Archive for ივლისი, 2014

Tbilisi Summer Set

summer set 2

Summer Set-ს ერთი წლის მანძილზე ველოდებოდი. ეს დღეც დადგა: 11 და 12 ივლისს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Summer Set ამჯერად თბილისში გაიმართა. ვეცდები ობიექტური ვიყო ამ ივენთის შეფასებისას: არც იმ კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც მიიჩნევს, რომ ორგანიზატორებისთვის მადლობის გარდა არაფერი ეთქმის, რადგანაც ასეთი კარგი მუსიკოსების მოსმენის საშუალება მისცეს, და არც იმ კატეგორიაში მოვიაზრები, ვინც ყველაფერში მხოლოდ ნეგატიურს ხედავს და ყველაფრით უკმაყოფილოა.

Summer Set-ის შეფასებისას არ შემიძლია არ ვახსენო Pre Summer Set ივენთი. 10-დან 9 ქულას მივანიჭებდი ამ ღონისძიებას: კარგი მუსიკა (line up: Greenbeam & Leon,  Pan-Pot) და შესანიშნავი გარემო. ივენთი ღია ცის ქვეშ ჩატარდა. მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა არ ცხელოდა: ნიავი სასიამოვნო სიგრილეს განიჭებდა. -1 ქულა მოუწესრიგებელ საპირფარეშოებსა და ბარმენების სიძუნწეს ხვდა:  ფასთან შედარებით  ცუდი მომსახურება ჰქონდათ – მცირე ულუფებს ასხამდნენ და ხურდასაც არ აბრუნებდნენ ხშირ შემთხვევაში.

Tbilisi Summer Set-დან ყველაზე კარგად რაც მახსენდება Sun Glitters-ისა და Moderat-ის გამოსვლაა: სხვა სამყაროში აღმოვჩნდი მათი წყალობით, იმდენად ჯადოსნურ მუსიკას უკრავდნენ. ორი სთეიჯის არსებობის გამო მინდოდა ორად გავყოფილიყავი, რადგან ორივეზე საინტერესო მუსიკოსები უკრავდნენ და მინდოდა ყველასთვის მომესმინა.

sun glitters

ახლა უარყოფით მხარეებზე გადავალ: ყველაზე მეტად რამაც შემაწუხა, იყო აუტანელი სიცხე – საუნაში გეგონებოდა თავი. მართალია, ორგანიზატორები შეგვპირდნენ, რომ მეორე დღეს სიცხის პრობლემა გამოსწორდებოდა და ყველას შეგვცივდებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. პირიქით: ტემპერატურამ ბევრად მაღალ ნიშნულს მიაღწია ვიდრე წინა დღეს. ორგანიზატორებმა ეს საკითხი შემდეგნაირად ახსნეს თავის განცხადებაში:

“ვაღიარებთ, რომ ჩვენი შეცდომა იყო ღონისძიების დიღომში ჩატარება, რადგან გარეთაც 42 გრადუსი სიცხე იყო და სამწუხაროდ ვერანაირი კონდეციონერი 5000 კაცს ერთ სივრცეში ვერ გააგრილებს. მითუმეტეს ეს 5000 კაცი თუ დადის წინ და უკან. გარე სივრცეშიც კი, ანუ ეზოშიც რომ ყოფილიყავით 5000 ერთად იგივე სიცხე იქნებოდა.
არანაირი ტყული არ ყოფილა, როდესაც ვთქვით, რომ მეორე დღისთვის დავამატებდით კონდიცირების სისტემას. ასეც იყო, უბრალოდ ამან მნიშვნელოვნად ვერ შეცვალა საერთო სურათი.”

summer set

კიდევ რაც ცუდად დამამახსოვრდა იყო ჩხუბი დაცვასა და ვიღაც ბიჭს შორის.  დაცვის წევრს ის გოგოც “შემოეცემა”, რომელიც მათ გაშველებას ცდილობდა. არაერთხელ მითქვამს, რომ ქართული ივენთების ერთი დიდი მოუგვარებელი პრობლემა დაცვაა: ხშირ შემთხვევაში უზრდელები და არაორგანიზებულები არიან, რთულ მდგომარეობას განმუხტვის ნაცვლად ძაბავენ.

moderat

ფოტო აღებულია http://www.edifeye.co.uk/ -დან

ცალკე აღნიშვნის ღირსია უკულტურო საზოგადოება, რომელიც სრულიად უმიზნოდ დაიარებოდა აქეთ-იქით გადაჭედილ დარბაზში, თავის ოფლიან ტანფეხს დაატარებდა, გეჯახებოდა და არც ბოდიშს იხდიდა, ხელს გიშლიდა მუსიკის მოსმენასა და ცეკვაში. ისიც კი ვიფიქრე, რა კარგი იქნებოდა, მსგავს ივენთებზე ნაკლები ადამიანი თუ მოვა-მეთქი. არადა, სანამ ხალხი მოგროვდებოდა, ისეთი კარგი იყო ნახევრად ცარიელ დარბაზში ცეკვა: თითქოს DJ მარტო ჩემთვის უკრავდა და არც არავინ მეჯახებოდა. იმდენად გამომიყვანა ამან წყობიდან, რომ სრულიად ვეთანხმები ივენთის გვერდზე გამოთქმულ შემდეგ წინადადებას: “აი ყველას დედას შ**ეცი ვინც ვერ გაჩერდით და დედამოტყნულ სიცხეში წინ ეტენებოდით და მერე უკან გადიოდით, ძალიან სი*ები ხართ.”

პ.ს საერთო ჯამში მაინც ვისიამოვნე Tbilisi Summer Set-ით. ორგანიზატორები, ალბათ, გაითვალისწინებენ ხალხის რჩევებს/პრეტენზიებს და Fall Set ბევრად კარგი იქნება.

, , , , , , , , , , , , , ,

1 კომენტარი