Archive for ივლისი, 2011

DJ@Fest Tbilisi

ზაფხულს გამართულ ფესტივალთა რიცხვი თანდათან იზრდება: ლუდის ფესტივალი, Openair, Kiketi Open air, ჯაზ-ფესტივალი … 29 ივლისს ვაკის პარკში კიდევ ერთი ფესტივალი დაიწყო: DJ@Fest Tbilisi. თავისთავად ძალიან კარგია, რომ ზაფხული უფროდაუფრო აქტიური პერიოდი ხდება ღონისძიებათა ჩატარების კუთხით და ნაკლებად გიწევს იმაზე წუწუნი, რომ არსად არაფერი ხდება. DJ@Fest Tbilisi 1 აგვისტოს დილის 04.00 სთ-ამდე გაგრძელდება. რაც მთავარია ნონ-სტოპ რეჟიმში! ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია დღის საათებში სიცხეში ვინ უნდა მივიდეს ამ ფესტზე, მაგრამ მაინც მომწონს ეს იდეა. ფესტივალზე გარდა ქართველებისა დაუკრავენ შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოსული დიჯეები: აშშ, გერმანია, სომხეთი, უკრაინა, არგენტინა, დიდი ბრიტანეთი, დანია. 30 და 31 ივლისის line up:

30.07.2011
Vake Park
01:00 Jakob Moor (Dresden)
03:00 Gunfinger LIVE (Tbilisi)
CHILL OUT Time
12:00 Duo Svansikh LIVE (Tbilisi)
13:00 Okinawa Lifestyle (Tbilisi)
14:30 Vako Key & Sophie Kowalsky LIVE Vocal (Tbilisi)
16:00 Sebastian Koch (Berlin) & Eke (Tbilisi) (B2B)
18:00 Knyaginya (Moscow)
20:00 Erman Erim LIVE (Nuernberg)
22:00 Greenbeam & Leon LIVE (Tbilisi)
00:00 Noir (Aalborg,Denmark)

31.07.2011
Vake Park
02:00 Black Brazzers (Tbilisi)
04:00 Arik & Toptoon (Armenia) (B2B)
CHILL OUT Time
12:00 Tooke & a2k (Tbilisi) (B2B)
14:00 Tornike (Tbilisi) & Timmo (Tbilisi) (B2B)
15:30 Taho (Tbilisi)
17:00 Louis Osbourne (Birmingham)
19:00 Alexandr Galickiy (Kiev)
19:30 Lopazz (Heidelberg)
21:30 Tony ROhr (New York)
23:30 Marika Rossa (Kiev)
01:30 Dilo LIVE (Buenos Aires)
03:00 Mixtinct & Edgar Poe (Armenia) (B2B)
Louis Osbourne ლეგენდარული ოზი ოსბორნის შვილია, დიახ, იმ “როკერი” კაცის შვილი, რომელმაც ღამურას თავი მოაჭამა :დ :d :d


(ფოტოს პირველწყარო http://newsflash.bigshotmag.com/news/uk-news/2328/)


(ფოტოს პირველწყარო http://gossip.whyfame.com/ozzy-osbourne-lady-gaga-take-a-break-8740)

ვაკის პარკში მისულს პირველ რიგში თვალში მომხვდა ფესტივალის ტერიტორიასთან მობილიზებული პატრული, სახანძრო მანქანა და სასწრაფო. მაგიდებსა და სკამებთან ახლოს განთავსებული იყო რამდენიმე ბარი. სასმელი დაახლოებით 3-ჯერ ძვირი ღირდა ჩვეულ ფასთან შედარებით, ამიტომაც ხალხი ძირითადად იქვე მდებარე მაღაზიებში მიდიოდა რამის საყიდლად. წამოსვლისას თვალი შევავლე ბარს: თითქმის ყველა სასმელი ხელუხლებელი იყო. ვერაფერს დაუწუნებდი “ზვუკს”. თავიდან უმეტესობა იდგა ან საქმიანი სახეებით დადიოდა აქეთ-იქით. ცოტა ხანში ხალხიც მომრავლდა, ალკოჰოლისდოზამიღებულებიც და ახლა სცენის წინ მოცეკვავეთა რაოდენობამ ნამდვილად გადააჭარბა ორ კაცს. ზოგი იმდენად შევიდა ექსტაზში ცეკვისას, რომ შადრევანში ცეკვაც მოინდომა. თუმცა, პოლიციელებმა მსწრაფლ უბრძანეს იქიდან ამოსვლა. რატომ არ შეიძლებოდა შადრევანში ცეკვა, ვერ მივხვდი :/

დადებით განწყობაზე მყოფი ვტოვებდი ფესტივალს, რომ არა ამბავი, რომლის მომსწრეც გავხდი წასვლისას: რამდენიმე ადამიანი გამეტებით ურტყამდა და აგინებდა ერთმანეთს. მერე ვიღაც დასისხლიანებულ ბიჭსაც მოვკარი თვალი :/ დაცვამ გააშველა. არ შეიძლება რამე ხალხმრავლობამ ჩხუბის გარეშე ჩაიაროს?

პ.ს სამწუხაროდ ფოტოები ძალიან ცუდი ხარისხის გამოვიდა და ორზე მეტს არ დავდებ :/

, , , , ,

6 Comments

რატომ უნდა დაისვენო ჰოსტელში

დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს არასდროს დაუსვენია Hostel-ში. მოგბეზრდა ყოველ წელს შვებულების დღეების ერთნაირად გატარება და რამე განსხვავებული გინდა?

1) მაშინ დროა გართობისა და დასვენების ახალ საშუალებას მიმართო: თუ ხარ კომუნიკაბელური და გიყვარს ზღვა, მაშინ ბათუმში მდებარე Boombully Beach Hostel ზუსტად შესაფერისი ადგილია შენთვის!

2) ჰოსტელში საშუალება გეძლევა გაიცნო საინტერესო და განსხვავებული ადამიანები. განსხვავებული იმიტომ, რომ ჰოსტელი დედამიწის სხვადასხვა ადგილას მცხოვრებ ადამიანთა თავშეყრის ადგილია. რა ფასი აქვს ზღვზე დასვენებას თუ ახალი მეგობრები, ახალი ნაცნობები არ შეიძინე! ვინ იცის მომავალში როგორ გამოგადგებიან.

3) ადამიანის კარგად გაცნობის საუკეთესო საშუალება მასთან ერთად ცხოვრებაა. სად ქუჩაში, ბარში, სანაპიროზე ადამიანის გაცნობა და სად ერთ ოთახში მასთან ძილი და ერთ სამზარეულოში ჭამა. თანაცხოვრების შედეგად გაჩენილი ურთიერთობა უფრო ღრმა და დამახსოვრებადია.

4) ჰოსტელში დასვენება ბევრად უფრო იაფია სასტუმროსთან შედარებით (მაქსიმუმ 35 ლარი დღეში).

5) ჰოსტელში ბევრად უფრო კარგი პირობებია ნაქირავებ ბინასთან შედარებით: ნაქირავებ ბინაში არ არის უფასო wi-fi ინტერნეტი, 24 საათიანი დაცვა, გასარუჯი ტერასა და ა.შ

6) ჰოსტელი საუკეთესო ადგილია ზაფხულის ფლირტისთვის! :დ

7) თუ გინდა ახალგაცნობილი ადამიანის დაპატიჟება კოქტეილზე, სულაც არაა საჭირო გარეთ გასვლა: Boombully Beach Hostel-ში ორი ბარია!

8. მოგიმზადებიათ ოდესმე ბარბიქიუ? დიდი ეჭვი მაქვს რომ არა. ალბათ უმეტესობა თქვენგანს ჩემსავით მხოლოდ ფილმებში უნახავს ბარბიქიუს დამზადების პროცესი. Boombully Beach Hostel-ში შეგიძლიათ ისარგებლოთ ბარბიქიუს სპოტით. დროა გაცდეთ მამა-პაპურ მწვადებს! 🙂

9) თუ გშია და თან არ გაქვს საჭმელი, შეგიძლია გამოაღო მაცივარი და მიირთვა ახალგაცნობილი მეგობრების საკვები. ბოლოსდაბოლოს ერთი დიდი ოჯახი ხართ და ამის გამო არ გაგიბრაზდებიან :დ ან სულაც საიდან გაიგებენ ვინ რა შეუჭამა 🙂

10) ჰოსტელში არავინ დაგიწყებთ ბუზღუნს, რომ ამდენ ადამიანს ვერ შეგიშვებენ ერთ ოთახში, რადგან იხმაურებთ და სხვებს შეაწუხებთ. პირიქით, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება, მით უფრო იმხიარულებთ. და თუ მაინც არ გინდათ სხვებთან ძილი, შეგიძლიათ private room-ი დაიქირავოთ.

, , , , , , ,

2 Comments

ქართველები=ტრაკისვერამწევი ერი

ავტობუსის ხაზები რომ შეამცირეს და ახლა თბილისში ერთი ადგილიდან არც თუ ისე შორს მოსახვედრად მინიმუმ ორი ტრანსპორტის გამოცვლა რომ უწევს მოქალაქეთა უმეტესობას, ამაზე თავის დროზე ხმა არავინ ამოიღო. ერთადერთი ავტობუსი დადიოდა ჩემი სახლიდან უნივერსიტეტამდე და ისიც გააუქმეს. დადიოდა რა _ მინიმუმ 20 წთ უნდა დავლოდებოდი ხოლმე, რომ მერე როგორმე გატენილ ავტობუსში ავსულიყავი. საღამოს საათებში ხომ საერთოდ შეუძლებელი იყო მისით მგზავრობა _ საათობით მიწევდა ლოდინი. თუმცა, სულ არაფერს ჯობდა. ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა თბილისში რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, ამაზე არავინ დავობს მგონი: მოუწესრიგებელი განრიგი, სრული დისკომფორტი: დაწყებული მძღოლის მიერ ჩართული “არ დაიდარდო”-თი, დამთავრებული ჭყლეტით.

ხმა არც მაშინ ამოუღია საზოგადოებას, როცა ნაგვისა და დენის გადასახადი გააერთიანეს. პროდუქტების ფასები იზრდება და იზრდება, ადამიანთა შემოსავალი კი იგივე რჩება. სოციალური პრობლემების რაოდენობა დღითიდღე მატულობს და ეს ყველაზე მეტად რიგითი მოქალაქეების ცხოვრების პირობებზე აისახება. წყლისა და ელექტროენერგიის გამორთვასაც მოუხშირეს. წარმოიდგინეთ, რამდენიმე დღე რომ გრჩება სამაგისტრო ნაშრომის დასაწერად და მაინცდამაინც მაშინ რთავენ ელექტროენერგიას! ხანდახან მგონია, რომ ბედკრულ 90-ანებში ვბრუნდებით. :/

სულ ახლახანს მიკროავტობუსებით მგზავრობაც გააძვირეს _ 50 თეთრის ნაცვლად მგზავრობა 80 თეთრი გახდა. არადა მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ აცხადებდნენ, რომ მგზავრობის საფასური არ გაიზრდებოდა. მგზავრობის საფასურის გაძვირება არამხოლოდ ახალ, ყვითელ მიკროავტობუსებს შეეხო, არამედ ძველ მიკროავტობუსებსაც _ თუ რა მიზეზით გაუგებარია: მძღოლები ამობენ, რომ ეს კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” მოთხოვნით მოხდა, ამ კომპანიაში კი მსგავსი მოთხოვნის გაცემას უარყოფენ.

მგზავრობის გაძვირებაზე აღელდა საზოგადოება _ განსაკუთრებით ფეისბუქზე. შეიქმნა საპროტესტო აქციის ივენთი, რომელზე წასვლის სურვილი (თუ attending-ის რაოდენობის მიხედვით ვიმსჯელებთ) 2 ათასამდე ადამიანმა გამოთქვა. გამოჩნდნენ ბევრი პესიმისტურად განწყობილი ადამიანებიც: “მაინც არაფერი შეიცვლება, რა აზრი აქვს ამ აქციებს”. მსგავსი ფრაზების ავტორები უმეტესწილად ახალგაზრდები იყვნენ. სამწუხაროა, რომ მაშინ როცა ახალგაზრდობა წესით საზოგადოების ყველაზე აქტიური, მებრძოლი და პოტენციით აღსავსე ნაწილი უნდა იყოს, ის დუმს და უმოქმედობას არჩევს. მსგავსი მიზეზით უმოქმედობის გამართლება კი, ჩემი აზრით, ან სიბრიყვეა და ან კიდევ საკუთარი სიზარმაცისა და გაუბედაობის დაფარვის მცდელობა.

აქციაზე მისულს საოცარი სურათი დამხვდა: ათამდე პენსიონერი და თითქმის იმავე რაოდენობის ახალგაზრდა შეკრებილიყო პარლამენტის წინ. ათასობით ადამიანს ნამდვილად არ მოველოდი, მაგრამ ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ამ 40-ოდე ადამიანს აღელვებდა :/

კაცი იხრჩობოდა და ღმერთს შველას თხოვდა. ღმერთმა უთხრა ხელი გაანძრიე და გეშველებაო. ხოდა სანამ ქართველებს ტრაკის აწევა დაეზარებათ, მანამდე არაფერი შეიცვლება:/

, , , , , , , , , , , , , , ,

8 Comments

ამელი ნოტომი

თუ გინდათ რამე მარტივის, განსხვავებულისა და საინტერესოს წაკითხვა, ამასთან დიდად არ გიჟდებით მრავალგვერდიან წიგნებზე, ამელი ნოტომის რომანებს გირჩევთ:
1. ადვილად 2. თანაც სწრაფად იკითხება  3. აქვს განსხვავებული სიუჟეტები. ნოტომის რომანებში ძნელად თუ წარმოიდგენ როგორ შეიძლება განვითარდეს სიუჟეტი, ფინალზე საუბარიც ხომ ზედმეტია.

ამელი ნოტომი თანამედროვე ბელგიელი მწერალია. დაიბადა 1967 წელს იაპონიაში. აქვს დაწერილი დაახლოებით 14 რომანი. აქედან ბევრმა მიიღო სხვადასხვა ჯილდო. მე პირადად ამელი გავიცანი რომანით “კრძალვითა და ცახცახით” (1999 წლის რომანი, რომელიც ასევე ითარგმნება როგორც “შიშითა და თრთოლვით”). რომანი ავტობიოგრაფიულია, მოგვითხრობს ერთ ბელგიელ გოგონაზე, რომელსაც ბავშვობაში ღმერთობა სურს, საბოლოოდ კი იაპონიაში, ერთ-ერთ კომპანიაში დაიწყებს თარჯიმნად მუშაობას. გოგონას არც ნიჭი აკლია, არც მონდომება და არც შრომისმოყვარეობა, მაგრამ ის მაინც ვერ მიაღწევს კარიერულ წინსვლას, ნაწილობრივ უცხო კულტურის არცოდნის გამო. ამ წიგნის წაკითხვის მერე დავფიქრდი, რამდენად მნიშვნელოვანია იცნობდე იმ ხალხის კულტურას ვისთანაც ურთიერთობ. კიდევ გავოგნდი იმ უცნაურობებით, რაც იაპონელ ერს ჩვევია. შეიძლება სიუჟეტი გეცნოთ: “კრძალვითა და ცახცახის” მიხედვით 2003 წელს ფილმი გადაიღეს.

“კატალინას წინააღმდეგ” _  ამ რომანის კითხვისას ცოტა არ იყოს ნერვები მომეშალა, უფრო სწორედ მთავარმა გმირებმა მომიშალეს თავიანთი თავაზიანობითა და ზრდილობით. ზედმეტი თავაზიანობა დამღუპველია! წარმოიდგინეთ, რომ თქვენთან სახლში ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს მოდის თვქენთვის არასასიამოვნო ადამიანი. წამოგისკუპდებათ დივანზე და 2 საათი ზის ხმისამოუღებლად, თქვენ კი არ იცით რა ქნათ, რით ასიამოვნოთ, რით შემოიყვანოთ თქვენთან კონტაქტში. მოკლედ თავს უხერხულად გრძნობთ. მაგრამ, სტუმარი ღვთისააო: თქვენც ვერ აგდებთ არასასურველ სტუმარს. მისი ვიზიტი კი ყოვედღიურად მეორდება. სულაც არ ადარდებს რომ მასპინძელს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. რას იზამთ? დაავარღვევთ სტუმართმოყვარეობის წესს და არ შემოუშვებთ სახლში? რომანის გმირები ასე არ იქცევიან…

“მერკური”_ ესაა რომანი ერთ ბებრუცუნა პედოფილსა და გოგონაზე, რომელიც უყვარს.  რაც შეეხება ამ გოგოს  _აზელის_ ბოლომდე მაინც ვერ გავიგე რა გრძნობა აკავშირებს მოხუცთან: უყვარს ეს ბებერი თუ სძულს? ეს კაცი იმდენად გიჟდება თავის სიყვარულზე, რომ ოთახში ამწყვდევს და დიდი ხნის განმავლობაში იზოლაციაში ამყოფებს გარე სამყაროსგან, რათა აზელიმ არ მიატოვოს.  ესეც საკითხავია, არის კი ეს სიყვარული, როცა  ადამიანს ასე ბოროტულად ექცევი? მე მაინც მგონია რომ არა. ეს საკუთარი თავის სიყვარული უფროა.  რომანს ორი დასასრული აქვს. უმეტესობამ ერთი დასასრული ჰეფი–ენდად შერაცხა, მეორე კი _ ჰეფი–ენდის საპირისპიროდ. მე კი მგონია, რომ ორივე ენდი ჰეფია: ორივე შემთხვევაში გოგონა (აზელი) ბედნიერი რჩება.

ამელის წიგნი, რომელმაც იმედები გამიცრუა, იყო “შეყვარებულის ამხედრება”. ესაა წიგნი ბავშვობაში განცდილ უსაზღვრო სიყვარულზე, ბავშვურ ურთიერთობებსა და ომობანას თამაშზე, რომელიც მოწინააღმდეგისადმი მოპყრობისა და დამცირების უსასტიკესი მეთოდებით ძალიან ჰგავს ნამდვილ ომს. ალბათ, ბევრ თქვენგანს ჰქონია შემთხვევა, როცა ყველანაირად ცდილობ ასიამოვნო საყვარელ ადამიანს, მოიპოვო მისი მოწონება, ის კი ყურადღებას არ გაქცევს. და მხოლოდ მაშინ დაინტერესდება შენით, როცა ყურადღებას ვეღარ იგრძნობს შენი მხრიდან, როცა მას სრულიად დააიგნორებ. ეს ყველაფერი ბავშვურ თამაშს ჰგავს, თუმცა მსგავს ქცევას ზრდასრულთა ურთიერთობებშიც ხშირად ვხვდებით. სწორედ ასე იქცევა ამელის გმირის სიყავრულის ობიექტი _ იტალიელი გოგონა სახელად ელენე. ელენე სიმშვენიერის ნამდვილი განსახიერებაა, ამელის გმირი _ კი გოგონა, რომელიც ბიჭივით იქცევა, მაგრამ არც გოგონად და არც ბიჭად ყოფნა სურს _ ის უსქესო არსებად აღიქვამს თავს. “შეყვარებულის ამხედრებაც” ავტობიოგრაფიულია. რატომღაც ამ რომანისგან სხვა რამეს მოველოდი _ უფრო ღრმასა და ამაღელვებელს, რაც ალბათ, სათაურმა განაპირობა.

დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ამელი ნოტომის “მკვლელის ჰიგიენას” ან “მტრის კოსმეტიკას”. თუ მოგეპოვებათ, არ დაინანოთ, მათხოვეთ, დიდად მადლიერი დაგრჩებით :))

 

 

, , , , , , , , , , , ,

9 Comments

პოკერ რინგის ფინალი – ყველაზე ცუდად ორგანიზებული შოუ

2 ივლისს სიღნაღში გაიმართა Europe Bet – ის პოკერის ტურნირის ფინალი. პოკერ რინგისთვის შეგეძლოთ თვალი გედევნებინათ 9 კვირის განმავლობაში “იმედის” ეთერში. ყოველ კვირას ვლინდებოდა ერთი გამარჯვებული, რომელიც ფინალში ითამაშებდა. ფინალურ თამაშში მონაწილეობა მიიღო 9 მოთამაშემ, მათ შორის იყო 3 “ცნობადი” სახე _ “იმედის” წამყვანები: ლაშა ხარაზიშვილი, მამუკა გოგლიძე და ნანუკა ხაზარაძე. წლის ყველაზე ცუდად ორგანიზებული შოუებს შორის პოკერ-რინგი ნამდვილად დაიკავებდა პირველ ადგილს :))

შოუ მცირე დაგვიანებით დაიწყო. ქართული ბომონდის წარმომადგენლები ამაყად მიაბიჯებდნენ წითელ ხალიჩაზე. მათ უმეტესობას პოკერთან ზუსტად ისეთი კავშირი ჰქონდა, როგორც მე _ “ალ-ყაიდასთან”. თამაში, როგორც მივხვდი, დიდად არ აინტერსებდათ: ჭამისა და სმის მერე, მაქსიმუმ 2 საათში მოწვეული სტუმრებისთვის განკუთვნილი რესტორანი ქართული ელიტის ღირსეულმა წარმომადგენლებმა დატოვეს. რას იზამ, შოუ შოუა, ტელევიზიები ვერ ძლებენ “ცნობადი” სახეების გარეშე. ზუსტად ამ მიზეზით ჩართეს თამაშში “იმედის” წამყვანებიც. დარწმუნებული ვარ, ჭოკით ხტომის ტელეშოუ რომ გიმართოს, მაშინვე გამოჩნდებიან ბომონდის წევრები, რომლებიც ჭოკით ხტომის “პროფესიონალები” გამოდგებიან და ვისთვისაც ეს უსაყვარლესი საქმიანობა იქნება.

მზადება პოკერ რინგის ფინალური შოუსთვის

თამაში ღია ცის ქვეშ გაიმართა. გულშემატკივრებსა და რიგით მყურებლებს მეტად არაკომფორტულ მდგომარეობაში მოუწიათ ყოფნა: ვერსად ვერ დაჯდებოდი, ფეხზე მდგარს უნდა გედევნებინა თვალი თამაშისთვის. წესით, ორგანიზატორებს ეს დეტალი უნდა გაეთვალათ: პოკერი ხომ ძალიან დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს (საბოლოო ჯამში მართლაც ასე მოხდა). ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ შოუზე , რომლის საპრიზო ფონდი 50 000 ლარია, მაყურებლისთვის 30 სკამს მაინც არ დადგამდნენ. ეს რომ მცოდნოდა, სახლიდან აუცილებლად წამოვიღებდი სკამს :დ დავაზუსტებ: რიგით მაყურებელში ვგულისხმობ ჩვეულებრივ, “არაცნობად” სახეებს, რომლებიც მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების საგულშემატკივროდ იყვნენ მოსულნი და ყველაზე მეტად აინტერესებდათ თამაშის ბედი.

დილერის ხმა ცუდად, მოთმაშეებისა და კომენტატორების ხმა კი _ საერთოდ არ ისმოდა. ეკრანზე ჩანდა მხოლოდ ის კარტი, რასაც დილერი შლიდა. ვერ გაიგებდი, რომელმა მოთამაშემ რა თქვა და რა კარტი დადო მაგიდაზე. ეკრანზე არც ის ჩანდა, ვის რამდენი ჩიპი ჰქონდა (chip count), ვინ იყო ჩიპლიდერი.

ყველაზე დიიდი რამ, რამაც გამაოცა თამაშის მიმდინარეობისას: თქვენი აზრით, ვინ მღეროდა შესვენებებზე და ართობდა პუბლიკას? ვერც წარმოიდგენთ! ყოველ შემთხვევაში, მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ შორეული 90-იანების მერე ამ ხალხს კიდევ ვიხილავდი სცენაზე. დიდი ხნის პაუზის შემდეგ ქუჩის ბიჭები დაბრუნდნენ! ისევ იგივე სიმღერები (შეიძლება რამდენიმე ახალიც იმღერეს, მაგრამ ძველებისგნ არაფრით განსხვავდებოდა), ისევ ფონოგრამა, იგივე “დახვეწილი” მოძრაობები სცენაზე და ჩაცმულობაც კი იგივე:” საროჩკები”, წვეტიანი ტუფლები და სათვალეები 🙂 მეგონა, რომ დრო უკან დაბრუნდა.

თამაში ტექნიკური ხარვეზების გამო რამდენჯერმე შეჩერდა, ამინდიც არ იყო მთლად შესაფერისი _ ოდნავ წვიმდა, თამაშის დასრულების მერე კი უფრო ძლიერად გაწვიმდა. კიდევ კარგი თამაში ძლიერ წვიმამდე დასრულდა, წინაღმდეგ შემთხვევაში, ალბათ, ჩაიშლებოდა.

შოუს მაყურებლებად თბილისიდან წამოიყვანეს ხალხი, რომელთაგან ზოგიერთმა არც იცოდა, რომ პოკერრინგის ჩაწერაზე მიდიოდა. ერთი ბიჭი დანანებით აღნიშნავდა, რომ ეგონა, რომ აბსოლუტურად სხვა შოუს ჩაწერაზე მიჰყავდათ. თან გააფრთხილეს, რომ ჩაწერა ღამის 2 საათამდე მორჩებოდა და ამ დროისთვის თბილისში წაიყვანდნენ. თუმცა, თამაში გაცილებით დიდხანს გაგრძელდა, ხალხმა სახლში წაყვანა მოითხოვა. ამასთან დაკავშირებით მცირე კონფლიქტი მოხდა თბილისიდან ჩამოყვანილ მაყურებელსა და შოუზე მომუშვე პერსონალს შორის.

რაც შეეხება თამაშს: საინტერესო იყო. დაახლოებით საღამოს 10-ის 15 წუთზე დაწყებული დილის 6-ის ნახევრამდე გაგრძელდა. ბოლოს დილერიცა და შოუს წამყვანი გიორგი ყიფშიძეც ისე გადაიღალნენ, რომ თხოვდნენ მოთამაშეებს დაემთავრებინათ თამაში.

პირველი მოთამაშე, რომელმაც დატოვა თამაში, იყო ნანიკო ხაზარაძე. ფინალური ბრძოლა კი ლევან დვალიშვილს, იგივე დადუსა და ოთო გურგენიძეს შორის გაგრძელდა. 2 მოთმაშე რომ დარჩა, გათენდა კიდევაც და გარდა მათი გულშემატკივრებისა და შოუს ჩაწერზე მომუშავეებისა თითქმის არავინ იყო, ვინც თვალს ადევნებდა ფინალის ბოლო წუთებს.

ცუდი ხარისხის ვიდეოა, მაგრამ ჩანს როგორ გულშემატკივრობენ დადუსა და ოთოს.

და ბოლოს, პოკერ რინგის გამარჯვებული და 17 000-ის მფლობელი გახდა ის ვისაც ვგულშემატკივრობდი _ ოთო გურგენიძე!!!

, , , , , , , , , , , , , , ,

13 Comments