Archive for category ფსიქოლოგია

რატომ უნდა შეეშვათ მოტივაციის ძებნას

motivation-sarahseeandersen-comics-study

დღევანდელ სამყაროში მოტივაციას განსაკუთრებული ფასი აქვს. უამრავი სტატია, თეორია თუ პრაქტიკული რჩევა იწერება, როგორ ვიპოვოთ/ავიმაღლოთ მოტივაცია, როგორ გავხდეთ უფრო მოტივირებული. მოტივაცია – წარმატების მიღწევის წინაპირობაა. თუმცა, ხშირად გვავიწყდება, რომ მოტივაცია მხოლოდ საწყისია – ერთგვარი მიმართულების მიმცემი ადამიანისთვის, გაცნობიერება იმისა, რომ რაღაც მიზანს გინდა მიაღწიო. მაგრამ მარტოოდენ მოტივაცია არაა წარმატების გარანტი, მიზნის გაჩენის შემდეგ მის მისაღწევად მოტივაციაზე ბევრად მნიშვნელოვანი თვისებაა საჭირო.

წარმოიდგინეთ, რომ რაღაცის მიღწევის დიდი სურვილი გაქვთ – მაგალითად, გინდათ წონის დაკლება, ან კუნთოვანი მასის გაზრდა – ამ მიზნის მისაღწევად დიდი ძალისხმევა და ყოველდღიური შრომა გჭირდებათ. ამ საქმის მრავალი სპეციალისტი გირჩევთ, რომ პატარ-პატარა „მოტივატორები“ მოძებნოთ – მაგალითად, ნათლად წარმოისახოთ როგორი სხეული გინდათ რომ გქონდეთ და ყოველ ჯერზე, რთული და არასასიამოვნო დავალების შესრულებისას, წარმოიდგინოთ სხეულის ეს ხატი, მოახდინოთ საკუთარი მიზნის ერთგვარი ვიზუალიზაცია ან დათქვათ, რომ ამ დავალების შესრულების შემდეგ რაღაცით დააჯილდოვებთ საკუთარ თავს (მოაწყობთ განტვირთვის დღეს, იყიდით სასურველ ნივთს და ა.შ). ასე ხდება მიზნისკენ მიმავალი გზა ყოველდღიური მოტივაციის/მოტივატორების ძებნის პროცესი, რაც საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. არ არსებობს ადამიანი, რომელიც მუდამ მოტივირებულია, განსაკუთრებით მიზნის მიღწევის გზის დასაწყისში და რთული დავალებების შესრულებისას. ყოველთვის დგება მომენტი, როცა გეზარება, განწყობა არ გაქვს და იმ მომენტში გირჩევნია სხვა საქმით დაკავდე, მიუხედავად იმის გაცნობიერებისა, რომ ეს საბოლოო მიზნის მიღწევისთვის კარგ შედეგს არ მოიტანს.

motivation-vs-discipline

როგორც აღვნიშნე, მოტივაცია პირველ ეტაპზეა მნიშვნელოვანი – როცა უნდა აირჩიო მიზანი, ის, თუ რა გინდა, შემდეგ ეტაპზე კი მოტივაცია სხვა რაღაცამ უნდა ჩაანაცვლოს და ეს ბევრად მნიშვნელოვანი რამაა – დისციპლინა, გნებავთ ჩვევა ვუწოდოთ. წარმოიდგინეთ რამდენ რამეს არ გავაკეთებდით მხოლოდ მოტივაციაზე რომ ვიყოთ დამოკიდებული – მაგალითად, არსებობს ადამიანი, ვინც დილით ლოგინის გასწორების სურვილით იღვიძებს? მე ასეთი ჯერ არ შემხვედრია, თუმცა, ყველას, გამონაკლისების გარდა, გვიწევს ამის გაკეთება. ძალიან მიყვარს დილით ძილი და მიჭირს ადრე ადგომა. გაღვიძებისას ნამდვილად არ ვფიქრობ, როგორ შეიძლება გავიჩინო/ავიმაღლო ადგომის განწყობა – უბრალოდ ვდგები. არსებობს დავალებები, რომლებიც უბრალოდ უნდა გავაკეთოთ – ყველანაირი მოტივატორის ძებნის გარეშე. თავიდან საკუთარი თავისთვის შესაძლოა ძალდატანება დაგჭირდეთ. რაც დრო გავა, მით უფრო გადაიზრდება ყოველდღიური, ნაკლებად სასიამოვნო, მაგრამ საჭირო ქმედებები ჩვევაში და მიზნის მიღწევის პროცესში ნაკლებად იქნებით დამოკიდებული ხელისშემშლელ ფაქტორებზე. ვარჯიშის წინ ნაკლებად იფიქრებთ იმაზე, რომ დღეს ცუდად გეძინათ, კარგად ვერ გამოიკვებეთ, უენერგიოდ ხართ და ათას სხვა ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზებზე, რომლებიც ვარჯიშის გადადებისკენ გიბიძგებთ. ჩვევას არ ჭირდება განწყობა – თქვენ ავტომატურად აკეთებთ იმას, რაც საჭიროა. აუცილებელი პირობა ისაა, რომ პროცესმა თანდათან სიამოვნებაც უნდა მოგანიჭოთ. თუ მიზნის მიღწევის მთელი გზა საერთოდ არ განიჭებთ სიხარულსა და ბედნიერებას, მაშინ ან მიზანი უნდა შეცვალოთ ან მისი მიღწევის ხერხი. ასე, რომ შეეშვით მოტივაციის დევნას და უბრალოდ გააკეთეთ ის, რაც გჭირდებათ.

, , ,

დატოვე კომენტარი

ბავშვების ძალადობა ცხოველებზე

ძალიან ვბრაზდები როცა ეზოში შემდეგ სურათს ვხედავ: ბავშვები ლეკვებსა ან კნუტებს დასდევენ და აწვალებენ, მათი მშობლები კი იქვე სხედან და თითქოს არც არაფერი ხდება, ერთ სიტყვასაც არ ეტყვიან, რომ შეწყვიტონ ცხოველების წვალება. დარწმუნებული ვარ, ბევრი შესწრებიხართ მსგავს სცენას. რატომ უნდა უყურებდე მშვიდი სახით, როგორ ცემს და ურტყამს წიხლებს შენი შვილი პატარა უმწეო არსებას? ეს არსებაც ხომ ისევე განიცდის ტკივილს, როგორც ადამიანი. რატომ არ უნდა გაღელვებდეს საკუთარი შვილის სადისტური დამოკიდებულება ცხოველების მიმართ?

აგრესიული ბავშვი

თანაგრძნობის უნარსა და ცხოველების უფლებებს რომ თავი დავანებოთ, ადამიანი, რომელიც აგრესიას ავლენს უმწეო ცხოველის მიმართ, რომელსაც მისთვის არაფერი დაუშავებია, ვერ არის წესრიგში. ესაა პირველი საგანგაშო ნიშანი მომავალში კრიმინალური და ძალადობრივი ქცევისა. მაგალითად, მძიმე დანაშაულისთვის თითქმის ყველა მსჯავრდებული ბავშვობაში ცხოველებს ცუდად ექცეოდა. ბავშვების მხრიდან ცხოველთა წამება ძალადობის დაუსრულებელ ციკლთანაა დაკავშირებული. კვლევების მიხედვით დადგენილია, რომ ბავშვი, რომელიც განიცდის ძალადობას ან არის ძალადობის მოწმე, უფრო მეტადაა მიდრეკილი თავადაც გახდეს აგრესორი და მოძალადე. ბავშვის აგრესიული ქცევა ცხოველების მიმართ შესაძლოა წინასწარმეტყველებდეს მის მომავალ აგრესიულ ქცევაზე ადამიანების მიმართ. ფსიქოლოგები ცხოველებისადმი ცუდ მოპყრობას მიიჩნევენ ანტისოციალური ქცევის საგანგაშო ნიშნად და სხვა ძალადობრივი ქცევების წინასწარგანმსაზღვრელად. ეს არის ფსიქიკური დარღვევის ერთ-ერთი სიმპტომი. დიდი ალბათობით, ბავშვი, რომელიც ძალადობს ცხოველებზე, თავადვეა სახლში ან სკოლაში ძალადობის მსხვერპლი. სამწუხაროდ, ხშირად ეს აგრესია არასწორი აღზრდის შედეგია. მშობლები თავიანთ ურეაქციობას ამგვარ ძალადობაზე შემდეგნაირად ხსნიან: “ჯერ პატარაა და არ ესმის”. არადა სწორედ რომ ბავშვობიდანვე უნდა მოხდეს ამ აგრესიული ქცევის განეიტრალება, რადგან რაც უფრო იზრდება ადამიანი, მით უფრო რთული ხდება ამ პრობლემის მოგვარება. მშობლებმა აუცილებლად უნდა გაარკვიონ, რა არის მიზეზი ბავშვის აგრესიული ქცევისა ცხოველისადმი, აუხსნან რომ ამგვარი ქცევა არ შეიძლება, რომ ცხოველები ცოცხალი არსებები არიან, მათაც აქვთ შეგრძნების უნარი, მათაც აქვთ უფლებები. თუ მაინც ვერ აღმოფხვრიან აგრესიას, უნდა მიმართონ ფსიქოლოგს.

ნუ დახუჭავთ თვალებს ბავშვის მიერ ცხოველის წვალებაზე, ნუ იტყვით, რომ ჯერ პატარაა და არ ესმის .

qo

, , , , , , , ,

4 Comments

სტერეოტიპები, რომლებიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს

ქართველები ნიჭიერები, მაგრამ ზარმაცები ვართ (პ.ს ზოგადად გამოთქმა “ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი” :დ)

ქართველის ბუნებაში კანონმორჩილება არ დევს

ლამაზი ქალი სულელია

ქალს უყვარს როცა მამაკაცი უხეშად ეპყრობა

ქალს არ უნდა ენდო

კაცები არ ტირიან

ყველა კაცი (ქალი) ერთნაირია

ქალი ცუდი მძღოლია

ქალის მთავარი ფუნქციაა იყოს კარგი მეუღლე და დედა

რუსი ქალები გიჟდებიან ქართველ კაცებზე

კაცი ქალზე ჭკვიანია (ამას ხშირ შემთხვევაში მოსდევს “აბა, დამისახელე რომელიმე მეცნიერი ქალი”)

კაცს არ უხდება გრძელი თმა, პირსინგი და ა.შ

როკერები სატანისტები არიან

ესაა რაც გამახსენდა. (რომ გამახსენდება კიდევ დავამატებ :დ) თქვენ მიერ შეძულებული სტერეოტიპებიც დაამატეთ კომენტარებში.

პ. ს გილოცავთ ახალ 2012 წელს! გისურვებთ თქვენი სტერეოტიპების მსხვრევას :დ 🙂

, , , , , ,

15 Comments

“მკვლელი” დედები vs “მკვლელი” მამები

16 წლის ხარ. გაგიჟებით გიყვარდება ყველაზე პოპულარული ბიჭი შენს უბანში. ერთ მშვენიერ დღეს ისიც მოგაქცევს ყურადღებას, გეტყვის რომ ძალიან მოსწონხარ, მოკლედ წყვილი ხდებით. შენს სიხარულს საზღვარი არ აქვს.  ამ ბედნიერ სასიყვარულო ურთიერთობას სექსიც მოყვება, შენთვის პირველი.  გაკვრით გსმენია კონტრაცეპტივების შესახებ და პირველი ინტიმური ურთიერთობის დროს არც შენ და არც შენი გულისსწორს  აზრად არ მოსდის თავის დაცვა.  ამას მოყვება არასასურველი ორსულობა. შენ შოკში ხარ, არ იცი რა უნდა გააკეთო. შენი ბიჭი კი სწრაფად პოულობს გამოსავალს: რადგან თქვენ ჯერ ძალიან ახალგაზრდები ხართ და არ ხართ მზად მსგავსი პასუხისმგებლობსთვის, ის აბორტს გირჩევს. შენც ფიქრობ, რომ სხვა გზა არ გაქვს და მიყვები მის რჩევას.  ამ დღიდან საზოგადოებისთვის ხდები “მკვლელი დედა”. Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , ,

25 Comments

სკანდალური ინფორმაცია

ფოტოს პირველწყარო

მედია ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს სკანდალს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის საზოგადო პირთანაა დაკავშირებული. ამის მაგალითად ბილ კლინტონსა და მონიკა ლევინსკის თავს გადახდენილი ამბის გახსენებაც კმარა. სკანდალებისადმი დიდი დროის დათმობის გამო ჟურნალისტებს ხშირად აკრიტიკებენ, რადგან ყურადღების მიღმა რჩება სხვა ბევრად მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ეს კი ქმნის იმის საფრთხეს, რომ ამომრჩეველი არჩევნების დროს მიიღებს არასწორ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ის ვერ გაითვალისწინებს/ვერ გაიხსენებს არსებით ინფორმაციას კანდიდატის შესახებ.  რადგან სკანდალი უკეთ ამახსოვრდებათ, დიდი ალბათობაა, რომ ამომრჩევლის გადაწყვეტილება დაეფუძნება სწორედ ამ სკანდალურ ინფორმაციას.

სკანდალი იპყრობს უფრო მეტ ყურადღებას და უკეთესად შემოინახება მეხსიერებაში. რატომ ამახსოვრდება ადამიანს სკანდალი არასკანდალურ ამბავზე უფრო მეტად? Read the rest of this entry »

, , , , , , , ,

2 Comments

სიყვარულს მალვა უნდა?!


არ მესმის იმ წყვილების, რომლებიც ფეისბუქის (ან სხვა რომელიმე სოც.ქსელის) ერთი ექაუნთით სარგებლობენ შემდეგი სახელებით “თაკო და იკა”, “ნატუკა და გიუნა” ან სხვა. არ მესმის ყოველი ფოტოს, ყოველი სტატუსის კომენტარებში რომ ეფიცებიან ერთმანეთს სიყვარულს. მგონია, რომ ამას სხვების დასანახად უფრო აკეთებენ. ცოტა არ იყოს, ყალბად მეჩვენება მსგავსი ქცევა :ს “როცა, ადამიანი, საჯაროდ იწყებს თავის პირად ცხოვრებაზე საუბარს და ისე შედის როლში, რომ თავად საუბრის პროცესი აღაგზნებს, პირადი ცხოვრება ინტიმურობასა და განუმეორებლობას კარგავს, სიტყვა აუბრალოებს გრძნობას.” _ ამ აზრსაც ვეთანხმები.


თუმცა, არც იმ შეყვარებულების მესმის, რომლებიც ცივები არიან ერთმანეთის მიმართ, როგორც რეალობაში, ისე სოციალურ ქსელებში, არ ეხუტებიან, არ კოცნიან ერთმანეთს, იშვიათად თუ დადიან ერთად ივენთებზე, კვირაში ერთი შეხვდერით შემოიფარგლებიან, არასდროს ჩხუბობენ, არასდროს ამბობენ, რომ უყვართ ერთმანეთი, უფრო მეტ დროს “დაქალებსა” და “ძმაკაცებთან” ატარებენ, ფეისბუქზე დადებულ უამრავ ფოტოს შორის ერთიც არ აქვთ ერთად გადაღებული, ყოველ ღამე ტკბილ ძილს არ უსურვებენ ერთმანეთს :/ ეგეთი “იდუმალი” შეყვარებული წყვილებიც არ მხიბლავს :ს

უნდა კი სიყვარულს მალვა? იქნებ, ვინც გაურბის საკუთარი გრძნობების საჯაროდ გამოხატვას, ამას არა გრძნობის გაუბრალოების თავიდან ასაცილებლად აკეთებს, არამედ იმიტომ, რომ არაა საკუთარ გრძნობებში დარწმუნებული?

, , , ,

10 Comments

მოტივირებული აზროვნება და 26 მაისის მოვლენები

2003 წელს ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას აშშ-მ დაიწყო ომი ერაყთან. ომის მთავარი მიზეზი იყო ერაყის პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის, მიერ მასობრივი განადგურების იარაღის ფლობა. თუმცა, ეს ცნობა ტყუილი აღმოჩნდა. ომი მხოლოდ 2010 წელს დასრულდა. მას 100 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ბუშის ადმინისტრაცია ასევე შეეცადა დაერწმუნებინა ამერიკელი ხალხი, რომ სადამ ჰუსეინს კავშირი ჰქონდა “ალ-ყაიდასა” და 11 სექტემბრის ტრაგედიასთან. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიჯერა ეს ცნობა და გამოიყენა როგორც გამამართლებელი არგუმენტი ერაყთან ომის დაწყებისა. თუმცა, საბოლოოდ ეს ინფორმაციაც ტყუილი გამოდგა: ჰუსეინს არასდროს უთანამშრომლია “ალ-ყაიდასთან” და არ მიუღია მონაწილეობა 11 სექტემბრის ტერაქტების ორგანიზებაში. ერაყის პრეზიდენტმა ეს სიკვდილისწინა დაკითხვაშიც აღიარა. მიუხედავად ამისა, აშშ-ს ბევრ მოქალაქე ამის შემდეგაც კი მაინც არ აღიარებდა, რომ სადამ ჰუსეინს არაფერი აკავშირებდა ბინ ლადენთან. (უფრო დაწვრილებითი ინფოსთვის გაეცანით ამ კვლევას )

მაინც რატომ განაგრძნობდნენ ამერიკელები ჯიუტად იმის მტკიცებას, რომ 11/09-ის მოვლენებში ხელი სადამ ჰუსეინსაც ერია? ეს უცნაური ქცევა შეიძლება აიხსნას მოტივირებული აზროვნებით (Motivated Reasoning). მოტივირებული აზროვნება _ ესაა ფსიქოლოგიური ფენომენი, ადამიანის გაუცნობიერებელი ტენდენცია მხარი დაუჭიროს მის უკვე ჩამოყალიბებულ შეხედულებას და შეინარჩუნოს ის მაშინაც კი, როცა მას მიეწოდება ამ შეხედულების საწინააღმდეგო ინფორმაცია. ადამიანი აგრძელებს იმის მტკიცებას, რისიც ჯერა. იმის ნაცვლად, რომ ეძებოს რაციონალური ინფორმაცია, მოტივირებული მოაზროვნე ეძებს იმ ცნობებს, რომლებიც შეესაბამება მის შეხედულებას. მოტივირებულ აზროვნებას ადამიანი მიმართავს რათა თავი აარიდოს კოგნიტურ დისონანსს. (კოგნიტური დისონანსს შეიძლება ვუწოდოთ შინაგანი კონფქლიტი, რომელიც წარმოიქმნება ადამიანში ორი საპირისპირო აზრის არსებობისას. რადგან ის მეტად არასასიამოვნო გრძნობებს იწვევს, ადამიანი ცდილობს მის შემცირებას). ინფორმაციას, რომელიც არ შეესაბამება არსებულ შეხედულებას, ადამიანი აიგნორებს. ხშირად მოტივირებულ აზროვნებას არასწორ დაკსვნებამდე მივყავართ.

რა შუაშია ეს ყველაფერი 25 მაისის მოვლენებთან? ზუსტად მოტივირებული აზროვნებით შეიძლება აიხსნას ქართული საქოგადოების ქმედება. მაშინ როცა ხელისუფლების მომხრენი ამართლებდნენ მიტინგის დაშლას და ბევრს საუბრობდნენ ნინო ბურჯანაძის ესკორტის მიერ მოკლულ პოლიციელზე, ასევე აქციის მონაწილეთა ხულიგნობაზე და ნინო ბურჯანაძის მზაკვრულ გეგმებზე, ოპოზიციის მომხრეები არ ამართლებდნენ ხელისუფლების ამ ქმედებას და მათი ყურადღების ცენტრში იყო სპეცნაზის მიერ გამოჩენილი სისასტიკე: მოხუცებისა და დაპატიმრებულების ცემა, ჟურნალისტთა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ხელისუფლების მომხრეებს არ სურდათ ეღიარებინათ, რომ აქციის დაშლისას ძალას გადაამეტეს, ხოლო ოპოზიციის მომხრეებს ის, რომ აქციის დარბევის პროვოცირებაში დიდი წვლილი თავად აქციის მონაწილეებს მიუძღოდათ. თუმცა, ალბათ ძალიან არაობიექტური უნდა იყო, რომ არ აღიარო აქციის დაშლისას ძალის გადამეტება. მართალია აქციის მონაწილეები მართლაც ამაზრზენად იქცეოდნენ (არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, აბინძურებდნენ გარემოს, რამდენჯერმე ცემეს აქციაში არამონაწილე ადამიანები და ა.შ),რამდენიმე გაფრთხილების შემდეგაც არ დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და სპეცნაზს ჯოხით შეიარაღებულები დახვდნენ. თუმცა, ეს არ აძლევს სპეცნაზს იმის უფლებას, რომ სასტიკად ცემოს აქციის მონაწილე, რომელიც არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს მას. სპეცნაზის მთავარი მოვალეობა იყო აქციის დაშლა და არა დარბევა. თანაც, კანონის დარღვევა პოლიციის მხრიდან მე უფრო დიდ დანაშაულად მიმაჩნია, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქის მხრიდან.

რაც მოვისმინე ძირითადი არგუმენტები, რომ აქციის აღკვეთის ღონისძიება „ორგანიზებულად და კანონიერად განხორციელდა”, შემდეგი იყო:
1) ევროპაში არასანქცირებულ მიტინგებს შლიან. თქვენ არ გინახავთ ნამდვილი დარბევა.

ა) 25 მაისის აქცია რომ უნდა დაეშალათ, მგონი ამას ყველა ეთანხმება. საკამათო და მიუღებელია თვითონ დაშლის ფორმა. ბ)ევროპაში მომხდარი ფაქტი იმთავითვე არ ნიშნავს მის სიკეთეს. ყველაფერი რაც ევროპაში ხდება, ვერ იქნება მისაღები და კარგი. გ) ვნახე ევროპაში გადაღებული აქციის დაშლის რამდენიმე ვიდეო. თუმცა, ისინი 25 მაისს გადაღებულ კადრებთან შესადარებელი არაა: საქართველოში გაცილებით აგრესიულად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს. უცხოეთში გაადღებულ ვერცერთ ვიდეოში ვერ ვნახე, რომ ერთი ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობას არ უწევს სპეცნაზს, რამდენიმე კაცს ერთად ეცემა. დ) პოლიციელები ძალის გადამეტებისთვის ევროპს ქვეყნებში სათანადოდაც ისჯებიან. ი

2)ცალკეულ ექსცესებს ჰქონდა ადგილი, თუმცა მთლიანობაში ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.

გავრცელდა ვიდეოები, სადაც აშკარად ჩანს სპეცნაზელთა მხრიდან ძალის გადამეტება. ასევე რამდენიმე იქ მყოფი ჟურნალისტის მიერ ნაამბობსაც გავეცანი, რომლებიც ასევე სპეცნაზის მხრიდან ძალადობაზე საუბრობდნენ. ჟურნალისტის ვალდებულებაა მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია აუდიტორიას, თანაც, კონკრეტულად ამ ჟურნალისტებისადმი მავქს ნდობა, ამიტომ მათ ნაამბობს ვეყრდნობი. ათამდე (თუ მეტი არა) ჟურნალისტს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, წაართვეს კამერები. ჟურნალისტებს უკრძალავდნენ გადაეღოთ აქციის მონაწილეთა ცემის ფაქტები. ამიტომ ძალიან ბევრმა ვიდეომ ვერ მოაწღია ჩვენამდე. აქციის მონაწილე 100-მდე ადამიანი არის დაპატიმრებული. ზოგიერთ მათგანს აღენიშნება ძალადობისა და ცემის კვალი, რომელიც დაპატიმრების შემდეგაა მიყენებული. მოკლედ, როგორ უნდა უგულებელყო ეს ფაქტები. ჯამში ძალიან ბევრი გამოდის, თანაც ძალადობის ბევრმა ფაქტმა ვერ მოაღწია ჩვენამდე, ზუსტად იმის გამო, რომ ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ. გარდა ამისა, პოლიტიკურად არაანგაჟირებულმა ინსტიტუტებმა, მაგალითად როგორიცაა სახალხო დამცველი ან საია განაცხადეს, რომ პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა რიგ შემთხვევებში არაპროპორციული იყო.

3) სპეცნაზელი ჩვეულებრივი ქართველი ადამიანია, რომელსაც გააჩნია ემოციები. ამიტომ მისი მხრიდან საპასუხო აგრესიის გამოჩენა არის მოსალოდნელი. ის ვერ იმოქმედებს რობოტივით. როგორიცაა ერი, ისეთი სპეცნაზი გვყავს

ამ არგუმენტით ნებისმიერ სფეროში შეიძლება არაპროფესიონალიზმის გმართლება. ზოგადად სამართალდამცავთა მხრიდან ხშირად აქვს ადგილი უფლებამოსილების გადამეტებას. ამის აღსაკვეთად საჭიროა მათი სათანადოდ დასჯა.

რაოდენ დიდი სიყვარული უნდა აკავშირებდეს ადამიანს ხელისუფლებასთან ან რაოდენ დიდი სიძულვილით იყოს განწყობილი ოპოზიციის მიმართ, ამ ფაქტების უგულებელყოფა არის თავის მოტყუება. უფრო რაციონალურ მსჯელობას მივმართოთ. არავინ არ არის შეუცდომელი ამქვეყნად: არც ჩვენ და არც ხელისუფლება.
პ.ს სპეციალურად არ ვსვამ აქციის ფოტოებს, არ მინდა ემოციებზე გათვლილი პოსტი იყოს.:დ

, , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

1 კომენტარი

Fake Love


ყველაფერს თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს, მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობებსაცო. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიზიარებ ამ აზრს და მჯერა მარადიული გრძნობების, განშორება ორ ადამიანს შორის ისეთივე ჩვეულებრივ და გავრცელებულ მოვლენად მიმაჩნია, როგორც მათი დაწყვილება. ყველაზე მეტად ყველანაირი ურთიერთობის დროს ვაფასებ გულწრფელობას. გულწრფელობა საჭიროა არამარტო სასიყვარულო ურთერთობის დაწყებისას ან მიმდინარეობისას, არამედ ამ ურთიერთობის დასრულების დროს. ყველაზე მეტადაც კი. როცა ორ ადამიანს აღარ აკავშირებს სიყვარული, სჯობს ყველანაირი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გაესაუბრონ ერთმანეთს თავიანთ გრძნობებზე და მიიღონ ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მომავალში მათი ურთიერთობის შესახებ. სიტუაცია რთულდება მაშინ, როცა ორიდან მხოლოდ ერთს უქრება სიყვარულის გრძნობა. ასეთ დროსაც ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის შნო, რომ ერთ დროს ყოფილ შეყვარებულს აუხსნას ყველაფერი და რაც შეიძლება უმტკივნეულოად დაასრულოს ურთიერთობა. სამწუხაროდ, რეალობაში სხვანაირად ხდება ხოლმე.

განშორებისას ნათქვამი ყველაზე ყალბი ფრაზებია:

1) დავრჩეთ მეგობრებად _ ყველაზე უაზრო, ფართოდგავრცელებული და ყალბი შემოთავაზება. თუკი შეყვარებულთაგან არცერთს აღარ უყვარს ერთმანეთი და სურთ მეგობრებად ყოფნა, ეს თავისთავად მოხდება. ყველანარი პირობის მიცემის გარეშე. მაგრამ როცა ერთერთს კვლავინდებურად უყვარს მეორე და სურს მასთან ურთიერთობა როგორც შეყვარებულს, მას კი ამ დროს მეგობრობას სთავაზობენ, ასეთი ურთიერთობა ნაძალადევი და ყალბი გამოდის. მე ასეთ “მეგობრობას” ეჭვის თვალით ვუყურებ.

2) მზად არ ვარ სერიოზული ურთიერთობებისთვის _ დაშორების ეს არგუმენტი ჩემთვის ცოტა გაუგებარია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ერთი ადამიანი მეორისგან მეორე დღესვე ან უახლოესი კვირების განმავლობაში დაჟინებით მოითხოვს ოჯახის შექმნას :დ თუკი ოდესმე თქვენი გოგოსგან (ბიჭისგან) მსგავს ფრაზას მოისმენთ, ჩათვალეთ, რომ არ უყვარხართ. მზადყოფნა/მოუმზადებლობა არაფერ შუაშია. ამ საკითხის გადაჭრა დაშორების გარეშეც შეიძლება, მაგალითად, თუნდაც იმის გარკვევით, როგორი ურთიერთობა სურს თქვენს გოგოს (ბიჭს).

3) შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, მე არ ვარ შენი ღირსი _ ამ წინადადების ავტორები ვერ გიბედავენ იმის თქმას, რომ უბრალოდ აღარ უყვარხართ, რადგან არ უნდათ “ცუდები” გამოვიდნენ თქვენს თვალში და “გაგაბოროტონ” (სიყვარულისგან გამწარებული ადამიანი რაზე არ არის წამსვლელი :დ), ამიტომ ყველაფერს საკუთარ თავს აბრალებენ. მსგავსმა ფრაზამ შეიძლება თვენი აღფრთოვანებაც კი გამოიწვიოს (“როგორ ვუყვარვარ, საკუთარ თავზე უკეთესი უნდა ჩემთვის”). მაგრამ თუ კარგად დაუფიქრდებით, იმ დასკვნამდე მიხვალთ, რომ როცა ადამიანს მართლა უყვარხარ, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს შენი თავი და “შენი ღირსი” გახდეს.

4) მიყვარხარ, მაგრამ ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან, არ მგონია ჩვენი ურთიერთობა გამოვიდეს _ შეყვარებულთაგან ერთერთი იწყებს იმის მტკიცებას, რა კონფლიქტები და ჩხუბები გადაიტანეს ამ განსხვავებების გამო და მიდის დასკვნამდე, რომ მათ მომავალი არ აქვთ. სინამდვილეში (მითუმეტეს მაშინ, როცა მსგავს თემაზე საუბარი ურთიერთობიდან ორ-სამ თვეში შედგება), ამ ყველაფრის მიზეზი არის მობეზრება.

5) მიყვარხარ, მაგრამ ახლა რთული პერიოდი მაქვს _ რაც არ უნდა რთული პერიოდი ჰქონდეს ადამიანს, საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა და გვერდში დგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი და შვების მომტანი. ამიტომ ამ ფრაზის მთქმელი ადამიანი ტყუის და უბრალოდ უნდა თავისი გოგო (ბიჭი) თავიდან მოიცილოს ზედმეტი კითხვებისა და დადანაშაულებების გარეშე.

ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება დაშორდეს ორი ადამიანი, თუკი მათ ისევ უყვართ ერთმანეთი. ჩემი აზრით, განშორების ერთერთი ყველაზე ნამდვილი მიზეზი არის გადაყვარება. მე მჯერა სიყვარულის უსაზღვრო ძალის :დ

პ.ს თუ გაგახსენდებათ კიდევ რამე მსგავსი ყალბი ფრაზები, მომწერეთ კომენტარებში.

, , , , , , , , , ,

17 Comments

როცა მოსიყვარულე ლუზერი ქმარი გბეზრდება

ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ერთი სიმპატიური და მოსიყვარულე  ქმარი გყავთ. ის უზომოდაა თქვენზე შეყვარებული, არის საუკეთესო მამა და საკუთარ ოჯახს არაფერი ურჩევნია.  გყავთ უსაყვარლესი შვილი. ნორმალური შეძლების ოჯახი გაქვთ. ბევრი საერთო და ტკბილი მოგონება გაკავშირებთ ერთმანეთთან. თქვენი თავრბუდამხვევი რომანი 6 წლის წინ დაიწყო. როგორ ფიქრობთ, იქნებით თუ არა 6 წლის მერეც ისეთი ბედნიერი, როგორც მაშინ? გეყვარებათ თუ არა ისევ ისე ის, ვისაც წლების წინ შეჰფიცეთ, რომ მუდამ მის გვერდში იდგებოდით, ჭირშიცა და ლხინშიც?

შევხედოთ ამას მეორე მხრიდან. ყველაფერი ასეთი იდეალურიც არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს: თქვენი ქმარი ერთი ჩვეულებრივი მუშაა, არც კარგი განათლებითა და არც წამრატებული კარიერით გამორჩეული. ყოველ დილით სამსახურში წასვლამდე  ლუდს სვამს და მიუხედავად მისი პოტენციალისა, არაფრის შეცვლა არ სურს ცხოვრებაში. ერთი სიტყვით, ლუზერია…  პროვინციულ ქალაქში ცხოვრობთ. ადრე ალბათ ვერც წარმოიდგენდით, რომ აქ დარჩენა მოგიწევდათ. მეტად ნიჭიერი სტუდენტი იყავით და დიდ იმედებს ამყარებდით საკუთარ მომავალზე. მწვერვალების დაპყრობას გიწინასწარმეტყველებდნენ თქვენს პროფესიაში. მაგრამ აწმყო სხვანაირია: რიგითი მომსახურე პერსონალი ხართ და ამაოდ ცდილობთ უფრო მაღალი თანამდებობის დაკავებას. როგორ გგონიათ კმაყოფილი იქნებოდით ასეთი ცხოვრებით? ისევ ის გრძნობა გექნებოდათ თქვენი ქმრის მიმართ, როგორც ექვსი წლი წინ?

ზუსტად ასე ვითარდება მოვლენები ფილმში Blue Valentine (2010): წყვილს უყვარდება ერთმანეთი და წლების შემდეგ ეს უსაზღვრო სიყვარული სადღაც ქრება. ცრემლებს ძლივს ვიკავებდი ამ ფილმის ყურებისას, განსაკუთრებით ფინალურ სცენაზე მომაწვა ემოციები. 😀 შემზიზღდა სინდი (ცოლი) და მისი როლის შემსრულებელი მიშელ უილიამსი. როგორ უნდა მიატოვო ასეთი ქმარი! მითუმეტეს, როცა მის როლს რაიან გოსლინგი თამაშობს 😛 თუნდაც ამ დიალოგის გამო ღირდა მასთან მთელი ცხოვრების გატარება: როცა მიშელი საყვედურით ეკითხება რაიანის გმირს: შენ ხომ ამხელა პოტენციალი გაქვს, რატომ არ გინდა რამე სხვა საქმეს მოკიდო ხელი (გულისხმობდა უფრო პრესტიჟულ სამუშაოს), რატომ არ გინდა მოახდინო საკუთარი თავის რეალიზება, რაიანი პასუხობს, რომ მას მოსწონს საკუთარი სამსახური, რადგან ოჯახთან უფრო მეტი დროის გატარების საშუალებას აძლევს. “რაში უნდა გარდავქმნა ეს პოტენციალი, მაინცდამაინც მაღალ ანაზღაურებაში?…  ქმრისა და მამის როლი არის ის ერთადერთი რამ, რაც მე მინდა.” ასეთი არაეგოისტი ადამიანები, რომლებიც მზად არიან მთელი საკუთარი პოტენციალი მხოლოდდამხოლოდ ოჯახს შეალიონ,  მაშინ როცა შეიძლება ბევრ სხვა სფეროში მიაღწიონ წარმატებას, ძალიან ცოტანი არიან. განსაკუთრებით კაცებში, რომელთა უმეტესობისთვის პირადი მიღწევები ყველაზე ღირებული რამაა. რაიანი ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს ოჯახი და წინანდელი ურთიერთობა ცოლთან: “მითხარი, როგორი გინდა ვიყო და გავხდები ასეთი”.

რაიან გოსლინგს უხდება ასეთი მგზნებარე შეყვარებულის იმიჯი. The Notebook (2004) შიც მსგავსად იწვოდა მისი გმირი სიყვარულით, მაგრამ იქ, Blue Valentine-სგან განსხვავებით, ყველაფერი კარგად დასრულდა. მიშელ უილიამსს რაც შეეხება, ამ ფილმში პირველად ვიხილე და იმთავითვე დაიმსახურა ჩემი გულისწყრომა. სინდის როლისთვის ის ოსკარზეც წარადგინეს ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი. რაც შეეხება ფილმის რეჟისორს – Derek Cianfrance-ს – აქამდე მისი არცერთი ნამუშევარი არ მქონდა ნანახი. ძალიან ბევრი ფილმია გადაღებული წარუმატებელი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რომელიც ძალიან კარგად დაიწყო, დროთა განმავლობაში გაუარესდა და საბოლოოდ დასრულდა. განშორების მიზეზები კი ხშირ შემთხვევაში გაუგებარია. გრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ყველაფრის საფუძველი არის ურთიერთობის ხანგრძლივობა. მე კი ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა ხანგრძლივი იყოს, სიყვარული თავისით არ გაქრება, ამას აუცილებლად აქვს სხვა მიზეზები.

Blue Valentine-ში ზუსტად ეს მიზეზებია ნაჩვენები. ამ ფილმმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მკაცრ რეალობას: რამდენად ეგოისტები  და ბრმები არიან ადამიანები, რომ ვერ ხედავენ და ვერ აფასებენ იმათ, ვინც ყველაზე მეტად იმსახურებს მათ ყურადღებას. ამ ფილმის ნახვა კიდევ იმიტომ ღირს, რომ ძალიან კარგადაა ნაჩვენები ყოველდღიური ურთიერთობების პატარ-პატარა და საყვარელი მომენტები: თუნდაც, როგორ ეთამაშება რაიანის გმირი შვილს, როგორ ცდილობს მის მიერ მოწონებული გოგონას ყურადღების მიპყრობას, როგორ უნდა მცირე სიხარული მიანიჭოს პანსიონატში გადმოსახლებულ მოხუცს და ა.შ.

“როგორ უნდა ენდო საკუთარ გრძნობებს, როცა ერთ დღეს გიყვარს და მეორე დღეს აღარ” – კითხულობს საკუთარი მშობლების ცივი ურთიერთობის შემხედვარე მიშელის გმირი. ამ შეკითხვას თავადვე გასცემს მოგვიანებით პასუხს საკუთარი საქციელით. მართალია, მე კი დავეჭვდი მისი გრძნობების გულწრფელობაში, მაგრამ ეს უკვე სხვა საკითხია. თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა ენდო საკუთარ გრძნობებს?

 

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

13 Comments

საახალწლო განწყობა

სულ არ ვაპირებდი ამ თემაზე პოსტის დაწერას, მაგრამ სხვა ბლოგებს რომ გადავხედე და საახალწლო თემაზე პოსტთა რაოდენობის მომრავლება დავინახე, ჩემი ბლოგი რაღაც ბლოგოსფეროს ცხოვრებისგან მოწყვეტილი მომეჩვენა 😦 . ხოდა გადავწყვიტე დამეწერა ამ პერიოდისათვის აქტუალურ თემაზე: ახალ წელზე, უფრო კონკრეტულად კი საახალწლო განწყობაზე.

ბავშვობიდანვე გვინერგავენ, რომ ახალი წელი სასწაულების მოხდენის, სურვილების ასრულების დროა, გვაჯერებენ თოვლის ბაბუის არსებობას, გვაწერინებენ მასთან წერილებს. ყოველ ახალ წელს გვაქვს იმედი, რომ მომდევნო წელი წინაზე უკეთესი იქნება, ვზეიმობთ და გვიხარია. ერთმანეთს ვულოცავთ. გვჯერა, რომ ახალი წელი ჯადოსნური თარიღია.
ხანდახან გამოჩნდებიან ზედმეტად რეალისტი თუ პესიმისტი ბიძია–დეიდები, რომლებიც ცდილობენ ეს მხიარული საახალწლო განწყობა გაგვიუფერულონ და ბრძნული და დამცინავი სახით გვეუბნებიან: “ახალი წელი? ეს ხომ სისულელეა. ჩვეულებრივი თარიღია, რომელიც ადამიანებმა ერთფეროვნებისგან თავის დაღწევისთვის დღესასწაულად აქციეს. სინამდვილეში ახალ წელს არც არაფერი იცვლება. სასწაულებს ნუ ელოდებით.” (მსგავსი შთაბეჭდილება დამრჩა, როდესაც გიგა ზედანიას სტატია წავიკითხე)
რაღაც მხრივ ასეთი მსჯელობები სიმართლეს შეიცავს. თუმცა, ჩემი აზრით, დიახაც უნდა გვიხაროდეს ახალი წლის მოსვლა, ნაძვის ხესაც უნდა ვრთავდეთ, სუფრასაც ვაწყობდეთ, საზეიმო განწყობასაც ვიქმნიდეთ, მომდევნო წელთან დაკავშირებულ გეგმებსაც ვალაგებდეთ და რა თქმა უნდა, იმედიც უნდა გვქონდეს, რომ ყველაფერი უკეთესად იქნება. თუნდაც ამ მიზეზთა გამო:

1. ხალხს პრობლემები ისედაც არ აკლია და თუკი ახალი წლის დადგომა მცირე პოზიტივს შეიტანს ადამიანთა ცხოვრებაში, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. რა სჯობია იმას, როცა ადამიანი იმედით შეჰყურებს მომავალს და ხვალინდელი დღისგან (მომავალი წლისგან) უკეთესს მოელის. ბოლო დროს შევამჩნიე, რომ ძალიან ბევრი “იმედის ქონას” ფუქსავატი ადამიანების დამახასიათებელ თვისებად მიიჩნევს, თითქოს იმედის მქონე ადამიანი არის ზედმეტად ოპტისმისტი და ეს მისი მხრიდან ხელს უშლის მრავალი პრობლემის დანახვასა და შესაბამისად მოგვარებას. არადა იმედს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ქცევის განხორციელებისათვის. ამისთვის მცირე ფსიქოლოგიურ ახნას მოვიყვან: ობიექტს, რათა ის გახდეს რაიმე ქცევის მამოტივირებელი, უნდა ახასიათებდეს სასურველობა და მოსალოდნელობა ანუ 1)ინდივიდს უნდა უნდოდეს მისი შეძენა (ფლობა), მისთვის ღირებული უნდა იყოს და 2)ინდივიდს უნდა სჯეროდეს, რომ ამ ობიექტის შეძენა არის შესაძლებელი. იმისთვის, რომ ადამიანმა იმოქმედოს უკეთესი მომავლის შექმნისთვის, მას უნდა სჯეროდეს, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია, მოსალოდნელია გარკვეული აქტივობების შემდეგ. ანუ ინდივიდს უნდა ჰქონდეს იმედი, რომ შეძლებს დასახული მიზნის მიღწევას. წინააღმდეგ შემთხვევაში ის არაფრის გაკეთებას არ ეცდება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ახალი წლის სიხარულითა და იმედებით შეხვედრა სულაც არაა აზრს მოკლებული.
2. ახალი წლის დადგომისას ადამიანთა უმეტესობა ძალაუნებურად დაფიქრდება ხოლმე განვლილ წელზე. ახალი წელი გვიბიძგებს გავიაზროთ წინა წლის მოვლენები და დავაწყოთ სამომავლო გეგმები. მართალია, ამ პერიოდში მიღებულ გეგმათა უმრავლესობა ზედმეტად პოზიტიური განწყობის გამო არის უტოპიური, მაგრამ ზოგადად გეგმების დაწყობა მაინც დადებით მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ. ეს უფრო ზრდის დასახული მიზნის მიღწევის შანსს.

ასე რომ ახალ წელს სიხარულიც საჭიროა და საზეიმო განწყობაც. მთავარია რეალობას არ მოვწყდეთ.

ამ დღეებში ძალიან მაკლდა საახალწლო განწყობა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა და ყველაფერი ახალი წლის მოსვლას იუწყებოდა, მე არ მქონდა ამის შეგრძნება. ყველანაირად ვეცადე გამეჩინა საზეიმო განწყობა ჩემში. ამ განწყობის გაჩენის ჩემეულ ხერხებს შემოგთავაზებთ: (:დ)

1. მორთეთ სახლი: დაალაგეთ, დადგით ნაძვის ხე, შეიძინეთ საახალწლო სუვენირები და გაალამაზეთ თქვენი სახლი.
2. მოუმზადეთ საჩუქრები თქვენს საყვარელ ადამიანებს. (საჩუქრებზე გამახსენდა სიმფსონების ერთი სერია, სადაც ჰომერი ცდილობს ოჯახის წევრებისთვის საშობაო საჩუქრების ყიდვას, მაგრამ ვერ ახერხებს, რადგან საკმარისი თანხა არ აქვს. ხოდა საბოლოოდ დამწუხრებული ჰომერი ქუჩაში ნაპოვნ ძაღლს მიიყვანს სახლში საჩუქრის მაგიერ და ამით ძალიან გაახარებს ოჯახის წევრებს. საყვარელი სერიაა. ამით იმის თქმა მინდოდა, რომ სულაც არაა აუცილებელი ძვირადღირებული საჩუქრების შეძენა)
3. უყურეთ საახალწლო (საშობაო) ფილმებს. ამ კატეგორიიდან ჩემი უსაყვარლესი ფილმია “როგორ მოიპარა გრინჩმა შობა”. მაგრამ ამჯერად “მარტო სახლშის” ყურება ვამჯობინე.
4. შეარჩიეთ რას ჩაიცვამთ ახალი წლის ღამეს. იზრუნეთ, რაც შეიძლება ლამაზად გამოუყურებოდეთ.
5. გაამდიდრეთ თქვენი ფლეილისტი საახალწლო (საშობაო) სიმღერებით.


პ.ს. გილოცავთ ახალ წელს! წარმატებული და ბედნიერი წელიწადი ყოფილიყოს! 🙂

, , , , , , , , , , ,

6 Comments