Archive for აპრილი, 2011

მცირე საყვედური ქართველ მამებს :)

ამასწინათ უცხოეთში მყოფი მეგობარი მიყვებოდა როგორ აძინებს თავის ორი წლის შვილს: ჯერ ერთ ჭიქა რძეს ასმევს, აბანავებს, კბილებს უხეხავს, პიჟამოს აცმევს, ლოგინში აწვენს დათუჩასთან ერთად, აკოცებს და ღამემშვიდობისას ეუბნება. ერთი საყვარელი ძილისწინა რიტუალია მოკლედ 🙂 რა კარგი მამა ყოფილხარ, შენს შვილს გაუმართლა-მეთქი,_ ვუთხარი. რას ამბობ, ეს ხომ იგივეა რომ გითხრან, რა კარგი ქმარი ხარ შენს ცოლს ყოველდღე რომ არ ცემო. შეიძლება ასეთი ქცევა და ზრუნვა შვილზე მართლაც ელემენტარული იყოს. თუმცა, საქართველოში რომ ასე არ არის და მამებს შვილებთან (მცირეწლოვნებს ვგულისხმობ) უფრო დისტანციური დამოკიდებულება რომ აქვთ, ეგეც ხომ ნათელია. მიიჩნევა, რომ ბავშვის ჩაცმა, ბანაობა, მისთვის პამპერსების გამოცვლა, დაძინება, ჭმევა (თუ ჭამა?) დედის საქმეა. მამის ფუნქცია კი ოჯახში ფულის შემოტანით შემოიფარგლება. ერთი-ორჯერ შვილს თავზე ხელი თუ გადაუსვა, ეგეც საკმარისია. თუ არ მეთანხმებით,თქვენ თავს კითხეთ: რამდენად ხშირად გაბანავებდათ მამა? რამდენად ხშირად გიცვლიდათ პამპერსებს? გაძინებდათ? გეთამაშებოდათ? გასეირნებდათ? გიკეთებდათ საჭმელს და გაჭმევდათ?გიკითხავდათ ზღაპრებს ძილის წინ ან გიმღეროდათ? დაყავდით ბაღში? მცირე გამოკითხვა ჩავატარე ჩემს მეგობრებში და ამ კითხვებზე უმეტესწილად უარყოფითი პასუხი მივიღე.

არ ვიცი, რისი ბრალია ეს, მამებს უტყდებათ მსგავსი ქცევები (თუნდაც პამპერსის გამოცვლა შვილისთვის), ეზარებათ, დრო არ რჩებათ თუ უბრალოდ ფიქრობენ, რომ ეს მათი საქმე არაა? მე მაინც ვფიქრობ, რომ ასეთ დამოკიდებულებას სტერეოტიპები იწვევენ. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი დაკვირვებით, წინა წლებთან შედარებით სიტუაცია შეიცვალა: ახლა ბევრად უფრო ხშირად დაინახავთ პარკებში შვილთან მოსეირნე ან მოთამაშე მამებს. ნაცნობებშიც უფრო მეტად მოიძებნებიან მზრუნველი და ყურადღებიანი ახალგაზრდა მამიკოები : )

ჩემი აზრით, ქალიც და მამაკაციც თანაბრად უნდა იყოს ჩართული ბავშვის აღზრდაში. მხოლოდ გენდერული თანასწორობის გამო არა, რა თქმა უნდა. პირველ რიგში შვილის გამო _ სრულყოფილ პიროვნებად რომ ჩამოყალიბდეს და კიდევ, თავისუფალი იყოს გენდერული სტერეოტიპებისგან. ცოლისთვისაც დიდი მხარდაჭერაა, როცა ხედავს როგორ უვლის შვილს მისი ქმარი. ასე, რომ მე მიყვარს მზრუნველი მამიკოები! :))

, , , , , ,

9 Comments

Fake Love


ყველაფერს თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს, მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობებსაცო. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიზიარებ ამ აზრს და მჯერა მარადიული გრძნობების, განშორება ორ ადამიანს შორის ისეთივე ჩვეულებრივ და გავრცელებულ მოვლენად მიმაჩნია, როგორც მათი დაწყვილება. ყველაზე მეტად ყველანაირი ურთიერთობის დროს ვაფასებ გულწრფელობას. გულწრფელობა საჭიროა არამარტო სასიყვარულო ურთერთობის დაწყებისას ან მიმდინარეობისას, არამედ ამ ურთიერთობის დასრულების დროს. ყველაზე მეტადაც კი. როცა ორ ადამიანს აღარ აკავშირებს სიყვარული, სჯობს ყველანაირი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გაესაუბრონ ერთმანეთს თავიანთ გრძნობებზე და მიიღონ ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მომავალში მათი ურთიერთობის შესახებ. სიტუაცია რთულდება მაშინ, როცა ორიდან მხოლოდ ერთს უქრება სიყვარულის გრძნობა. ასეთ დროსაც ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის შნო, რომ ერთ დროს ყოფილ შეყვარებულს აუხსნას ყველაფერი და რაც შეიძლება უმტკივნეულოად დაასრულოს ურთიერთობა. სამწუხაროდ, რეალობაში სხვანაირად ხდება ხოლმე.

განშორებისას ნათქვამი ყველაზე ყალბი ფრაზებია:

1) დავრჩეთ მეგობრებად _ ყველაზე უაზრო, ფართოდგავრცელებული და ყალბი შემოთავაზება. თუკი შეყვარებულთაგან არცერთს აღარ უყვარს ერთმანეთი და სურთ მეგობრებად ყოფნა, ეს თავისთავად მოხდება. ყველანარი პირობის მიცემის გარეშე. მაგრამ როცა ერთერთს კვლავინდებურად უყვარს მეორე და სურს მასთან ურთიერთობა როგორც შეყვარებულს, მას კი ამ დროს მეგობრობას სთავაზობენ, ასეთი ურთიერთობა ნაძალადევი და ყალბი გამოდის. მე ასეთ “მეგობრობას” ეჭვის თვალით ვუყურებ.

2) მზად არ ვარ სერიოზული ურთიერთობებისთვის _ დაშორების ეს არგუმენტი ჩემთვის ცოტა გაუგებარია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ერთი ადამიანი მეორისგან მეორე დღესვე ან უახლოესი კვირების განმავლობაში დაჟინებით მოითხოვს ოჯახის შექმნას :დ თუკი ოდესმე თქვენი გოგოსგან (ბიჭისგან) მსგავს ფრაზას მოისმენთ, ჩათვალეთ, რომ არ უყვარხართ. მზადყოფნა/მოუმზადებლობა არაფერ შუაშია. ამ საკითხის გადაჭრა დაშორების გარეშეც შეიძლება, მაგალითად, თუნდაც იმის გარკვევით, როგორი ურთიერთობა სურს თქვენს გოგოს (ბიჭს).

3) შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, მე არ ვარ შენი ღირსი _ ამ წინადადების ავტორები ვერ გიბედავენ იმის თქმას, რომ უბრალოდ აღარ უყვარხართ, რადგან არ უნდათ “ცუდები” გამოვიდნენ თქვენს თვალში და “გაგაბოროტონ” (სიყვარულისგან გამწარებული ადამიანი რაზე არ არის წამსვლელი :დ), ამიტომ ყველაფერს საკუთარ თავს აბრალებენ. მსგავსმა ფრაზამ შეიძლება თვენი აღფრთოვანებაც კი გამოიწვიოს (“როგორ ვუყვარვარ, საკუთარ თავზე უკეთესი უნდა ჩემთვის”). მაგრამ თუ კარგად დაუფიქრდებით, იმ დასკვნამდე მიხვალთ, რომ როცა ადამიანს მართლა უყვარხარ, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს შენი თავი და “შენი ღირსი” გახდეს.

4) მიყვარხარ, მაგრამ ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან, არ მგონია ჩვენი ურთიერთობა გამოვიდეს _ შეყვარებულთაგან ერთერთი იწყებს იმის მტკიცებას, რა კონფლიქტები და ჩხუბები გადაიტანეს ამ განსხვავებების გამო და მიდის დასკვნამდე, რომ მათ მომავალი არ აქვთ. სინამდვილეში (მითუმეტეს მაშინ, როცა მსგავს თემაზე საუბარი ურთიერთობიდან ორ-სამ თვეში შედგება), ამ ყველაფრის მიზეზი არის მობეზრება.

5) მიყვარხარ, მაგრამ ახლა რთული პერიოდი მაქვს _ რაც არ უნდა რთული პერიოდი ჰქონდეს ადამიანს, საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა და გვერდში დგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი და შვების მომტანი. ამიტომ ამ ფრაზის მთქმელი ადამიანი ტყუის და უბრალოდ უნდა თავისი გოგო (ბიჭი) თავიდან მოიცილოს ზედმეტი კითხვებისა და დადანაშაულებების გარეშე.

ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება დაშორდეს ორი ადამიანი, თუკი მათ ისევ უყვართ ერთმანეთი. ჩემი აზრით, განშორების ერთერთი ყველაზე ნამდვილი მიზეზი არის გადაყვარება. მე მჯერა სიყვარულის უსაზღვრო ძალის :დ

პ.ს თუ გაგახსენდებათ კიდევ რამე მსგავსი ყალბი ფრაზები, მომწერეთ კომენტარებში.

, , , , , , , , , ,

17 Comments