Archive for დეკემბერი, 2013

ჩარლი ჩაპლინის საუკეთესო მონოლოგი

ეს არის პირველი გესთ-პოსტი ჩემს ბლოგზე, რომელიც “ჯოკერში” თამაშისას მოვიგე 🙂 პოსტის იდეაც და თავად პოსტიც აი ამ ძალიან საინტერესო ბლოგის ავტორს ეკუთვნის. ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო მონოლოგად აღიარებული ჩარლი ჩაპლინის სიტყვა “დიდი დიქტატორიდან”:

dictator

“ბოდიში, მაგრამ იმპერატორობა არ მსურს. ეს ჩემი საქმე არ არის. არ მსურს ვინმე დავიპყრო ან ვმართო. შეძლებისდაგვარად მინდა ყველას დავეხმარო: ებრალებს, არაებრაელებს, შავებს და თეთრებს.

ჩვენ ყველას ერთმანეთის დახმარების სურვილი გვამოძრავებს. ადამიანების ბუნება ასეთია. ჩვენ ერთმანეთის ბედნიერება გვახარებს და არა ერთმანეთის უბედურება. ჩვენ არ გვსურს ერთმანეთის სიძულვილი და ზიზღი. ამ სამყაროში ყველასათვის მოიძებნება ადგილი. კეთილი დედამიწა მდიდარია, ის ყველას გვეყოფა.

სიცოცხლის გზა შეიძლება თავისუფალი და ლამაზი ყოფილიყო, თუმცა, ჩვენ ამ გზას ავცდით. სიხარბემ ადამიანების სულები მოწამლა, აღმართა სიძულვილის კედლები და შეგვიყვანა უბედურებასა და სისხლისღვრაში. ჩვენ განვავითარეთ სიჩქარე, მაგრამ ამავდროულად, საკუთარ თავებში ჩავიკეტეთ.

ტექნიკამ, რომელსაც ჩვენი სამყარო უნდა გაემდიდრებინა, სინამდვილეში დეფიციტში ჩაგვაგდო. ჩვენმა ცოდნამ ცინიკური გაგვხადა, სიჭკვიანემ – რთული და არა კეთილმოსურნე. ჩვენ ზედმეტად ბევრს ვფიქრობთ და ძალიან ცოტას ვგრძნობთ. მანქანებზე მეტად ჩვენ ადამიანობა გვჭირდება. სიჭკვიანეზე მეტად კი, სიკეთე და ურთიერთგატანა. ამ თვისებების გარეშე, სიცოცხლე ულმობელი იქნება და ჩვენც დავიკარგებით.

თვითმფრინავმა და რადიომ ერთამენთს დაგვაახლოვა. ამ გამოგონებების ბუნება მოგვიწოდებს საკუთარ თავებში კარგი თვისებები ვეძიოთ, მოგვიწოდებს ძმობისკენ, რომელიც ყველას გაგვაერთიანებდა. ახლაც კი, ჩემს ხმას მსოფლიოში მილიონობით ადამიანი უსმენს, მათ შორის სასოწარკვეთილი მამაკაცები, ქალები და ბავშვები. ისინი სისტემის მსხვერპლნი არიან, სისტემის, რომელიც უდანაშაულო ადამიანებს აწამებს და აგდებს ციხეში.

მინდა მივმართო ადამიანებს, რომლებსაც ჩემი ესმით: ნუ ჩავარდებით უიმედობაში. უბედურება, რომელიც თავს დაგვატყდა, წარმავალია სიხარბესავით, ის იმ ადამიანების სიმწარის გამოვლინებაა, რომლებსაც აშინებთ ადამიანების პროგრესი. ამ ადამიანების სიძულვილი გაქრება და დიქტატორები მოკვდებიან. ძალაუფლება კი, რომელიც მათ ადამიანებს წაართვეს, კვლავ ადამიანებს დაუბრუნდებათ.

მანამ, სანამ ადამიანთა მკვლელობა გაგრძელდება, თავისუფლება ვერ იზეიმებს. მეომრებო, ნუ მიეცემით მხეცებს, ადამიანებს, რომლებსაც სძულხართ, რომლებიც გიმონებენ და რომლებიც განაგებენ თქვენს ცხოვრებას, გეუბნებიან თუ რა გააკეთოთ, რაზე იფიქროთ და როგორ იგრძნოთ თავი. ადამიანები, რომლებიც გწვრთნიან, გზრდიან, გეპყრობიან როგორც პირუტყვს და გიყენებენ სახორცე მასალად. ნუ მიეცემით ამ არაბუნებრივ ადამიანებს – ადამიან-მანქანებს, რომლებსაც მანქანის გული და ტვინი ამოძრავებთ. თქენ არ ხართ არც მანქანები და არც პირუტყვები, თქვენ ადამიანები ხართ! თქვენ, გულში ადამიანებისადმი სიყვარულს ატარებთ! თქვენ არ გძულთ! სძულთ მხოლოდ მათ, ვინც არავის უყვარს და მათ, ვინც არაბუნებრივები არიან.

 მეომრებო, ნუ იბძროლებთ მონობისთვის! იბრძოლეთ თავისუფლებისთვის. ლუკას სახარების მე-17 თავში ნათქვამია, რომ ადამიანთა სამეფო არა ერთ, ან რამდენიმე ადამიანს, არამედ სრულად ყველა ადამიანს მოიცავს! ყველა თქვენგანს! თქვენ, ადამიანებს გაქვთ ძალა, ძალა შექმნათ ტექნიკა, ძალა შექმნათ ბედნიერება.

 თქვენ, ადამიანებს, შეგწევთ ძალა გახადოთ ეს ცხოვრება თავისუფალი და აქციოთ ის დიდებულ თავგადასავლად. ამიტომაც, მოდით დემოკრატიის სახელით გავერთიანდეთ, მოდით გამოვიყენოთ ეს ძალა. მოდით გავაერთიანდეთ. მოდით ვიბრძოლოთ ახალი სამყაროსათვის, ღირსეული სამყაროსათვის, რომელიც ადამიანებს მუშაობის საშუალებას მისცემს, მისცემს ახალგაზრდებს მომავალს და მოხუცებს უსაფრთხოებას. ამ დაპირებებით დაიპყრეს სადავეები მხეცებმა, მაგრამ ისინი გატყუებენ. ისინი არ ასრულებენ დაპირებულს და არც არასოდეს აასრულებენ მას. დიქტატორები ათავისუფლებენ საკუთარ თავებს, მაგრამ იმონებენ ადამიანებს.

მაშ, მოდით ახლა დავიწყოთ ამ დაპირების ასრულება. მოდით ვიბრძოლოთ თავისუფალი სამყაროსათვის, გადავლახოთ ეროვნული ბარიერები, დავძლიოთ სიხარბე, სიძულვილი და შეუწყნარებლობა. მოდით  ვიბრძოლოთ საღი სამყაროსათვის, სამყაროსათვის, სადაც მეცნიერება და პროგრესი გზას გაგვიკაფავენ ბედნიერებისკენ. მეომრებო, დემოკრატიის სახელით, მოდით გავერთიანდეთ!”

დიდი მადლობა პოსტისთვის დათოს

, , , , , , ,

დატოვე კომენტარი