაშია დღევადნელ კონცერტთან, უბრალოდ გაჩერებაზე შემთხვევით ვნახე და საინტერესოდ მომეჩვენა 😛

, , , , , , , , , ,

9 Comments

%d bloggers like this: