Archive for აპრილი, 2009

ნეტარ არიან მორწმუნენი

სააღდგომო ლიტურგიაზე სამების ტაძარში ადამიანთა ტევა არ იყო. მედიის ყურადღებაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ზეიმისკენ იყო მიპყრობილი: მთელი დღის განმავლობაში გადიოდა სიუჟეტები წმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან, სადაც აღდგომა მრევლთან ერთად პრეზიდენტმაც  აღნიშნა.  საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთდ დამთავრდა ურწმუნოთა ხანა, ხალხმა ისევ ეკლესიისკენ იქცია პირი.  ვუყურებ რა, რომ ქრისტიანულ დღესასწაულებზე ეკლესიები მორწმუნეებით ივსება და დღითიდღე მათი რიცხვი იზრდება, მიხარია. დიდ პატივს ვცემ მორწმუნე ადამიანებს. რწმენა ხომ დიდი ძალაა. ქრისტიანობა კი ერთერთი  ყველაზე ჰუმანური რელიგია. ამიტომ ჭეშმარიტი ქრისტიანი ძლიერი და კეთილი ადამიანია. მაგრამ რამდენად  არიან დღევანდელი მორწმუნენი ჭეშმარიტი ქრისტიანნი, ეს უკვე საეჭვო საკითხია.  ამასთან დაკავშირებით ერთი შეხვედრა მახსენდება, რომელსაც პირობითად  ”შეხვედრას პატარა ურჩხულებთან” ვუწოდებ. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ვიყავი მეგობრებთან ერთად. იქვე ეკლესიის მრევლი ბავშვები თამაშობდნენ, დაახლოებით 8-10  წლისები. ჩემმა მეგობრებმა თავისი ჩაცმულობით მათი ყურადღება მიიპყრეს და ხუთიოდე წუთში ათამდე ბავშვი გარს შემოგვეხვია.  გამოკითხვა დაგვიწყეს: ჯერ ჩვენი სარწმუნოებით დაინტერესდნენ, მერე ეროვნებით.  -თუკი ქრისტიანი და ქართველი ხარო, საყურეები რატომ გიკეთიაო მაშინ?და თუკი არ ხარ ქართველი საქართველოში რაღა გინდაო,- ერთ-ერთ მეგობარ ბიჭს მიმართეს. მეორე მეგობარს მაისური დაუწუნეს: ეს რა მახინჯი არსება გახატიაო?და დაასკვნეს, რომ ეს მახინჯი არსება სატანა იყო, ჩვენ კი სატანისტები. არადა სინამდვილეში ეს არსება გრიმით კარგად დამუშავებული რომელიღაც მომღერალი იყო. მერე მუქარის ტონით მოგვმართა ერთ-ერთმა ბავშვმა, რომელსაც მომავალში დიდი დემაგოგის კარიერა ვუწინასწარმეტყველე: აქ რა უფლებით დადიხართ და ჩვენს სარწმუნოებას შეურაცხყოფას აყენებთო?ეკლესიასთან ახლოს აღარ გაიაროთ, თორემ ხომ ხედავთ ამ ეკლესიას რამდენი მრევლი ჰყავსო, ყველანი თქვენ დაგერევით და გცემთო. რამდენიც არ ვუხსენით, რომ არ ვიყავით სატანისტები და სულაც არ ვაყენებდით არავის შეურაცხყოფას ჩვენი ჩაცმულობით, მაინც არ შეიცვალეს აზრი ჩვენს შესახებ. წამდაუწუმ მამაოს სახელს იშველიებდნენ,  რახან მამაომ ასე თქვა, ესე იგი ეს კანონია, ეჭვშეუვალი ჭეშმარიტებაა. ჩვენს კითხვაზე, ადამიანის ცემა ხომ ცოდვაა, ასეთი პასხუი მოგვცეს: თქვენი სახით ხომ ბოროტებას ვებრძვით, ამიტომაც თქვენი ცემა ცოდვაში არ ჩაგვეთვლებაო. მომავალმა დემაგოგმა სულ სატანას მოციქულები გვიძახა. გავოგნდი და დავითრგუნე. საშინელებაა, როცა პატარა ბავშვებს ასეთი აზროვნება აქვთ ჩამოყალიბებული. ვინ იქნებიან ისინი მომავალში? შოვინისტები, ”ნულოვანი” ტოლერანტობის მქონენი? – ამის დიდი შანსი ნამდვილად არის. სამწუხაროდ, ეს ბავშვები ერთეული შემთხვევა არაა. მათნაირად ძალიან ბევრი აზროვნებს. მე კი ვფქირობ, რომ მართლმადიდებლობა მარშუტკაში პრიჯვრის წერა და მარხვის დაცვითა და ეკლასიაში სიარულით თავის მოწონება არაა მხოლოდ. არც ბოროტებასთან  ბრძოლის სახელით ძალისმიერი მეთოდების გამართლებაა ჭეშმარიტი მორწმუნეობა (აქ ვგულისხმობ თუნდაც ჰელოუნის დარბევის ფაქტს). ქრისტიანობა ბევრად უფრო მეტია. ვისურვებდი, რომ დღევანდელი მორწმუნენი კიდევ უფრო კარგად ჩაღრმავებოდნენ საკუთარ რწმენას.

,

3 Comments

დუმილზე უკეთესი სიტყვა

მაშ ასე, ისევ ვუერთდები ქართველ ბლოგერთა მზარდ რიცხვს 🙂 ამჯერად სხვა მისამართიდან მოვახვევ მკითხველს ჩემს აზრებს 😛 რადგან  რაც არ უნდა ვწეროთ და ვიძახოთ რომ ამას ჩვენთის ვაკეთებთ, საბოლოო ჩვენი მიზანია სხვას მივაწვდინოთ ჩვენი ხმა. რამდენიმე პოსტის დაწერის შემდეგ წერას თავი მივანებე. ჩემი დაწერილი აღარ მომეწონა და იმიტომ:| ზოგადად ჩემს თავს ბევრ მოთხოვნას ვუყენებ ამ მხრივ. დღეს იმდენი იწერება და იმდენად კარგად, რომ ძნელია რამე ახალი და განსაკუთრებული თქვა. ამ ბრძნულ აზრს ვეთანხმები:”დუმილს ნუ დაარღვევ, ან თქვი რამე დუმილს რომ სჯობდეს”(პითაგორე სამოსელი). რატომ უნდა ვარღვევდე დუმილს ისედაც საყოველთაოდ ცნობილი აზრებით და რატომ უნდა დაკარგოს ვინმემ თავისი ძვირფასი დრო ამ აზრების გასაცნობად? დღეს ისედაც ძალიან ბევრი სულელური რამის მოსმენა გვიხდება მედიის საშუალებით და ჩვეულებრივ ყოველდღიურ ურთიერთობებშიც.  ჩვეულებრივი საუბრის ან თუნდაც კამათის დროს არ მიყვარს საკუთარ ”მახვილგონივრულ” აზრებს რომ გამოჩხერენ ხოლმე და ამით თავს იწონებენ. ასეთ დროს შემდეგი მიმართვის გაკეთების სურვილი მიჩნდება: ”მკვდარი სიტყვების რახარუხმა სული დაგიბნელა მოყვასო ჩემო, განიბანე მდუმარების წმინდა ნაკადულით”. მაგრამ მოსმენის კულტურა , რომელიც გამაჩნია, არ მაძლევს ამის გაკეთების უფლებას. ხოდა სხვა რა გზა მაქვს, ვუსმენ ”სიტყვების რახარუხს” 😐

ისეთი სიტყვების მოფიქრება, რომლებიც დუმილს აჯობებენ,  ძალიან რთული საქმეა. მაგრამ, ამასთან, ბრძნულად ლაპარაკს და საინტერესოდ წერას ადამიანი ეგრევე ვერ შესძლებს. ეს მხოლოდ ბევრი ცდის მერე მიიღწევა. სანამ დუმილზე უკეთეს სიტყვას მოიფიქრებ, მანამდე ბევრჯერ უნდა დაარღვიო ის სულელური აზრებით. ამიტომაც მე მივიღე გადაწყვეტილება, დავარღვიო დუმილი თუნდაც ჩემი სულელური და ყველასთვის ნაცნობი აზრებით:) იმედი მაქვს დროთა განმავლობაში დავოსტატდები და ჩემი პოსტების კითხვა დროის ფუჭად ხარჯვა არ იქნება მკითხველისთვის.

ჩვენ გვაქვს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების უფლება. რატომაც არ უნდა გამოვიყენოთ ეს უფლება? 🙂

9 Comments