Archive for ივნისი, 2013

Oasis ფესტივალის მიმოხილვა

oasisfest

ორი დღის განმავლობაში მცხეთაში თეატრონის მიმდებარე ტერიტორია მუსიკალური ფესტივალის ქალაქად იქცა. ადამიანები  აღმოჩდნენ ჩვეულისგან განსხვავებულ გარემოში, სადაც შეგეძლო დაგესვენა, გართობოდი, შეგეძინა ახალი მეგობრები, დამტკბარიყავი მუსიკით, გეცეკვა, დაგელია, გეთამაშა ორდროშობანა თუ ხელბურთი, გარუჯულიყავი კიდეც, ერთი სიტყვით საინტერესოდ გაგეტარებინა დრო.

არცერთ ქართულ მუსიკალურ ღონისძიებას არ მოყოლია ამდენი პოზიტიური გამოხმაურება, რაც ოაზის ფესტივალს მოყვა. ის ადამიანებიც კი, რომლებიც საკმაოდ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი ფესტივალის მიმართ, საკუთარ აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. ფესტივალამდე იყო ბევრი კითხვა, რომლებსაც ორგანიზატორებმა დროულად ან საერთოდ ვერ გასცეს პასუხი. ამან ბევრი გააღიზიანა. მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ეს არ იყო მარტო კარგი მუსიკისა და “ზვუკის” დამსახურება. ფესტივალისთვის შესაფერისი ადგილი, კარვების ქალაქი, სხვადასხვა სპორტული და გასართობი ღონისძიება, ერთი სიტყვით, გარემო იყო ძალიან კარგი. შეკრებილი ადამიანებიც იყვნენ პოზიტიურად განწყობილნი. ბევრმა აღნიშნა, რომ განსხვავებით სხვა კონცერტებისგან, სადაც უხვად დაიარებიან იქ სრულიად შემთხვევით აღმოჩენილი ტიპები, რომლებიც ხან “როკერი” გოგოების გასაცნობად მოდიან და ხან უმიზეზო ჩხუბის ასატეხად, მცხეთაში ნაკლებად იყვნენ.

Salio

Salio

The Balloon Shooters

The Balloon Shooters

LOUDspeakers

ოაზის ფესტივალი ქართულმა ჯგუფმა The Jetbird გახსნა. ძალიან ვისიამოვნე ქართული ბენდებით. ძალიან კარგები იყვნენ და არ ჩამოუვარდებოდნენ უცხოურ ჯგუფებს Loudspeakers, Salio, The Balloon Shooters.

უცხოური ბენდებიდან ძალიან მომეწონა დანიური ინდიროკ, დენს-პანკ ბენდი Whomadewho. მსმენელებისგან ბევრი ტაში და ოვაცია დაიმსახურეს. ერთადერთი ჯგუფი იყო ფესტივალზე, ვინც ბისზე ისევ გამოვიდა.

Whomadewho

Whomadewho

Whomadewho

Mumiy Trol-მა ბავშვობა გამახსენა, ოდესღაც მიყვარდა ეს ჯგუფი, განსაკუთრებით მისი ვოკალისტი, მუდამ მოღიმარი ილია ლაგუტენკო. :დ

ილია ლაგუტენკო

ილია ლაგუტენკო

5’nizza–ს ყოფილი ვოკალისტის ანდრეი ზაპოროჟეცის (სანის) ბენდმა “SunSay” ასევე დიდი ოვაციები დაიმსახურა, განსაკუთრებით ყველასთვის ნაცნობი სიმღერის “Солдат”-ის შესრულებისას.

SunSay

SunSay

ხალხი ააცეკვა და სცენაზე “ცეცხლი დაანთო” გერმანულმა ელექტრონულმა ბენდმა სექსუალური “ფრონტვუმენით” Jahcoozi.

Jachoozi

Jachoozi

მიუხედავად იმისა, რომ ოაზის ფესტივალი იყო კარგი და ყველა აღფრთოვანებული დარჩა მისით, არ შემიძლია არ დავწერო იმ მინუსებზე, რაც მას ახლდა:

1. დაგვიანება: ორივე დღეს კონცერტი დაახლოებით ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. საქართველოში იმდენად მიჩვეულები ვართ დაგვიანებას, რომ ამას ნაკლად არ მივიჩნევთ.

2. ფესტივალზე არ გამოსულა ლაინაფში მითითებული ბენდი Juveniles. ამას მაშინ მივხვდი, როცა სცენაზე მათ ნაცვლად სხვა ბენდი გამოვიდა: ZIG ZAG & CO პროექტი ქართველი ბასისტითა და დრამერით, ასევე ფრანგი პიანისტით სახელად ზიგი. კარგად მახსოვს რა ცუდი გამოხმაურება მოყვა როცა ოფენეარზე მსმენელმა Modesselektor ვერ იხილა.

3. არც მე და არც ჩემს მეგობრებს დაცვასთან ან პოლიციასთან არ შეგვქმნია პრობლემა. მაგრამ როგორც შემდეგ გავიგე, მარიხუანის მოწევის გამო რამდენიმე ადამიანი საკმაოდ უხეში ფორმით დააკავეს (ზოგი ამბობს 60-მდე, შსს კი მხოლოდ ორი ადამიანის დაკავებასა და დაჯარიმებას ადასტურებს). ეს იგივეა ალკოჰოლის დალევის გამო დაეჯარიმებინათ ვინმე იმ მიზეზით, რომ საზოგადოებრივ ადგილებში დალევა არ შეიძლება. ასევე ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიცია და დაცვა (ყველა არა, რა თქმა უნდა) ხშირ შემთხვევაში არ იქცევა ზრდილობიანად და თავაზიანად. ამ მხრივ ბევრი სამუშაოა.

პ.ს ძალიან მიხარია, რომ საქართველოში უფრო და უფრო მეტი მუსიკალური ღონისძიება ტარდება და ვიღაც ღვთისნიერი ადამიანები ჩვენს გართობასა და დროის საინტერესოდ გატარებაზე ზრუნავენ.

ფესტივალის ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

, , , , , , , , , , , , , , ,

2 Comments

ფესტივალი Oasis-ი

ამ ფესტივალზე მითქმა-მოთქმა დიდი ხნის წინ დაიწყო. სახელწოდების გამო ბევრს ეგონა, რომ ბრიტანული როკ-ბენდი, აწ უკვე დაშლილი Oasis ჩამოდიოდა საქართველოში. სინამდვილეში Oasis Festival-ს საერთო არაფერი აქვს ძმებ გალაჰერების ჯგუფთან. ფესტივალი 22-23 ივნისს გაიმართება მცხეთაში, თეატრონის პარკში. დაუკრავენ როგორც ქართული, ასევე ევროპული ბენდები (Mumiy Troll,  Jahcoozi, Loudspeakers, Motorama, Whomadewho, The Jetbird, Sunsay, Juveniles…)

გარდა მუსიკოსების გამოსვლისა შეგეძლებათ დაესწროთ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებას, ვორკშოპებს. ფესტივალის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ადგილი კემპინგისა და პარკინგისთვის. ასევე იქნება ბევრი კვებითი ობიექტი.

?????

ფესტივალის ადგილმდებარეობის რუკა

ოაზის

ბილეთებს რაც შეეხება: თავდაპირველად 19 ლარად იყიდებოდა ბილეთი ორივე დღისთვის, ამჟამად 28 ლარიანი ბილეთებია დარჩენილი. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ მათი შეძენის წესებს. როგორც ვიცი, ბილეთები ადგილზე უფრო ძვირად გაიყიდება, ამიტომ აჯობებს წინასწარ იყიდოთ.

ფესტივალის ადგილზე მოსახვედრად იქნება სპეციალური ტრანსპორტი, რომელიც გავა სპორტის სასახლიდან და ეღირება 2 ლარი. გარდა ამისა დიდუბედან მცხეთის მიმართულებით ყოველ 15 წუთში გადის სამარშრუტო ტაქსები. დაწვრილებითი ინფოსთვის ნახეთ ეს ლინკი.

ბევრი კითხვა გააჩინა ფესტივალზე დაწესებულმა წესებმა:

ოაზის უასფრთხოება

ყველაზე დიდი გაოცება ჩემში კონფეტის შეტანის აკრძალვამ გამოიწვია. როგორც აღმოჩნდა, კონფეტში “კანფეტი” არ იგულისხმება, ესაა ფერად-ფერადი ქაღალდის პაწაწა მრგვალი ნაჭრები, რომელთაც გასართობად თავზე აყრიან ერთმანეთს ბალებსა და მასკარადებზე. ( წყარო http://www.nplg.gov.ge)

უკმაყოფილება გამოიწვია ჩანთის დადგენილმა ზომებმაც: ძნელი წარმოსადგენია ასეთ ჩანთაში კარავი ჩაგეტიოს, თუმცა, როგორც განმარტეს, კარავის მქონეთათვის გამოყოფილი იქნება სხვა შესავლელი. ზომის გამო კარვის შეტანისას პრობლემა არ შეგექმნებათ. ჩანთის ზომების მითითება იმისთვის გახდა საჭირო, რომ ტერიტორიაზე არ მოხდეს აკრძალული ნივთების და სასმლის შემოტანა.

მოწევას რაც შეეხება: აკრძალულია მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილ ზონაში.

პროფესიონალური ფოტო-ვიდეო აპარატებით გადაღების აკრძალვა ჩვეულებრივი მოვლენაა ნებისმიერ ფესტივალზე. მათ, ვისაც სურს პროფესიონალური კამერის შემოტანა, უნდა გაიაროს აკრედიტაცია. მობლურით და არაპროფესიონალური კამერით გადაღება ნებადართულია.

ერთი სიტყვით, წესების პირველი წაკითხვისას გაჩენილ კითხვებს ჩემთვის პასუხი გაეცა.

მონაწილეების სრულ სიას შეგიძლიათ გადახედოთ აქ:

oasis fest

საინტერესო შაბათ-კვირა გველოდება წინ 🙂

, , , , , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

დაცული: უტელევიზორობა

ეს კონტენტი დაცულია პაროლით. მის სანახავად გთხოვთ შეიყვანოთ პაროლი ქვემოთ:

, , ,

1 კომენტარი

Tbilisi Open Air 2013

open air

ვაგრძელებ ტრადიციას და გთავაზობთ Tbilisi Open Air 2013-ის მიმოხილვას. ამ ფესტივალს პირველი ოფენეარის დღიდან ვადევნებ თვალს და ვაშუქებ.

პირველი გამომსვლელი, რომელსაც მოვუსმინე, იყო The Subways (სამწუხაროდ, ვერც Kid Jesus-ს და ვერც Black Strobe-ს ვერ მივუსწარი). The Subways – ეს იყო ცეცხლი, ცხრა ბალიანი მიწისძვრა, ცუნამი სცენაზე!!! მუსიკოსების შესრულების ხარისხი, მოძრაობები, დაკვრის მანერა – ყველაფერი გადმოსცემდა უდიდეს მუხტსა და ენერგიას. ძალიან კარგი იყო ეს სამეული!

მსმენელთა უმეტესობა Deep Purple-ის გამო იყო მოსული, მე კი ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა მათი მოსმენა. ჯგუფის წევრთა ასაკი საერთოდ არ ასახულა შესრულების ხარისხზე. არ დაიჯეროთ თუ ვინმე გეტვყით, დაბერდნენო. მიუხედავად ამისა, ძალიან მომბეზრდა გიტარის გაუთავებელი სოლოები და ერთი სული მქონდა როდის ავიდოდა სცენაზე შემდეგი გამომსვლელი.

open air7

Infected Mushroom-ზე ძალიან მოვილხინე. კარგი იქნებოდა აუდიტორიისთვის უფრო ნაცნობი სიმღერები შეესრულებინათ, მაგრამ რაც იყო, ძალიან კარგი იყო.

open air6

open air5

“ფარფლების” გამოსვლის შემდეგ დინამო არენის დაცარიელება დაიწყო. წინა ოფენ ეარი გამახსენდა: უმეტესობა რომ მარტო DDT-ს მოსასმენად იყო მოსული და ზოგ-ზოგიერთები Dub Fx-ის სცენიდან “ჩამოძევებას” მოითხოვდნენ. :/ ბევრმა თქვა, ჯობდა Deep Purple სულ ბოლოს ჩაესვათ line-up-ში დარბაზის დაცარიელებისგან თავის დაზღვევის მიზნით, მაგრამ მსგავს შემთხვევაში არაა გამორიცხული ბოთლების სროლა დაეწყოთ სცენაზე მდგომი მუსიკოსებისთვის ფარფლების მოთხოვნით :/

open air4

თრიქი ხალხს სცენაზე ასვლისკენ მოუწოდებს

open air3

თრიქის გამოსვლა რამდენიმე ასეულ ადამიანთან მოუწია. მარტო წინა რიგში იდგა ხალხი. უკანა რიგები კი სულ ცარიელი იყო. წარმოგიდგენიათ: დიდი სივრცე, შენ გარდა კაციშვილი რომ არაა, შენ პირდაპირ კი Tricky უკრავს და რასაც გინდა იმას აკეთებ. კარგი შეგრძნება იყო.

open air 1

ასე გამოიყურებოდა დინამო არენა თრიქის გამოსვლისას

ფესტივალის ყველაზე დიდი ფეილი მისი დაბოლოება იყო: ხალხი Modeselektor-ს ელოდა. თრიქის გამოსვლის შემდეგ კი უცებ შუქი ჩაქრა და სცენაზე აპარატურის ალაგება დაიწყეს. ვიღაცებმა თქვეს, ბოლო გამომსვლელი აღარ იქნება, წავიდნენ რადგან თვითმფრინავის რეისზე აგვიადნებოდათო (კონცერტი ორი საათით გვიან დაიწყო). თუმცა, ორგანიზატორებიდან არავინ გამოსულა და აუხსნია მიზეზი, რატომ მოხდა ასე. წარმოიდგინეთ, რა ცუდ დღეში ჩავარდებოდნენ Modeselektor-ის მოსასმენად მოსული ადამიანები. დღის 5-დან ღამის ოთხამდე რომ ელოდები ბენდს და უცებ, არა რამდენიმე საათით ადრე, არამედ წესით და რიგით ამ ბენდის გამოსვლის დროს იგებ, რომ აღარ გამოვა :/

ყველა ივენთის ერთი დიდი პრობლემაა დაცვის წარმომადგენლები :/ ვერც ოფენეარი იყო გამონაკლისი. ზოგიერთ დასაჯდომ ადგილზე მყოფ ადამიანს ფეხზე დადგომას უკრძალავდნენ თურმე, ზოგს გასვლისას და მერე ისევ შემოსვლისას შეექმნა პრობლემა (არადა ბილეთები ნაყიდი ჰქონდათ). დაცვის წევრებმა არ იციან ვის როგორ უნდა მოექცნენ, ზოგჯერ ზედმეტად უხეშები და უზრდელები არიან. რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება. მაკავშირებს რა არცთუ სასიამოვნო მოგონებები დაცვასთან, ერთი ადვილად განსახორციელებელი იდეა მომივიდა თავში: ტრენინგები ჩაუტარონ, აუხსნან ზუსტად რა ევალებათ, შეიმუშავონ  მათთვის განკუთვნილი “ქცევის კოდექსი”. ტრენერის როლში მეც გამოვდგები 😀

კარგი იქნებოდა დარბაზში დადგმულ ეკრანებზე ეჩვენებინათ რა ხდებოდა სცენაზე. ზოგიერთი მუსიკოსის გამოსვლა ვერ მოხვდა ეკრანზე. არადა უკანა რიგებში საერთოდ ვერ ხედავდნენ შემსრულებლებს.

ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა პრე-ფართიზე: ფესტივალამდე რამდენიმე დღით ადრე მთაწმინდის პარკში, ბორბლის ქვეშ გაიმართა ოფენეარის პრე–ფართი. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: Catch The Clouds, SALIO, Gio Shengelia & Sikha, Green Room… არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი ივენთი იყო სწორად შერჩეული ადგილითა და დამსწრე საზოგადოებით.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი ქართულ მუსიკალურ სივრცეში დასრულდა. ველოდები Tbilisi Open Air 2014-ს! 🙂

პ.ს. წინა ოფენეარების მიმოხილვები:

Tbilisi Open Air 2012

Tbilisi Open Air 2011

Tbilisi Open Air 2009

, , , , , , , , , ,

3 Comments