Posts Tagged ტიმ ბერნერს-ლი

სამი რამ, რაც ინტერნეტქსელის დასაცავად უნდა გავაკეთოთ

Web-ის შემქმნელი ტიმ ბერნერს-ლი
ფოტოს ავტორი Sarah Lee for the Guardian

28 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საყოველთაო ქსელი – Web – შევქმენი. Web წარმომედგინა, როგორც ყველასთვის ხელმისაწვდომი ღია პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევს გააზიარო ინფორმაცია ნებისმიერი ადგილიდან და ითანამშრომლო გეოგრაფიულ და კულტურულ საზღვრებს მიღმა. სწორედ ამ ხედვას ეფუძნებოდა წლების განმავლობაში ინტერნეტქსელის არსებობა, მიუხედავად წინააღმდეგობებისა და ბრძოლებისა მისი ხელმისაწვდომობისთვის. ბოლო თვეების განმავლობაში უფრო და უფრო მეტად მაწუხებს სამი ტენდენცია, რომელსაც, ჩემი ღრმა რწმენით, უნდა შევებრძოლოთ, რათა Web-მა კლავაც შეასრულოს მისი ნამდვილი როლი – ემსახუროს კაცობრიობას.

  1. ჩვენ დავკარგეთ კონტროლი ჩვენს პერსონალურ მონაცემებზე.

    დღესდღეობით ბევრი ვებგვერდი გთავაზობს მასზე წვდომას პერსონალური მონაცემების გაზიარების სანაცვლოდ. ბევრი თანხმდება ამას – ხშირად გრძელ და გაუგებარ დოკუმენტებზე დათანხმებით – ჩვენ დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ იმას, რომ უფასო სერვისების მიღების ხარჯზე ჩვენ შესახებ გარკვეული სახის ინფორმაცია გროვდება. ამით ვკარგავთ შესაძლებლობას, ვაკონტროლოთ ვისთვის და რა მიზნით ზიარდება ეს ინფორმაცია. უფრო მეტიც, ჩვენ არ გვაქვს საშუალება, მოვთხოვოთ კომპანიებს, რომელი ინფორმაციის გაზიარება არ გვსურს მესამე მხარისთვის. კომპანიების მხრიდან ჩვენ შესახებ შეგროვებული მონაცემები სხვა მიზნითაც გამოიყენება: კომპანიებთან თანამშრომლობითა თუ მათი იძულებით მთავრობები ინტერნეტში ჩვენს ყოველ ქმედებას ადევნებენ თვალს და იღებენ ჩვენი პირადი ცხოვრების შემლახველ, უკიდურეს კანონებს. განსაკუთრებით ნათლად ჩანს რამხელა ზიანის მოტანა შეუძლია ამას რეპრესიულ რეჟიმებში, სადაც ბლოგერებს აპატიმრებენ ან კლავენ, პოლიტიკურ ოპონენტებს კი აკონტროლებენ. მაგრამ იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მთავრობები თითქოსდა მოქალაქეთა ინტერესებს აყენებენ უპირველეს ადგილზე, ყველასთვის თვალის დევნება ძალიან შორსაა წასული. ეს ცუდად მოქმედებს სიტყვის თავისუფლებაზე და ხელს უშლის ინტერნეტქსელის გამოყენებას მნიშვნელოვანი საკითხების გამოსაკვლევად.

  2. ძალიან მარტივია დეზინფორმაციის გავრცელება.

    დღესდღეობით ადამიანთა დიდი ნაწილი ახალ ამბებსა და ინფორმაციას ინტერნეტის, სოციალური მედიისა და საძიებო გვერდების საშუალებით ეცნობა. ეს საიტები მათზე არსებულ ლინკებზე დაკლიკვით ფულს შოულობენ. ისინი გვაჩვენებენ იმ კონტენტს, რომელსაც ჩვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შედეგად გვირჩევს ალგორითმი: მოულოდნელი, შოკისმომგვრელი დეზინფორმაცია, რომელიც ძალიან სწრაფად ზიარდება. ასე ვრცელდება ყალბი ინფორმაცია ფინანსური თუ პოლიტიკური მიზნებისთვის.

  3. პოლიტიკური ონლაინ რეკლამა მეტ გამჭვირვალობას მოითხოვს.

    პოლიტიკური სარეკლამო ბიზნესი ძალიან სწრაფად გადაიზარდა ფალსიფიცირების ინდუსტრიაში. პერსონალურ მონაცემებზე დაფუძნებულ ალგორითმთა დახმარებით პოლიტიკური კამპანიები ქმნიან ინდივიდუალურ მომხმარებელზე გათვლილ რეკლამას. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოველდღიურად  Facebook-ზე რეკლამის 50 000 ვარიანტი იყო გაშვებული, რის გამოც, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო მათი მონიტორინგი. ზოგიერთი პოლიტიკური რეკლამა ხელს უწყობდა ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი საიტების პოპულარიზაციას. მიზნობრივი რეკლამა საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა ჯგუფებს აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებები მივაწოდოთ. არის კი ეს დემოკრატიული?

საკითხი კომპლექსურია  და მისი გადაწყვეტა არაა მარტივი. მაგრამ არსებობს რამდენიმე ხერხი, რაც პროგრესისკენ მიგვიყვანს. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ვებკომპანიებთან, რათა სამართლიანად დავუბრუნოთ ადამიანებს პერსონალური მონაცემების კონტროლის საშუალება ახალი ტექნოლოგიების დახმარებით და განვავითაროთ მოგების ალტერნატიული მოდელები, როგორიცაა გამოწერა და მცირე გადასახადები. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ მთავრობებს კანონთა გადამეტების გამო, საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს გამოყენებითაც.

ჩვენ უნდა გამოვხატოთ უკმაყოფილება დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ და ამით მხარი დავუჭიროთ ამ საკითხის მოგვარებაში ისეთი მსხვილი მოთამაშეების მცდელობებს, როგორიცაა Google და Facebook. გვჭირდება უფრო მეტი გამჭვირვალობა ალგორითმებში და მათი დაფუძნება გარკვეულ პრინციპებზე. პოლიტიკური ინტერნეტ-კამპანიების რეგულირება უფრო ნათელი და გამჭვირვალე უნდა გახდეს.

ხუთწლიანი სტრატეგიის თანახმად ჩვენი გუნდი Web Foundation ამ საკითხებზე იმუშავებს – პრობლემების სიღრმისეულად კვლევით, აქტიური სტრატეგიული გადაწყვეტილებების შემოთავაზებითა და ძალების გაერთიანებით ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ ისეთი ქსელის განვითარებას, რომელიც ყველას თანაბარ ძალაუფლებასა და შესაძლებლობებს მისცემს.

მართალია, მე შევქმენი web, მაგრამ დღეს რაც გვაქვს, ყველა თქვენგანის დახმარებითაა შექმნილი. თქვენი ყველა ბლოგი, პოსტი, ფოტო, ვიდეო, აპლიკაცია თუ ვებგვერდი ქმნის ჩვენს ონლაინ საზოგადოებას. ძალიან ბევრი ადამიანი დაგვეხმარა: პოლიტიკოსები, რომლებიც web-ის ღიად დატოვებისთვის იბრძოდნენ, სტანდარტების მიმწოდებელი ორგანიზაციები, როგორიცაა W3C, რომელიც ტექნოლოგიების უსაფრთხოებასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, ადამიანები, რომლებიც ინტერნეტის დასაცავად ქუჩაში გამოხატავენ პროტესტს (გასულ წელს ინტერნეტის თავისუფლების მოთხოვნით მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა კამერუნში, ნიგერიაში).

ყველა ჩვენგანი იყო ჩართული web-ის შექმნაში და ახლა ყველა ჩვენგანზეა დამოკიდებული გვქონდეს ისეთი ქსელი, როგორიც გვინდა რომ იყოს. The Web Foundation იბრძვის იმისთვის, რომ ვები ყოველმხრივ დაცული იყოს. ჩვენ გვჯერა, რომ ამის გაკეთება აუცილებელია მოქალაქეთა ზრდადი უთანასწორობის დასაძლევად და მათთვის ძალაუფლების მისანიჭებლად. თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ჩვენს საქმიანობას სიახლეების გამოწერით და იპოვოთ ამ სიაში ადგილობრივი ორგანიზაცია, ვინც მხარს უჭერს ციფრულ უფლებებს. სიაში ორგანიზაციის დამატების სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ contact@webfoundation.org

შემოწირულობის გაკეთების მიზნით ეწვიეთ ბმულს.

ავტორი: ტიმ ბერნერს-ლი

სტატია გამოქვეყნდა The Guradian-ში.

 

, , , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

%d bloggers like this: