Posts Tagged სოციალური მედია

სოციალური მედიის სიახლენი

გადავწყვიტე პოსტების ახალი სერია შემოგთავაზოთ: რაღაც პერიოდულობით ვწერო სოციალურ მედიაში მიმდინარე სიახლეების შესახებ. დღესდღეობით იმდენად ბევრი ცვლილება ხდება ყოველ წამს, რომ ოდნავ თვალი თუ მოხუჭე, გამოფხიზლებისას შესაძლოა სულ სხვა სამყაროში ამოყო თავი: იქმნება და ქრება სოციალური ქსელები, აპლიკაციები, არსებულს ემატება ახალ-ახალი ფუნქციები, ჩვენ კი ამის ბოლომდე გაანალიზებასაც ვერ ვახერხებთ. რთულია ფეხი აუწყო სოციალურ მედია-მარკეტინგში არსებულ ქაოტურ დინამიკას. იმედია, ამაში ჩემი პოსტები დაგეხმარებათ.

Facebook: ცოტა ხნის წინ ფეისბუქმა დაამატა ახალი ფუნქცია (ჯერჯერობით მარტო აშშ-ში) “snooze button”, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას დროებით და-unfollow-ო მეგობრები, გვერდები და ჯგუფები: ნიუსფიდში მათი სიახლეების გამოჩენა შეგიძლია შეზღუდო 24 საათით, ერთი კვირით ან 30 დღით.

ახლა კი ფეისბუქი მსგავს ფუნქციას ჯგუფების ადმინისტრატორებს სთავაზობს: ჯგუფის წევრისთვის დაკომენტარებისა და ჯგუფში დაპოსტვის შეზღუდვის შესაძლებლობას 24 საათამდე.

ის, რომ ფეიქსბუქი ცდილობს ყველა კუთხით გაუწიოს კონკურენცია სხვა სოციალურ ქსელებს, ახალი ამბავი არაა. სწორედ ამის ერთ-ერთი გამოვლენაა, რომ ამჟამად კომპანია ვირტუალური რეზიუმეს დამატების ფუნქციაზე მუშაობს – როგორიც აქვს, მაგალითად, Linkedin-ის მომხმარებელს. მართალია, ფეისბუქში აქამდეც არსებობდა სამუშაო გამოცდილების მითითების შესაძლებლობა, თუმცა, ახალი ფუნქციის საშუალებით მომხმარებელი სპეციფიკური კარიერული დეტალების დამატებას შეძლებს. გარდა ამისა, მომხმარებელს შეეძლება არჩევა ვის გაუზიაროს და ვისთვის გახადოს საკუთარი ვირტუალური რეზიუმე “ნახვადი” (visible).

ფეიქსბუქი სარეკლამო აუდიტორიებში ორ განსხვავებულ ჯგუფს ამატებს. ეს ჯგუფებია: Dwell Time და Link Sharing. Dwell Time გაძლევს შესაძლებლობას შენი რეკლამა ხელმისაწვდომი გახადო იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც უკვე დაუხარჯავს დრო შენი რეკლამის დათვალიერებაზე ფეისბუქსა თუ ინსტაგრამზე. Link Sharing-ის აუდიტორიის არჩევით კი ფოკუსირებას ახდენ მომხმარებელთა იმ ჯგუფზე, რომელმაც საკუთარ ფეიქბუქზე შენი კონტენტი გააზიარა. ორი ახალი აუდიტორიის ფუნქცია სამიზნე მომხმარებლის მოძებნასა და მასთან დაკავშირებას შეუწყობს ხელს.

Twitter: სულ მალე ტვიტერის “ტვიტების” შენახვის შესაძლებლობა მოგეცემათ სამომავლოდ წაკითხვისთვის (ფეისბუქის Save post-ის მსგავსი).

ტვიტერს ასევე დაემატა ახალი ფუნქცია Happening Now, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა სფეროში (პირველ რიგში სპორტში) მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ დაწერილ ტვიტებს შეგიძლიათ ადევნოთ თვალი.

https://twitter.com/Twitter/status/917810576830611456

Snapchat: კომპანია TripAdvisor, Foursquare, Michelin და Goop-თან თანამშრომლობის შედეგად გვთავაზობს კონტექსტურ ქარდებს – ქარდები გვაძლევს შემდეგ ინფორმაციას ამა თუ იმ ადგილის შესახებ:

  • მომხმარებელთა შეფასებები,
  • მუშაობის საათები,
  • საკონტაქტო ტელეფონი,
  • ვებგვერდი,
  • ამ ადგილზე გადაღებული სხვა მომხარებელთა “სნეპები” …

ამ ეტაპზე ფუნქცია ხელმისაწვდომია რამდენიმე ქვეყანაში.

Microsoft: კომპანიამ ე.წ. ვირტუალური ასისტენტი Cortana სკაიპთან დააინტეგრირა მომხმარებლისთვის ყოველდღიურ საუბრებში დახმარების გაწევის მიზნით, მაგალითად, როგორიცაა შეხსენების, პასუხის გაცემის (smart replies), ამინდის პროგნოზის და ა.შ. ფუქნციები.


ამ ეტაპზე ამ სიახლეებით შემოვიფარგლები. თქვენთვის სოციალური მედიის რომელი სიახლეა ყველაზე მნიშვნელოვანი ან სასიხარულო? გამიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

, , , , , , , , , , , ,

2 Comments

როგორ გავლენას ახდენს Facebook საოფისე სამსახურში დასაქმებულთა პროდუქტიულობაზე

სოციალური მედია ღრმად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში – ყოველდღიურად ჩავკირკიტებთ მობილურებსა თუ პლანშეტებს, კომპიუტერებსა თუ სხვა მოწყობილობებს, ახალი ინფორმაციის გასაცნობად თუ გასავრცელებლად, ან უბრალოდ მეგობრებთან/ნაცნობებთან კომუნიკაციის დასამყარებლად. სოციალური მედიის არხებს შორის განსაკუთრებით პოპულარულია Facebook – ჩვენ არ ვეშვებით მას მაშინაც კი, როცა ყოველდღიური რუტინული პროცესებით ვართ დაკავებულები: ჭამისას, მგზავრობისას, მეგობართა გარემოცვაში ყოფნისას. უმეტესობა სამსახურშიც აქტიურად იყენებს Facebook-ს. ყოველი “ნოტიფიკაცია”, ახალი “ლაიქი” თუ კომენტარი ან უბრალოდ იმის ინტერესი, თუ რა ხდება ჩვენს “ნიუსფიდში”, მაშინაც კი, როცა სამსახურებრივი საქმით ვართ დაკავებულები, გვაიძულებს რაღაც პერიოდულობით მაინც თვალი შევავლოთ ამ სოციალურ ქსელს.

ჩნდება მრავალი კითხვა სოციალური ქსელის გამოყენებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, სხვადასხვა სამსახურის მენეჯერებსა თუ ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელებს უწევთ შემდეგ საკითხებზე ჩამოყალიბება: რა გავლენას ახდენს სოციალური მედია ჩვენს სამუშაო პროცესსა და პროდუქტიულობაზე? არის თუ არა “ნიუსფიდის” “სქროლვა” უწყინარი მოვლენა, რომელიც დადებითად მოქმედებს დასაქმებული პერსონალის მოტივაციაზე თუ პირიქით, აცდენს მას და სხვა რამეზე გადააქვს ყურადღება, ამდენად ხელს უშლის საქმის შესრულებაში? უნდა მივცეთ თუ არა დასაქმებულებს უფლება გამოიყენოს Facebook სამუშაო პროცესის დროს? Read the rest of this entry »

, , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

მკვლელი სოციალური მედია

სოციალური მედია კლავს ურთიერთობებს, კლავს რეალობასა და ირეალურ სამყაროში გვძირავს. ამასწინათ კიდევ ერთ აზრს გავეცანი, რომლის მიხედვითაც სოციალური მედია ვების მკვლელადაც წარმოგვიდგება. ვებმა დაკარგა მნიშვნელობა, აღარაა საჭირო ინტერნეტ-ბრაუზერისა და უამრავი ტაბის გახსნა, სხვადასხვა ვებგვერდის შემოწმება: ამ ყველაფრისთვის ერთი აპლიკაციაა საკმარისი. სოციალური მედიის გარეშე ვებგვერდი მკკვდარია – სწორედ ფეისბუქი, ტვიტერი, სხვა სოციალური ქსელები  აცოცხლებს მას. ერთი სიტყვით, სოციალური მედია დანამომარჯვებულ პირსისხლიან მკვლელად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.

murderer - social media

არის ამაში სიმართლის მარცვალი, ისევე როგორც ბევრ სხვა ბრალდებაში. მაგალითად ის, რომ არაჯანსაღ დისკუსიას უწყობს ხელს და უამრავ სულელს აძლევს საშუალებას გახდნენ პოპულარულები. ჭორებს რომელიმე ცნობილი ფიგურის სექსუალური ცხოვრების შესახებ უფრო მეტი მკითხველი ჰყავს, ვიდრე კარგ სამეცნიერო სტატიას. ამიტომ დიდი შანსია სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია თქვენს ნიუსფიდს მიღმა დარჩეს. გაზიარებული სიახლის ვიზუალურ მხარეს უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება მნახველის მხრიდან, ვიდრე მის შინაარს: გინდა არ გინდა, სანამ შიგთავსამდე მიაღწევ, შეფუთვამ უნდა მიიქციოს ყურადღება. ამიტომ შეფუთვა შიგთავსზე მეტ მნიშვნელობას იძენს. ნაკლები ტექსტი, მეტი ვიზუალი. თუმცა, სოციალური მედიის გარეშეც, ასეთი ნიუსები, სამწუხაროდ, უფრო პოპულარულია. ახალი მედია ნიღბის მორგებისა და საკუთარი თავის წარმოჩენის მორიგი საშუალებაცაა: ქსელებში თითქმის ყველა ვცდილობთ ვიყოთ ჭკვიანი, ლამაზი, კეთილი, ლაღი, ბედნიერი, ერთმანეთს თბილ-თბილ სიტყვებს ვუწერთ, ღიად ვუტყდებით გრძნობებში, მაშინ როცა რეალობაში ერთმანეთთან სულაც არ გვაკავშირებს ასეთი თბილი გრძნობები. ბოლოს ყველაფერი გულისამრევ სიყალბემდე დადის.

Essena_O_Neill - მოდელი, რომელმაც ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ სოციალური მედია არაა რეალური ცხოვრება და აქამდე სიყალბეში ცხოვრობდა.

Essena_O_Neill – მოდელი, რომელმაც ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ სოციალური მედია არაა რეალური ცხოვრება და რომ ამ დღემდე ერთ დიდ სიყალბეში ცხოვრობდა.

ინსტაგრამის ვარსკვლავის – ავსტრალიელი მოდელის “აღსარება” მახსენდება, რომელიც ერთ მშვენიერ დღესაც აღმოაჩენს, რაოდენ დიდ სიყალბეში ცხოვრობდა ამდენი ხანი.  მოდელი თავის გულისამაჩუყებელ ვიდეოში თვალზე ცრემლმომდგარი გვიყვება, რომ მისი ცხოვრება, რომელსაც თვალს უამრავი ფოლოუერი კომპიუტერების, პლანშეტებისა თუ მობილურების ეკრანებიდან ადევნებს, სულაც არაა ისეთი, როგორიც ჩანს. ფოტოები, სადაც გოგონა უნაკლოდ გამოიყურება, ერთი და იმავე კადრის უამრავჯერ გადაღებისა და იქიდან საუკეთესოს ამორჩევის შემდეგაა გამოქვეყნებული, ყველა პოსტი, სადაც მოდელი სხვა კომპანიის პროდუქტს ახსენებს, დასპონსორებულია. საბოლოოდ, მოდელი გადაწყვეტს, თავი დაანებოს სოციალურ მედიას და დაუბრუნდეს რეალურ ცხოვრებასა და პროექტებს. მისი ინსტაგრამის აღწერაში ვკითხულობთ: “Social Media is NOT real life” (მისი ინსტაგრამის არხი დღემდე ფუნქციონირებს).

essena

და ბოლოს, ცხოვრებისეულ უბედურებაში მთავარ დამნაშავედ, რა თქმა უნდა, სოციალური მედია გამოგვყავს:

ხშირ შემთხვევაში, სოციალური მედიის უარყოფითი მხარეები უფრო მეტად ადამიანის ბუნების თავისებურებებია, ვიდრე მედიის მახასიათებლები. ჩვენ თვითონვე ვართ ყალბები, დიდი ტექსტის კითხვას მოკლე გვირჩევნია, სკანდალები გვაინტერესებს, დროს სწორად ვერ ვანაწილებთ  და მერე იმაზე ვწუწუნებთ, რამდენ დროს ვხარჯავთ ეკრანებთან. თუ საგზაო შემთხვევების სტატისტიკას გადავხედავთ, არაფერია იმაზე სახიფათო, ვიდრე ავტომობილით მგზავრობა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ავტომობილით გადაადგილებაზე უარი უნდა ვთქვათ. ჩვენ უფრო მეტი უნდა ვიმუშავოთ საკუთარ თავებზე.

სოციალური მედია სარკესავითაა – ძალიან კარგად ჩანს საზოგადოების ნაკლოვანებები და სუსტი მხარეები. ბევრს არ უყვარს სარკეში ჩახედვა და საკუთარი სიმახინჯის დანახვა, მაგრამ სარკეზე უარის თქმით საკითხი არ გამოსწორდება და უკეთესებიც არ გავხდებით.

 

, , , , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

პირველი ინტერნეტ ფორუმი თბილისში

iforum5

24 მაისს თბილისში პირველი ინტერნეტფორუმი გაიმართა. ღონისძიება საინტერესო და მრავალფეროვანი თემებით დატვირთული გამოვიდა. გაეცა პასუხი შემდეგ ზოგადსაკაცობრიო კითხვებს: “აქვს თუ არა პორნოს არსებობის უფლება”, “ვინ გააფუჭა ქართველი ბლოგერები”, “ვინ ვის ბაღჩაში ისროლა ქვა ქართულ ბლოგოსფეროში”და ა.შ. ეს ხუმრობით, თუმცა, ღონისძიებაზე ამ საკითხების წამოჭრამ ძალიან გაახალისა აუდიტორია. 🙂 ფორუმის მომხსენებლებმა გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება და ისაუბრეს ისეთი საინტერესო თემების შესახებ, როგორიცაა: ონლაინ აქტივიზმი, სამოქალაქო ჟურნალისტიკა, ონლაინ ჟურნალის წარმოება და ა.შ.

სესიიდან ონლაინ ჟურნალის წარმოების შესახებ  ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ის, რომ “ამ საქმით ფულს ვერ იშოვი”. ამიტომ, ვინც გეგმავთ ონლაინ ჟურნალის გამოშვებას, არ შეიქმნათ ილუზია, რომ გამდიდრდებით: მაქსიმუმი რასაც შეძლებთ, საკუთარი თავის შენახვაა. დამამახსოვრდა ასევე ლაშა ქავთარაძის (http://photoessay.ge/) რჩევა, რომ ონლაინ ჟურნალის გაკეთება არ უნდა დაიწყოთ მეგობრებთან ერთად. ეს ბევრ რამეში შეგიშლით ხელს. ლევან პაიჭაძემ (http://ideahub.ge/) ჟურნალების მომავალზე საუბრისას აღნიშნა, რომ ვიზიტორების ნახევარზე მეტი ideahub.ge-ს მობილურებიდან, პლანშეტებიდან, აიპედებიდან სტუმრობს.  პერსონალურ კომპიუტერებსა და ლეპტოპებს უფროდაუფრო ნაკლებად გამოიყენებენ. ონლაინ ჟურნალის შემქმნელებმა ესეც უნდა გაითვალისწინონ.

iforum2

ნიკა დავითაშვილმა “პარტიზანული მებაღეობიდან” ისაუბრა როგორ აქტიურად იყენებენ ისინი სოციალურ მედიას სხვადასხვა აქციის ორგანიზებასა და დაგეგმვაში. განსაკუთრებით twitter-ს ისეთ აქტივისტებთან დასაკავშირებლად, რომლებსაც არ მიუწვდებათ ხელი ინტერნეტზე და მხოლოდ “ფანრიან” ნოკიას იყენებენ.

სპიკერებმა ისაუბრეს ბლოგინგის გამოწვევების შესახებ. გამოითქვა მოსაზრება, რომ “მიკრობლოგინგი კლავს ბლოგინგს”. ამას მოყვა მიკრობლოგინგისა და ბლოგინგის შედარება. კითხვაზე რა არის საჭირო ბლოგინგის განვითარებისთვის, დოდი ხარხელს (http://digit.ge/ შემდეგი პასუხი ჰქონდა რომ, ერთადერთი რამ, რაც ბლოგინგის განვითარებას ჭირდება, არის ინტერნეტის გავრცელება.

iforum4

იცოდით თუ არა რომ საჯარო ინფორმაციის გამოწერა ინტერნეტის მეშვეობით, განცხადების დაწერის, შემდეგ მისი კანცელარიაში ჩაბარებისა და ათასი პროცედურის გავლის გარეშე შეგიძლიათ? ამისთვის my.gov.ge -ზე უნდა დარეგისტრირდეთ. 2013 წლიდან  ყველა საჯარო დაწესებულებას საკუთარ ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება დაევალა. ასეთი ინფორმაცია მოიცავს საჯარო დაწესებულებების სტრუქტურას, წესდებასა და ბიუჯეტს; ინფორმაციას შესყიდვების შესახებ და ა.შ ლევან ავალიშვილის (http://idfi.ge/) თქმით, ასევე იგეგმება ისეთი პროექტის განხორციელება, რომლის მიხედვითაც ყველა მოქალაქეს პეტიციის ელექტრონულად შექმნისა და ხელმოწერების მოგროვების შემდეგ მისი მთავრობისთვის გადაგზავნის საშუალება ექნება. თუმცა, ერთია რომ მონაცემები ქვეყნდება და მეორეა რამდენად დაინტერესებულები არიან მოქალაქეები ამ მონაცემების ნახვითა და გაანალიზებით, პოლიტიკის შემუშავებაში ჩართვით. ეს თემები განიხილეს ღია მმართველობაზე დისკუსიისას.

iforum3

ონლაინ სატირაზე საუბარი სესსიის მოდერატრომა, ნიკა ქავთარაძემ, გულწრფელი აღიარებით დაიწყო: “არასდროს ვყოფილვარ მოდერატორი, სამაგიეროდ ვყოფილვარ თამადა” . ინტერნეტთან მისი შეხება მირკით დაიწყო. ნიკამ გაიხსენა კურიოზებიც: თუ როგორ აღმოჩნდა მირკში მის მიერ გაცნობილი გოგო ირაკლი კაკაბაძე, ირაკლი კაკაბაძის მიერ გაცნობილი გოგო კი – დათო გოგიჩაიშვილი.

ონლაინ სატირაზე დისკუსიისას, საბა ლეკვეიშვილმა (http://chiti.ge/) აღნიშნა, რომ ძალიან უხარია, როცა ვინმე “ჩიტი.ჯის” ნიუსს იჯერებს. ამგვარად გამოდის, რომ მიზანი მიღწეულია: ვიღაც დაიტროლა. 

საინტერესო იყო ასევე სესია ბავშვის აღზრდისა და ბლოგინგის შესახებ. სესიას წარუძღვა მშობლებისთვის და ზოგადად ბავშვებთან ურთიერთობის მქონე ადამიანებისთვის მეტად სასარგებლო ბლოგის http://ganatlebageo.wordpress.com/ ავტორი თამარ გაბისონია. 

ბოლო სესია სამოქალაქო ჟურნალისტიკას შეეხო. კითხვას “ჩაანაცვლებს თუ არა სამოქალაქო ჟურნალისტიკა მედიას” არაერთგვაროვანი პასუხები მოყვა დამსწრეებისა და სპიკერებისგან. თქვენ როგორ გგონიათ? პირადად მე ვფიქრობ, რომ ვერ ჩაანაცვლებს.

დისკუსიის პარალელურად ეკრანზე თვალს ვადევნებდით ფორუმის დამსწრეთა მეტად სახალისო ტვიტებს ჰეშთეგით #IFTbilisi14.

მოკლედ ძალიან ვისიამოვნე პირველი ინტერნეტფორუმით. იმედია, მომავალ წელსაც დავესწრები ამ ივენთს ^^

ფოტოები აღებულია ინტერნეტფორუმის გვერდიდან.

 

, , , , , , , , , , ,

5 Comments

რა კავშირია სოციალურ მედიასა და გამქრალ მანქანას შორის

ხართ დაინტერესებული სოციალური მედიით? გსურთ საკუთარი ინტერნეტ-რესურსის საშუალებით მთელს მსოფლიოსთან საუბარი? მაშინ წიგნი “სოციალური მედია სკოლაში” თქვენთვისაა განკუთვნილი. თუკი აქამდე სოციალური მედიის შესახებ ქართულ ენაზე ინფორმაციის მოპოვება ბლოგებიდან და ვებსაიტებიდან შეგეძლოთ, ახლა ამას პირველი ქართული სახელმძღვანელოც დაერთო. “სოციალური მედია სკოლაში”-ს პრეზენტაცია დღეს გაიმართა. (ამ წიგნის ონლაინ ვერსია შეგიძლიათ აქ ნახოთ) წიგნში განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: ინტერნეტის შექმნის ისტორია, რა გავლენა მოახდინა ინტერნეტმა ადამიანებზე, ტრადიციული და სოციალური მედია, როგორ ვითარდებოდა ბლოგოსფერო, ბლოგის ეფექტური გამოყენება, facebook-ის შექმნის ისტორია და ასე შემდეგ. ყოველ თავს თან ახლავს შემაჯამებელი მიმოხილვა და პრაქტიკული დავალება. წიგნის გაფორმებაც მის შინაარსზე არანაკლებ მიმზიდველია თანდართული ილუსტრაციების სიუხვის გამო. პრეზენტაციაზე წიგნის ავტორისაგან, სანდრო ასათიანისგან, მეტად საინტერესო ამბები მოვისმინე: მაგალითად, იცოდით, რომ ირანში ყველა ბლოგერი ვალდებულია თავისი ბლოგი კულტურისა და ხელოვნების სამინისტროში დაარეგისტრიროს? თურქეთში დაბლოკილია youtube, თურქმენეთში კი პირველი ინტერნეტკაფე, თქვენ წარმოიდგინეთ, 2007 წელს გაიხსნა! ჩინეთში არასასურველი ინფორმაციის გამავრცელებელი 24 ბლოგერი ციხეში იხდის სასჯელს. facebook-ის wall-ზე სხვადასხვა მოსაზრებების დაწერა კი “კარგად დავიწყებული ძველი ხერხია”: ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში რომის იმპერიის ქალაქ პომპეის მაცხოვრებლებს ახასიათებდათ ეგ ჩვევა _ შენობების კედლებზე წერა, რომლებიც ერთგვარ განცხადებათა დაფებს წააგავდა. youtube-ზე განთავსებული პირველი ვიდეო თუ გინახავთ? თუ არა, მაშინ ნახეთ:

აღარ დავიწყებ სოციალური მედიის თავისებურებებზე, კარგ თუ ცუდ მხარეებზე საუბარს. ვისაც უფრო მეტი გაინტერესებთ, გაეცანით წიგნს “სოციალური მედია სკოლაში”. ამ სახელმძღვანელოს ერთი ეგზემპლარი მეც შემხვდა, ისევე როგორც პრეზენტაციის სხვა დამსწრეებსაც.

ახლა რაც შეეხება პრეზენტაციის შემდგომ ამბავს: გამოვედით გარეთ და მეგობრის მანქანისკენ გავემართეთ, რომელიც თავისუფლების მოედანზე მდებარე პარკირების ადგილზე გააჩერა. მივედით და მანქანა აღარაა 😐 თან ერთხელ უკვე მოხდა მსგავსი რამ: ერთგან გაჩერებული მანქანა სხვაგან აღმოჩნდა სრულიად აუხსნელი მიზეზების გამო. მე ისიც კი ვიფიქრე, უცხოპლანეტელებმა ხომ არ გადაწიეს-მეთქი 😐 ვეძებეთ, ვეძებეთ და ახლო-მახლო ვერსად ვიპოვეთ. საგონებელში ჩავვარდით, ხოდა მერე გავარკვიეთ, რომ თურმე იმ ადგილზე არ შეიძლებოდა ავტომობილის გაჩერება და ევაკუატორით წაიყვანეს საჯარიმო სადგომზე. არადა სხვა მანქანებიც იდგა გარშემო. მაგრამ ბოლოს ყველაფერი კარგად დასრულდა: მანქანა პატრონს ჩაბარდა.
გარდა იმისა, რომ დღეს (უკვე გუშინ) საინტერესო პრეზენტაციისა და “უჩვეულო” ამბის მომსწრე გავხდი, პირველად დავხატე ზეთის საღებავებით და ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით ფუნჯის მოსმის პროცესი. ჩემი აზრით, ფუნჯით საღებავის მოსმა ტილოზე არის საუკეთესო დამამშვიდებელი თერაპია. ჩემს “შედევრს” არ გაგაცნობთ, ჯერ ადრეა ამისთვის :)))

, , , , , , , , , , , , , , , ,

2 Comments