როგორ გავლენას ახდენს Facebook საოფისე სამსახურში დასაქმებულთა პროდუქტიულობაზე

სოციალური მედია ღრმად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში – ყოველდღიურად ჩავკირკიტებთ მობილურებსა თუ პლანშეტებს, კომპიუტერებსა თუ სხვა მოწყობილობებს, ახალი ინფორმაციის გასაცნობად თუ გასავრცელებლად, ან უბრალოდ მეგობრებთან/ნაცნობებთან კომუნიკაციის დასამყარებლად. სოციალური მედიის არხებს შორის განსაკუთრებით პოპულარულია Facebook – ჩვენ არ ვეშვებით მას მაშინაც კი, როცა ყოველდღიური რუტინული პროცესებით ვართ დაკავებულები: ჭამისას, მგზავრობისას, მეგობართა გარემოცვაში ყოფნისას. უმეტესობა სამსახურშიც აქტიურად იყენებს Facebook-ს. ყოველი “ნოტიფიკაცია”, ახალი “ლაიქი” თუ კომენტარი ან უბრალოდ იმის ინტერესი, თუ რა ხდება ჩვენს “ნიუსფიდში”, მაშინაც კი, როცა სამსახურებრივი საქმით ვართ დაკავებულები, გვაიძულებს რაღაც პერიოდულობით მაინც თვალი შევავლოთ ამ სოციალურ ქსელს.

ჩნდება მრავალი კითხვა სოციალური ქსელის გამოყენებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, სხვადასხვა სამსახურის მენეჯერებსა თუ ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელებს უწევთ შემდეგ საკითხებზე ჩამოყალიბება: რა გავლენას ახდენს სოციალური მედია ჩვენს სამუშაო პროცესსა და პროდუქტიულობაზე? არის თუ არა “ნიუსფიდის” “სქროლვა” უწყინარი მოვლენა, რომელიც დადებითად მოქმედებს დასაქმებული პერსონალის მოტივაციაზე თუ პირიქით, აცდენს მას და სხვა რამეზე გადააქვს ყურადღება, ამდენად ხელს უშლის საქმის შესრულებაში? უნდა მივცეთ თუ არა დასაქმებულებს უფლება გამოიყენოს Facebook სამუშაო პროცესის დროს?

სოციალურ ქსელს აქტიურად გამოიყენებენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, განსაკუთრებით საოფისე სამსახურში მომუშავე ადამიანები, რომლებსაც აქვთ წვდომა ინტერნეტის ქსელში შეერთებულ პერსონალურ კომპიუტერებზე.

Facebook-ის გამოყენების ერთ-ერთი უპირველესი მიზანი ესაა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის დამყარება, ახალი ურთიერთობების დაწყება თუ ძველის გამყარება. სოციალური ქსელით ურთიერთობა ბევრად მოსახერხებელია პირისპირ კომუნიკაციაზე, რადგან ის არ იზღუდება დროითა და მანძილით. ყველაზე დიდი კრიტიკა მენეჯერების მხრიდან სოციალური ქსელის ამ კუთხით გამოყენებას ეხება: სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ნაცვლად დასაქმებულები სამუშაო დროს მეგობრებთან კომუნიკაციას უთმობენ.

დასაქმებულები დღეში საშუალოდ 80 წუთს არასამსახურებრივი ამოცანების შესრულებას უთმობენ, როგორიცაა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან საუბარი ტელეფონისა თუ ინტერნეტის საშუალებით, პირადი საქმეების მოგვარება და ა.შ.[1] სამუშაო დროს არასამსახურებრივ ამოცანებზე გადართვის ერთ-ერთი მიზეზი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის მიღწევაა.[2] “ადამიანები, რომლებსაც აქვთ საშუალება ბალანსი გაუწიონ პირად ცხოვრებასა და სამსახურს, უფრო მეტად არიან კმაყოფილნი სამსახურით და უფრო კარგად ასრულებენ სამუშაოს”. [3] სოციალური ქსელი ეხმარება ადამიანს დაიცვას ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის, რაც პოზიტიურად აისახება მისი მხრიდან სამსახურით კმაყოფილებაზე. სამსახურით კმაყოფილება კი სამუშაოს შესრულების ხარისხზე დადებითად მოქმედებს: “სამსახურით კმაყოფილებას პირდაპირი დადებითი გავლენა აქვს სამუშაოს შესრულებაზე… ბედნიერი ადამიანები უკეთესად მუშაობენ.” [4] ბედნიერება წამყვანია პროფესიული წარმატების მიღწევაში – ის არის პროდუქტიულობის გამომწევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.[5] ასევე, სოციალურ მედიას შეუძლია დაეხმაროს მომუშავეებს სამუშაო პერიოდში რელაქსაციის მიღწევასა და მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან კავშირის დამყარებაში სამსახურში ყოფნისას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია სამუშაო სტრესის დაძლევაში.

 

მაშასადამე, Facebook-ის გამოყენება სამუშაო პერიოდში ისეთი არასამსახურებრივი მიზნებისთვის, როგორიცაა მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია თუ დასვენება, ხელს უწყობს ადამიანთა სამსახურით კმაყოფილებას, სამუშაო სტრესის დაძლევას და დადებითად აისახება მათი მხრიდან სამუშაოს შესრულებასა და პროდუქტიულობაზე.

დღესდღეობით ძალიან ბევრი კომპანია თუ ორგანიზაცია აქტიურად იყენებს Facebook-ს სამუშაო მიზნებისთვის (არ იგულისხმება მისი მარკეტინგული თუ პიარ მიზნებისთვის გამოყენება). სოციალური ქსელი არის ერთ-ერთი მოსახერხებელი და უფასო საშუალება, რომლის მიხედვითაც შეიძლება სამუშაოს კოორდინირებულად და ორგანიზებულად შესრულება, მათ შორის დროისა და მანძილის ბარიერის გადალახვით.

განსაკუთრებით პოპულარულია Facebook-ის დახურული ჯგუფები, სადაც მარტივად შეიძლება გარკვეული დავალებების მიცემა თანამშრომლებისთვის, დავალების შესრულების ანგარიშების განხილვა, ღონისძიებების დაორგანიზება, სამუშაო საკითხებზე შეთანხმება და ა.შ. მართალია, ბევრი ორგანიზაცია ამისთვის შიდა საკომუნიკაციო ქსელს იყენებს, თუმცა, შიდა ქსელით სარგებლობა გარკვეულ საფასურთან არის დაკავშირებული, რაც დაბალბიუჯეტიანი ორგანიზაციებისთვის არახელსაყრელია. ასევე, შიდა ქსელით სარგებლობა მაინც გარკვეულ შეზღუდვებთანაა დაკავშირებული – ხშირად მისი გამოყენება შეუძლებელია სამსახურის გარეთ, საჭიროა სპეციალური პროგრამის დაინსტალირება და ა.შ. ამასთან, ის მოიცავს მხოლოდ ამა თუ იმ ორგანიზაციაში დასაქმებულ პირებს.

სოციალური მედიის დროსა და სივრცეში შეუზღუდავობამ, როგორც ღია კომუნიკაციის მახასიათებლებმა, თანამშრომლობის ახალი ფორმა შექმნა: საერთო საქმის განხორციელება შესაძლებელია მოხდეს ნებისმიერ ხელსაყრელ დროს, მიუხედავად დასაქმებულთა ადგილსამყოფელისა. დასაქმებულებს შეუძლიათ გამოიყენონ სოციალური მედია როგორც მარტივი დავალებისთვის კოორდინაციის მიზნით, ასევე თანამშრომლობისთვის რთული სამუშაოს შესასრულებლად. [6]

Facebook საშუალებას გვაძლევს დავამყაროთ პროფესიული კავშირები. სოციალური ქსელის მეშვეობით დამყარებული კავშირები შესაძლოა იყოს კრიტიკული ინფორმაციის, რჩევისა და დახმარების საშუალება, რომელსაც დასაქმებულები მუშაობისას გამოიყენებენ. [7]

სამსახურში Facebook-ს აქტიურად იყენებენ თანამშრომლებთან საურთიერთოდ, მათ შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად. სოციალური ქსელის ამ კუთხით განხილვისას ბევრს გაუჩნდება აზრი, რომ თანამშრომლებს შორის არაფორმალური სოციალური ინტერაქციის მიზნით სოციალური ქსელის გამოყენება დროის კარგვაა და არ ემსახურება სამსახურებრივ მიზნებს. თუმცა, არაფორმალური სოციალური ინტერაქცია ხელს უწყობს ადამიანთა პოტენციურ თანამშრომლობასა და ნდობის განვითარებას: ონლაინ სოციალური ქსელები დასაქმებულს ისეთ დეტალურ ინფორმაცის აძლევს მის თანამშრომლებზე, როგორიცაა პროფესიული გამოცდილება, მახასიათებელი თვისებები, ჰობი, ინტერესები;[8] ურთიერთგაგების გაღრმავებას შეუძლია შეამციროს სხვა ადამიანთა ქცევების მიმართ გაურკვევლობა, რაც ნდობის წინაპირობაა.[9]

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ Facebook-ის მოხმარება სამუშაო პერიოდში როგორც სამსახურებრივი, ასევე არასამსახურებრივი მიზნებისთვის დადებითად აისახება სამუშაოს შესრულების ხარისხზე.

________________________________________________________________________________

[1] D’Abate, C.P. and Eddy, E.R. (2007), “Engaging in personal business on the job: extending the presenteeism construct”, Human Resource Development Quarterly, Vol. 18 No. 3, გვ. 361 – 383.
[2] D’Abate, C.P. (2005), “Working hard or hardly working: a study of individuals engaging in personal business on the job”, Human Relations, Vol. 58 No. 8, გვ 1009 – 1032
[3] Friedman, S.D. and Greenhaus, J.H. (2000), Work and Family – Allies or Enemies?: What Happens When Business Professionals Confront Life Choices, Oxford University Press, Oxford. ნანახია Murad Moqbel, Saggi Nevo, Ned Kock, (2013), “Organizational members’ use of social networking sites and job performance”, Information Technology & People, Vol. 26 Iss 3, გვ 240 – 264
[4] Murad Moqbel, Saggi Nevo, Ned Kock, (2013), “Organizational members’ use of social networking sites and job performance”, Information Technology & People, Vol. 26 Iss 3, გვ 240 – 264
[5] Emma Seppala, ”The Happiness Track: How to Apply the Science of Happiness to Accelerate Your Success”, New York, NY : HarperOne, an imprint of HarperCollins Publishers, 2016. Print.
[6] Xiongfei Cao, Xitong Guo, Douglas Vogel, Xi Zhang , (2016),”Exploring the influence of social media on employee work performance”, Internet Research, Vol. 26 Iss 2, გვ 532 – 533
[7] Raymond T. Sparrowe, Robert C. Liden, Sandy J. Wayne, Maria L. Kraimer (2001), “Social Networks and the Performance of Individuals and Groups”, Academy of Management Journal, vol. 44 no. 2, გვ 316 – 325
[8] Xiongfei Cao, Xitong Guo, Douglas Vogel, Xi Zhang, (2016),”Exploring the influence of social media on employee work performance”, Internet Research, Vol. 26 Iss 2, გვ 533
[9] Valenzuela, S., Park, N. and Kee, K.F. (2009), “Is there social capital in a social network site? Facebook use and college students’ life satisfaction, trust, and participation”, Journal of Computer-Mediated Communication, Vol. 14 No. 4,გვ 875 – 901.

, , , , , , , , ,

  1. დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი