Archive for category კინო

კინოსეანსი – ოსკაროსანი ფილმები (N4)

პოსტში ტრადიციულად მიმოვიხილავ ოსკარის მომპოვებელ თუ უბრალოდ ნომინანტ ფილმებს, რომელთა ნახვაც ოსკარის დაჯილდოების 87-ე ცერემონიამდე მოვასწარი.

ბერდმენი 

  • გამარჯვებული ნომინაციაში “საუკეთესო ფილმი” 

birdman

“ბერდმენი” ჩემთვის ფილმთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, როდესაც უბრალოდ ვერ ვხვდები, რატომ აღფრთოვანდა ხალხი ასე ძალიან (ისევე როგორც თავის დროზე ვერ აღვფრთოვანდი “უოლ სტრიტის მგელით” თუ “მანდარინებით”). ამ აზრის გამო ბევრი კინომანის გულისწყრომაც დავიმსახურე :დ მართალია, ფილმში კარგი დიალოგებია, მუსიკალური გაფორმებაც კარგია, ოპერატორული ნამუშევარიც და ა.შ. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ განსაკუთრებულად მომწონებოდა, პირიქით – ძალიან მოსაწყენი მეჩვენა. თითქმის ყველა მომენტში გამოვიცანი როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ერთი იმას ვერ მივხვდი, რომ დასაწყისში თავად ბერდმენის დადგმული იყო უბედური შემთხვევა მისთვის არასასურველი მსახიობის მოსაშორებლად. ფილმის დასასრულიც ბანალური იყო – თითქოს რეჟისორს ფანტაზია აღარ ეყო და ამიტომ დაამთავრა ფილმი ასე გაურკვევლად – დაე, მაყურებელმა თავად გადაწყვიტოს ბერდმენის ბედიო.

Boyhood (ბავშვობა)

  • ნომინაცია “საუკეთესო ფილმი”, ნომინანტი

boyhood

ეს არის კეთილი ფილმი ერთი ბიჭისა და მისი ოჯახის ცხოვრებაზე. “ბავშვობის” გმირი ეკრანზე თვალსა და ხელს შუა იზრდება ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით: ფილმის გადაღება 12 წელს მიმდინარეობდა ერთი და იმავე მთავარი მსახიობების მონაწილეობით. ძალიან რეალისტური ფილმია, ზედმეტი “კვანძის შეკვრებისა” და “სიბრძნე-ფილოსოფიების” გარეშე. გამიხარდებოდა, რომ ნომინაციაში “საუკეთესო ფილმი” მას გაემარჯვა “ბერდმენის” ნაცვლად.

ამერიკელი სნაიპერი

  • ნომინაცია “საუკეთესო ფილმი”, ნომინანტი

american-sniper

რატომ მოხვდა საერთოდ ეს ფილმი ნომინანტთა შორის, გაუგებარია. რაღა ეგ და რაღა “რემბო”. ყოველ შემთხვევაში, დასაწყისში ძალიან მივამსგავსე “რემბოს”. ომი ერაყში ამერიკელი კინემატოგრაფისებისთვის ისეთივე საყვარელი და მტკივნეული თემაა, როგორც ქართველებისთვის 90-იანი წლები. კლინტ ისტვუდის ეს ნამუშევარი  “The Hurt Lockers” ჰგავს, თუმცა, ეს უკანასკნელი ბევრად სჯობია.

Still Alice (ჯერ კიდევ ელისი)

  • ნომინაციაში “საუკეთესო მსახიობი ქალი” გაიმარჯვა ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა – ჯულიანა მურმა

still alice

არ ვიცი რამდენად რეალისტურად იყო ნაჩვენები ფილმში ალცჰაიმერით დაავადებული ადამიანის ამბავი, მაგრამ, საინტერესო და გულისამაჩუყებელი კი იყო. Still Alice მოგვითხრობს როგორ იცვლება ჯულიანა მურის გმირისა და მისი ოჯახის წევრების ცხოვრება მეხსიერების თანდათანობით დაკარგვასთან ერთად. ერთადერთი მანუგეშებელი ფილმში ჯულიანას გმირის საუცხოო ოჯახია, რომელიც ყველანაირად უდგას მას გვერდში ამ მძიმე დაავადების დროს.  ჯულიანა იმსახურებდა ოსკარს! )) Still Alice კი ერთხელ საყურებლად ღირს.

ყველაფრის თეორია

  • ნომინაცია “საუკეთესო ფილმი” – ნომინანტი, ნომინაციაში “საუკეთესო მსახიობი მამაკაცი” გაიმარჯვა ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა ედი რედმეინმა

theory_of_everything_wedding_kiss

ფილმი ცნობილი ფიზიკოსის – სტივენ ჰოკინგისა და მისი ცოლის ურთიერთობის შესახებაა. ალბათ, ყველას ახსოვს, სოციალურ მედიაში ფრიად პოპულარული აქცია თავზე ყინულიანი წყლის გადასხმით – Ice Bucket Challenge, რომელიც გვერდითი ამიოტროფული სკლეროზით დაავადებულ ადამიანთა დასახმარებლად იყო მიმართული. სტივენ ჰოკინგი ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც ახალგაზრდა ასაკში განუვითარდა ეს დაავადება. მიუხედავად ამისა, ფიზიკოსმა ფარ-ხმალი არ დაყარა და ბევრ წარმატებას მიაღწია ცხოვრებაში. სტივენმა მისი როლის შემსრულებელს, ედი რედმეინს, ოსკარის მოპოვება facebook-ში გულთბილი სტატუსით მიულოცა.

Gone Girl (გაუჩინარებული ქალი)

  • ნომინაცია “საუკეთესო მსახიობი ქალი” როზამუნდ პაიკის თამაშისთვის

gone girl

ამ ფილმის ყურება ნამდვილად ღირდა. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დამაინტრიგებელი ფილმი იყო ოსკარზე წარდგენილთა შორის. ქალი ქორწინებიდან მეხუთე წლის თავზე უბრალოდ ქრება, ეჭვების მთავარი ობიექტი კი მისი ქმარი ხდება. მაგრამ ჩამთრევ სიუჟეტს მიღმა ადამიანთა შორის სასიყვარულო ურთიერთობებია, რომლებიც მუდამ იცვლება, განსაკუთრებით კი ქორწინების შემდეგ. ერთი სიტყვით, ჩემი ფავორიტი ფილმია.

ოსკარის გარეშე არ დარჩენილა ბოლო დროს ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილების მომხდენი ფილმი Interstellar – მან ნომინაციაში “საუკეთესო ვიზუალური ეფექტები” გაიმარჯვა. თუმცა, ჩემი აზრით, ბევრად მეტს იმსახურებს.

interstellar

სხვა ფილმებზე, სხვა დროს, სხვა პოსტში დავწერ ))

, , , , , , , , , , , , , , ,

3 Comments

Interstellar

მაინც რატომ არ გავყევი ფიზიკას?! გავხდებოდი მერე ასტრონავტი, გავფრინდებოდი კოსმოსში და შავი ხვრელის მეშვეობით მოვხვდებოდი ჩემს წარსულში. იქ კი აუცილებლად ჩავაგონებდი ჩემს უმცროს მეს, რომ ასტრონავტობა ამერჩია პროფესიად.

                                              Interstellar-ის ინსპირაცია

What-gif

მგონი არცერთ ფილმს არ მოუხდენია ისეთი შთაბეჭდილება ჩემზე, როგორიც Interstellar-მა მოახდინა. ამ ფილმს უკვე ორჯერ ვუყურე და არც მესამედ ყურებაზე ვიტყოდი უარს.

მთელი სეანსის განმავლობაში და მის შემდეგაც ემოციებს ძლივს ვიკავებდი. დიდხანს ვიყავი ფიქრებში ჩაფლული. მაინც საიდან ნოლანს ამდენი ფანტაზია?!

ალბათ არ გჭირდებათ იმის შეხსენება, რომ რეჟისორი ქრისტოფერ ნოლანი ცნობილია თავისი ფანტასტიკური ჟანრის, უჩვეულო სცენარის მქონე ფილმებით. რამდენიმე ფილმი მომდის თავში მისი სახელის გაგონებაზე.  ერთ-ერთი ყველაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია “Inception” (2010)-მა  – მაშინ ძალიან ბევრი ლაპარაკობდა ამ ფილმზე დადებითად. მართალია, ფილმი მომეწონა, თუმცა, არც დიდად აღფრთოვანებული დავუტოვებივარ.  ბეტმენის სერიებს – The Dark Knight (2008)The Dark Knight Rises (2012) – რაც შეეხება, დღემდე არ მინახავს, იმიტომ რომ რამდენჯერაც დავიწყე ყურება, იმდენჯერ ჩამეძინა. ნოლანის შემოქმედებიდან მახსენდება კიდევ ერთი გამორჩეული ფილმი Memento – განსხვავებული სიუჟეტით – სადაც   მოვლენები დასასრულიდან დასაწყისისკენ ვითარდება.

interstellar_wallpaper_by_nordlingart

Interstellar მკვლევართა ჯგუფის კოსმოსში მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს. ფილმში ბევრი რამაა მეცნიერული სფეროდან აღებული. სცენარისტმა ჯონათან ნოლანმა (ქრისტოფერის ძმამ) სპეციალურად სცენარის დასაწერად შეისწავლა ფარდობითობის თეორია კალიფორნიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. რეჟისორმა ფიზიკოსიც კი დაიქირავა სამეცნიერო კონსულტანტად, რათა ფილმში მოცემული რეალობა სინამდვილესთან მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო. Interstellar-მა რაღაცით გამახსენა ფიზიკოს გია დვალის ძალიან საინტერესო ლექცია პარალელურ სამყაროებზე.

Interstellar2

ფილმი ძალიან ლამაზი და საინტერესო ვიზუალური ეფექტებითაა დატვირთული. ქრისტოფერ ნოლანი შეეცადა რაც შეიძლება ნაკლებად გამოეყენებინა კომპიუტერული ეფექტები და ამისთვის ააგო სხვადასხვა კონსტრუქციები. კოსმოსი, კოსმიური ხომალდები, შავი ხვრელი, სხვადასხვა პლანეტები და ვარსკვლავები – ძალიან საინტერესოდაა ასახული!

Interstellar-2014-Poster

ჩემთვის თითქმის ყველა პერსონაჟის სიტყვის უკან რაღაც დიდი აზრი და ფილოსოფია იმალება. თითოეული ფრაზის გონებაში ღრმად ჩაბეჭდვა მომინდა:

Mankind was born on earth. It was never meant to die here.

Perhaps we’ve just forgotten that we are still pioneers and we’ve barely begun.

The end of earth will not be the end of us.

მუსიკალური გაფორმება არის გენიალური!!! შეიძლება ითქვას, ფილმის მუსიკა ბოლო დღეებში ჩემი ცხოვრების საუნდტრეკად იქცა. თავად მოუსმინეთ ჰანს ციმერის შედევრს:

ყველაფერი მაინც მარადიულ თემამდე – სიყვარულამდე – მიდის,  რომელიც ყველაფერზე, მათ შორის მეცნიერებაზე, მაღლაც კი დგას.

ეს არის მცირე ამონაგლეჯი იმ შთაბეჭდილებებისა, რაც ფილმისგან მივიღე. ყველაფრის გადმოცემა შეუძლებელია. სჯობს თავად უყუროთ.

, , , , , , , , , , ,

3 Comments

კინოსეანსი – ოსკაროსანი ფილმები (N3)

ოსკარის დაჯილდოების 86-ე ცერემონიამ ჩაიარა. სანამ ხალხი განაგრძობს გულისწყრომის გამოხატვას, რომ ლეონარდო კვლავ ოსკარის გარეშე დატოვეს და სანამ მიდის სჯა-ბაასი იმაზე, რამდენად იმსახურებდა “მონობის 12 წელი” წლის საუკეთესო ფილმის წოდებას, შეგიძლიათ მშვიდად ჩაუჯდეთ უკვე ამა თუ იმ ნომინაციაში გამარჯვებულ ფილმებს და თავად შეაფასოთ, ვის რა ერგო დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად.

ოკსარის სხვადასხვა ნომინაციაზე წარდგენილი რამდენიმე ფილმის ჩემს შთაბეჭდილებებს შემოგთავაზებთ (ასევე შეფასებებს 10 ქულიანი სისტემით):

the wolf of wall street

The Wolf of Wall Street (4/10)

(წარდგენილი: წლის საუკეთესო ფილმი, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი)

ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუება. ამ ფილმზე ბევრი დადებითი შეფასება წავიკითხე, უფრო მეტიც: თითქმის ყველა აღფრთოვანებული იყო “უოლ სტრიტის მგელით”. ორჯერ ვცადე მისი ყურება (საკმაოდ გრძელი – სამსაათიანი ფილმია), მაგრამ ორივეჯერ ვერ ვუყურე ბოლომდე, იმდენად მოსაწყენი მეჩვენა. ესაა რეალურ ამბავზე დაფუძნებული ფილმი ნამეტანი არარეალური სცენებითა და ვითომ ბრძნული მონოლოგ-დიალოგებით. ჯერ მარტო ფილმის დასაწყისში ლეონარდოსა და მეთიუ მაკკონაჰის გმირების დიალოგი რად ღირს, სადაც პროფესიულ დონეზე წარმატების მიღწევაში მასტრუბაციის უმნიშვნელოვანეს როლზე მსჯელობენ. “უოლ სტრიტის მგელის” მთავარი გმირი ფულზე, ნარკოტიკებსა და სექსზე გაგიჟებული ტიპია, რომელსაც ჰგონია, რომ ფულით ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი. მოკლედ ლეონარდოს პერსონაჟის მიმართ იმთავითვე უარყოფითად განვეწყვე. შეიძლება ითქვას, ესაა ფილმი კაცების სამყაროზე, სადაც ქალები მხოლოდ მეორეხარისხოვანი – სექსუალური ნაშებისა თუ ცოლების როლით – შემოიფარგლებიან. ლეონარდოს რაც შეეხება, ნამდვილად კარგად ითამაშა ჯორდან ბელფორტის როლი, ამას ვერ დავუკარგავთ 🙂 პ.ს ალბათ, ოდესმე მექნება იმდენი ნებისყოფა, ამ ფილმს ბოლომდე ვუყურო.

gatsby

Great Gatsby (7/10)

(გაიმარჯვა: კოსტუმების საუკეთესო დიზაინი)

აქაც დიკაპრიო არის მთავარ როლში. მიუხედავად იმისა, რომ “დიდ გეთსბიში” ბევრად უფრო მეტია თეატრალიზებული სცენები, ფილმი საინტერესოა და ლამაზად გადაღებული. ყოველ შემთხვევაში, ფილმის პირველი ნაწილი მაინც. დასასრულს რაც შეეხება: უფრო მეტს მოველოდი – თითქოს რეჟისორმა მთელი თავისი ძალისხმევა ფილმის პირველ ნაწილზე დახარჯა. “გეთსბის” ეკრანზე გამოსვლის შემდეგ არ წყდებოდა დისკუსიები ამ ორ თემაზე: “ფილმი ჯობია თუ წიგნი” და რომ “ყველა ქალი ბოზია”.

blue-jasmine

Blue Jasmine (7/10)

(გაიმარჯვა: საუკეთესო მსახიობი ქალი)

ფილმმა დაწყებისთანავე ჩამითრია: ქეით ბლანშეტის გმირი გვერდით მჯდომ ქალბატონს, როგორც მისი დიდი ხნის მეგობარს, პირადი ცხოვრების დეტალებს უყვება. როგორც შემდეგ ირკვევა, გვერდით მჯდომი ქალი არც კი იცნობს ქეითს და სურს როგორმე მოიცილოს მომაბეზრებელი და უცნაური ქალბატონი, რომელიც უცნობებს ელაპარაკება. მოკლედ, Blue Jasmine ნერვული აშლილობის მქონე ქალზეა, რომელსაც ცხოვრებაში მეტად რთული პერიოდი უდგას. ჩემი მოლოდინი ფილმის დასასრულთან დაკავშირებით არ გამართლდა: მეგონა, ჟასმინი (ქეით ბლანშეტის გმირი) საკუთარ ღირებულებებს გადააფასებდა და ძვირადღირებული ნივთები და ფუფუნება მისთვის მეორეხარისხოვანი გახდებოდა. ფილმი ისე სრულდება, სურვილი გიჩნდება, გაიგო როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში.

შემდეგ პოსტებშიც მიმოვიხილავ ოსკარზე წარდგენილ ფილმებს ^^

, , , , , , , ,

4 Comments

კინოსეანსი N2

ვაგრძელებ პოსტებსი სერიას სახელად კინოსეანსი. ამჯერად შემდეგ ფილმებს მიმოვიხილავ:

The Hunt 7/10

the hunt

ამ ფილმით ჩემ გარშემო თითქმის ყველა მოიხიბლა, რასაც ვერ ვიტყვი ჩემზე :დ დანიელი რეჟისორის, ტომას ვინტერბერგის, ფილმი საბავშვო ბაღის კეთილი მასწავლებლის შესახებ მოგვითხრობს. ლუკასს კარგად გამოსდის ბავშვებთან ურთიერთობა. მას ჰყავს შვილი, რომელსაც ვერ ხედავს ხშირად იმის გამო, რომ ექს-მეუღლესთან ცხოვრობს. მისი ყოფილი ცოლი ერთი ეგოისტი ქალია. მას ლუკასი მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა დახმარება ჭირდება. სხვა დროს კი ყოფილ ქმარს მასთან ტელეფონზე დარეკვასაც უკრძალავს :დ მაგრამ ოჯახური პრობლემები არაფერია იმასთან შედარებით, რაც ლუკასს წინ ელის. მას ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში დასდებენ ბრალს. ყველაფერი კი მის მოსწავლე გოგონას დაუფიქრებელ სიტყვებს მოყვება. საბავშო ბაღის დირექტორი ღრმადაა დარწმუნებული, რომ ბავშვები ყოველთვის  სიმართლეს ლაპარაკობენ. ის ეჭვს შეიტანს გოგონას შემთხვევით ნათქვამში და ისე რომ სიმართლეს ბოლომდე არ გაარკვევს, მთელ სოფელს მოსდებს ლუკასის ბავშვებზე ძალადობის ამბავს. ლუკასს გაათავისუფლებენ საბავშვო ბაღიდან, მას ზურგს შეაქცევს მთელი სოფელი. ალბათ, გესმით რამდენად რთულია “ბავშვებზე მოძალადის” იარლიყი გქონდეს მიკრული, მაშინ როცა არაფერი დაგიშავებია. არადა ეს ხომ რეალობაა! რამდენ ადამიანს ამხელს ხოლმე საზოგადოება სხვადასხვა “ცოდვაში”, ისე რომ არც ცდილობს სიმართლის დადგენას. ნაცნობი სიტუაციაა: როგორ ეძებს ხალხი დამნაშავეს, რათა მერე ქვებით ჩაქოლოს. ძალიან გავბრაზდი ლუკასის თანამშრომლებზე, განსაკუთრებით კი მის მეგობრებზე: რატომ უნდა მოექცე ადამიანს ასე, როცა უბრალოდ რაღაც ვარაუდები არსებობს? შესაძლოა სოფლის მცხოვრებლები არ იცნობდნენ ლუკასს კარგად და არ იცოდნენ რაზე იყო წამსვლელი და რაზე არა. მაგრამ უახლოესმა მეგობრებმა ასე ადვილად რატომ დაიჯერეს ბრალდება იმ ადამიანზე, რომელთანაც წლებია აქვთ ურთიერთობა?

The Hunt (Jagten) film still

ფილმის მთავარი გმირი, მსახიობი მედს მიკელსენი

Movie 43 8/10

movie-43-trailer-movie-43-poster

თუ გიყვართ  შავი იუმორი, დიდ აზრს მოკლებული ხუმრობები, ფილმით ისიამოვნებთ.  Movie 43 ეპიზოდებადაა დაყოფილი და რამდენიმე რეჟისორი ჰყავს. მასში ვარსკვლავთა მთელი კასკადი მონაწილეობს: ჰიუ ჯეკმანი, ქეით უინსლეტი, ჰოლი ბერი, ნაომი უოთსი, რიჩარდ გირი, ემა სტოუნი,  უმა თურმანი, ქეით ბოსვორტი… ზოგიერთი ეპიზოდი ნაკლებად სასაცილოა, მაგრამ საბოლოო ჯამში ფილმი ერთხელ საყურებლად ღირს.

ჰიუ ჯეკმანი

ჰიუ ჯეკმანი

Occupation 101 10/10

occupation101

ესაა დოკუმენტური ფილმი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის შესახებ. ფილმს სხვადასხვა კინოფესტივალზე მრავალი ჯილდო აქვს მოპოვებული. ძალიან მძიმე საყურებელია. მისი ნახვის შემდეგ მთელი ღამე ვერ ვიძინებდი. თვალწინ მედგნენ ადამიანები, რომელთაც ურთულეს პირობებში მოუწიათ ყოფნა: ბავშვები, რომლებსაც სკოლაში სიარულის სურვილი არ აქვთ, რადგან იციან, რომ გზაზე შეიძლება სიკვდილის მსხვერპლნი გახდნენ ან სახლში დაბრუნებულებს მშობლები ცოცხლები აღარ დახვდეთ; სტუდენტი, რომელიც მეცადინეობისას სინათლეს ვერ ანთებს, რადგან ამგვარად შესაძლოა რაკეტის სამიზნედ იქცეს; დედა, რომელიც მომსწრეა როგორ უნდოდა მის მცირეწლოვან შვილს თავის ჩამოხრჩობა. მართალია, ფილმის ყურებისას განცდილი ვერც კი შეედრება იმას, რაც რეალობაში ხდება, მაგრამ მსგავს ფილმებს ხშირად უნდა უყუროს ყველამ, განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა. იქნებ ამის მერე უფრო დააფასონ მშვიდობა.

Never let me go 8/10

never let me go2

ესეც ალბათ ყველაზე სასტიკი ფილმია იმ მხატვრულ ფილმებს შორის, რაც კი მინახავს. წარმოიდგინეთ, რომ იმისთვის გაჩნდეთ ამქვეყნად, რომ თქვენი ჯანმრთელი ორგანოები სხვა ადამიანებს გადაუნერგონ. ასე თანდათან სხვადასხვა ორგანოების ამოცლის შემდეგ კი მოკვდეთ. ზუსტად ასეთი ბედის მქონე ახალგაზრდების შესახებაა Never let me go, რომლებიც სპეციალურ სკოლა-ინტერნატში იზრდებიან. შემზიზღდა კირა ნაიტლის შურიანი გმირი, სამაგიეროდ ძალიან მომეწონა და შემიყვარდა ამ ფილმიდან ქერი მალიგანი. დასკვნა რაც Never let me go-ს ნახვის შემდეგ გამოვიტანე: არასდროს არ თქვათ უარი სიყვარულზე და არ დაუთმოთ სხვას, როცა ის თქვენ გეკუთვნით. იბრძოლეთ მისთვის.

, , , , , , , , , ,

1 კომენტარი

კინოსეანსი

ვიწყებ პოსტთა სერიას სახელწოდებით “კინოსეანსი”, სადაც გავარჩევ ბოლო დროს ნანახ ფილმებს. “მინუს” კატეგორიაში მოხვდებიან ფილმები, რომლებმაც იმედები გამიცრუეს და არ მომეწონა. “პლუს” კატეგორიაში მოხვდებიან ფილმები, რომელთა ნახვაც ღირს და ჩემგან შედარებით დადებითი შეფასება დაიმსახურეს.  შეფასებისას არცერთი “ავტორიტეტის” აზრი არ იქნება გათვალისწინებული! :დ ამიტომ პოსტებში გაეცნობით განსხვავებულ შეხედულებებს, რომლებსაც, ალბათ, ნაკლებად დაეთანხმებით. 🙂

მინუსი

  • ,,Life of Pi’ (“პის ცხოვრება”) ამერიკელი რეჟისროსი ენგ ლის ფილმი წარდგენილია ოსკარის 11 ნომინაციაზე. ფილმის ტრეილერით მოვიხიბლე: ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი. სამწუხაროდ, რომ ვუყურე, იმედები გამიცრუვდა: მართალია, საინტერესოდ დაიწყო, ბევრი ლამაზი კადრიც იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან მოვიწყინე. მთელი ფილმი გემის ჩაძირვის შემდეგ გადარჩენილი ინდოელი ბიჭის პისა და ვეფხვის ურთიერთობაზეა, რომელიც მასთან ერთად სამაშველო ნავში მოხვდება. თითქმის ყველა მოქმედება ოკეანეში მოცურავე ნავში ხდება. მოკლედ მე მეტ თავგადასავლს ველოდი. Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , ,

2 Comments

TeenSpirit

 

 

სულმოუთმენლად ველოდი ამ ფილმის გამოსვლას ეკრანებზე. გუშინ ჩემს ლოდინს ბოლო მოეღო: კინოთეატრ რუსთაველში TeenSpirit -ის პრეიმიერა გაიმართა. ესაა ფილმი ახალგაზრდა ქართველ მუსკიკოსებზე. მუსიკოსებზე, რომლებსაც უნდათ ალბომის გამოშვება, მაგრამ არ აქვთ ამისთვის ფული. მუსიკოსებზე, რომლებისთვისაც მუსიკა არ არის შემოსავლის წყარო და ამიტომაც ბევრისთვის მომავალში ის ჰობიდ რჩება მანამდე, სანამ მუსიკოსის პოტენციას მისი სხვა საქმიანობა არ შთანთქავს და მუსიკოსი ბუღალტრად, პროგრამისტად ან სხვა, აბსოლუტურად გასხვავებული პროფესიის ადამიანად  გადაიქცევა. დიახ, სევდიანი რეალობაა, ძნელია საქართველოში მუსიკით ცხოვრება (თუ ნინო ჩხეიძე არ ხარ:დ) და არ აქვს მნიშვნელობა რა არის ამის მიზეზი: მცირე და ჩამოუყალიბებელი  მუსიკალური ბაზარი, ალტერნატიული მუსიკიდამი გულგრილი მსმენელი თუ მუსიკოსების უნიჭობა.  Read the rest of this entry »

, , , , , , , , , ,

3 Comments

Together We Will Live Forever

გიფიქრიათ ოდესმე რა მოხდება თუ საყვარელ ადამიანს დაკარგავთ? მსგავსი აზრები ხშირად მომსვლია თავში. სწორედ ეს შიშისა და სევდის მომგვრელი ფიქრები გამახსენა დარენ არონოფსკის ფილმმა The Fountain. ჩვენ ყველას გვეშინია სიკვდილის, მით უფრო ახლობელი ადამიანის სიკვდილის.
Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , , , , , , ,

3 Comments

როცა მოსიყვარულე ლუზერი ქმარი გბეზრდება

ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ერთი სიმპატიური და მოსიყვარულე  ქმარი გყავთ. ის უზომოდაა თქვენზე შეყვარებული, არის საუკეთესო მამა და საკუთარ ოჯახს არაფერი ურჩევნია.  გყავთ უსაყვარლესი შვილი. ნორმალური შეძლების ოჯახი გაქვთ. ბევრი საერთო და ტკბილი მოგონება გაკავშირებთ ერთმანეთთან. თქვენი თავრბუდამხვევი რომანი 6 წლის წინ დაიწყო. როგორ ფიქრობთ, იქნებით თუ არა 6 წლის მერეც ისეთი ბედნიერი, როგორც მაშინ? გეყვარებათ თუ არა ისევ ისე ის, ვისაც წლების წინ შეჰფიცეთ, რომ მუდამ მის გვერდში იდგებოდით, ჭირშიცა და ლხინშიც?

შევხედოთ ამას მეორე მხრიდან. ყველაფერი ასეთი იდეალურიც არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს: თქვენი ქმარი ერთი ჩვეულებრივი მუშაა, არც კარგი განათლებითა და არც წამრატებული კარიერით გამორჩეული. ყოველ დილით სამსახურში წასვლამდე  ლუდს სვამს და მიუხედავად მისი პოტენციალისა, არაფრის შეცვლა არ სურს ცხოვრებაში. ერთი სიტყვით, ლუზერია…  პროვინციულ ქალაქში ცხოვრობთ. ადრე ალბათ ვერც წარმოიდგენდით, რომ აქ დარჩენა მოგიწევდათ. მეტად ნიჭიერი სტუდენტი იყავით და დიდ იმედებს ამყარებდით საკუთარ მომავალზე. მწვერვალების დაპყრობას გიწინასწარმეტყველებდნენ თქვენს პროფესიაში. მაგრამ აწმყო სხვანაირია: რიგითი მომსახურე პერსონალი ხართ და ამაოდ ცდილობთ უფრო მაღალი თანამდებობის დაკავებას. როგორ გგონიათ კმაყოფილი იქნებოდით ასეთი ცხოვრებით? ისევ ის გრძნობა გექნებოდათ თქვენი ქმრის მიმართ, როგორც ექვსი წლი წინ?

ზუსტად ასე ვითარდება მოვლენები ფილმში Blue Valentine (2010): წყვილს უყვარდება ერთმანეთი და წლების შემდეგ ეს უსაზღვრო სიყვარული სადღაც ქრება. ცრემლებს ძლივს ვიკავებდი ამ ფილმის ყურებისას, განსაკუთრებით ფინალურ სცენაზე მომაწვა ემოციები. 😀 შემზიზღდა სინდი (ცოლი) და მისი როლის შემსრულებელი მიშელ უილიამსი. როგორ უნდა მიატოვო ასეთი ქმარი! მითუმეტეს, როცა მის როლს რაიან გოსლინგი თამაშობს 😛 თუნდაც ამ დიალოგის გამო ღირდა მასთან მთელი ცხოვრების გატარება: როცა მიშელი საყვედურით ეკითხება რაიანის გმირს: შენ ხომ ამხელა პოტენციალი გაქვს, რატომ არ გინდა რამე სხვა საქმეს მოკიდო ხელი (გულისხმობდა უფრო პრესტიჟულ სამუშაოს), რატომ არ გინდა მოახდინო საკუთარი თავის რეალიზება, რაიანი პასუხობს, რომ მას მოსწონს საკუთარი სამსახური, რადგან ოჯახთან უფრო მეტი დროის გატარების საშუალებას აძლევს. “რაში უნდა გარდავქმნა ეს პოტენციალი, მაინცდამაინც მაღალ ანაზღაურებაში?…  ქმრისა და მამის როლი არის ის ერთადერთი რამ, რაც მე მინდა.” ასეთი არაეგოისტი ადამიანები, რომლებიც მზად არიან მთელი საკუთარი პოტენციალი მხოლოდდამხოლოდ ოჯახს შეალიონ,  მაშინ როცა შეიძლება ბევრ სხვა სფეროში მიაღწიონ წარმატებას, ძალიან ცოტანი არიან. განსაკუთრებით კაცებში, რომელთა უმეტესობისთვის პირადი მიღწევები ყველაზე ღირებული რამაა. რაიანი ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს ოჯახი და წინანდელი ურთიერთობა ცოლთან: “მითხარი, როგორი გინდა ვიყო და გავხდები ასეთი”.

რაიან გოსლინგს უხდება ასეთი მგზნებარე შეყვარებულის იმიჯი. The Notebook (2004) შიც მსგავსად იწვოდა მისი გმირი სიყვარულით, მაგრამ იქ, Blue Valentine-სგან განსხვავებით, ყველაფერი კარგად დასრულდა. მიშელ უილიამსს რაც შეეხება, ამ ფილმში პირველად ვიხილე და იმთავითვე დაიმსახურა ჩემი გულისწყრომა. სინდის როლისთვის ის ოსკარზეც წარადგინეს ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი. რაც შეეხება ფილმის რეჟისორს – Derek Cianfrance-ს – აქამდე მისი არცერთი ნამუშევარი არ მქონდა ნანახი. ძალიან ბევრი ფილმია გადაღებული წარუმატებელი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რომელიც ძალიან კარგად დაიწყო, დროთა განმავლობაში გაუარესდა და საბოლოოდ დასრულდა. განშორების მიზეზები კი ხშირ შემთხვევაში გაუგებარია. გრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ყველაფრის საფუძველი არის ურთიერთობის ხანგრძლივობა. მე კი ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა ხანგრძლივი იყოს, სიყვარული თავისით არ გაქრება, ამას აუცილებლად აქვს სხვა მიზეზები.

Blue Valentine-ში ზუსტად ეს მიზეზებია ნაჩვენები. ამ ფილმმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მკაცრ რეალობას: რამდენად ეგოისტები  და ბრმები არიან ადამიანები, რომ ვერ ხედავენ და ვერ აფასებენ იმათ, ვინც ყველაზე მეტად იმსახურებს მათ ყურადღებას. ამ ფილმის ნახვა კიდევ იმიტომ ღირს, რომ ძალიან კარგადაა ნაჩვენები ყოველდღიური ურთიერთობების პატარ-პატარა და საყვარელი მომენტები: თუნდაც, როგორ ეთამაშება რაიანის გმირი შვილს, როგორ ცდილობს მის მიერ მოწონებული გოგონას ყურადღების მიპყრობას, როგორ უნდა მცირე სიხარული მიანიჭოს პანსიონატში გადმოსახლებულ მოხუცს და ა.შ.

“როგორ უნდა ენდო საკუთარ გრძნობებს, როცა ერთ დღეს გიყვარს და მეორე დღეს აღარ” – კითხულობს საკუთარი მშობლების ცივი ურთიერთობის შემხედვარე მიშელის გმირი. ამ შეკითხვას თავადვე გასცემს მოგვიანებით პასუხს საკუთარი საქციელით. მართალია, მე კი დავეჭვდი მისი გრძნობების გულწრფელობაში, მაგრამ ეს უკვე სხვა საკითხია. თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა ენდო საკუთარ გრძნობებს?

 

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

13 Comments

Salad Fingers – რა ხდება ჩვენს ქვეცნობიერში

Salad-Fingers

ამ მწვანე არსებას Salad Fingers ჰქვია. ის ამავე სახელწოდების სურეალისტური მულტფილმის გმირია. “Salad Fingers” ფსიქოლოგიური ჰორორ-ანიმაციაა, შავი იუმორით. ცოტა არ იყოს დამთრგუნავი მულტფილმია, თუმცა, შიგადაშიგ არის სასაცილო მომენტებიც. მთავარი გმირი ადამიანის მსგავსი არსებაა, რომელიც სიამოვნებას იღებს თითების ამა თუ იმ საგანზე ხახუნით. ცოტა დეპრესიული ტიპია, გიჟი და საშიშიც. მაგრამ კეთილი გული აქვს. ერთ უბადრუკ, უდაბნოს მსგავს ადგილას ცხოვრობს სრულიად მარტო. თავის წარმოსახვაში აცოცხლებს უსულო საგნებს და ელაპარაკება ხოლმე. მაგალითად, უყვარს საკუთარ თითებთან ლაპარაკი. ერთერთ სერიაში გვამს იპოვის საკუთარი სახლის მახლობლად, აბაზანას მიაღებინებს და ერთ ჭიქა ჩაიზეც მიიპატიჟებს შინ. ერთი სიტყვით, Salad Fingers საშინლად მარტოსულია.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მულტფილმის მუსიკალური გაფორმება. განწყობა, რომელიც “Salad Fingers” -ის ყურებისას დაგეუფლებათ, პირველ რიგში, შემზარავი მუსიკის დამსახურებაა. მულტფილმში გამოყენებული მელოდიები ეკუთვნის ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის ნაცნობ ბენდებს Boards of Canada, Aphex Twin , მუსიკოსს Brian Eno … ერთი სიტყვით, მუსიკა ძალიან შთამბეჭდავია.

“Salad Fingers” 2004 წელს შექმნა ინგლისელმა David Firth-მა, რომელიც მხოლოდ 27 წლისაა (მე პირადად მეგონა, რომ უფრო ხნიერი უნდა ყოფილიყო). დევიდი სხვა ანიმაციური ფილმების ავტორიცაა, მაგალითად “Burnt Face Man”. ეს უკანასკნელი წარმოადგენს სუპერმენის ერთგვარ პაროდიას. “Salad Fingers”-თან შედარებით უფრო კომედიურია, თუმცა, ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, როგორც “სალათის თითებიანმა” 😀 დევიდი შთაგონების წყაროდ მიიჩნევს South Park-ს, რეჟისორებს Tim Burton-სა და David Lynch-ს.

უყურეთ “Salad Fingers” და თქვენ აღმოჩნდებით სურეალისტურ სამყაროში, რომელიც საზიზღარ სიზმარს ჰგავს. გაფრხთილება: არავითარ შემთხვევაში არ ანახოთ ეს მულტფილმი ბავშვებს!

, , , , , , , , ,

1 კომენტარი