Archive for ივნისი, 2009

ქალის ადგილი – სამზარეულო


ქალების ადგილი სამზარეულოშია – ეს აზრი ხშირად მსმენია “ძლიერი სქესის” წარმომადგენლებისგან. ასე ძირითადად 40 წელს გადაცილებული ადამიანები ფიქრობენ. მაგრამ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ეს აზრი ჩემივე თანატოლებისგან მოვისმინე. არადა მე პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდებად მიმაჩნდნენ 😐 დიდი კამათი მოგვივიდა ამ თემაზე. მე ვთქვი, რომ დიახაც არ ვაკეთებ საჭმელს და არ “ვბზრიალებ” სამზარეულოში, რადგან ეს საქმე არ მიყვარს. საერთოდ არ მესმის, რატომ უნდა დახარჯო დრო იმ საქმის კეთებაზე, რაც არ გიყვარს. მითუმეტეს, რომ რამდენიმე საათში მთელი შენი შრომა განავლად იქცევა. სამზარეულოში ტრიალს მირჩევნია სხვა სასარგებლო და ჩემთვის საინტერესო საქმით დავკავდე. თან მე ძირითადად ის საჭმელი მიყვარს, რომლის შეძენაც ნებისმიერ მაღაზიაში მზა სახით შეიძლება, მაგალითად: შოკოლადი, პეჩენია, პიცა, ლობიანი, ჰოთ-დოგი:) ეს ვთქვი თუ არა, ჩემმა ოპონენტებმა კრიტიკის ქარცეცხლში გამატარეს, რას ჰქვია გოგო საჭმელს არ აკეთებდესო, აი, დავუშვათ ქმარი მოდის სახლში დაღლილიო და მშიერიო, არ უნდა დაუხვედროს ცოლმა კერძებიო. ხოდა, იქნებ სულაც პირიქითაა და ცოლი ბრუნდება სახლში დაღლილ-დაქანცული? გავრცელებული ფრაზაა: გზა კაცის გულამდე კუჭზე გადისო. თუ ეს ჭეშმარიტებაა, მაშინ ყველა კაცი კუჭის მონა ყოფილა. თუკი ცოლის ფუნქცია მარტოოდენ საჭმლის კეთებით შემოიფარგლება, რაღა საჭიროა ცოლის მოყვანა, შეისახლონ მზარეული და იცხოვრონ ტკბილად და ბედნიერად :D:D:D
ის აზრიც ხშირად მსმენია, რომ კაცი უფრო კარგი მზარეულია, ვიდრე ქალი, ხოდა ვინ ეცილებათ? იტრიალონ სამზარეულოში და აკეთონ ათასნაირი კერძები თუ გამოსდით ეს საქმე და თუ სიამოვნებთ.
რა სჯობია იმას, როცა ქალს გემრიელი კერძების მომზადება შეუძლია და უყვარს კიდეც ეს პროცესი, მაგრამ ქალი რომ აუცილებლად უნდა აკეთებდეს საჭმელს, ეს გაუგებარი მოთხოვნაა, დრომოჭმული სტერეოტიპი…
იქნებ ოდესმე მეც შემიყვარდეს სამზარეულოში ტრიალი, მაგრამ მანამდე ვიტყვი, რომ ქალის ადგილი იქაა, სადაც უნდა რომ იყოს: იქნება ეს სამზარეულო, სამსახური თუ სხვა. ეს ქალის გადასაწყვეტია და ყველამ პატივი უნდა სცეს მის არჩევანს.

, , , , , ,

6 Comments

კონფორმისტები

“ჭეშმარიტად მშვენიერი და ღვთაებრივი მუდამ მარტოობას გრძნობს ამ გაუხარებელ მიწაზე”. ალბათ, ბევრი დაეთანხმება კონსტანტინე გამსახურდიას ამ ფრაზას. ამიტომაცაა, რომ დღეს ბევრი ცდილობს მასისგან განყენებულად, ყველასგან განსხვავებულად წარმოაჩინოს თავი. თბილისის ქუჩებში ხშირად შეხვდები კეტებსა და დახეულ ჯინსებში გამოწყობილ, პირსინგიან ახალგაზრდებს, რომლებიც ცდილობენ იყონ ორიგინალურები და მათი ეს ორიგინალურობა გამოიხატება არამარტო ჩაცმულობით, არამედ ყველა სხვა ფორმით: იქნება ეს მუსიკალური გემოვნება, ქუჩაში მოქცევა, ჰობი და ა.შ. ხშირად მსმენია ამ “ახალი დროის ახალგაზრდებისგან” მათი მარტოობის შესახებ: “ვერავინ ვერ მიგებს, ზედმეტად განსხვავებული ვარ, ვერ ვეგუები საზოგადოებას, მე ინდივიდი ვარ, სხვები – მასა.” ისინი პროტესტს გამოთქვამენ ყველასა და ყველაფრის მიმართ, თუ რატომ, ხშირ შემთხვევაში თვითონაც არ იციან. “ქუჩაში რომ დავდივარ, ხალხი უცნაურად მიყურებს” – საყვედურობენ ეს ნონკონფორმისტები ქართველი ხახლის ჩამორჩენილობას. არადა მათი მიზანიც ხომ ეგაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ყურადრება მიიპყრონ და საზოგადოებამ ისინი გიჟებად, უჩვეულოებად შერაცხოს. მივესალმები ყველა განსხვავებულსა და უჩვეულო ადამიანს. მე პირადად ძალიან მიყვარს ასეთებთან ურთიერთობა. მაგრამ, ჩემი აზრით, ადამიანი კი არ უნდა ცდილობდეს იყოს ორიგინალური და განსხვავებულის როლს თამაშობდეს, არამედ ბუნებით უნდა იყოს ასეთი.”იყავი ის რაც ხარ” – ბანალური და მარტივი, მაგრამ ამ სიტუაციისთვის შესაფერისი გამონათქვამია. ყველა იმის გასაგონად, ვინც თავს ნონკონფორმისტად მიიჩნევს, ვიტყვი: ნონკონფორმიზმიც ხომ სხვა არაფერია თუ არა კონფორმიზმის გამოვლინება:P

, , ,

3 Comments