Posts Tagged რეალობა

მკვლელი სოციალური მედია

სოციალური მედია კლავს ურთიერთობებს, კლავს რეალობასა და ირეალურ სამყაროში გვძირავს. ამასწინათ კიდევ ერთ აზრს გავეცანი, რომლის მიხედვითაც სოციალური მედია ვების მკვლელადაც წარმოგვიდგება. ვებმა დაკარგა მნიშვნელობა, აღარაა საჭირო ინტერნეტ-ბრაუზერისა და უამრავი ტაბის გახსნა, სხვადასხვა ვებგვერდის შემოწმება: ამ ყველაფრისთვის ერთი აპლიკაციაა საკმარისი. სოციალური მედიის გარეშე ვებგვერდი მკკვდარია – სწორედ ფეისბუქი, ტვიტერი, სხვა სოციალური ქსელები  აცოცხლებს მას. ერთი სიტყვით, სოციალური მედია დანამომარჯვებულ პირსისხლიან მკვლელად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.

murderer - social media

არის ამაში სიმართლის მარცვალი, ისევე როგორც ბევრ სხვა ბრალდებაში. მაგალითად ის, რომ არაჯანსაღ დისკუსიას უწყობს ხელს და უამრავ სულელს აძლევს საშუალებას გახდნენ პოპულარულები. ჭორებს რომელიმე ცნობილი ფიგურის სექსუალური ცხოვრების შესახებ უფრო მეტი მკითხველი ჰყავს, ვიდრე კარგ სამეცნიერო სტატიას. ამიტომ დიდი შანსია სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია თქვენს ნიუსფიდს მიღმა დარჩეს. გაზიარებული სიახლის ვიზუალურ მხარეს უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება მნახველის მხრიდან, ვიდრე მის შინაარს: გინდა არ გინდა, სანამ შიგთავსამდე მიაღწევ, შეფუთვამ უნდა მიიქციოს ყურადღება. ამიტომ შეფუთვა შიგთავსზე მეტ მნიშვნელობას იძენს. ნაკლები ტექსტი, მეტი ვიზუალი. თუმცა, სოციალური მედიის გარეშეც, ასეთი ნიუსები, სამწუხაროდ, უფრო პოპულარულია. ახალი მედია ნიღბის მორგებისა და საკუთარი თავის წარმოჩენის მორიგი საშუალებაცაა: ქსელებში თითქმის ყველა ვცდილობთ ვიყოთ ჭკვიანი, ლამაზი, კეთილი, ლაღი, ბედნიერი, ერთმანეთს თბილ-თბილ სიტყვებს ვუწერთ, ღიად ვუტყდებით გრძნობებში, მაშინ როცა რეალობაში ერთმანეთთან სულაც არ გვაკავშირებს ასეთი თბილი გრძნობები. ბოლოს ყველაფერი გულისამრევ სიყალბემდე დადის.

Essena_O_Neill - მოდელი, რომელმაც ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ სოციალური მედია არაა რეალური ცხოვრება და აქამდე სიყალბეში ცხოვრობდა.

Essena_O_Neill – მოდელი, რომელმაც ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ სოციალური მედია არაა რეალური ცხოვრება და რომ ამ დღემდე ერთ დიდ სიყალბეში ცხოვრობდა.

ინსტაგრამის ვარსკვლავის – ავსტრალიელი მოდელის “აღსარება” მახსენდება, რომელიც ერთ მშვენიერ დღესაც აღმოაჩენს, რაოდენ დიდ სიყალბეში ცხოვრობდა ამდენი ხანი.  მოდელი თავის გულისამაჩუყებელ ვიდეოში თვალზე ცრემლმომდგარი გვიყვება, რომ მისი ცხოვრება, რომელსაც თვალს უამრავი ფოლოუერი კომპიუტერების, პლანშეტებისა თუ მობილურების ეკრანებიდან ადევნებს, სულაც არაა ისეთი, როგორიც ჩანს. ფოტოები, სადაც გოგონა უნაკლოდ გამოიყურება, ერთი და იმავე კადრის უამრავჯერ გადაღებისა და იქიდან საუკეთესოს ამორჩევის შემდეგაა გამოქვეყნებული, ყველა პოსტი, სადაც მოდელი სხვა კომპანიის პროდუქტს ახსენებს, დასპონსორებულია. საბოლოოდ, მოდელი გადაწყვეტს, თავი დაანებოს სოციალურ მედიას და დაუბრუნდეს რეალურ ცხოვრებასა და პროექტებს. მისი ინსტაგრამის აღწერაში ვკითხულობთ: “Social Media is NOT real life” (მისი ინსტაგრამის არხი დღემდე ფუნქციონირებს).

essena

და ბოლოს, ცხოვრებისეულ უბედურებაში მთავარ დამნაშავედ, რა თქმა უნდა, სოციალური მედია გამოგვყავს:

ხშირ შემთხვევაში, სოციალური მედიის უარყოფითი მხარეები უფრო მეტად ადამიანის ბუნების თავისებურებებია, ვიდრე მედიის მახასიათებლები. ჩვენ თვითონვე ვართ ყალბები, დიდი ტექსტის კითხვას მოკლე გვირჩევნია, სკანდალები გვაინტერესებს, დროს სწორად ვერ ვანაწილებთ  და მერე იმაზე ვწუწუნებთ, რამდენ დროს ვხარჯავთ ეკრანებთან. თუ საგზაო შემთხვევების სტატისტიკას გადავხედავთ, არაფერია იმაზე სახიფათო, ვიდრე ავტომობილით მგზავრობა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ავტომობილით გადაადგილებაზე უარი უნდა ვთქვათ. ჩვენ უფრო მეტი უნდა ვიმუშავოთ საკუთარ თავებზე.

სოციალური მედია სარკესავითაა – ძალიან კარგად ჩანს საზოგადოების ნაკლოვანებები და სუსტი მხარეები. ბევრს არ უყვარს სარკეში ჩახედვა და საკუთარი სიმახინჯის დანახვა, მაგრამ სარკეზე უარის თქმით საკითხი არ გამოსწორდება და უკეთესებიც არ გავხდებით.

 

Advertisements

, , , , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

ზღაპრები ალტერნატიული დასასრულით

“ცხორობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად” – ზღაპართა უმრავლესობა ამ წინადადებით სრულდება ხოლმე. მაგრამ რა მოხდება თუ “ჰეფი ენდის” ნაცვლად ზღაპარს რეალური, ცხოვრებისეული დასასრული ექნება? როგორ იცვლება ზღაპრის გმირთა ცხოვრება “ჰეფი ენდის” შემდეგ? რა იქნება, თუ მათი ცხოვრება სულაც არ გაგრძელდება ისე, როგორც ზღაპარშია მოთხრობილი? ფოტოგრაფი დინა გოლდსტეინი შეეცადა პასუხი გაეცა ამ კითხვისთვის და შემოგვთავაზა ფოტო-პროექტი, სადაც დისნეის პრინცესები რეალური ცხოვრებისეული პრობლემების წინაშე დგანან. “პატარაობისას ჩემი ქალიშვილი ძალიან გატაცებული იყო დისნეის პრინცესებით. ამავე პერიოდში დედაჩემს მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. დავფიქრდი: რა მოხდება თუკი პრინცესებსაც მოუწევთ კიბოსთან, ფინანსურ პრობლემებთან ან სხვა ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავება?”- ყვება დინა. ასე გაჩნდა პროექტის ‘Fallen Princesses'(“დაცემული პრინცესები) იდეა.

ფიფქია: ჩემი ფავორიტი ფოტო ამ პროექტიდან. ძალიან ნაცნობი სიტუაციაა, ბევრის სასიყვარულო ამბავი საოცნებო ზღაპარივით იწყება, დაქორწინების შემდეგ კი ყველაფერი იცვლება: თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი გაზულუქებულ ქმრად იქცევა, რომელსაც ტრადიციულად ტელევიზორის ყურება და ბრძანებების გაცემა უყვარს, ცოლი კი შინამოსამსახურის და ბავშვების მომვლელის ფუქნციას ასრულებს. 

dina

რაპუნცელი: პრინცესას კიბოს დიაგნოზს დაუსვამენ და ის თავის მშვენებას – თმას კარგავს 

dina2

ბელი: პრინცესა არაა უკვდავი, ამიტომ ასაკში შესვლისას მასაც მოუხდება ნაოჭებთან ბრძოლა სილამაზის შესანარჩუნებლად. ამის მისაღწევად პრინცესა პლასტიკურ ქირურგიასაც მიმართავს.

dina3

ჟასმინი: არაბული სამყაროს არასტაბილურ გარემოს თუ გავითვალისწინებთ, სულ არ იქნება უჩვეულო, ჟასმინს ხელში იარაღის დაჭერა და ქვეყნისთვის ბრძოლა მოუწიოს, ისევე როგორც ამ რეგიონში მცხოვრებ ბევრ ქალს.

dina4

წითელქუდა: ერთ დღეს ის დედის გამომცხვარ ღვეზელს McDonald’s-ის პროდუქტს არჩევს, შედეგად კი წონაში მოიმატებს

dina5

არიელი: მას, მხოლოდ იმიტომ რომ ქალთევზაა, აკვარიუმში მოათავსებენ და ყოველდღიურად ათასობით ადამიანის ცხნობისმოყვარე მზერის ატანა მოუწევს.

dina6

პოკაჰონტასი: საყვარელი მამაკაცის ლოდინის გამო გოგონა დეპრესიაში ჩავარდება. ის სახლში ჩაიკეტება და მისი ერთადერთი საზრუნავი შინაური ცხოველები იქნებიან.

dina7

მძინარე მზეთუნახავი: მისი ძილი ძალიან დიდ ხანს გასტანს, პრინცს ამასობაში ჭაღარაც გაუჩნდება და მოხუცთა სახლშიც მოხვდება, მაგრამ სიყვარულის გამოღვიძების იმედს მაინც არ დაკარგავს.

dina8

პრინცესა ბარდის მარცვალზე: დღეს პრინცესა ხარ და სასახლეში ცხოვრობ, ხვალ კი შესაძლოა რადიკალურად შემოტრიალდეს ყველაფერი. ასე დაკარგავს პრინცესა ტიტულს და ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება.

dina9

კონკია: ყოფითი პრობლემებისაგან გასაქცევად ის სპირტიან სასმელებს მიეძალება და ალკოჰოლიკი გახდება

dina10

ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ აქ.

, , , , , , , , , ,

5 Comments

%d bloggers like this: