Posts Tagged ფეისბუქი

როგორ გავლენას ახდენს Facebook საოფისე სამსახურში დასაქმებულთა პროდუქტიულობაზე

სოციალური მედია ღრმად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში – ყოველდღიურად ჩავკირკიტებთ მობილურებსა თუ პლანშეტებს, კომპიუტერებსა თუ სხვა მოწყობილობებს, ახალი ინფორმაციის გასაცნობად თუ გასავრცელებლად, ან უბრალოდ მეგობრებთან/ნაცნობებთან კომუნიკაციის დასამყარებლად. სოციალური მედიის არხებს შორის განსაკუთრებით პოპულარულია Facebook – ჩვენ არ ვეშვებით მას მაშინაც კი, როცა ყოველდღიური რუტინული პროცესებით ვართ დაკავებულები: ჭამისას, მგზავრობისას, მეგობართა გარემოცვაში ყოფნისას. უმეტესობა სამსახურშიც აქტიურად იყენებს Facebook-ს. ყოველი “ნოტიფიკაცია”, ახალი “ლაიქი” თუ კომენტარი ან უბრალოდ იმის ინტერესი, თუ რა ხდება ჩვენს “ნიუსფიდში”, მაშინაც კი, როცა სამსახურებრივი საქმით ვართ დაკავებულები, გვაიძულებს რაღაც პერიოდულობით მაინც თვალი შევავლოთ ამ სოციალურ ქსელს.

ჩნდება მრავალი კითხვა სოციალური ქსელის გამოყენებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, სხვადასხვა სამსახურის მენეჯერებსა თუ ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელებს უწევთ შემდეგ საკითხებზე ჩამოყალიბება: რა გავლენას ახდენს სოციალური მედია ჩვენს სამუშაო პროცესსა და პროდუქტიულობაზე? არის თუ არა “ნიუსფიდის” “სქროლვა” უწყინარი მოვლენა, რომელიც დადებითად მოქმედებს დასაქმებული პერსონალის მოტივაციაზე თუ პირიქით, აცდენს მას და სხვა რამეზე გადააქვს ყურადღება, ამდენად ხელს უშლის საქმის შესრულებაში? უნდა მივცეთ თუ არა დასაქმებულებს უფლება გამოიყენოს Facebook სამუშაო პროცესის დროს? Read the rest of this entry »

, , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

სოციალურ ქსელებში გაბმული

fb2

ზუსტად 10 წლის წინ ამ დღეს 20 წლის მარკ ცუკერბერგმა შექმნა სოციალური ქსელი facebook – მშობლიურ ენაზე “პირწიგნაკად” წოდებული – 21-ე საუკუნის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოგონება. დღეს ამ ქსელს მილიარდამდე მომხმარებელი ჰყავს. Facebook იმდენად იჭრება ჩვენს ცხოვრებში, რომ შეუძლებელია ვირტუალურის რეალურისგან განცალკევება. “ლაივში” პირისპირ საუბრებსა და შეხვედრებს ვირტუალური ჩათი ცვლის, ემოციებს – მრავალფეროვანი სმაილები. თანამონაწილე ხდები მეგობრების, ნაცნობების, უცნობების ცხოვრებისაც კი, ისე, რომ არ გიწევს მათ გვერდით ყოფნა. შენ არ სტუმრობ ამ ადამიანთა სახლებს, მაგრამ სულ ადვილად შეგიძლია შეაბიჯო მათ ვირტუალურ სივრცეში.

ბევრი ჩივის, რომ სოციალურ ქსელებს მიაქვს დრო, ნერვები, ცვლის ადამიანს, უფრო ზარმაცსა და კარჩაკეტილს ხდის მას. ვიღაცისთვის ფეისბუქი განტვირთვის საშუალებაა, ვიღაცისთვის საგანმანათლებლო ფუნქციასაც ითავსებს, ზოგისთვის სულაც სამსახურია. ჩემთვის კი ეს არის ნაცნობებთან (ასევე უცნობებთან:დ) ურთიერთობის, მეგობრებისა და თანამოაზრეების პოვნის, ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების ყველაზე კარგი და მარტივი ხერხი. ბევრი ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახლო ადამიანი სწორედ ინტერნეტის, კერძოდ სოციალური ქსელების საშაულებით გავიცანი: ვირტუალურმა მეგობრობამ დიდი ხანია რეალობაში გადაინაცვლა. ისიც აღსანიშნავია, რომ მათთან ურთიერთობაში ისევ აქტიურად ვიყენებ სოციალურ ქსელებს. ბევრი “ნაცნობი” ხელახლა გავიცანი: ფეისბუქი ხომ ბევრ დამატებით ცნობას გვაწვდის ადამიანის შესახებ, ზოგჯერ ეს ინფორმაცია ბევრად უფრო მრავლისმთქმელია, ვიდრე შეხვედრები სამუშაო თუ სასაწავლო პროცესში. ზემოთქმული სამსახურის მოძიებასაც ეხება: ფეისბუქი ამარტივებს ამ პროცესს – პირადი გამოცდილებიდან ვამბობ.

fb

მე არ ვადევნებ თვალს საინფორმაციო გამოშვებებს, მაგრამ საქმის კურსში ვარ რა ხდება ქვეყნად: ნიუსები თავად მოდიან ჩემთან :დ, რამე თუ მაინტერესებს და რჩევა მჭირდება, მაგალითად, სადაა ესა თუ ის დაწესებულება, რომელი ფილმის ყურება ღირს, როგორია ამა თუ იმ სიტყვის სწორი გრამატიკული ფორმა და ა.შ, არ ვურეკავ/ვწერ/ვეკითხები მეგობრებს სათითაოდ: ამისთვის ერთი სტატუსია საკმარისი. ფეისბუქი ასევე ღონისძიების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. დღეს ძნელად წარმოსადგენია ნებისმიერი სახის (იქნება ეს საპროტესტო თუ საქველმოქმედო აქცია, კონცერტი, გამოფენა და ა.შ) ღონისძიების ორგანიზება ფეისბუქის გარეშე. საინტერესო ივენთების შესახებ ძირითადად ამ სოციალური ქსელიდან ვიგებ.

ბევრის აზრით, ფეისბუქს ზედმეტად დიდი დრო მიაქვს.  მართალია, ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ მთელ დღეს სქროლვასა და ვიღაცის უაზრო სტატუსების კითხვაში ატარებ, მაგრამ ფეისბუქი გაძლევს არჩევანის საშუალებას: შეგაწუხა ვინმეს პოსტებმა? hide, unfollow, unfriend, უკიდურეს შემთხვევაში block. ასევე ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად ეფექტიანად  და აზრიანად გამოვიყენებთ დროს ფეისბუქში. 

მე არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ სოციალური ქსელები გვაშორებენ რეალობას. შესაძლოა, ვიღაცას გარეთ გასეირნებას მთელი დღის კომპთან გატარება და “საყოფაცხოვრებო” სტატუსების წერა (მშია, ვჭამ, მეძინება …) ურჩევნია, მაგრამ მთავარი საფრთხე ეს არაა. მთავარი საფრთხე ალბათ ისაა, რომ ფეისბუქზე  ჩვენ შესახებ ზედმეტად ბევრ ინფორმაციას ვაქვეყნებთ და ამგვარად ხელმისაწვდომს ვხდით მას სხვებისთვის: ამიტომ თუ არ გინდათ რამე უსიამოვნებაში გაეხვეთ, ნებისმიერი ინფორმაციის გაზიარებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.

ხანდახან ვცდილობ წარმოვიდგინო, რა მოხდებოდა, ფეისბუქი რომ არ ყოფილიყო: ალბათ, ცხოვრება ბევრად სხვანაირი იქნებოდა – რაღაც მხრივ უფრო რთული (კომუნიკაციის დამყარების, ინფორმაციის გაცვლის კუთხით) და რაღაც მხრივ უფრო მარტივი. დღეს კი, საკუთარი ნებით, მთლიანად გაბმული ვარ ამ სოციალურ ქსელში.

, , , , ,

დატოვე კომენტარი

ხათუნა, თქვენი ცრემლების არ გვჯერა

ალბათ, გახსოვთ მიხეილ საააკაშვილი როგორ ამაყობდა პენიტენციური სისტემის მიღწევებით: “ფრანგები ჩვენგან სწავლობენ ციხის მართვასო” თუ არ გახსოვთ, ეს ვიდეო ნახეთ. რეალურად რა პირობები და მდგომარეობა იყო ციხეებში, აქ შეგიძლიათ ნახოთ. ეს საშინელი კადრები დღეს საღამოს გავრცელდა. ცოტა ხანში სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ, ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა ფეისბუქზე:

მოგესალმებით,

ნება მიბოძეთ გულწრფელად გაგიზიაროთ ჩემი განცდები, რაც ძალიან ბევრი ფიქრისა და მწუხარების შედეგად გადავწყვიტე.

უპირველეს ყოვლისა რაც შეეხება ცნობილ კადრებს, ეს იყო ჩემთვის ყველაზე თავზარდამცემი და შემზარავი, რაც ჩემს ცხოვრებაში ოდესმე მინახავს და განმიცდია. ეს არის პირადად ჩემი უდიდესი ტრაგედია. მე მსგავსი რამ ვერ წარმომედგინა, არასოდეს დამიშვია, ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი არ დამსიზმრებია – მეტიც, ბევრი მიზეზი მქონდა დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ პენიტენციურ სისტემაში წამებას ადგილი არ ჰქონდა.

khatuna

ღია წერილში ყოფილი მინისტრი გვიყვება საკუთარ ფსიქოლოგიურ განცდებზე ცნობილი კადრების ნახვის შემდეგ, სისტემაში მის მიერ დანერგილ სიახლეებზე, ევროპაში მიღებულ განათლებასა და თავის მიამიტ ბუნებაზე (“მე ვარ ძალიან მიმნდობი ადამიანი. ჩემი ოჯახი ბავშვობიდან მეუბნება, რომ ადამიანში უპირველეს ყოვლისა კარგი უნდა დავინახო, მის მდგომარეობაში ჩავაყენო თავი, რომ ადამიანი ბოროტებას მხოლოდ გაუნათლებლობის გამო ჩადის, იმიტომ რომ არ იცის სხვაგვარად როგორ მოიგვაროს კონკრეტული სიტუაცია, რომ უნდა შევიცოდო ადამიანი, რომელიც იწყევლება და იგინება, ვინაიდან მან არ იცის, თუ სხვაგვარად როგორ გამოხატოს თავისი მოსაზრება….”)

ხათუნა კალმახელიძე სინანულით აღნიშნავს, რომ:” ჩემთვის ეს კადრები ვინმეს რომ ეჩვენებინა თავის დროზე, გარწმუნებთ, რომ განგაშს ავტეხდი უმალვე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ვინ იცის რამდენ ადამიანს ავარიდებდით მსგავს მდგომარეობაში აღმოჩენას მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც მზადდებოდა და ინახებოდა ეს კადრები.”

კადრები იყო საჭირო!!! ნაწამები პატიმრების ფოტოები, უამრავი ადამიანის მიერ იმის მტკიცება, თუ რა საშინლად მოექცნენ ციხეში, თვით სახალხო დამცველის მოხსენებებიც კი არ იყო საკმარისი, რომ ქალბატონ ხათუნას მცირეოდენი ყურადღება და ინტერესი გამოეჩინა ამ საკითხის მიმართ და უფრო მეტად ჩაძიებოდა.

მაშინ როცა პარლამენტში დეპუტატები სასჯელაღსრულების მინისტრის  წინაშე ყვებოდნენ რა ხდებოდა რეალურად ციხეებში, ქალბატონი იცინოდა. ახლა კი ღრმა მწუხარებას გამოსთქვამს. და რატომღაც უნდა გვჯეროდეს მისი გულწრფელობის.

, , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

ქართული კომპანიების მინუსები

პოსტში მინდა მოკლედ მიმოვიხილო ქართული კომპანიების ის უარყოფითი მხარეები, რომლებსაც დღეს, სამწუხაროდ, ხშირად შეხვდებით.

N1 ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი ნაკლი: კომპანიის მესვეურთა დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ. დამსაქმებელი ნაკლებად ან საერთოდ არ ზრუნავს დაქირავებულის ინტერესთა დაკმაყოფილებაზე.
აქ საუბარია არამხოლოდ ხელფასის რაოდენობაზე, არამედ თუნდაც ელემენტარულ სამუშაო პირობებზე. ხშირად მოქმედებს პრინციპი “არ არსებობს შეუცვლელი თანამშრომელი”. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი კადრების ხშირი ცვლისა, რაც დიდ პრობლემად არ მიაჩნიათ დამსაქმებლებს. მათ არ ესმით ელემენტარული რამ: რამდენად მნიშვნელოვანია დასაქმებულის მოტივაცია მისი ეფექტურად მუშაობისთვის. მოტივირებული თანამშრომელი ხომ კომპანიის წარმატების გარანტია.  Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , ,

11 Comments

რატომ ვაშეარებ ნაგავს


ხანდახან ხდება ხოლმე რომ ფეისბუქზე “ნაგავს” ვაშეარებ, მაგალითად აი ასეთს. რატომ უნდა გაგიჩნდეს “ნაგვის” სხვებისთვის გაზიარების სურვილი და ამით ამ პროდუქტს ერთგვარი რეკლამირება გაუწიო? ლოგიკური და მართებული კითხვაა. პირველ რიგში, უნდა განვმარტო, რომ “ნაგავ” ინფორმაციაში ვგულისხმობ არაეთიკურ და არაპროფესიონალურ ჟურნალისტურ პროდუქტს. შევეცდები თანმიმდევრულად ავსხნა, რატომ იქცევს ხოლმე “ნაგავი” ჩემს ყურადღებას.

1) რატომ ვუყურებ “ნაგავ” სიუჟეტებს? როცა რაღაცას აფასებ, მითუმეტეს აკრიტიკებ, შენი კრიტიკის საგანს კარგად უნდა იცნობდე. ყოველ შემთხვევაში, გარკვეული წარმოდგენა მაინც უნდა გქონდეს ამ რაღაცის შესახებ. როგორ უნდა თქვა სიუჟეტზე “ნაგავიაო” თუ ნანახი არ გაქვს. მითუმეტეს ეს არ არის 2 საათიანი ფილმი, რომ მასზე დროის დახარჯვა დაგენანოს. მართალია, ყოველი წუთი ძვირფასია, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ განსაკუთრებით დიდ დროს არ მოითხოვს კრიტიკის მსგავსი ობიექტის გაცნობა.

2) პირველი პუნქტიდან გამომდინარე გასაგებია, რატომ ვეცნობი ხოლმე ინფორმაციას პირობითი სახელით “ნაგავი”. მაგრამ ჩნდება მეორე კითხვა: მას შემდეგ როცა პირადად გაეცნობი ამ ინფორმაციას, რა საჭიროა მისი გაზიარება სხვებისთვის? ინფორმაცია, რომელზეც ვსაუბრობ, არის ჟურნალისტური პროდუქტი, სადაც ხშირ შემთხვევაში ირღვევა როგორც რესპონდენტთა უფლებები, ასევე მაყურებელთა უფლება მიიღოს ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია. ეს არ არის უხარისხო ფილმი ან წიგნი, რომლის სხვებისთვის გაზიარებაც, თუნდაც ფეისბუქზე, ცოტა ლოგიკასაა მოკლებული. ძალიან იმედგაცრუებული უნდა დავრჩე ფილმით, რომ მერე ფეისბუქზე დავაშეარო და აღვნიშნო ამის შესახებ. თანაც ანტირეკლამაც რეკლამააო და პირადად ჩემს შემთხვევაში ის უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, ვიდრე ჩვეულებრივი რეკლამა.

მაგრამ ზემოთხსენებული “ნაგავი” ინფორმაცია უბრალოდ უხარისხო პროდუქტი არ არის: პირველ რიგში, აღმაშფოთებელია ის, თუ როგორ ირღვევა ამ პროდუქტით სხვისი უფლებები. რამდენმა ადამიანმა იცის, რომ ჟურნალისტს არ აქვს უფლება რესპოდენტთან შეუთანხმებლად ჩაიწეროს მისი საუბარი გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა? რამდენმა ადამიანმა იცის, რომ დაუშვებელია დანაშაულში ეჭვმიტანილისა თუ უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულის ვინაობის გამხელა ჟურნალისტის მიერ? ბევრ ადამიანს ძალიან მწირი წარმოდგენა აქვს ჟურნალისტის უფლება-მოვალეობების შესახებ. ხშირ შემხთვევაში იმ რესპოდენტებმაც კი რომელთა, სიტყვაზე ვთქვათ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაირღვა ამა თუ იმ სიუჟეტით, არ იციან ამის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უჩივლებდნენ სიუჟეტის ავტორს ან პროტესტს მაინც გამოთქვამდნენ ამის შესახებ. ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, მსგავსი “ნაგავი” სიუჟეტები დისკუსიის საგნად იქცეს და ამ დისკუსიაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს. სწორედ ამ მიზნით გამართლებულად მიმაჩნია “ნაგვის” დაშეარება თუ ყურება. მგონია, რომ თუკი საზოგადოებას მსგავსი ჟურნალისტური პროდუქტების მიმართ შესაბამისი რეაქცია ექნება, მათი რიცხვი იკლებს. იგნორირება მსგავსი ინფორმაციისა, მისი არდანახვა არ მგონია კარგი გამოსავალი იყოს. :/

, , , , , , , , , , , , ,

3 Comments

ქართველები=ტრაკისვერამწევი ერი

ავტობუსის ხაზები რომ შეამცირეს და ახლა თბილისში ერთი ადგილიდან არც თუ ისე შორს მოსახვედრად მინიმუმ ორი ტრანსპორტის გამოცვლა რომ უწევს მოქალაქეთა უმეტესობას, ამაზე თავის დროზე ხმა არავინ ამოიღო. ერთადერთი ავტობუსი დადიოდა ჩემი სახლიდან უნივერსიტეტამდე და ისიც გააუქმეს. დადიოდა რა _ მინიმუმ 20 წთ უნდა დავლოდებოდი ხოლმე, რომ მერე როგორმე გატენილ ავტობუსში ავსულიყავი. საღამოს საათებში ხომ საერთოდ შეუძლებელი იყო მისით მგზავრობა _ საათობით მიწევდა ლოდინი. თუმცა, სულ არაფერს ჯობდა. ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა თბილისში რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, ამაზე არავინ დავობს მგონი: მოუწესრიგებელი განრიგი, სრული დისკომფორტი: დაწყებული მძღოლის მიერ ჩართული “არ დაიდარდო”-თი, დამთავრებული ჭყლეტით.

ხმა არც მაშინ ამოუღია საზოგადოებას, როცა ნაგვისა და დენის გადასახადი გააერთიანეს. პროდუქტების ფასები იზრდება და იზრდება, ადამიანთა შემოსავალი კი იგივე რჩება. სოციალური პრობლემების რაოდენობა დღითიდღე მატულობს და ეს ყველაზე მეტად რიგითი მოქალაქეების ცხოვრების პირობებზე აისახება. წყლისა და ელექტროენერგიის გამორთვასაც მოუხშირეს. წარმოიდგინეთ, რამდენიმე დღე რომ გრჩება სამაგისტრო ნაშრომის დასაწერად და მაინცდამაინც მაშინ რთავენ ელექტროენერგიას! ხანდახან მგონია, რომ ბედკრულ 90-ანებში ვბრუნდებით. :/

სულ ახლახანს მიკროავტობუსებით მგზავრობაც გააძვირეს _ 50 თეთრის ნაცვლად მგზავრობა 80 თეთრი გახდა. არადა მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ აცხადებდნენ, რომ მგზავრობის საფასური არ გაიზრდებოდა. მგზავრობის საფასურის გაძვირება არამხოლოდ ახალ, ყვითელ მიკროავტობუსებს შეეხო, არამედ ძველ მიკროავტობუსებსაც _ თუ რა მიზეზით გაუგებარია: მძღოლები ამობენ, რომ ეს კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” მოთხოვნით მოხდა, ამ კომპანიაში კი მსგავსი მოთხოვნის გაცემას უარყოფენ.

მგზავრობის გაძვირებაზე აღელდა საზოგადოება _ განსაკუთრებით ფეისბუქზე. შეიქმნა საპროტესტო აქციის ივენთი, რომელზე წასვლის სურვილი (თუ attending-ის რაოდენობის მიხედვით ვიმსჯელებთ) 2 ათასამდე ადამიანმა გამოთქვა. გამოჩნდნენ ბევრი პესიმისტურად განწყობილი ადამიანებიც: “მაინც არაფერი შეიცვლება, რა აზრი აქვს ამ აქციებს”. მსგავსი ფრაზების ავტორები უმეტესწილად ახალგაზრდები იყვნენ. სამწუხაროა, რომ მაშინ როცა ახალგაზრდობა წესით საზოგადოების ყველაზე აქტიური, მებრძოლი და პოტენციით აღსავსე ნაწილი უნდა იყოს, ის დუმს და უმოქმედობას არჩევს. მსგავსი მიზეზით უმოქმედობის გამართლება კი, ჩემი აზრით, ან სიბრიყვეა და ან კიდევ საკუთარი სიზარმაცისა და გაუბედაობის დაფარვის მცდელობა.

აქციაზე მისულს საოცარი სურათი დამხვდა: ათამდე პენსიონერი და თითქმის იმავე რაოდენობის ახალგაზრდა შეკრებილიყო პარლამენტის წინ. ათასობით ადამიანს ნამდვილად არ მოველოდი, მაგრამ ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ამ 40-ოდე ადამიანს აღელვებდა :/

კაცი იხრჩობოდა და ღმერთს შველას თხოვდა. ღმერთმა უთხრა ხელი გაანძრიე და გეშველებაო. ხოდა სანამ ქართველებს ტრაკის აწევა დაეზარებათ, მანამდე არაფერი შეიცვლება:/

, , , , , , , , , , , , , , ,

8 Comments

სიყვარულს მალვა უნდა?!


არ მესმის იმ წყვილების, რომლებიც ფეისბუქის (ან სხვა რომელიმე სოც.ქსელის) ერთი ექაუნთით სარგებლობენ შემდეგი სახელებით “თაკო და იკა”, “ნატუკა და გიუნა” ან სხვა. არ მესმის ყოველი ფოტოს, ყოველი სტატუსის კომენტარებში რომ ეფიცებიან ერთმანეთს სიყვარულს. მგონია, რომ ამას სხვების დასანახად უფრო აკეთებენ. ცოტა არ იყოს, ყალბად მეჩვენება მსგავსი ქცევა :ს “როცა, ადამიანი, საჯაროდ იწყებს თავის პირად ცხოვრებაზე საუბარს და ისე შედის როლში, რომ თავად საუბრის პროცესი აღაგზნებს, პირადი ცხოვრება ინტიმურობასა და განუმეორებლობას კარგავს, სიტყვა აუბრალოებს გრძნობას.” _ ამ აზრსაც ვეთანხმები.


თუმცა, არც იმ შეყვარებულების მესმის, რომლებიც ცივები არიან ერთმანეთის მიმართ, როგორც რეალობაში, ისე სოციალურ ქსელებში, არ ეხუტებიან, არ კოცნიან ერთმანეთს, იშვიათად თუ დადიან ერთად ივენთებზე, კვირაში ერთი შეხვდერით შემოიფარგლებიან, არასდროს ჩხუბობენ, არასდროს ამბობენ, რომ უყვართ ერთმანეთი, უფრო მეტ დროს “დაქალებსა” და “ძმაკაცებთან” ატარებენ, ფეისბუქზე დადებულ უამრავ ფოტოს შორის ერთიც არ აქვთ ერთად გადაღებული, ყოველ ღამე ტკბილ ძილს არ უსურვებენ ერთმანეთს :/ ეგეთი “იდუმალი” შეყვარებული წყვილებიც არ მხიბლავს :ს

უნდა კი სიყვარულს მალვა? იქნებ, ვინც გაურბის საკუთარი გრძნობების საჯაროდ გამოხატვას, ამას არა გრძნობის გაუბრალოების თავიდან ასაცილებლად აკეთებს, არამედ იმიტომ, რომ არაა საკუთარ გრძნობებში დარწმუნებული?

, , , ,

10 Comments

რატომ ეშინია კაცს გენდერული თანასწორობის?


“ამ ირანელ ქალს სიკვდილით დასჯა ემუქრება. ის ქმრის ღალატშია ბრალდებული და 5 წელია ციხეშია. ორი წლის წინ მას 99 როზგი მოხვდა. ახლა კი გაახვევენ თეთრ ზეწარში, ყელამდე მიწაში ჩაფლავენ და ქვებს დაუშენენ. ქვებს საგანგებოდ შეარჩევენ _ არც ძალიან დიდი უნდა იყოს, პირველივე ქვამ არ მოკლას, რომ სიკვდილით დასჯის პროცესი საჭიროზე … ხანმოკლე არ აღმოჩნდეს; და არც ძალიან პატარა _ კენჭებით ადამიანს ვერ მოკლავ.” რამდენიმე დღის წინ ეს ინფორმაცია ფეისბუქის ვოლზე ვნახე. უმეტესობამ ალბათ იცის, რომ ირანში ქალები სასტიკ დისკრიმინაციას განიცდიან და ბევრად დაუცველები არიან მამაკაცებთან შედარებით: მაგალითად მაშინ, როცა ქალს ღალატისთვის ქვების ჩაქოლვით სჯიან, კაცს შეუძლია ჰყავდეს ოთხი ოფიციალური ცოლი. გაყრის შემდეგ 7 წელზე ზევით ბავშვები მამასთან რჩებიან. ქალი ვერ გახდება ქვეყნის პრეზიდენტი. ქალი ვერ ჩაიცვამს ისე როგორც მოუნდება: არსებობს ჩაცმულობის ნორმა – აუცილებელია თავსაბურავით სიარული და ტანის დაფარვა.  აკრძალულია ასევე მაკიაჟის გაკეთება. ირანში გენდერული თანასწორობის არსებობაზე საუბარი ზედმეტია.  Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , ,

31 Comments

სტალინის ძეგლი აღარაა, ვაშაა!!!

ის, რაც გორში ყველაზე მეტად იყო ჩემთვის ნაცნობი, დღეს უკვე აღარ არის ამ ქალაქში. გუშინ გვიან ღამით სტალინის ძეგლი აიღეს. სადაა ახლა ეს მონუმენტი არავინ იცის. უფრო სწორად ხელისუფლების წარმომადგენელთაგან ვიღაც–ვიღაცებმა კი იციან, მაგრამ საიდუმლოდ ინახავენ. რატომ აიღეს ძეგლი მაინცდამაინც ღამით და მალულად? ალბათ იმიტომ რომ ბევრი მოწინააღმდეგე გამოჩნდებოდა: როდესაც დილით გორელმა სტალინისტებმა შეიტყვეს ეს ამბავი, ძლიერ დამწუხრდნენ და განრისხდნენ.
აღსანიშნავია, რომ ძეგლის დემონტაჟისას მოხდა ინციდენტი: პოლიციელებმა ცემეს ტელეკომპანია თრიალეთის ჟურნალისტი, რომელიც ცდილობდა გადაეღო დემონტაჟის პროცესი და ამით უკმაყოფილო გორელები.
კულტურის მინისტრის განცხადებით, სტალინის ძეგლის ადგილას დაიდგება 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი. კონკურსი ამ მემორიალის ასაშენებლად უკვე გამოცხადდა. ძალიან მაინტერესებს, რას დადგამენ საბოლოოდ.
ამ ბმულზე შეგიძლია იხილოთ როგორ მოხდა საბჭოთა დიქტატორის ძეგლის დემონტაჟი. რამდენად ნორმალურია გედგას ტირანის ძეგლი, ეს სხვა საკითხია. უბრალოდ არ მეგონა, რომ ესოდენ მცირე რამ ასე გაახარებდა და გააბედნიერებდა ქართველ ერს. ვიდეოშიც კარაგად ჩანს ეს სიხარული: ღიპუცა კაცები ტაშითა და სტვენით აცილებენ სტალინის ძეგლს, მერე კი კამერასთან თავს იწონებენ ძეგლის შეურაცხყოფით. თაზომ ასეთი კომენტარი გაუკეთა ამ ვიდეოს ფეისბუქზე: “მე ვიყო უსინდისო, ეს თავზე მოტყაპუნენი რამეთი თუ განსხვავდებოდნენ სტალინის იდეური მიმდევრებისგან “. მეც ეგრე მგონია.
გიხაროდენ ქართველო ერო! სტალინის ძეგლი აღარაა, ავშენდით.

, , , , , , , , , , ,

6 Comments