Archive for მარტი, 2014

აუდიოწიგნების პრეზენტაცია

ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი პროექტი ჩემს ცხოვრებაში დასრულდა. უფრო სწორედ, დიდი იმედი მაქვს, რომ დროებით შეჩერდა და ახლო მომავალში კვლავ გაგრძელდება. საუბარი მაქვს აუდიოწიგნების ჩაწერაზე უსინათლო ბავშვებისთვის. 25 მარტს სწორედ ამ რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია “მარიანისა” და “სამოქალაქო ინიციატივის” ორგანიზებით განხორციელდა. მის ფარგლებში 20 მხატვრული და სამეცნიერო შინაარსის წიგნი ჩაიწერა მოხალისეების მიერ. წიგნები უსინათლოთა სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების სურვილის მიხედვით შეირჩა. ჩანაწერები დაიდება Lib.ge-ზე, ასევე უფასოდ გავრცელდება რეგიონულ ბიბლიოთეკებში, უსინათლოთა კავშირის ფილიალებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რესურსცენტრებში.

აუდიოწიგნების პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში

აუდიოწიგნების პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში

როცა მოხალისეობის აპლიკაციას ვავსებდი ამ პროექტში მონაწილეობის მისაღებად, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმე იქნებოდა. თავდაპირველად მოხალისეებმა მეტყველების ინტენსიური ტრენინგი გავიარეთ: ზაფხულში, კვირაში რამდენჯერმე სამსაათიანი გაკვეთილები გვიტარდებოდა. ჩემი პირველი გაკვეთილი მეტყველებაში ძალიან კარგად მახსოვს: სუნთქვის ვარჯიშების დროს კინაღამ გული წამივიდა. უმკაცრესი ტრენერი გვყავდა – ქეთი: ერთი ციდა გოგო, რომ შეხედავ ბავშვს ჰგავს და სულ ვერ წარმოიდგენ, რომ ასეთი მკაცრი და მომთოხვნი იქნება. ქეთიმ ყველაზე დიდი შრომა გასწია. რომ არა ის, ძნელად წარმომიდგენია როგორ შედგებოდა პროექტი. ტრენინგების შემდეგ დაიწყო ჩაწერები საპატრიარქოს “რადიო ივერიასა” და საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს სტუდიებში. განსხვავებული აღმოჩნდა უშუალოდ ჩაწერის პროცესი: მიკროფონთან მუშაობისას სულ იმაზე ვფიქრობდი, ბგერები სწორად მეთქვა, სიტყვები არ შემშლოდა, მიმექცია ყურადღება ტონისა და ინტონაციისთვის. ჩაწერები რომ დავასრულეთ, აღმოჩნდა, რომ გარკვეული ნაწილი ისევ თავიდან იყო ჩასაწერი. ამიტომ პროექტი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. ყველა მოხალისე ვეცადეთ, აუდიოწიგნები რაც შეიძლება კარგი და ხარისხიანი გამოსულიყო.

კარლო კოლოდის "პინოქიოს თავგადასავალი"-ს ჩაწერის პროცესი

კარლო კოლოდის “პინოქიოს თავგადასავალი”-ს ჩაწერის პროცესი

შეგიძლიათ მოისმინოთ ჩვენი ჩანაწერების კოლაჟი:

თუკი მოხდება ფინანსების მოძიება, აუდიოწიგნების ჩაწერა კვლავ გაგრძელდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩაწერილი 20 აუდიოწიგნი ამ საინტერესო და  ძალიან კარგი პროექტის მარტო პირველი ეტაპია.

, , , , ,

10 Comments

კინოსეანსი – ოსკაროსანი ფილმები (N3)

ოსკარის დაჯილდოების 86-ე ცერემონიამ ჩაიარა. სანამ ხალხი განაგრძობს გულისწყრომის გამოხატვას, რომ ლეონარდო კვლავ ოსკარის გარეშე დატოვეს და სანამ მიდის სჯა-ბაასი იმაზე, რამდენად იმსახურებდა “მონობის 12 წელი” წლის საუკეთესო ფილმის წოდებას, შეგიძლიათ მშვიდად ჩაუჯდეთ უკვე ამა თუ იმ ნომინაციაში გამარჯვებულ ფილმებს და თავად შეაფასოთ, ვის რა ერგო დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად.

ოკსარის სხვადასხვა ნომინაციაზე წარდგენილი რამდენიმე ფილმის ჩემს შთაბეჭდილებებს შემოგთავაზებთ (ასევე შეფასებებს 10 ქულიანი სისტემით):

the wolf of wall street

The Wolf of Wall Street (4/10)

(წარდგენილი: წლის საუკეთესო ფილმი, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი)

ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუება. ამ ფილმზე ბევრი დადებითი შეფასება წავიკითხე, უფრო მეტიც: თითქმის ყველა აღფრთოვანებული იყო “უოლ სტრიტის მგელით”. ორჯერ ვცადე მისი ყურება (საკმაოდ გრძელი – სამსაათიანი ფილმია), მაგრამ ორივეჯერ ვერ ვუყურე ბოლომდე, იმდენად მოსაწყენი მეჩვენა. ესაა რეალურ ამბავზე დაფუძნებული ფილმი ნამეტანი არარეალური სცენებითა და ვითომ ბრძნული მონოლოგ-დიალოგებით. ჯერ მარტო ფილმის დასაწყისში ლეონარდოსა და მეთიუ მაკკონაჰის გმირების დიალოგი რად ღირს, სადაც პროფესიულ დონეზე წარმატების მიღწევაში მასტრუბაციის უმნიშვნელოვანეს როლზე მსჯელობენ. “უოლ სტრიტის მგელის” მთავარი გმირი ფულზე, ნარკოტიკებსა და სექსზე გაგიჟებული ტიპია, რომელსაც ჰგონია, რომ ფულით ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი. მოკლედ ლეონარდოს პერსონაჟის მიმართ იმთავითვე უარყოფითად განვეწყვე. შეიძლება ითქვას, ესაა ფილმი კაცების სამყაროზე, სადაც ქალები მხოლოდ მეორეხარისხოვანი – სექსუალური ნაშებისა თუ ცოლების როლით – შემოიფარგლებიან. ლეონარდოს რაც შეეხება, ნამდვილად კარგად ითამაშა ჯორდან ბელფორტის როლი, ამას ვერ დავუკარგავთ 🙂 პ.ს ალბათ, ოდესმე მექნება იმდენი ნებისყოფა, ამ ფილმს ბოლომდე ვუყურო.

gatsby

Great Gatsby (7/10)

(გაიმარჯვა: კოსტუმების საუკეთესო დიზაინი)

აქაც დიკაპრიო არის მთავარ როლში. მიუხედავად იმისა, რომ “დიდ გეთსბიში” ბევრად უფრო მეტია თეატრალიზებული სცენები, ფილმი საინტერესოა და ლამაზად გადაღებული. ყოველ შემთხვევაში, ფილმის პირველი ნაწილი მაინც. დასასრულს რაც შეეხება: უფრო მეტს მოველოდი – თითქოს რეჟისორმა მთელი თავისი ძალისხმევა ფილმის პირველ ნაწილზე დახარჯა. “გეთსბის” ეკრანზე გამოსვლის შემდეგ არ წყდებოდა დისკუსიები ამ ორ თემაზე: “ფილმი ჯობია თუ წიგნი” და რომ “ყველა ქალი ბოზია”.

blue-jasmine

Blue Jasmine (7/10)

(გაიმარჯვა: საუკეთესო მსახიობი ქალი)

ფილმმა დაწყებისთანავე ჩამითრია: ქეით ბლანშეტის გმირი გვერდით მჯდომ ქალბატონს, როგორც მისი დიდი ხნის მეგობარს, პირადი ცხოვრების დეტალებს უყვება. როგორც შემდეგ ირკვევა, გვერდით მჯდომი ქალი არც კი იცნობს ქეითს და სურს როგორმე მოიცილოს მომაბეზრებელი და უცნაური ქალბატონი, რომელიც უცნობებს ელაპარაკება. მოკლედ, Blue Jasmine ნერვული აშლილობის მქონე ქალზეა, რომელსაც ცხოვრებაში მეტად რთული პერიოდი უდგას. ჩემი მოლოდინი ფილმის დასასრულთან დაკავშირებით არ გამართლდა: მეგონა, ჟასმინი (ქეით ბლანშეტის გმირი) საკუთარ ღირებულებებს გადააფასებდა და ძვირადღირებული ნივთები და ფუფუნება მისთვის მეორეხარისხოვანი გახდებოდა. ფილმი ისე სრულდება, სურვილი გიჩნდება, გაიგო როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში.

შემდეგ პოსტებშიც მიმოვიხილავ ოსკარზე წარდგენილ ფილმებს ^^

, , , , , , , ,

4 Comments