Posts Tagged ოჯახი

ერთგული ქმრები და ბედნიერი ცოლები

husband-kissing-wife-in-kitchen

სამსახურიდან  სახლში დაბრუნებულ ქმარს წინსაფარმოხვეული ცოლი ეგებება. წუთში გაუწყობს სუფრას. ახალგამომცხვარ ხაჭაპურებს დააგემოვნებინებს. ძილის წინ პერანგს გაუუთოებს მეორე დღისთვის, ტანსაცმელს გაუმზადებს.  ეს სცენა, ერთი შეხედვით ვიღაცისთვის ოჯახური იდილია, სინამდვილეში ერთი დიდი სიყალბეა. ამ სიყალბეს რომ გრძნობ, გული გერევა. მერე რა, რომ ზემოთ ხსენებულ “იდილიაში” ცოლს ქმრის მორჩილი შინამოსამსახურის როლი ენიჭება: მერე რა, რომ საჭმლის დამზადება, სახლის დალაგება, დარეცხვა, ბავშვების მოვლა ოჯახში მხოლოდ ერთ ადამიანს _”სუსტ” სქესს ევალება, მერე რა, რომ ქმარი დროდადრო, როცა ცოლი ბეზრდება, სხვებთან იკმაყოფილებს სექსუალურ მოთხოვნილებებს, და მერე რა რომ, ოჯახის დიასახლისის პატივისცემას ოჯახის თავი უფრო ხშირად სადღეგრძელოებში ავლენს, ვიდრე რეალობაში. მაინც ყველა ბედნიერია. თუ გგონიათ, რომ ახალგაზრდა თაობების ქართულ ოჯახებში საქმე სხვაგვარადაა და მსგავსი რაღაცები აღარ ხდება, ცდებით. Read the rest of this entry »

, , , , , , ,

2 Comments

რატომ ქორწინდებიან საქართველოში


1) სექსის გამო. რადგან საზოგადოებას ქროწინებამდელი სექსის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, ამიტომ წყვილი, რომელსაც უბრალოდ სექსი სურს, ამ სურვილს “ნიღბავს” ოჯახის შექმნის სურვილით. ეს ერთგვარად თავის მოტყუებაა. სინამდვილეში ოჯახის შექმნა ბევრად საპასუხისმგებლო რამეა და ასეთ ოჯახებს ხშირ შემთხვევაში დიდი მომავალი არ აქვთ.

2) საზოგადოებაში არსებული ნორმის გამო. დავუშვათ, ხარ 30 წლის ადამიანი, გაქვს საშუალო შემოსავლის მქონე სამსახური და სახლი. ყოველდღე შორეული თუ ახლო მეგობრებისა ან ნათესავების ნახვისას იძულებული ხარ პასუხი გასცე შემდეგ კითხვას: ცოლი როდის მოგყავს? ან როდის თხოვდები? შეიძლება შენ სულაც არ გინდა ოჯახის შექმნა, მაგრამ მაინც ქორწინდები: იმიტომ რომ უკვე დროა და იმიტომ, რომ წესია ასეთი. აბა, ოჯახის გარეშე ხომ არ დარჩები?!

3) მშობლების თხოვნით. ზოგჯერ მშობლებს ძალიან უნდათ რამე სიახლე, უნდათ მოესწრონ საკუთარი შვილის ოჯახს, პატარა ბავშვის დანახვისას გულში სითბო ეღვრებათ და ერთი სული აქვთ საკუთარ შვილიშვლს როდის იხილავენ, ან სულაც მობეზრდათ ოჯახური საქმეები: სახლის დალაგება-საჭმლის დამზადება და ვინმე დამხმარე სურთ. ამიტომაც გულს უწვრილებენ შვილს თხოვნით: მეიყვანე ცოლიიი. ცოლის მოყვანა ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია! ის ხომ უფასო დამლაგებელ-მზარეულია! თან ერთგვარ სიახლესაც შეიტანს ოჯახში და უფრო საინტერესოს გახდის ცხორვებას. ხშირ შემთხვევაში ცოლ-ქმარი შვილს დედამთილის ან მამამთილის სახელს არქმევს. ასეთ წყვილს გარანტირებული აქვს საკუთარი ოჯახური ცხოვრების მშობლების ნება-სურვილის მიხედვით განგება. დიდი ალბათობაა, რომ დამოუკიდებელ ერთეულად მათი ოჯახი ვერ ჩამოყალიბდება.

4) ქორწნდებიან იმიტომ, რომ უწევთ _ სამწუხაროდ, არაფერი სმენიათ კონტრაცეფციის საშუალებების შესახებ. თუმცა, ეს საუკეთესო შემთხვევაში ხდება. სხვა შემთხხვევაში ეს ამბავი ბევრად ცუდად _ აბორტის გაკეთებით_ შეიძლება დამთავრდეს.

5) ფინანსური მდგომარეობის გამო _ იმ ადამიანისთვის, რომელსაც უნდა ბევრი ფული, ეზარება მუშაობა და კომფორტულად გრძნობს თავს სხვის ხარჯზე, საუკეთესო გამოსავალია შეძლებული ქმრის/ცოლის მონახვა.

6) იძულების გამო _ ამ შემთხვევაში საუბარია მდედრობითი სქესის წამომადგენლებზე. მართალია, “ქალის მოტაცება” ცოტა არ იყოს წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ეს ჩვეულება მაინც შემონახულია, განსაკუთებით პროვინციებში.

ესაა იმ მიზეზთა მცირე ჩამონათვალი, რის გამოც, ჩემი აზრით, ოჯახი არ უნდა შექმნა, თუმცა, რეალობაში ხშირად ზუსად ამის გამო ქორწინდებიან. თქვენ რას დაამატებდით ამ ჩამონათვალს?

, , , , , , , ,

19 Comments

მცირე საყვედური ქართველ მამებს :)

ამასწინათ უცხოეთში მყოფი მეგობარი მიყვებოდა როგორ აძინებს თავის ორი წლის შვილს: ჯერ ერთ ჭიქა რძეს ასმევს, აბანავებს, კბილებს უხეხავს, პიჟამოს აცმევს, ლოგინში აწვენს დათუჩასთან ერთად, აკოცებს და ღამემშვიდობისას ეუბნება. ერთი საყვარელი ძილისწინა რიტუალია მოკლედ 🙂 რა კარგი მამა ყოფილხარ, შენს შვილს გაუმართლა-მეთქი,_ ვუთხარი. რას ამბობ, ეს ხომ იგივეა რომ გითხრან, რა კარგი ქმარი ხარ შენს ცოლს ყოველდღე რომ არ ცემო. შეიძლება ასეთი ქცევა და ზრუნვა შვილზე მართლაც ელემენტარული იყოს. თუმცა, საქართველოში რომ ასე არ არის და მამებს შვილებთან (მცირეწლოვნებს ვგულისხმობ) უფრო დისტანციური დამოკიდებულება რომ აქვთ, ეგეც ხომ ნათელია. მიიჩნევა, რომ ბავშვის ჩაცმა, ბანაობა, მისთვის პამპერსების გამოცვლა, დაძინება, ჭმევა (თუ ჭამა?) დედის საქმეა. მამის ფუნქცია კი ოჯახში ფულის შემოტანით შემოიფარგლება. ერთი-ორჯერ შვილს თავზე ხელი თუ გადაუსვა, ეგეც საკმარისია. თუ არ მეთანხმებით,თქვენ თავს კითხეთ: რამდენად ხშირად გაბანავებდათ მამა? რამდენად ხშირად გიცვლიდათ პამპერსებს? გაძინებდათ? გეთამაშებოდათ? გასეირნებდათ? გიკეთებდათ საჭმელს და გაჭმევდათ?გიკითხავდათ ზღაპრებს ძილის წინ ან გიმღეროდათ? დაყავდით ბაღში? მცირე გამოკითხვა ჩავატარე ჩემს მეგობრებში და ამ კითხვებზე უმეტესწილად უარყოფითი პასუხი მივიღე.

არ ვიცი, რისი ბრალია ეს, მამებს უტყდებათ მსგავსი ქცევები (თუნდაც პამპერსის გამოცვლა შვილისთვის), ეზარებათ, დრო არ რჩებათ თუ უბრალოდ ფიქრობენ, რომ ეს მათი საქმე არაა? მე მაინც ვფიქრობ, რომ ასეთ დამოკიდებულებას სტერეოტიპები იწვევენ. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი დაკვირვებით, წინა წლებთან შედარებით სიტუაცია შეიცვალა: ახლა ბევრად უფრო ხშირად დაინახავთ პარკებში შვილთან მოსეირნე ან მოთამაშე მამებს. ნაცნობებშიც უფრო მეტად მოიძებნებიან მზრუნველი და ყურადღებიანი ახალგაზრდა მამიკოები : )

ჩემი აზრით, ქალიც და მამაკაციც თანაბრად უნდა იყოს ჩართული ბავშვის აღზრდაში. მხოლოდ გენდერული თანასწორობის გამო არა, რა თქმა უნდა. პირველ რიგში შვილის გამო _ სრულყოფილ პიროვნებად რომ ჩამოყალიბდეს და კიდევ, თავისუფალი იყოს გენდერული სტერეოტიპებისგან. ცოლისთვისაც დიდი მხარდაჭერაა, როცა ხედავს როგორ უვლის შვილს მისი ქმარი. ასე, რომ მე მიყვარს მზრუნველი მამიკოები! :))

, , , , , ,

9 Comments

როცა მოსიყვარულე ლუზერი ქმარი გბეზრდება

ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ერთი სიმპატიური და მოსიყვარულე  ქმარი გყავთ. ის უზომოდაა თქვენზე შეყვარებული, არის საუკეთესო მამა და საკუთარ ოჯახს არაფერი ურჩევნია.  გყავთ უსაყვარლესი შვილი. ნორმალური შეძლების ოჯახი გაქვთ. ბევრი საერთო და ტკბილი მოგონება გაკავშირებთ ერთმანეთთან. თქვენი თავრბუდამხვევი რომანი 6 წლის წინ დაიწყო. როგორ ფიქრობთ, იქნებით თუ არა 6 წლის მერეც ისეთი ბედნიერი, როგორც მაშინ? გეყვარებათ თუ არა ისევ ისე ის, ვისაც წლების წინ შეჰფიცეთ, რომ მუდამ მის გვერდში იდგებოდით, ჭირშიცა და ლხინშიც?

შევხედოთ ამას მეორე მხრიდან. ყველაფერი ასეთი იდეალურიც არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს: თქვენი ქმარი ერთი ჩვეულებრივი მუშაა, არც კარგი განათლებითა და არც წამრატებული კარიერით გამორჩეული. ყოველ დილით სამსახურში წასვლამდე  ლუდს სვამს და მიუხედავად მისი პოტენციალისა, არაფრის შეცვლა არ სურს ცხოვრებაში. ერთი სიტყვით, ლუზერია…  პროვინციულ ქალაქში ცხოვრობთ. ადრე ალბათ ვერც წარმოიდგენდით, რომ აქ დარჩენა მოგიწევდათ. მეტად ნიჭიერი სტუდენტი იყავით და დიდ იმედებს ამყარებდით საკუთარ მომავალზე. მწვერვალების დაპყრობას გიწინასწარმეტყველებდნენ თქვენს პროფესიაში. მაგრამ აწმყო სხვანაირია: რიგითი მომსახურე პერსონალი ხართ და ამაოდ ცდილობთ უფრო მაღალი თანამდებობის დაკავებას. როგორ გგონიათ კმაყოფილი იქნებოდით ასეთი ცხოვრებით? ისევ ის გრძნობა გექნებოდათ თქვენი ქმრის მიმართ, როგორც ექვსი წლი წინ?

ზუსტად ასე ვითარდება მოვლენები ფილმში Blue Valentine (2010): წყვილს უყვარდება ერთმანეთი და წლების შემდეგ ეს უსაზღვრო სიყვარული სადღაც ქრება. ცრემლებს ძლივს ვიკავებდი ამ ფილმის ყურებისას, განსაკუთრებით ფინალურ სცენაზე მომაწვა ემოციები. 😀 შემზიზღდა სინდი (ცოლი) და მისი როლის შემსრულებელი მიშელ უილიამსი. როგორ უნდა მიატოვო ასეთი ქმარი! მითუმეტეს, როცა მის როლს რაიან გოსლინგი თამაშობს 😛 თუნდაც ამ დიალოგის გამო ღირდა მასთან მთელი ცხოვრების გატარება: როცა მიშელი საყვედურით ეკითხება რაიანის გმირს: შენ ხომ ამხელა პოტენციალი გაქვს, რატომ არ გინდა რამე სხვა საქმეს მოკიდო ხელი (გულისხმობდა უფრო პრესტიჟულ სამუშაოს), რატომ არ გინდა მოახდინო საკუთარი თავის რეალიზება, რაიანი პასუხობს, რომ მას მოსწონს საკუთარი სამსახური, რადგან ოჯახთან უფრო მეტი დროის გატარების საშუალებას აძლევს. “რაში უნდა გარდავქმნა ეს პოტენციალი, მაინცდამაინც მაღალ ანაზღაურებაში?…  ქმრისა და მამის როლი არის ის ერთადერთი რამ, რაც მე მინდა.” ასეთი არაეგოისტი ადამიანები, რომლებიც მზად არიან მთელი საკუთარი პოტენციალი მხოლოდდამხოლოდ ოჯახს შეალიონ,  მაშინ როცა შეიძლება ბევრ სხვა სფეროში მიაღწიონ წარმატებას, ძალიან ცოტანი არიან. განსაკუთრებით კაცებში, რომელთა უმეტესობისთვის პირადი მიღწევები ყველაზე ღირებული რამაა. რაიანი ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს ოჯახი და წინანდელი ურთიერთობა ცოლთან: “მითხარი, როგორი გინდა ვიყო და გავხდები ასეთი”.

რაიან გოსლინგს უხდება ასეთი მგზნებარე შეყვარებულის იმიჯი. The Notebook (2004) შიც მსგავსად იწვოდა მისი გმირი სიყვარულით, მაგრამ იქ, Blue Valentine-სგან განსხვავებით, ყველაფერი კარგად დასრულდა. მიშელ უილიამსს რაც შეეხება, ამ ფილმში პირველად ვიხილე და იმთავითვე დაიმსახურა ჩემი გულისწყრომა. სინდის როლისთვის ის ოსკარზეც წარადგინეს ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი. რაც შეეხება ფილმის რეჟისორს – Derek Cianfrance-ს – აქამდე მისი არცერთი ნამუშევარი არ მქონდა ნანახი. ძალიან ბევრი ფილმია გადაღებული წარუმატებელი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რომელიც ძალიან კარგად დაიწყო, დროთა განმავლობაში გაუარესდა და საბოლოოდ დასრულდა. განშორების მიზეზები კი ხშირ შემთხვევაში გაუგებარია. გრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ყველაფრის საფუძველი არის ურთიერთობის ხანგრძლივობა. მე კი ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა ხანგრძლივი იყოს, სიყვარული თავისით არ გაქრება, ამას აუცილებლად აქვს სხვა მიზეზები.

Blue Valentine-ში ზუსტად ეს მიზეზებია ნაჩვენები. ამ ფილმმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მკაცრ რეალობას: რამდენად ეგოისტები  და ბრმები არიან ადამიანები, რომ ვერ ხედავენ და ვერ აფასებენ იმათ, ვინც ყველაზე მეტად იმსახურებს მათ ყურადღებას. ამ ფილმის ნახვა კიდევ იმიტომ ღირს, რომ ძალიან კარგადაა ნაჩვენები ყოველდღიური ურთიერთობების პატარ-პატარა და საყვარელი მომენტები: თუნდაც, როგორ ეთამაშება რაიანის გმირი შვილს, როგორ ცდილობს მის მიერ მოწონებული გოგონას ყურადღების მიპყრობას, როგორ უნდა მცირე სიხარული მიანიჭოს პანსიონატში გადმოსახლებულ მოხუცს და ა.შ.

“როგორ უნდა ენდო საკუთარ გრძნობებს, როცა ერთ დღეს გიყვარს და მეორე დღეს აღარ” – კითხულობს საკუთარი მშობლების ცივი ურთიერთობის შემხედვარე მიშელის გმირი. ამ შეკითხვას თავადვე გასცემს მოგვიანებით პასუხს საკუთარი საქციელით. მართალია, მე კი დავეჭვდი მისი გრძნობების გულწრფელობაში, მაგრამ ეს უკვე სხვა საკითხია. თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა ენდო საკუთარ გრძნობებს?

 

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

13 Comments

რატომ ეშინია კაცს გენდერული თანასწორობის?


“ამ ირანელ ქალს სიკვდილით დასჯა ემუქრება. ის ქმრის ღალატშია ბრალდებული და 5 წელია ციხეშია. ორი წლის წინ მას 99 როზგი მოხვდა. ახლა კი გაახვევენ თეთრ ზეწარში, ყელამდე მიწაში ჩაფლავენ და ქვებს დაუშენენ. ქვებს საგანგებოდ შეარჩევენ _ არც ძალიან დიდი უნდა იყოს, პირველივე ქვამ არ მოკლას, რომ სიკვდილით დასჯის პროცესი საჭიროზე … ხანმოკლე არ აღმოჩნდეს; და არც ძალიან პატარა _ კენჭებით ადამიანს ვერ მოკლავ.” რამდენიმე დღის წინ ეს ინფორმაცია ფეისბუქის ვოლზე ვნახე. უმეტესობამ ალბათ იცის, რომ ირანში ქალები სასტიკ დისკრიმინაციას განიცდიან და ბევრად დაუცველები არიან მამაკაცებთან შედარებით: მაგალითად მაშინ, როცა ქალს ღალატისთვის ქვების ჩაქოლვით სჯიან, კაცს შეუძლია ჰყავდეს ოთხი ოფიციალური ცოლი. გაყრის შემდეგ 7 წელზე ზევით ბავშვები მამასთან რჩებიან. ქალი ვერ გახდება ქვეყნის პრეზიდენტი. ქალი ვერ ჩაიცვამს ისე როგორც მოუნდება: არსებობს ჩაცმულობის ნორმა – აუცილებელია თავსაბურავით სიარული და ტანის დაფარვა.  აკრძალულია ასევე მაკიაჟის გაკეთება. ირანში გენდერული თანასწორობის არსებობაზე საუბარი ზედმეტია.  Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , ,

31 Comments