Archive for მარტი, 2011

The Georgians 5 წლისაა!

23 მარტი. გეუბნებათ რამეს ეს თარიღი? თუ არა, მაშინ გეტყვით, რომ ზუსტად ხუთი წლის წინ ამ რიცხვში შეიქმნა ჯგუფი The Georgians: ოთხმა ქართველმა ბიჭმა სცადა ისეთი არაქართული მუსიკის დაკვრა, როგორიცაა ბრიტპოპი და ინდი. ჯგუფის წევრების განცხადებით, ყველაზე მეტად მათზე გავლენა იქონია ბენდებმა Oasis, Doves,Muse.

ყველაფერი ასე იწყებოდა:

ამ 5 წლის განმავლობაში The Georgians-მა მოასწრო 115 კონცერტის გამართვა, მათ შორის მიიღო მონაწილეობა Alter Vision/Newcomers, Tbilisi Alter\Vision\stars for newcomers, Nights Of Arles in Tbilisi, ევროვიზიის შესარჩევ ტურში. გახდა პროექტ “აივნის” პირველი სეზონის გამარჯვებული. 5 წლის განმავლობაში 5-ჯერ გამოიცვალა დრამერი. The Georgians-ის წევრები შეგხვდებიან სხვა ჯგუფებშიც: დრამერის გარდა ყველა წევრი უკრავს მინიმუმ ორ ბენდში.

დაბადების დღესთან დაკავშირებით 23 მარტს კლუბ “პარაშუტში” გაიმართა კონცერტი. The Georgians-ს დაბადების დღე კონცერტზე გამოსვლით მიულოცეს ჯგუფებმა:Mutual Friends, The Smile, ShuSha, Lady Heroine, Zurgi, The Sticklers, Pink Pantera, Junk Yard, Loudspeakers. განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა თბილისის ოპერის სოლისტი ირინა თაბორიძე. “პარაშუტში” ხალხის ტევა არ იყო. კონცერტი დასრულდა დიჯეების Thoma-ს, Amo-სა და Papuka-ს სეტებით. სულ რამდენიმე საათში დახეულჯინსიანი და კეტებიანი აუდიტორია შეცვალეს მაღალ ქუსლებზე შემდგარმა ქლაბერებმა.


Loudspeakers-ის ვოკალისტი string-ის გიტარისტთან


შუშა


Mutual Friends და ქარჩხა


Zurgi გიორგი მარის გარეშე The Smile-ს ბიჭებთან :დ


The Smile


Pink Pantera


Junk Yard


Lady Heroine


The sticklers


The Georgians & ირინა თაბორიძე

, , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

2 Comments

ჩვენი დროის დინოზავრები _ ორიოდე სიტყვა ძველ ბიჭებზედ

ძირითადად შავი სამოსით იმოსება. აქვს მკაცრი და აგრესიული მზერა. ყოველ 5 წუთში იფურთხება და იგინება დედას. ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევებიდან სულ მცირე ახასიათებს მწეველობა. ატარებს დანას. პატარა წვრილმანზეც შეიძლება გამოგეკიდოთ და აგიტეხოთ ჩხუბი: მაგალითად თუ “ცუდად” შეხედეთ ან თუ მამრობითი სქესის წარმომადგენელი ხართ და გრძელი თმა გაქვთ. დროის უმეტესობა გაჰყავს ქუჩაში, ძმა-ბიჭების თავშეყრის ადგილზე _ ე.წ. “ბირჟაზე”_ ჩაცუცქულს. ხანდახან სერიოზული საქმეებიც გამოუჩნდება, როგორიცაა მაგალითად ქუჩური გარჩევები ან ჩხუბი. ჩმორებს “აწერს” ფულს ან ნებისმიერ ნივთს რაც მოეწონება. სძულს “ძაღლები”. კარგად იცის, რომ “ნებისმიერი კონფლიქტი უნდა მოგვარდეს პოლიციის ჩაურევლად”. აქვს საუბრის განსაკუთრებული მანერა: ცხვირში ლაპარაკობს და სიტყვებს ხრინწით წარმოთქვამს. უსმენს ძირითადად რეპს. საყვარელი ფილმი _ სავარაუდოდ “ნათლიმამა” ან “ნაიარევი სახე”. “ქურდული გაგება” და ძმა-ბიჭები მისთვის ყველაზე მაღლა დგას. არავითარი სწავლა-განათლება, სამსახური არ აინტერესებს. მოკლედ, მისი სამომავლო პერსპექტივა ნულია. ალბათ მიხვდით, რომ საუბარია ძველ ბიჭზე.

იყო დრო, როცა ქურდული წესები უფრო მეტად ფასობდა ჩვენს საზოგადოებაში, ვიდრე კანონი. როცა ფიქრობდნენ, რომ “აუცილებელია ბიჭმა გაიაროს ქუჩის სკოლა”. ბევრი თავსაც იწონებდა იმით, რომ ახალგაზრდობაში წარმატებით გაიარა ეს სკოლა. მათ შორის პოლიტიკოსებიც. შავ-ბნელ 90-იანებთან შედარებით დღეს ძველი ბიჭების რიხცვმა იკლო. ბევრი მიხვდა, რომ “კაიბიჭობა” სხვა არაფერია თუ არა დროის კარგვა, დისკრიმინაციისა და უკანონობის მხარდაჭერა და უპერსპექტივობა. თუმცა, ქართულ საზოგადოებაში დღემდე არის შემორჩენილი “ძველბიჭური ” გაგება. გაოცებასა და ბრაზს ვერ ვმალავდი, როცა გავიგე, როგორ ხვდებოდნენ ჩემს ერთ მეგობარ მეტალისტ ბიჭს ძველი ბიჭები დანებით და ემუქრებოდნენ, ხოლო როცა მან დახმარებისთვის პოლიციას მიმართა, შემდეგი პასუხი მიიღო ” აბა, ამხელა თმით რომ დადიხარ რა გგონია? თმა შეიჭერი და პრობლემებიც აღარ გექნებაო”; როგორ ცემდა მას მეტროში ხუთი ძველი ბიჭი ისევდაისევ განსხვავებული გარეგნობის გამო, ხალხი კი იდგა და პირიქით აქეზებდა მოძალადეებს “ასე უნდა მისნაირებსო”; როგორ მოუვიდა ჩხუბი უნივერსიტეტში (თსუ-ს მეორე კორპუსში!) და დაცვამ იმ მოტივით გააშველა, რომ “სადმე მოფარებული ადგილი ნახეთ და იქ იჩხუბეთო” 😐

სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები დღესაც ხდება, მაგრამ, მე მაინც ვფიქრობ, რომ “ძველბიჭობა” დროის ანაქრონიზმია, რასაც მალე გააცნობიერებს საზოგადოება. ძველი ბიჭების დრო წავიდა, ჩემს თვალში კი ისინი უბრალოდ გოიმები არიან. (მე მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის:დ)

, , , , , , , , , , , , , , ,

27 Comments

რა კავშირია სოციალურ მედიასა და გამქრალ მანქანას შორის

ხართ დაინტერესებული სოციალური მედიით? გსურთ საკუთარი ინტერნეტ-რესურსის საშუალებით მთელს მსოფლიოსთან საუბარი? მაშინ წიგნი “სოციალური მედია სკოლაში” თქვენთვისაა განკუთვნილი. თუკი აქამდე სოციალური მედიის შესახებ ქართულ ენაზე ინფორმაციის მოპოვება ბლოგებიდან და ვებსაიტებიდან შეგეძლოთ, ახლა ამას პირველი ქართული სახელმძღვანელოც დაერთო. “სოციალური მედია სკოლაში”-ს პრეზენტაცია დღეს გაიმართა. (ამ წიგნის ონლაინ ვერსია შეგიძლიათ აქ ნახოთ) წიგნში განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: ინტერნეტის შექმნის ისტორია, რა გავლენა მოახდინა ინტერნეტმა ადამიანებზე, ტრადიციული და სოციალური მედია, როგორ ვითარდებოდა ბლოგოსფერო, ბლოგის ეფექტური გამოყენება, facebook-ის შექმნის ისტორია და ასე შემდეგ. ყოველ თავს თან ახლავს შემაჯამებელი მიმოხილვა და პრაქტიკული დავალება. წიგნის გაფორმებაც მის შინაარსზე არანაკლებ მიმზიდველია თანდართული ილუსტრაციების სიუხვის გამო. პრეზენტაციაზე წიგნის ავტორისაგან, სანდრო ასათიანისგან, მეტად საინტერესო ამბები მოვისმინე: მაგალითად, იცოდით, რომ ირანში ყველა ბლოგერი ვალდებულია თავისი ბლოგი კულტურისა და ხელოვნების სამინისტროში დაარეგისტრიროს? თურქეთში დაბლოკილია youtube, თურქმენეთში კი პირველი ინტერნეტკაფე, თქვენ წარმოიდგინეთ, 2007 წელს გაიხსნა! ჩინეთში არასასურველი ინფორმაციის გამავრცელებელი 24 ბლოგერი ციხეში იხდის სასჯელს. facebook-ის wall-ზე სხვადასხვა მოსაზრებების დაწერა კი “კარგად დავიწყებული ძველი ხერხია”: ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში რომის იმპერიის ქალაქ პომპეის მაცხოვრებლებს ახასიათებდათ ეგ ჩვევა _ შენობების კედლებზე წერა, რომლებიც ერთგვარ განცხადებათა დაფებს წააგავდა. youtube-ზე განთავსებული პირველი ვიდეო თუ გინახავთ? თუ არა, მაშინ ნახეთ:

აღარ დავიწყებ სოციალური მედიის თავისებურებებზე, კარგ თუ ცუდ მხარეებზე საუბარს. ვისაც უფრო მეტი გაინტერესებთ, გაეცანით წიგნს “სოციალური მედია სკოლაში”. ამ სახელმძღვანელოს ერთი ეგზემპლარი მეც შემხვდა, ისევე როგორც პრეზენტაციის სხვა დამსწრეებსაც.

ახლა რაც შეეხება პრეზენტაციის შემდგომ ამბავს: გამოვედით გარეთ და მეგობრის მანქანისკენ გავემართეთ, რომელიც თავისუფლების მოედანზე მდებარე პარკირების ადგილზე გააჩერა. მივედით და მანქანა აღარაა 😐 თან ერთხელ უკვე მოხდა მსგავსი რამ: ერთგან გაჩერებული მანქანა სხვაგან აღმოჩნდა სრულიად აუხსნელი მიზეზების გამო. მე ისიც კი ვიფიქრე, უცხოპლანეტელებმა ხომ არ გადაწიეს-მეთქი 😐 ვეძებეთ, ვეძებეთ და ახლო-მახლო ვერსად ვიპოვეთ. საგონებელში ჩავვარდით, ხოდა მერე გავარკვიეთ, რომ თურმე იმ ადგილზე არ შეიძლებოდა ავტომობილის გაჩერება და ევაკუატორით წაიყვანეს საჯარიმო სადგომზე. არადა სხვა მანქანებიც იდგა გარშემო. მაგრამ ბოლოს ყველაფერი კარგად დასრულდა: მანქანა პატრონს ჩაბარდა.
გარდა იმისა, რომ დღეს (უკვე გუშინ) საინტერესო პრეზენტაციისა და “უჩვეულო” ამბის მომსწრე გავხდი, პირველად დავხატე ზეთის საღებავებით და ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით ფუნჯის მოსმის პროცესი. ჩემი აზრით, ფუნჯით საღებავის მოსმა ტილოზე არის საუკეთესო დამამშვიდებელი თერაპია. ჩემს “შედევრს” არ გაგაცნობთ, ჯერ ადრეა ამისთვის :)))

, , , , , , , , , , , , , , , ,

2 Comments