Posts Tagged Tbilisi Open Air

Tbilisi Open Air 2015 – ფესტივალის ბოლო დღე

ამ დღისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი – ხუმრობა ხომ არაა ლაივში იხილო შენი წარსული ტკბილი მოგონებების ჯგუფი, რომლის კონცერტზე მოხვედრა მხოლოდ ოცნებებში თუ წარმოგედგინა. ის, რაც აქამდე წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, ამიხდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი. განსაკუთრებით მაშინ, როცა რამდენიმე სიმღერაზე ჰაერში ამწიეს. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სადაცაა მოღრუბლული ცისკენ ავფრინდებოდი. ამის სურათიც ცხადად წარმომიდგა თვალწინ: როგორ დავყურებ რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან დაპატარავებულ ხალხსა და სცენას. მუსიკა ჩემთვის ყოველთვის ემოციებთან, მოგონებებთან, კონკრეტულ დროსთანაა დაკავშირებული. Placebo-ს სცენაზე გამოსვლისას ყველა მოგონება და ემოცია გაცოცხლდა. დაუვიწყარი წუთები იყო.

ფოტოს პირველწყარო- Placebo-ს ოფიციალური ვებგვერდი

ფოტოს პირველწყარო- Placebo-ს ოფიციალური ვებგვერდი

მერე რა, რომ ბრაიანი ის გამხდარი ბიჭუნა აღარაა და უფრო მეტად გია სურამელაშვილს ჰგავს, ვიდრე Placebo-ს ფრონტმენს. მერე რა, რომ ახირებებიც უცნაური აქვს (განსაკუთრებით ფოტოების გადაღების აკრძალვა, რომელიც ჯგუფის პრესკონფერენციაზეც გაისმა და უშუალოდ გამოსვლის დროსაც რამდენჯერმე შეახსენეს მსმენელს, არ გამოეყენებინათ პროფესიონალური კამერები). ის მუსიკა, რომელიც Placebo-მ შექმნა, უამრავი ადამიანის გულში დადებითი ემოციებით აღსავსე კვალი დატოვა. ეს მუსიკა კლავაც იგივეა ❤

წლევანდელი Open Air ყველაზე კარგი იყო განვლილთა შორის. გული მწყდება, რომ დამთავრდა ეს ფანტასტიური ხუთი დღე. დიდი იმედი მაქვს, რომ ის ხარვეზები, რაც იყო, გათვალისწინებული იქნება მომავალ წელს. რომ 2016 წლის ფესტივალი ბევრად უფრო მაგარი იქნება და ორგანიზატორები ისევ გაგვახარებენ არაჩვეულებრივი მუსიკოსების ჩამოყვანით საქართველოში. ამ განცხადებით მინდა დავასრულო ეს პოსტი:

Open Air alter vision

, , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

Tbilisi Open Air 2015 – დღე მეოთხე

Tbilisi Open Air-ის 6 ივლისის მთავარი მოვლენა ჩემთვის Kill It Kid იყო.

ძალიან მაგარი ლაივი ქონდათ! დიდხანს კი ველოდე. საუნდჩეკი უზომოდ გაიწელა. ამ დროს წვიმა წამოვიდა. სცენაზეც კი წვიმდა, მიუხედავად იმისა, რომ გადახურული იყო. საჭირო გახდა ზოგიერთი აპარატურის შეფუთვა ცელოფნებით. განრიგის მიხედვით, KIK ბეტ ჰარტამდე უნდა გამოსულიყო. სცენის გარშემო შეკრებილი ხალხი კი “ბეტ ჰარტს” გაყვიროდა. 2012 წლის open air გამახსენდა, როცა არაჩვეულებრივი Dub Fx-ის გამოსვლისას ვიღაცები “დედეტეს” გაიძახოდნენ და მის ჩამოძევებას ითხოვდნენ. ჩემთვის გავიფიქრე, რა დროს ეს ქალია, ლაინაფისთვის მაინც შეევლოთ თვალი და ჩემის მხრივ, მთელ ხმაზე Kill It Kid-ის ყვირილი დავიწყე. როგორც იქნა, სცენაზე სინათლე ჩაქრა, მერე ისევ აინთო და KIK-ის სიმპათიური ახალგაზრდების ნაცვლად Beth Hart-ს მოვკარი თვალი. ცეცხლი კი დაანთო და კაცმა/ქალმა რომ თქვას, მშვენიერი ლაივი ქონდა, მაგრამ გამწარებული შემდეგი ფიქრებით “ამისთვის ვიდექი წვიმასა და ქარში?!” გოლდენსტეიჯისკენ გავეშურე.

beth3[1]

აქვე მინდა აღვნიშნო გოლდენსთეიჯთან დაკავშირებული ხარვეზები – ძალიან ცუდი საუნდი იდგა. განსაკუთრებით აისახა იმ ქართულ ბენდებზე, რომელთაც ამ სცენაზე მოუწიათ ცოცხალი შესრულება. შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ხმის ინჟინრებსა თუ რეჟისორებს პირველი და მთავარი სცენისგან განსხვავებით, აქ არანაირი ძალისხმევა საუნდის დაყენებაზე არ გაუწევიათ.

ბეტ ჰარტის გამოსვლის შემდეგ KIK-ის ხილვის იმედი გადამეწურა, ძალიან გვიანი იყო. ხალხის უმრავლესობაც გოლდენსტეიჯისკენ წამოვიდა “ელექტრონშიკების” მოსასმენად და სხვა, “კლუბურ” რეალობაში გადასანაცვლებლად. Kill It Kid მაინც გამოვიდა. თვითონაც და ჩვენ – მესმენელებიც ძალიან კმაყოფილები დავრჩით.

KIK-მა თბილისელ მსმენელს მადლობა გადაუხადა

KIK-მა თბილისელ მსმენელს მადლობა გადაუხადა

kik[1]მთავარი, placebo წინ არის ❤

, , , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

Tbilisi Open Air 2015 – დღე მესამე

Tbilisi Open Air-ის მესამე დღით ყველაზე მეტად მძიმე მუსიკის მოყვარულები ისიამოვნებდნენ, რადგან 5 ივლისის ჰედლაინერი მეტალბენდი Black Label Society იყო. ჰედლაინერამდე კი მთავარ სცენაზე ქართველი შემსრულებლები  Vanilla Cage და Sophie Villy წარდგნენ. ნარნარი და მსუბუქი სოფის შემდეგ ცოტა უცნაური და შეუსაბამო იყო BLS-ს მძიმე მუსიკაზე გადასვლა. კონცერტის გვიან დაწყების გამო ქართული ბენდის, Scratch The Floor-ის გამოსვლა ამ დღეს ვერ მოესწრო, რამაც ბენდის გულშემატკივრებს გული დაწყვიტა.  როგორც მოსალოდნელი იყო, Black Label Society-მ ნამდვილი ცეცხლი აანთო სცენაზე :დ

Black Label Society. ფოტოს პირველწყარო: Tbilisi Open Air Alter/Vision-ის FB

მთავარ სცენაზე კონცერტი ჩვენი მეზობლების, სომხური პროგრესიული როკ ბენდის – The Bambir-ის  – გამოსვლით დასრულდა.

ამის შემდეგ ფესტივალმა  Golden Stage-ზე გადაინაცვლა, სადაც ელექტრონული მუსიკის მოყვარულები შეკრებილიყვნენ. Tomma-ს, Vako Key-ს, Gui Boratto-სა და Bacho & Cobert-ის მუსიკის თანხლებით ცეკვა დილამდე გაგრძელდა.

, , , , , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

Tbilisi Open Air 2015 – დღე მეორე

ეს დღე იმდენად მაგარი იყო, ემოციებს ვერ ვიკავებდი! ყველა ბედნიერი და მუსიკით მთვრალი იყო! ეს იყო საოცრება!

პოზიტიური ემოციების მოზღვავება ქართული ბენდის Gravity-ს გამოსვლით დაიწყო, მას მოყვა გასაოცარი Soap&Skin ავსტრიიდან. Archive-მა კი დააგვირგვინა ეს ყველაფერი. გასაოცარი ლაივი ქონდათ, პირდაპირ სასწაული!

archive

Archive-მა დაგიბრუნდებითო ❤

archive2

მეტს ვერაფერს ვწერ ამ დღეზე, იქ უნდა ყოფილიყავით!

, , , , , , , , , ,

7 Comments

Tbilisi Open Air 2015 – დღე პირველი

Tbilisi Open Air 2015-ის პირველმა დღემ ჩაიარა. პირველი დღის შთაბეჭდილებები ასეთია:

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ზღვის ახალ ქალაქში წასვლამდე თვალი გადავავლე ფესტივალზე მყოფთა კომენტარებს, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე ციოდა და რამე თბილი ტანსაცმლის წამოღება აჯობებდა, ასეთ სიცივეს მაინც არ ველოდი. სიცივე რა – საშინელი ქარი ქროდა: თმები გამეწეწა, თვალები ქვიშით ამომევსო. ეტყობა ქარს ხელი შეუწყო ადგილმაც – გარშემო ერთი-ორი ხე თუ იდგა, ერთი სიტყვით უდაბნო იყო. ადგილს, ამინდსა და ქარს ბევრი უარყოფითი გამოხმაურება მოყვა.

პირველ დღეს ნამდვილად ეტყობოდა არაორგანიზებულობა. რიგები ბილეთების სალაროსთან, რიგები შესასვლელში, რიგები ფესტივალიდან გასვლისას, რიგები ნებისმიერ ბართან, რიგები საპირფარეშოებთან. ზოგიერთს biletebi.ge-ს შემთხვევა მოაგონა ამ ამბავმა. თუმცა, 90-იანების რიგებგამოვლილ ადამიანს მსგავსი რამ ნაკლებად თუ შემაშფოთებს. 15 წთ რიგში დგომა არაა პრობლემა, თუ ხალხი რიგს დაიცავს და არ დაგეჯაჯგურება, გვერდიდან არ შემოძვრება – ხალხის უკულტურობას კი ნამდვილად ვერ დავაბრალებთ ორგანიზატორებს. ერთი საპირფარეშოსთან რიგია ცოტა შემაწუხებელი – აქ ვერ გაძლებ დიდხანს ^^ არაორგანიზებულობა გამოიხატებოდა შემდეგში – შთაბეჭდილება შემექმნა, რომ სალაროებში სრულიად დაბნეული ადამიანები ისხდნენ, რომლებსაც არავითარი კოორდინაცია არ ქონდათ ერთმანეთთან – საშვის ასაღებად რიგში დიდი ხნის დგომის შემდეგ პირველი სალაროს გამყიდველმა მეორესთან გაგვიშვა, მეორემ – მესამესთან, მესამემ – “მე საერთოდ აზრზე არ ვარ სად ხდება გაცემაო”. ასე გავიდა, თითქმის ერთი საათი. მოკლედ, კარგი იქნებოდა სტაფი უკეთ დაეტრენინგებინათ მსგავს გაუგებრობას რომ არ ქონოდა ადგილი.

open air

სასმელზე ითქვა ასევე ბევრი ცუდი – ლუდი იყო თბილიო. ძალიან ნაცნობი თემაა – თითქმის არცერთ ფესტივალს არ ჩაუვლია მის გარეშე. პრეტენზიები ასეთ შემთხვევაში, ალბათ, პირველ რიგში, გამყიდველ კომპანიებთან/ადამიანებთან უნდა გვქონდეს. თუმცა, სავარაუდოდ, ამის დარეგულირება შეიძლებოდა გამყიდველთათვის სასმლის მაცივარში შენახვის მთავარ პირობად წაყენებით. მე ლუდი არ დამილევია, დავლიე ადუღებული კოკა-კოლა, მაგრამ იმ მომენტში ჩემთვის მნიშვნელობა არ ქონდა სასმლის ტემპერატურას – ძალიან მწყუროდა.

მუსიკოსებს რაც შეეხება, 3 ივლისის მთავარი გამომსვლელი იყო ზემფირა, ლაინაფი კი ასე გამოიყურებოდა:

✔ Main Stage:
16:30 – 17:00 Mellow
17:05 – 17:35 Ducktape
17:45 – 18:30 сухие
18:45 – 19:40 Tiger Lillies
19:50 – 21:20 Aquarium
21:50 – 23:10 Zemfira

✔ Golden Stage/Night:
23:10 – 00:00 The Forest
00:00 – 02:00 Kollektiv Turmstrasse
02:00 – 04:00 Stephan Bodzin
04:00 – 05:20 Newa
05:20 – 06:30 The Forest
6:30 – Greenbeam & Leon

ყველაზე მეტად მაინტერესებდა გერმანელი მუსიკოსებისგან შემდგარი დუეტი Kollektiv Turmstrasse. საბოლოოდ მათ შორიდან მოსმენას დავჯერდი. ზემფირას წლების წინ ვუსმენდი – ალბათ, მაშინ უფრო მეტად გამიხარდებოდა და ბევრად მეტ ემოიციას მოიტანდა მის ლაივზე დასწრება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ უკრაინის დროშის მოფრიალე ზემფირამ ნამდვილად კარგი პერფორმანსი მოაწყო სცენაზე.

მთავარი კი წინ არის!

, , , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

დაუჯერებელი ამბავი – თბილისში Placebo ჩამოდის

Tbilisi Open Aor 2015

გუშინ მთელი საქართველო ზეიმობდა გაიგო რა Open Air-ის ლაინაფის შესახებ. Placebo, Archive, Kill it Kid, Kollektiv Turmstrasse, Zemfira, Beth Hart და სხვები 3-7 ივლისს თბილისს ეწვევიან. ფესტივალში მონაწილეობას ქართველი მუსიკოსებიც მიიღებენ: Lady Heroine, The Georgians, Salio, MAMM, The Jetbird, Sophie Villy, Scratch The Floor, არა, Erekle Deisadze & Vinda Folio, The Black Marrows, The Mins … სულ 60-მდე შემსრულებელი 5 დღის განმავლობაში გაგვაბედნიერებს საკუთარი მუსიკით. ფესტივალი ღია ცის ქვეშ, თბილისის ზღვის ახალი ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

ლაინაფის ჰელაინერების ვინაობა რამდენიმე კვირით ადრე გავიგე, თუმცა, იმდენად დაუჯერებელი იყო ჩემთვის, მორიგი ჭორი მეგონა. გუშინ, ფესტივალის ორგანიზატორის, AlterVision Group-ის  მიერ ლაინაფის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ ბოლო მოეღო  ეჭვებს. ეს დღეებია სრულიად აჟიტირებული დავდივარ ^_^

Placebo-ს განცხადება მათ ოფიციალურ facebook გვერდზე

Placebo-ს განცხადება მათ ოფიციალურ facebook გვერდზე

გუშინდელ “ზარზეიმთან” ერთად სოც. ქსელებში კრიტიკული კომენტარებიც დაიწერა მცირე რაოდენობით. აბიტურიენტი მოსწავლეები, რომელთაც ფესტივალს ეროვნული გამოცდების პერიოდი ემთხვევათ, ფესტივალის თარიღს აპროტესტებდნენ. ასევე, როგორც ყოველთვის, საუბარი იყო ბილეთის სიძვირეზე. თუმცა, 5 დღიანი აბონიმენტისთვის 110 ლარი, 60-მდე შემსრულებლითა და ასეთი მაგარი ჰედლაინერებით, ნამდვილად არაა ძვირი!

6 წელი გავიდა პირველი Tbilisi Open Air-დან. დღესაც კარგად მახსოვს მაშინდელი შთაბეჭდილებები. პირველივე დღიდან ვგულშემატკივრობ ამ ფესტივალს და ყოველ ოფენეარს ვესწრები. ჩემი იმედები გამართლდა: ფესტივალი ტრადიციად იქცა და ბევრი კარგი მუსიკოსის მოსმენის საშუალება მოგვცა.

შეგიძლიათ იხილოთ წინა ოფენეარების მიმოხილვები:

Tbilisi Open Air 2013

Tbilisi Open Air 2012

Tbilisi Open Air 2011

Tbilisi Open Air 2009

პ.ს. რა მოითმენს 4 ივლისამდე!!!

placebo

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

2 Comments

Tbilisi Open Air 2013

open air

ვაგრძელებ ტრადიციას და გთავაზობთ Tbilisi Open Air 2013-ის მიმოხილვას. ამ ფესტივალს პირველი ოფენეარის დღიდან ვადევნებ თვალს და ვაშუქებ.

პირველი გამომსვლელი, რომელსაც მოვუსმინე, იყო The Subways (სამწუხაროდ, ვერც Kid Jesus-ს და ვერც Black Strobe-ს ვერ მივუსწარი). The Subways – ეს იყო ცეცხლი, ცხრა ბალიანი მიწისძვრა, ცუნამი სცენაზე!!! მუსიკოსების შესრულების ხარისხი, მოძრაობები, დაკვრის მანერა – ყველაფერი გადმოსცემდა უდიდეს მუხტსა და ენერგიას. ძალიან კარგი იყო ეს სამეული!

მსმენელთა უმეტესობა Deep Purple-ის გამო იყო მოსული, მე კი ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა მათი მოსმენა. ჯგუფის წევრთა ასაკი საერთოდ არ ასახულა შესრულების ხარისხზე. არ დაიჯეროთ თუ ვინმე გეტვყით, დაბერდნენო. მიუხედავად ამისა, ძალიან მომბეზრდა გიტარის გაუთავებელი სოლოები და ერთი სული მქონდა როდის ავიდოდა სცენაზე შემდეგი გამომსვლელი.

open air7

Infected Mushroom-ზე ძალიან მოვილხინე. კარგი იქნებოდა აუდიტორიისთვის უფრო ნაცნობი სიმღერები შეესრულებინათ, მაგრამ რაც იყო, ძალიან კარგი იყო.

open air6

open air5

“ფარფლების” გამოსვლის შემდეგ დინამო არენის დაცარიელება დაიწყო. წინა ოფენ ეარი გამახსენდა: უმეტესობა რომ მარტო DDT-ს მოსასმენად იყო მოსული და ზოგ-ზოგიერთები Dub Fx-ის სცენიდან “ჩამოძევებას” მოითხოვდნენ. :/ ბევრმა თქვა, ჯობდა Deep Purple სულ ბოლოს ჩაესვათ line-up-ში დარბაზის დაცარიელებისგან თავის დაზღვევის მიზნით, მაგრამ მსგავს შემთხვევაში არაა გამორიცხული ბოთლების სროლა დაეწყოთ სცენაზე მდგომი მუსიკოსებისთვის ფარფლების მოთხოვნით :/

open air4

თრიქი ხალხს სცენაზე ასვლისკენ მოუწოდებს

open air3

თრიქის გამოსვლა რამდენიმე ასეულ ადამიანთან მოუწია. მარტო წინა რიგში იდგა ხალხი. უკანა რიგები კი სულ ცარიელი იყო. წარმოგიდგენიათ: დიდი სივრცე, შენ გარდა კაციშვილი რომ არაა, შენ პირდაპირ კი Tricky უკრავს და რასაც გინდა იმას აკეთებ. კარგი შეგრძნება იყო.

open air 1

ასე გამოიყურებოდა დინამო არენა თრიქის გამოსვლისას

ფესტივალის ყველაზე დიდი ფეილი მისი დაბოლოება იყო: ხალხი Modeselektor-ს ელოდა. თრიქის გამოსვლის შემდეგ კი უცებ შუქი ჩაქრა და სცენაზე აპარატურის ალაგება დაიწყეს. ვიღაცებმა თქვეს, ბოლო გამომსვლელი აღარ იქნება, წავიდნენ რადგან თვითმფრინავის რეისზე აგვიადნებოდათო (კონცერტი ორი საათით გვიან დაიწყო). თუმცა, ორგანიზატორებიდან არავინ გამოსულა და აუხსნია მიზეზი, რატომ მოხდა ასე. წარმოიდგინეთ, რა ცუდ დღეში ჩავარდებოდნენ Modeselektor-ის მოსასმენად მოსული ადამიანები. დღის 5-დან ღამის ოთხამდე რომ ელოდები ბენდს და უცებ, არა რამდენიმე საათით ადრე, არამედ წესით და რიგით ამ ბენდის გამოსვლის დროს იგებ, რომ აღარ გამოვა :/

ყველა ივენთის ერთი დიდი პრობლემაა დაცვის წარმომადგენლები :/ ვერც ოფენეარი იყო გამონაკლისი. ზოგიერთ დასაჯდომ ადგილზე მყოფ ადამიანს ფეხზე დადგომას უკრძალავდნენ თურმე, ზოგს გასვლისას და მერე ისევ შემოსვლისას შეექმნა პრობლემა (არადა ბილეთები ნაყიდი ჰქონდათ). დაცვის წევრებმა არ იციან ვის როგორ უნდა მოექცნენ, ზოგჯერ ზედმეტად უხეშები და უზრდელები არიან. რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება. მაკავშირებს რა არცთუ სასიამოვნო მოგონებები დაცვასთან, ერთი ადვილად განსახორციელებელი იდეა მომივიდა თავში: ტრენინგები ჩაუტარონ, აუხსნან ზუსტად რა ევალებათ, შეიმუშავონ  მათთვის განკუთვნილი “ქცევის კოდექსი”. ტრენერის როლში მეც გამოვდგები 😀

კარგი იქნებოდა დარბაზში დადგმულ ეკრანებზე ეჩვენებინათ რა ხდებოდა სცენაზე. ზოგიერთი მუსიკოსის გამოსვლა ვერ მოხვდა ეკრანზე. არადა უკანა რიგებში საერთოდ ვერ ხედავდნენ შემსრულებლებს.

ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა პრე-ფართიზე: ფესტივალამდე რამდენიმე დღით ადრე მთაწმინდის პარკში, ბორბლის ქვეშ გაიმართა ოფენეარის პრე–ფართი. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: Catch The Clouds, SALIO, Gio Shengelia & Sikha, Green Room… არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი ივენთი იყო სწორად შერჩეული ადგილითა და დამსწრე საზოგადოებით.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი ქართულ მუსიკალურ სივრცეში დასრულდა. ველოდები Tbilisi Open Air 2014-ს! 🙂

პ.ს. წინა ოფენეარების მიმოხილვები:

Tbilisi Open Air 2012

Tbilisi Open Air 2011

Tbilisi Open Air 2009

, , , , , , , , , ,

3 Comments

DDT vs Dub FX/Tbilisi Open Air 2012

Tbilisi Open Air 2012-იც დასრულდა. 2009 და 2011 წლების ოფენეარებთან შედარებით წლევანდელი ფესტივალი ბევრად მასშტაბური იყო. წელს გაცილებით მეტი ხალხი მოვიდა კონცერტზე და მედიის მხრიდანაც ყურადღება უფრო დიდი იყო. ეს, პირველ რიგში, ალბათ, ფესტივალის ჰედლაინერმა ბენდმა  – DDT-მ გამოიწვია. DDT-ს, ჯერ კიდევ 1980 წელს, საბჭოთა რუსეთში დაარსებული ჯგუფის, ლაინაფში გამოჩენამ ბევრის გული გაახარა და ფესტივალზე მისვლა გადააწყვეტინა. პირადად მე ფესტივალზე ნაკლებად მაინტერესებდა მამაჩემის თაობის საყვარელი ჯგუფის ხილვა, რომელსაც, ცოტა არ იყოს, ნაფტალინის სუნი ასდის. (მე მაპატიეთ დდტ-ს ფანებო :)) თუმცა, უნდა ითქვას, რომ მართლაც ძალიან კარგად დაუკრეს კონცერტზე და თითქმის არავინ დაუტოვებიათ გულგრილი თავისი შესრულებით. Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , , , ,

15 Comments

Tbilisi Open Air 2011

რამდენი ხანი ველოდი ამ ფესტივალს და როგორც იქნა, პირველი Tbilisi Open Air-დან 2 წლის შემდეგ 11 და 12 ივნისს კვლავ იპოდრომზე გაიმართა Tbilisi Open Air 2011. წინა ფესტივალთან შედარებით ნაკლებად მასშტაბური იყო, მონაწილეობდა ბევრად მეტი ქართული ბენდი (19 გამომსვლელი ბენდიდან მხოლოდ ოთხი იყო უცხოური) და კონცერტზე დასწრება ფასიანი იყო: ბილეთი სულ რაღაც 5 ლარი ღირდა. ბევრმა გამოთქვა უკმაყოფილება, რომ როგორც პირველ Open Air-ზე წელს ფესტივალზე დასწრება უფასო არ იყო. მე კი ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო: პირველი, იმიტომ რომ ნაკლებად მოვიდოდა “ზედმეტი” ხალხი (მაგალითად, 2009 წელს კონცერტზე ბევრი ძველი ბიჭი იყო მოსული გაუგებარი მიზნით: მუსიკას არ უსმენდნენ, უბრალოდ იდგნენ და “როკერებს” აგინებდნენ. პ.ს “როკერებში” ყველა გრძელთმიანი და დახეულჯინსიანი ახლაგაზრდა მოიაზრება:დ) მეორე, ვისაც უნდოდა ფესტივალზე მოსვლა, 5 ლარი მათ ბიუჯეტს არ დააზარალებდა, პირიქით, ეს თანხა სხვა კონცერტების ბილეთის ფასებთან შედარებით მეტად მცირეა.

                        Mutual Friends

2009 წლის Open Air-მა ბევრად დიდი შთაბეჭდილებები მოახდინა ჩემზე და მაშინდელი უცხოური ბენდები უფრო მომეწონა. წელს დიდად არ აღვფრთოვანდი უცხოური გამომსვლელებით, მაგრამ, ნამდვილად კარგები იყვნენ.

                          The Smile

პირველ დღეს ვიყავი სრულიად ფხიზელი, ამიტომ ყველა გამომსვლელ ბენდს მოვუსმინე :დ მარტო The Benedicts ვერ მოვუსწარი: ამინდმა არ შეუწყო ხელი ფესტივალის ორგანიზატორებს, წვიმა წამოვიდა და ისიც კი ვიფიქრე, კონცერტს გადადებენ-მეთქი. მაგრამ, ფესტივალი ჩვეულებრივად გაგრძელდა და წვიმაც შეწყდა ცოტა ხანში.

                     Ketrine & Me

ყველაზე მეტად პირველ დღეს მომეწონა Me and My monkeys გამოსვლა. ამ ჯგუფში ცვლილებებია: ახალი გიტარისტი ჰყავთ.

ბევრის გული გაახარა Green Mama-ს გამოსვლამ ამ ფესტივალზე: მათ ხომ დიდი ხანია არ ჰქონიათ კონცერტი და საერთოდაც, მე დაშლილი მეგონა ეს ბენდი.

                         Green Mama

ნიკა კოჩაროვი გახსოვთ? ლონდონში რომ არის წასული და დროდადრო ჩამოდის ხოლმე თბილისში. მანაც მიიღო მონაწილეობა კონცერტში. ოღონდ ლოლიტები არ გამოდიოდნენ. დიდი ხანია Young Georgian Lolitaz წარსულს ჩაბარდა :დ ნიკას ახალი ბენდი ჰყავს – Z for Zulu.

             Z for Zulu

                           Z for Zulu

ფესტივალის მეორე დღე გახსნა LOUDspeakers-მა. თავდაპირველად ეს ბენდი არ იღებდა მონაწილეობას კონცერტში, თუმცა, ორგანიზატორებმა გაითვალისწინეს ამ ჯგუფის მსმენელთა გამალებული მოთხოვნა და საბოლოოდ LOUDspeakers-მაც დაუკრა ფესტზე. სამწუხაროდ, მე ვერ მივუსწარი მათ გამოსვლას. როგორც მითხრეს, ძალიან კარგი იყო: კონცერტზე მოსულმა ხალხმა ზეპირად იცოდა მათი სიმღერები და შიგადაშიგ აყვა კიდევაც 🙂

                              Salio

მეორე დღეს ბევრი დავლიე, ამიტომაც ნაკლებად მოვუსმინე გამომსვლელ ბენდებს. სამაგიეროდ ბევრი ვიმხიარულე და ვიცეკვე:დ არ შემიძლია არ აღვნიშნო უზომოდ მთვრალი და აღგზნებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების სიმრავლე იპოდრომზე:დ სამწუხაროდ, “ჩხუბების” გარეშეც არ ჩაუვლია კონცერტს.

ფესტივალის დასრულების შემდეგ სახლში რომ მივდიოდი და ცარიელ და დაბინძურებულ იპოდრომს ვუყურებდი, რაღაცნაირად გული დამწყდა :დ Tbilisi Open Air დაგვემშვიდობა. იმედია ერთი წლით 🙂

, , , , , , , , , , , ,

6 Comments

Nights Of Arles in Tbilisi

15 მაისს თბილისში ერთდროულად 3 ადგილას: აბანოთ-უბანში, გუდიაშვილის ბაღსა და შარდენზე ღია ცის ქვეშ გაიმართა კონცერტი. კონცერტზე გამოვიდნენ ის ახალბედა ბენდები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს Tbilisi Alter\Vision\stars for newcomers-ში.. მუსიკოსები ასე განაწილდნენ სცენის ადგილმდებარეობის მიხედვით: აბანოებთან Mirror Illusion, Rema და პორნოპოეზია უკარვდნენ, შარდენზე The Georgians, Ketrine and me, ABC, გუდიაშვილის ბაღში კი Me and My Monkey და Forest.


The Georgians
Tbilisi Open Air-ს ფესტივალს მონატრებულს ერთი სული მქონდა როდის დადგებოდა 15 მაისი. ეს ფესტივალი შარშან ზუსტად ამ დროს დაიწყო. ორგანიზატორების თქმით, Tbilisi Open Air 2010 აგვისტოს გაიმართება ბათუმში და შესაძლოა Prodigy ჩამოიყვანონ. ეს ინფორმაცია პირად საუბრებში გაისმა, ოფიციალური განცხადება ამასთან დაკავშირებით ჯერ არ გაკეთებულა. Nights Of Arles in Tbilisi-მ სულ მცირედ მაინც დააკმაყოფილა ჩემი სურვილი Open Air-ის ფესტზე ყოფნისა.
ჩემი პირველი უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ სამივე სცენაზე კონცერტი იწყებოდა ერთსა და იმავე დროს: 8 საათზე. არადა ყველა ჯგუფის გამოსვლა მაინტერესებდა, ეს კი შეუძლებელი აღმოჩნდა. უკეთესი იქნებოდა სხვადასხვა დროს დაწყებულიყო ეს კონცერტები. სამი სცენის იდეა თავიდან არ მომეწონა, მაგრამ მერე რომ ვნახე თბილისის ქუჩებში აქთ-იქით, ერთი სცენიდან მეორისკენ მოსიარულე ხალხი, ეს იდეაც დავაფასე. პატარა “მოგზაურობას” დაესმგავსა ეს მიმოსვლა: ტოვებდი ერთ სეცნას და მიდოდი მეორესთან იმის ფიქრით, აბა აქ ახლა ვინ უკრავს ნეტავ, როგორი სცენაა, როგორი ხმაა, სჯობია თუ არა პირველ სცენას, რამდენი ხალხი იქნება, ნაცნობები თუ იქნებიან და ა.შ. სხვების არ ვიცი, მაგრამ მე კი ნამდვილად ამ ფიქრებით მივდიოდი სხვა სცენისკენ.
თავიდან ბევრი წუწუნი მოვისმინე ხმის ჟღერადობაზე. ნახეს რა გამომსვლელმა ბენდებმა აპარატურა, მაშინვე გამოთქვეს უკმაყოფილება: ამ აპარატურით რა “ზვუკი” უნდა დააყენო, საშინელება იქნებაო. ამ სამი სცენის აწყობას სჯობდა ერთი გაეკეთებინათ და ხარისხიანი აპარატურა დაედგათო. საბოლოოდ კონცერტზე ხმის ნორმალური ჟღერადობა იყო (ნორმალურში ვგულისხმობ თბილისისთვის, საქართველოსთვის ნორმალურს 😀 )


My And My Monkey

შარდენზე კონცერტი რამდენიმე წუთით შეჩერდა: სიონიდან გადმოსულმა მღვდლებმა ორგანიზატორებს სთხოვეს ცოტა ხნით შეეწყვიტათ დაკვრა, რადგან პატრიარქი იყო მობრძანებული ტაძარში. Sound-check-იც მოგვიანებით შედგა, რადგან სიონში ამ დროს წირვა მიმდინარეობდა. ადრეც მითქვამს, რომ როკ-კონცერტზე ანაფორიანების დანახვა შიშს მგვრის. თანაც ხალხში მმკ-ს რამდენიმე წევრი დავლანდე 😐 საბედნიეროდ კონცერტი მშვიდობიანად გაგრძელდა და დასრულდა.

ამ დღეს ვნახე უამრავი ნაცნობი, დავლიე ბევრი ლუდი, ვიცეკვე დაღლამდე. მოკლედ მშვენიერი დრო გავატარე 🙂

, , , , , , , , , , , ,

11 Comments