Posts Tagged სტერეოტიპი

სცენარის შეცვლა

სულ ცოტა ხნის წინ საქართველო მსჯავრდებულების რაოდენობით ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე იმყოფებოდა მსოფლიოს ქვეყნებს შორის.  მიუხედავად  შოკისმომგვრელი ციხის კადრებისა, მაინც ძნელი წარმოსადგენია, რა ხდებოდა ციხეში და რისი გადატანა მოუხდათ იქ მყოფებს. ოდესმე დაინტერესებულხართ, როგორ აგრძელებენ ცხოვრებას ის პატიმრები, რომელთაც მთელი კოშმარი საკუთარ თავზე გადაიტანეს? რა ხდება, როცა მსჯავრდებული სასჯელს მოიხდის და ციხეს ტოვებს? რამდენად შეუძლია ყველაფრის შემდეგ, რაც ციხეში თავს გადახდა, ძველ გზას არ დაუბრუნდეს და შეცვალოს საკუთარი ცხოვრების სცენარი?

ციხიდან გამოსვლის შემდეგ ცხოვრების ახალი, არანაკლებ რთული ეტაპი იწყება. ბევრს არც სახლი აქვს, არც მოუთმენლად ელის ვინმე, ფსიქიკური, ჯანმრთელობის თუ სხვა ათასი პრობლემით პირდაპირ ქუჩაში ხვდება.

shecvale scenari

არ ვიცი, იცით თუ არა, 2012 წელს ყოფილი პატიმრების დასახმარებლად პირველი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახორციელებს. პროგრამის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა. ამის შესახებ ძალიან მწირ ინფორმაცის ვფლობდი, სანამ სამსახურის გამო არ მომიწია პროგრამასთან შეხება.

“შეცვალე სცენარი” – ასე ქვია რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამის მხარდამჭერ საინტერესო ვიდეო-რგოლს. ვიდეოკლიპის მნახველს თავად შეუძლია სცენარის არჩევა და მთავარი გმირის ბედის გადაწყვეტა. სულ მცირე წარმოდგენა რომ შეგექმნათ პროგრამის შესახებ, იხილეთ ვიდეო:

ყოფილი პატიმრები აქ სხვადასხვა პრობლემებით მოდიან: ზოგი თავშესაფარს ითხოვს, ზოგიც სამედიცინო, სოციალური თუ ფსიქიკური პრობლემების მოგვარებას, უმეტესობას სამსახურის შოვნა უნდა. საზოგადოება უფრთხის მათთან ურთიერთობას, ისინი ფაქტობრივად გარიყულები არიან.

მახსოვს ჩემი პირველი შეხვედრა ყოფილ პატიმართან: მუქ ფერებში გამოწყობილ, მკაცრ და არასანდო გამომეტყველების ადამიანად წარმომედგინა. მაგრამ ეს წარმოდგენა პირველივე შეხედვისთანავე შემეცვალა: ყოფილი პატიმარი დიდ ცისფერთვალება, ზრდილობიანი და მორცხვად მომღიმარი ახალგაზრდა აღმოჩნდა. ციხეში მოხვედრის ამბავიც სულ ღიმილით მოყვა. საერთო ინტერესიც გამოვნახეთ: კატები ყვარებია ძალიან და სახლშიც ყოლია რამდენიმე. აი, ამის გაგონებაზე კი საბოლოოდ დამემსხვრა ჩემი სტერეოტიპი.

ხშირად ყოფილი მსჯავრდებულები ისეთ ამბებს ყვებიან, თმები ყალყზე გიდგება. ასეთ დროს, მიუხედავად ყველაფრისა, უნდა ადგე და განაგრძო მუშაობა. ზოგჯერ წარმოუდგენლად მეჩვენება: ადამიანი რომ დასახიჩრებულ სხეულს გიჩვენებს, ვერც კი გიყვება ნორმალურად საკუთარ ამბავს მხოლოდ იმიტომ, რომ ციხეში ყოფნისას ყველა კბილი ჩაუმსხვრიეს, როგორ უნდა განაგრძო მშვიდად მუშაობა? ხანდახან პროგრამის ცხელ ხაზზე (2 145 145) დარეკვისას თავის მოკვლით იმუქრებიან. წარმოგიდგენიათ, როგორ სტრესშია ამ დროს სოციალური მუშაკი, რომელიც ყოფილ პატიმარს ესაუბრება?

რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამა სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს ყოფილ მსჯავრდებულებს. მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებული სერვისები ძალიან კარგია (მაგ. სხვადასხვა ხელობის შემსწავლელი უფასო კურსები), ბევრი მხოლოდ იმიტომ აცხადებს ამაზე უარს, რომ უბრალოდ სასიარულოდ გზის ფული არ აქვს.

უმეტესობას არ ესმის რატომ უნდა დახარჯოს სახელმწიფომ  რესურსები ყოფილ პატიმრებზე, როცა სხვა კანონმორჩილ მოქალაქეებსაც სჭირდება დახმარება. მათ არ ესმით, რომ ეს ყველაფერი ისევ და ისევ საზოგადოების უსაფრთხოებისთვისაა. შეუძლებელია, მხოლოდ ცალკეულმა სახელმწიფო სტრუქტურამ მოაგვაროს პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პრობლემა, თუ სხვა მოქალაქეებმაც არ გაიზიარეს ეს აზრი. კარგი იქნება საზოგადოებამ გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და დაეხმაროს ყოფილ მსჯავრდებულებს სცენარის შეცვლაში.

Advertisements

, , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

სტერეოტიპები, რომლებიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს

ქართველები ნიჭიერები, მაგრამ ზარმაცები ვართ (პ.ს ზოგადად გამოთქმა “ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი” :დ)

ქართველის ბუნებაში კანონმორჩილება არ დევს

ლამაზი ქალი სულელია

ქალს უყვარს როცა მამაკაცი უხეშად ეპყრობა

ქალს არ უნდა ენდო

კაცები არ ტირიან

ყველა კაცი (ქალი) ერთნაირია

ქალი ცუდი მძღოლია

ქალის მთავარი ფუნქციაა იყოს კარგი მეუღლე და დედა

რუსი ქალები გიჟდებიან ქართველ კაცებზე

კაცი ქალზე ჭკვიანია (ამას ხშირ შემთხვევაში მოსდევს “აბა, დამისახელე რომელიმე მეცნიერი ქალი”)

კაცს არ უხდება გრძელი თმა, პირსინგი და ა.შ

როკერები სატანისტები არიან

ესაა რაც გამახსენდა. (რომ გამახსენდება კიდევ დავამატებ :დ) თქვენ მიერ შეძულებული სტერეოტიპებიც დაამატეთ კომენტარებში.

პ. ს გილოცავთ ახალ 2012 წელს! გისურვებთ თქვენი სტერეოტიპების მსხვრევას :დ 🙂

, , , , , ,

15 Comments

იქ არ მოხვდით

მე არ ვიტრიალებ სამზარეულოში ციბრუტივით, სულაც არ მაინტერესებს რუტინული საოჯახო საქმეები…

მე არ გავრეცხავ ქმრის “ნასკებს”, ან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვითონაც თანახმა იქნება ჩემი “ნაკსების” გარეცხვაზე…

მე არ დაველოდები ქმარს გვიანობამდე და არ შევეხვეწები ტელეფონით “მალე მოდი –მეთქი”. ამის ნაცვლად წავალ სადმე კარგ წვეულებაზე და ქმარზე გვიან დავბრუნდები სახლში…

ქმარს არ გავუბურღავ ტვინს თხოვნებით “ბევრი არ დალიო”: მასზე ორჯერ მეტს დავლევ, ისე რომ მის ინტერესებში უფრო შედიოდეს ჩემზე ნაკლების დალევა.

არცერთი კაცის ღალატს არ გავამართლებ ფრაზით, რომ “ბოლო–ბოლო კაცია”.

არ ჩავიცვამ მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და მოკლე კაბას მხოლოდდამხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას თავი მოვაწონო.

მე არ დაველაპარაკები შეყვარებულს (ქმარს, ბოიფრენდეს, გულისსწორს…) დაყენებული სექსუალური ხმით და არასოდეს მოვისაყვარლებ თავს.

ჩემგან ვერ მოისმენთ ფრაზას “ყველა კაცი ერთნაირია” ან “ქალს არ უნდა ენდო”. ნურც ჩემთან საუბარში გამოიყენებთ მსგავს სულელურ წინადებებს. 🙂

და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენ რამეს არ ვიზამ. უბრალოდ ახლა არ მახსენდება.(ჩავასწორებ პოსტს როცა გავიხსენებ 🙂 )

მე ვერ გავამართლებ თქვენს გენდერულ სტერეოტიპებს.

როცა ნომერი ეშლებათ და ჩემთან სახლში ხვდებიან დარეკვისას, დედაჩემი აქცენტით და ძალიან სასაცილოდ ეუბნება ხოლმე “ტკვენ იკ არ მოხვდიტ”. ხოდა ასე, რომ sorry, მაგრამ თქვენ იქ არ მოხვდით!

 

 

 

, , , , , ,

11 Comments

სტერეოტიპების ავი და კარგი

დღეს სიტყვა “სტერეოტიპს” ძალიან ხშირად იყენებენ. ძირითადად თანხმდებიან იმაზე, რომ ქართველების აზროვნება გაჯერებულია სტერეოტიპებით, რომ ჩვენ ძალიან ჩამორჩენილები ვართ. ყველა, ვისაც უნდა პროგრესულ მოაზროვნედ მიიჩნიონ, ხაზს უსვამს იმას, რომ სტერეოტიპულად არ აზროვნებს. მოკლედ ამ სიტყვას მხოლოდ უარყოფით კონტექსტში ხმარობენ. არადა სტერეოტიპსაც გააჩნია თავისი კარგი მხარეები.

სტერეოტიპი _ ესაა განზოგადებული წარმოდგენა ადამიანთა ჯგუფის შესახებ, ძირითადად პიროვნულ მახასიათებლებზე. სტერეოტიპი შესაძლებელია იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შინაარსის. მაგალითად, პოზიტიური შინაარსის მატარებელია: “გერმანელები არიან შრომისმოყვარეები.”
ასევე არსებობს აუტო– და ჰეტეროსტერეოტიპი, აუტოსტერეოტიპი ეხება საკუთარ ჯგუფს, ხოლოდ ჰეტერო _ სხვა ჯგუფებს. ზოგჯერ აუტო და ჰეტეროსტერეოტიპები ემთხვევა ერთმანეთს.
სტერეოტიპი შეიძლება გადაეცემოდეს თაობიდან თაობას ისე, რომ ადამიანს რეალურად შეხებაც არ ჰქონდეს მის ობიექტთან. სტერეოტიპის ჩამოყალიბების ერთერთი ხელშემწყობია მედია და ასევე მცირეხნიანი და შეზღუდული კონტაქტი ამა თუ იმ ჯგუფთან.
სქემა, რომელიც ჩანერგილია ადამიანის გონებაში, გავლენას ახდენს მის შემდგომ აზროვნებაზე. იმ შემთხვევაშიც კი როცა ადამიანი ხედავს სტერეოტიპის (რომელსაც ეთანხმება) საწინააღმდეგო ფაქტებს, მაინც ემხრობა მას. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანი ყურადღებას აქცევს და “სათვალავში” აგდებს იმ ინფოს, რომელიც მხარს უჭრეს მის წარმოდგენებს, იმ ინფო–ს კი რომელიც არ შეესაბამება მის სტერეოტიპს, უგულებელყოფს. ეს საშუალებას აძლევს შეაფასოს საკუთარი თეორიები როგორც სწორი (ადამიანს კი ყოველთვის აქვს სურვილი იყოს სწორი).

სტერეოტიპი შეიცავს საშიშროებას, რომ მის საფუძველზე ადამიანი განახორციელებს დისკრიმინაციულ ქცევას სხვა ჯგუფის მიმართ.

სტერეოტიპის დადებითი მხარეები

1. პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ სტერეოტიპი შეიძლება იყოს სიმართლისშემცველი. თუკი ასეა, ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდის სტერეოტიპი, ყურადსაღებია. მაგალითად, ერთერთი კვლევის მონაწილეების ერთ ჯგუფს უჩვენეს ფოტოსურათი და უთხრეს ფოტოსურათზე გამოსახული ადამიანის სახელი და გვარი. მეორე ჯგუფს კი უთხრეს ადამიანის სახელი და გვარი და ასევე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ის იყო კოლეჯის სტუდენტი. ორივე ჯგუფს სთხოვეს დაეხასიათებნათ ეს ადამიანი. მეორე ჯგუფის გაკეთებული დახასიათება უფრო ზუსტი აღმოჩნდა. მათ უცნობ ადამიანზე ილაპარაკეს იმ სტერეოტიპებზე დაყრდნობით, რომლებიც ზოგადად კოლეჯის სტუდენტს ეხება.

2. სტერეოტიპი არის ნორმალური ფსიქოლოგიური პროცესის პროდუქტი. ესაა გარკვეული ტიპის სქემა, რომელიც გვეხმარება ინფორმაციის დამუშავებაში. ადამიანზე ყოველ წამს უამრავი სტიმული მოქმედებს, შეუძლებელია ყველა ამ სტიმულის დამუშავება. როდესაც გაქვს წინასწარ შემშავებული სქემა, ადვილად უმკლავდები ინფორმაციის სიმრავლეს.

გავითვალისწინოთ

სტერეოტიპებმა შეიძლება ითამაშოს ორიენტირის როლი სხვა კულტურისა თუ ჯგუფის წამომადგენლებთან ურთიერთობისას, თუმცა მათი გამოყენება მხოლოდ პირველი შეხვედრისას უნდა ხდებოდეს. სხვა ჯგუფის წარმომადგენელთა უფრო კარგად გაცნობის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ ამ სტერეოტიპების სისწორე _ და ამის შესაბამისად უგულებელვყოთ ან განვამტკიცოთ.
ადამიანმა უნდა გააცნობიეროს საკუთარი სტერეოტიპები. მანდ უნდა იცოდეს, რომ საკუთარი ინტერპრეტაციები შეიძლება იყოს როგორც სწორი, ასევე მცდარი, რომ ნებისმიერი ჯგუფის შიგნით არსებობს ინდივიდუალური განსხვავებები.
ვისაც უფრო დაწვრილებით გაინტერესებთ ამის შესახებ, წაიკითხეთ დევიდ მაცუმოტოს “ფსიქოლოგია და კულტურა”

, , , , , , , ,

3 Comments

ქალის ადგილი – სამზარეულო


ქალების ადგილი სამზარეულოშია – ეს აზრი ხშირად მსმენია “ძლიერი სქესის” წარმომადგენლებისგან. ასე ძირითადად 40 წელს გადაცილებული ადამიანები ფიქრობენ. მაგრამ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ეს აზრი ჩემივე თანატოლებისგან მოვისმინე. არადა მე პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდებად მიმაჩნდნენ 😐 დიდი კამათი მოგვივიდა ამ თემაზე. მე ვთქვი, რომ დიახაც არ ვაკეთებ საჭმელს და არ “ვბზრიალებ” სამზარეულოში, რადგან ეს საქმე არ მიყვარს. საერთოდ არ მესმის, რატომ უნდა დახარჯო დრო იმ საქმის კეთებაზე, რაც არ გიყვარს. მითუმეტეს, რომ რამდენიმე საათში მთელი შენი შრომა განავლად იქცევა. სამზარეულოში ტრიალს მირჩევნია სხვა სასარგებლო და ჩემთვის საინტერესო საქმით დავკავდე. თან მე ძირითადად ის საჭმელი მიყვარს, რომლის შეძენაც ნებისმიერ მაღაზიაში მზა სახით შეიძლება, მაგალითად: შოკოლადი, პეჩენია, პიცა, ლობიანი, ჰოთ-დოგი:) ეს ვთქვი თუ არა, ჩემმა ოპონენტებმა კრიტიკის ქარცეცხლში გამატარეს, რას ჰქვია გოგო საჭმელს არ აკეთებდესო, აი, დავუშვათ ქმარი მოდის სახლში დაღლილიო და მშიერიო, არ უნდა დაუხვედროს ცოლმა კერძებიო. ხოდა, იქნებ სულაც პირიქითაა და ცოლი ბრუნდება სახლში დაღლილ-დაქანცული? გავრცელებული ფრაზაა: გზა კაცის გულამდე კუჭზე გადისო. თუ ეს ჭეშმარიტებაა, მაშინ ყველა კაცი კუჭის მონა ყოფილა. თუკი ცოლის ფუნქცია მარტოოდენ საჭმლის კეთებით შემოიფარგლება, რაღა საჭიროა ცოლის მოყვანა, შეისახლონ მზარეული და იცხოვრონ ტკბილად და ბედნიერად :D:D:D
ის აზრიც ხშირად მსმენია, რომ კაცი უფრო კარგი მზარეულია, ვიდრე ქალი, ხოდა ვინ ეცილებათ? იტრიალონ სამზარეულოში და აკეთონ ათასნაირი კერძები თუ გამოსდით ეს საქმე და თუ სიამოვნებთ.
რა სჯობია იმას, როცა ქალს გემრიელი კერძების მომზადება შეუძლია და უყვარს კიდეც ეს პროცესი, მაგრამ ქალი რომ აუცილებლად უნდა აკეთებდეს საჭმელს, ეს გაუგებარი მოთხოვნაა, დრომოჭმული სტერეოტიპი…
იქნებ ოდესმე მეც შემიყვარდეს სამზარეულოში ტრიალი, მაგრამ მანამდე ვიტყვი, რომ ქალის ადგილი იქაა, სადაც უნდა რომ იყოს: იქნება ეს სამზარეულო, სამსახური თუ სხვა. ეს ქალის გადასაწყვეტია და ყველამ პატივი უნდა სცეს მის არჩევანს.

, , , , , ,

6 Comments

%d bloggers like this: