Posts Tagged ძველი ბიჭები

Tbilisi Open Air 2011

რამდენი ხანი ველოდი ამ ფესტივალს და როგორც იქნა, პირველი Tbilisi Open Air-დან 2 წლის შემდეგ 11 და 12 ივნისს კვლავ იპოდრომზე გაიმართა Tbilisi Open Air 2011. წინა ფესტივალთან შედარებით ნაკლებად მასშტაბური იყო, მონაწილეობდა ბევრად მეტი ქართული ბენდი (19 გამომსვლელი ბენდიდან მხოლოდ ოთხი იყო უცხოური) და კონცერტზე დასწრება ფასიანი იყო: ბილეთი სულ რაღაც 5 ლარი ღირდა. ბევრმა გამოთქვა უკმაყოფილება, რომ როგორც პირველ Open Air-ზე წელს ფესტივალზე დასწრება უფასო არ იყო. მე კი ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო: პირველი, იმიტომ რომ ნაკლებად მოვიდოდა “ზედმეტი” ხალხი (მაგალითად, 2009 წელს კონცერტზე ბევრი ძველი ბიჭი იყო მოსული გაუგებარი მიზნით: მუსიკას არ უსმენდნენ, უბრალოდ იდგნენ და “როკერებს” აგინებდნენ. პ.ს “როკერებში” ყველა გრძელთმიანი და დახეულჯინსიანი ახლაგაზრდა მოიაზრება:დ) მეორე, ვისაც უნდოდა ფესტივალზე მოსვლა, 5 ლარი მათ ბიუჯეტს არ დააზარალებდა, პირიქით, ეს თანხა სხვა კონცერტების ბილეთის ფასებთან შედარებით მეტად მცირეა.

                        Mutual Friends

2009 წლის Open Air-მა ბევრად დიდი შთაბეჭდილებები მოახდინა ჩემზე და მაშინდელი უცხოური ბენდები უფრო მომეწონა. წელს დიდად არ აღვფრთოვანდი უცხოური გამომსვლელებით, მაგრამ, ნამდვილად კარგები იყვნენ.

                          The Smile

პირველ დღეს ვიყავი სრულიად ფხიზელი, ამიტომ ყველა გამომსვლელ ბენდს მოვუსმინე :დ მარტო The Benedicts ვერ მოვუსწარი: ამინდმა არ შეუწყო ხელი ფესტივალის ორგანიზატორებს, წვიმა წამოვიდა და ისიც კი ვიფიქრე, კონცერტს გადადებენ-მეთქი. მაგრამ, ფესტივალი ჩვეულებრივად გაგრძელდა და წვიმაც შეწყდა ცოტა ხანში.

                     Ketrine & Me

ყველაზე მეტად პირველ დღეს მომეწონა Me and My monkeys გამოსვლა. ამ ჯგუფში ცვლილებებია: ახალი გიტარისტი ჰყავთ.

ბევრის გული გაახარა Green Mama-ს გამოსვლამ ამ ფესტივალზე: მათ ხომ დიდი ხანია არ ჰქონიათ კონცერტი და საერთოდაც, მე დაშლილი მეგონა ეს ბენდი.

                         Green Mama

ნიკა კოჩაროვი გახსოვთ? ლონდონში რომ არის წასული და დროდადრო ჩამოდის ხოლმე თბილისში. მანაც მიიღო მონაწილეობა კონცერტში. ოღონდ ლოლიტები არ გამოდიოდნენ. დიდი ხანია Young Georgian Lolitaz წარსულს ჩაბარდა :დ ნიკას ახალი ბენდი ჰყავს – Z for Zulu.

             Z for Zulu

                           Z for Zulu

ფესტივალის მეორე დღე გახსნა LOUDspeakers-მა. თავდაპირველად ეს ბენდი არ იღებდა მონაწილეობას კონცერტში, თუმცა, ორგანიზატორებმა გაითვალისწინეს ამ ჯგუფის მსმენელთა გამალებული მოთხოვნა და საბოლოოდ LOUDspeakers-მაც დაუკრა ფესტზე. სამწუხაროდ, მე ვერ მივუსწარი მათ გამოსვლას. როგორც მითხრეს, ძალიან კარგი იყო: კონცერტზე მოსულმა ხალხმა ზეპირად იცოდა მათი სიმღერები და შიგადაშიგ აყვა კიდევაც 🙂

                              Salio

მეორე დღეს ბევრი დავლიე, ამიტომაც ნაკლებად მოვუსმინე გამომსვლელ ბენდებს. სამაგიეროდ ბევრი ვიმხიარულე და ვიცეკვე:დ არ შემიძლია არ აღვნიშნო უზომოდ მთვრალი და აღგზნებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების სიმრავლე იპოდრომზე:დ სამწუხაროდ, “ჩხუბების” გარეშეც არ ჩაუვლია კონცერტს.

ფესტივალის დასრულების შემდეგ სახლში რომ მივდიოდი და ცარიელ და დაბინძურებულ იპოდრომს ვუყურებდი, რაღაცნაირად გული დამწყდა :დ Tbilisi Open Air დაგვემშვიდობა. იმედია ერთი წლით 🙂

, , , , , , , , , , , ,

6 Comments

ჩვენი დროის დინოზავრები _ ორიოდე სიტყვა ძველ ბიჭებზედ

ძირითადად შავი სამოსით იმოსება. აქვს მკაცრი და აგრესიული მზერა. ყოველ 5 წუთში იფურთხება და იგინება დედას. ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევებიდან სულ მცირე ახასიათებს მწეველობა. ატარებს დანას. პატარა წვრილმანზეც შეიძლება გამოგეკიდოთ და აგიტეხოთ ჩხუბი: მაგალითად თუ “ცუდად” შეხედეთ ან თუ მამრობითი სქესის წარმომადგენელი ხართ და გრძელი თმა გაქვთ. დროის უმეტესობა გაჰყავს ქუჩაში, ძმა-ბიჭების თავშეყრის ადგილზე _ ე.წ. “ბირჟაზე”_ ჩაცუცქულს. ხანდახან სერიოზული საქმეებიც გამოუჩნდება, როგორიცაა მაგალითად ქუჩური გარჩევები ან ჩხუბი. ჩმორებს “აწერს” ფულს ან ნებისმიერ ნივთს რაც მოეწონება. სძულს “ძაღლები”. კარგად იცის, რომ “ნებისმიერი კონფლიქტი უნდა მოგვარდეს პოლიციის ჩაურევლად”. აქვს საუბრის განსაკუთრებული მანერა: ცხვირში ლაპარაკობს და სიტყვებს ხრინწით წარმოთქვამს. უსმენს ძირითადად რეპს. საყვარელი ფილმი _ სავარაუდოდ “ნათლიმამა” ან “ნაიარევი სახე”. “ქურდული გაგება” და ძმა-ბიჭები მისთვის ყველაზე მაღლა დგას. არავითარი სწავლა-განათლება, სამსახური არ აინტერესებს. მოკლედ, მისი სამომავლო პერსპექტივა ნულია. ალბათ მიხვდით, რომ საუბარია ძველ ბიჭზე.

იყო დრო, როცა ქურდული წესები უფრო მეტად ფასობდა ჩვენს საზოგადოებაში, ვიდრე კანონი. როცა ფიქრობდნენ, რომ “აუცილებელია ბიჭმა გაიაროს ქუჩის სკოლა”. ბევრი თავსაც იწონებდა იმით, რომ ახალგაზრდობაში წარმატებით გაიარა ეს სკოლა. მათ შორის პოლიტიკოსებიც. შავ-ბნელ 90-იანებთან შედარებით დღეს ძველი ბიჭების რიხცვმა იკლო. ბევრი მიხვდა, რომ “კაიბიჭობა” სხვა არაფერია თუ არა დროის კარგვა, დისკრიმინაციისა და უკანონობის მხარდაჭერა და უპერსპექტივობა. თუმცა, ქართულ საზოგადოებაში დღემდე არის შემორჩენილი “ძველბიჭური ” გაგება. გაოცებასა და ბრაზს ვერ ვმალავდი, როცა გავიგე, როგორ ხვდებოდნენ ჩემს ერთ მეგობარ მეტალისტ ბიჭს ძველი ბიჭები დანებით და ემუქრებოდნენ, ხოლო როცა მან დახმარებისთვის პოლიციას მიმართა, შემდეგი პასუხი მიიღო ” აბა, ამხელა თმით რომ დადიხარ რა გგონია? თმა შეიჭერი და პრობლემებიც აღარ გექნებაო”; როგორ ცემდა მას მეტროში ხუთი ძველი ბიჭი ისევდაისევ განსხვავებული გარეგნობის გამო, ხალხი კი იდგა და პირიქით აქეზებდა მოძალადეებს “ასე უნდა მისნაირებსო”; როგორ მოუვიდა ჩხუბი უნივერსიტეტში (თსუ-ს მეორე კორპუსში!) და დაცვამ იმ მოტივით გააშველა, რომ “სადმე მოფარებული ადგილი ნახეთ და იქ იჩხუბეთო” 😐

სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები დღესაც ხდება, მაგრამ, მე მაინც ვფიქრობ, რომ “ძველბიჭობა” დროის ანაქრონიზმია, რასაც მალე გააცნობიერებს საზოგადოება. ძველი ბიჭების დრო წავიდა, ჩემს თვალში კი ისინი უბრალოდ გოიმები არიან. (მე მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის:დ)

, , , , , , , , , , , , , , ,

27 Comments

გლდანიდან დაწყებული თბილისი

თბილისობა ჩემთვის ასოცირდება მწვადებთან, ჩურჩხელებთან, მთვრალ ადამიანებთან, გარეთ გამოფენილ ღორის თავებთან, ქართული ესტრადის “ვარსკვლავებთან”, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გლდანთან და როკ–კონცერტთან. წლევანდელი თბილისობა 21 ოქტომბერს გლდანში გაიხსნა. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით გლდანის ახალ პარკში გაიმართა კონცერტი, შემდეგი ჯგუფების მონაწილეობით: The Nali Band, Shadow’s Eye, String, U.R., Comic Condition.

კონცერტის წამყვანი ვინი

გლდანში სულ 2ჯერ ვარ ნამყოფი. ერთხელ გავლით და მეორედ ძველით ახალ წელს. ის ახალი წელი კარგად მახსენდება: შუა ტრასაზე ვცეკვავდით მე და ჩემი მეგობრები, ხალხი კი გიჟებივით გვიყურებდა მანქანებიდან 🙂 მიუხედავად ასეთი კარგი მოგონებებისა, ამ უბანზე მაინც სტერეოტიპული შეხედულება მაქვს: ვფიქრობდი, რომ თბილისობის კონცერტზე პარკში ბევრი გლდანელი ძველი ბიჭი მოვიდოდა (“როკელებს” ცუდად რომ უყურებენ)  და აუცილებლად მოხდებოდა რამე მცირე კონფლიქტი მაინც. არც იმის იმედი მქონდა, რომ მაყურებელი სცენაზე გამოსულ მუსიკოსებს აყვებოდა. მოკლედ დიდი ხანია აღარ მჯერა იმის, რომ უფასო კონცერტზეც შეიძლება მიიღო სიამოვნება. მაგრამ საბედნეროდ ჩემი მოლოდინები არ გამართლდა: ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა, ხმის ჟღერადობაც ნორმალური იყო (იმასთან შედარებით რაც არის ხოლმე მსგავს კონცერტებზე).

Shadow’s Eye

ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა Shadow’s Eye–ს _ პუბლიკა გამოაცოცხლეს და “დრაივის მარცვალი დასთესეს”, რომელიც შემდეგ U.R.–მდა გააღვივა. “კიდევ, კიდევ” _ ყვიროდა ხალხი  Shadow’s Eye–ის გამოსვლის შემდეგ. ერთი რამ ვერ გავიგე ოღონდ: U.R.–ის ვოკალსტი ნიკ ლეშჩენკო მაყურებელს ინგლისურად მიმართავდა სულ: “Are You ready? I can’t hear u! Make some noise! ” და ა.შ. მაშინ როცა დამსწრე საზოგადოების უმრავლესობა ქართულ ენაზე საუბრობს, ასეთი მიმართვები ცოტა არ იყოს ყალბად ჟღერს.

 

U.R.

String–ს რაც შეეხება: ეს ის String არ იყო, წლების წინ რომ დავდიოდი მათ კონცერტებზე.   მომეჩვენა, რომ ცოტა დრაივი შემოაკლდათ. შეიძლება ვცდები. ყოველ შემთხვევაში, წლების წინ უფრო დიდი სიამოვნებას ვიღებდი String–ის გამოსვლებიდან.

String

მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს ასეთი გრანდიოზული სახალხო დღესასწაულები, კონცერტი მომეწონა. პ.ს ყველას გილოცავთ თბილისობას!

, , , , , , , , , , , , , , , ,

5 Comments

Tbilisi Open Air

“სხვადასხვა მუსიკალური ჟანრები, თავისუფლების ატმოსფერო, ფანტასტიური ცოცხალი მუსიკა ღია ცის ქვეშ, შემსრულებლები მთელი მსოფლიოდან, ათასობით სტუმარი, გრანდიოზული სცენა”- ამას გვპირდებოდნენ Tbilisi Open Air-ის ორგანიზატორები.  სამდღიანი ფესტივალი 15 მაისს დაიწყო. ერთერთი ორგანიზატორის, აჩიკო გულედანის,  თქმით: ახდა ჩვენი ბავშვობის ოცნება.  ვინ ოცნებობდა ბავშვობაში  ასეთ ფესტივალზე და რამდენად აუხდა ეს ოცნება, არ ვიცი, მაგრამ მე ჩემს შთაბეჭდილებებს მოგიყვები Tbilisi Open Air-ის შესახებ.

დღე პირველი – 15 მაისი

ფესტივალზე საუბარი მედიის საშუალებით დიდი ხნით ადრე დაიწყო, ამიტომ 15 მაისს ბევრი სულმოუთმენლად ელოდა. რეკლამამ თავისი ქნა: ფესტივალის გახსნის დღეს უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი და ბამბის რიგის პატარა ქუჩა სულ გადაივსო.  ვის არ ნახავდით აქ:  მუსიკოსებს და მუსიკის მოყვარულებს, ჩვილ ბავშვებს, ბომჟებს, უბრალოდ ცნობისმოყვარეებს, “ძველ  ბიჭებს” და უამრავ ნაცნობს. სცენის ადგილმდებარეობამ არ დამაკმაყოფილა. მაყურებლისთვის მცირე ადგილი იყო გამოყოფილი, თანაც პირდაპირ სიონის გვერდით იდგა. ბევრს ჰელოუინი გაახსენდა: მაშინ იმ მიზეზით დაარბიეს ამ დღეობის მონაწილენი, რომ ეკლესიის გვერდით ასეთი ღონისძიების გამართვა მიუღებელი იყო. ახლაც ხუმრობა ხომ არ იყო როკ-კონცერტის გამართვა პირდაპირ ეკლესიასთან, აშკარად ხელს შეუშლიდნენ სიონის მრევლს. ამიტომ გაფაციცებით ვიყურებოდით აქეთ-იქით და ანაფორიანების გამოჩენას შიშით ვხვდებოდით. აქ ნახავდით ისეთებსაც, ვინც სულ არ იყო კონცერტის ხასიათზე: რა დროს კონცერტია, ქვეყანა თავზე გვენგრევაო – ამბობდნენ უკმაყოფილოდ. ზუსტადაც რომ ფესტივალების და კონცერტების დროა! თორემ ამოვიდა ყელში  ამდენი პოლიტიკა და აქციები. კარგია, რომ გამოჩნდნენ გონებაგახსნილი ადამიანები, რომლებსაც ამ ფესტივალის იდეა მოუვიდათ თავში. ფესტივალი ქართულმა ბენდებმა Smile-მა და Play Paranoid-მა გახსნეს. ისინი აღმოჩნდნენ ის იღბლიანი ქართული ჯგუფები, რომლებიც ჩასვეს ფესტივალის პროგრამაში. შემდეგი გამომსვლელებიდან მომეწონა ბენდი რუსეთიდან Cheese People, საინტერესო მუსიკა ჰქონდათ. როგორც    Tbilisi Open Air-ის ვებგვერდზე მათ შესახებ ეწერა: “ესაა რუსული სიგიჟე სამარადან. Cheese People ოთხკაციანი ბენდია, რომელიც ფანქ, დისკო, ელექტრონიკა და ჰიპ ჰოპ მიქსებით ერთობა და არათუ რუსეთში, არამედ მთელ მსოფლიოში არ მოეძებნება ანალოგი. მათი ხელწერა ევროპული ინდი და ელექტრონული ბენდების გავლენას განიცდის, ხოლო მათი ვოკალები, ჯეი-პოპის ვოკალური სტილის რუსული ადაპტაციაა”. გარდა მუსიკისა მომეწონა ვოკალისტი ქალის სცენური მოძრაობები 🙂 ძალიან მინდოდა Transglobal Underground-ის მოსმენა. მათ რეპეტიციის დროს მოვკარი ყური და მოვიხიბლე სიტარის მშვენიერი ჰანგებით:) მაგრამ სახლში წამოვედი და ამ ბენდის გამოსვლას ვეღარ ვუყურე.  კიდევ, რაც ჩვეულია ასეთი კონცერტებისთვის, იქ იყო ბევრი ნაგავი და ბევრი მთვრალი ახალგაზრდა. ეს ყოველი შემთხვევისთვის აღვნიშნე 😉

დღე მეორე 16 მაისი

მეორე დღეს ფესტივალი უკვე იპოდრომზე გაიმართა. ნამდვილად კარგი და შესაფერისი ადგილი შეირჩა: დიდი სივრცე, სცენის გვერდით დამონტაჟებული მონიტორები, კარგი განათება, მოკლედ ასეთი ფესტივალი საქართველოში მართლაც არ გამართულა 🙂 თუმცა, ზოგი უკმაყოფილო იყო, რადგან  უფრო მეტს ელოდა. ამ დღეს სულაც არ მიდევნებია თვალი რა ხდებოდა სცენაზე. არც მახსოვს ვინ გამოვიდა და რა დაუკრა. მეგობრები ვისხედით ჩვენთვის და ვერთობოდით. წინა დღესთან შედარებით შეინიშნებოდა “ძველი ბიჭების” სიმრავლე, რომლებიც ხალხს ათვალიერებდნენ და ” შეხედე რამხელა თმა აქვს, ეს როკერია” ასეთი ფრაზებით ამკობდნენ მათთვის უჩვეულო ხალხს. ამ დღეს მე და კეტუშა ძალიან დავიღალეთ და საშინლად გვეძინებოდა. როცა სახლში ვბრუნდებოდით, გზაში ჩაგვეძინა და რომ გავიღვიძეთ, სახლისგან მოშორებით, სადღაც უკაცრიელ ადგილას აღმოვჩნდით 😐 თუმცა, კეთილი მგზავრების დახმარებით სახლში მშვიდობით დავბრუნდით (კინაღამ მეორედაც გავცდით ჩვენს გაჩერებას).

დღე მესამე 17 მაისი

ამ დღეს წინა დღეებთან შედარებით ბევრად მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი იპოდრომზე.  დამავიწყდა მეთქვა, იპოდრომი შემოღობილი იყო და ყველა შესასვლელთან საგულდაგულოდ ჩხრეკდნენ ფესტივალზე მოსულ მსმენელს. ალკოჰოლური სასმელის შემოტანა არ შეიძლებოდა, შიგნით კი იყიდებოდა, მაგრამ ძვირი ღირდა 😐 ამიტომ ჩვენ სასმელის შემოსატანად სხვადასხვა ხერხს მივმართეთ: ჯერ არაყი მათარაში გადავასხით, მეორედ კი კეტომ გამოიჩინა გმირობა და ღობეზე გადაძვრა სასმელთან ერთად, თან ისე, რომ პოლიციამ ვერ შეამჩნია. სააკაშვილიც ესტუმრა ფესტივალს. აბა ისე როგორ იქნებოდა, ეგ ხომ დროს არ ჩამორჩება.

ფესტივალი დამთავრდა. იმედია, Tbilisi Open Air ტრადიციად იქცევა და მომავალში ბევრად უფრო ცნობილი მუსიკოსების მოსმენის საშუალება გვექნება:)

P.S. ფოტოებისთვის დიდი მადლობა ნატა რომანოვსკაიას :*

მე – ნატა

, , , , , , , , , , , ,

11 Comments