Archive for სექტემბერი, 2013

Faithless თბილისში

closing day3

გადადებული Batumi Summer Set -ის ბოლო დღე გუშინ გაიმართა. როგორც იქნა, ქართველმა მსენელმა Faithless იხილა სცენაზე. მოკლედ მიმოვიხილავ რა მომეწონა ამ ღონისძიებაში და რა არა:

ადგილმდებარეობა: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, ყოფილი ქარხანის შენობა – მასშტაბური მუსიკალური ივენთებისთვის ერთ-ერთი ყველაზე შესაფერისი ადგილი. ძალიან დადებითად იმოქმდება განწყობაზე.

summer set1

ვიზუალური ეფექტები და გაფორმება: უმაგრესი. ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მხარე.

კონკურსები, პატარა აქციები: როგორც ფესტივალის წინა დღეებში, ბოლო დღესაც სხვადასხვა გათამაშებაში მონაწილეობით პრიზები მოვიგე. მსგავსი აქციების გამართვა ნებისმიერ ივენთზე არის ძალიან კარგი და კრეატიული იდეა 🙂

closing day

მუხტი: დადებითი. ხალხს ეტყობოდა რომ მუსიკის მოსასმენად, საცეკვაოდ, გასართობად და უბრალოდ განტვირვისთვის იყო მოსული. არ მეგონა ასეთი ხალხმრავალი თუ იქნებოდა ფესტივალის ბოლო დღე. Faithless-ის გამოსვლისას სცენის წინ იმდენმა ადამიანმა მოიყარა თავი, რომ სუნთქვა ჭირდა. ამ მუსიკალური პროექტის პერფორმანსმა კიდევ უფრო გააღვივა არსებული დადებითი მუხტი, რის გამოც დიდი ემოციები და აპლოდისმენტები დაიმსახურა.

მუსიკა და შემსრულებლები: მართალია კონცერტზე, პირველ რიგში, Faithless-ის გამო ვიყავი მისული, მაგრამ ფესტივალის სხვა მონაწილეებიც კარგები იყვნენ. ამ დღის ლაინ აფი ასეთი იყო:

20:00 Vako. T
22:00Vako key
23:30 Mao and The Mins
00:20 Gio Shengelia and Sikha
01:20 Faithless Live PA and DJ Set
03:20 Vincent and Lasha

ტრანსპორტი: მეტრო დელისიდან ღონისძიების გამართვის ადგილამდე  საღამოს ცხრიდან დილის ხუთამდე გადიოდნენ სპეციალური ავტობუსები. ორგანიზატორების მხრიდან მსგავს საკითხზე ზრუნვა მხოლოდ პოზიტიურად უნდა შეფასდეს.

და ბოლოს, რაც ნაკლებად მომეწონა იყო “ზვუკი”. ზოგიერთ მომენტში ბასები ძალიან ხმამაღლა ისმოდა, ვოკალის ხმა კი საერთოდ იკარებოდა.

საბოლოო ჯამში კარგი მუსიკალური ღონისძიება იყო 🙂

, , ,

1 კომენტარი

Batumi Summer Set 2013

22 და 23 აგვისტოს ბათუმში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი “ბათუმი სამერ სეტი” გაიმართა. მართალია ფესტივალი სამდღიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ორ დღეშიც საკმაოდ ბევრი დადებითი შთაბეჭდილება მივიღე.

პირველ დღეს ყველაზე მეტი ოვაცია წილად ხვდა Laid Back-ს – დანიურ ელექტრონულ დუეტს, რომელიც 1979 წლიდან არსებობს. სიმართლე გითხრათ, მათი ორადორი სიმღერა ვიცი: “Sunshine Reggae” და “Happy Dreamer”. ამ დუეტის დიდი თაყვანისმცემელი არ ვარ, ამიტომ შორიდან ვადევნებდი მათ გამოსვლას თვალს. უფრო სწორად ყურს ვუგდებდი, რადგან სცენიდან იმდენად შორს ვიყავი ამ დროს, რომ ვერც დავინახავდი.  ჩემი ფავორიტი ამ დღის ლაინ აფ-ში იყო ბრიტანელი დიჯეი  Synkro.

spp1

მეორე დღეს იმდენი ნაცნობი ვნახე, სულ აქეთ-იქით მიწევდა სიარული, ამიტომ თავიდან ბოლომდე ვერცერთ გამომსვლელს ვერ მოვუსმინე, გარდა Sleep Party People-სა: ყველაზე განსხვავებული ბენდი იყო ამ ფესტივალის ლაინ აფში. კურდღლისნიღბიანმა ბიჭებმა დანიიდან ნამდვილი ფურორი მოახდინეს სცენაზე. 

ამ დღის გამომსვლელებიდან კიდევ გამოვარჩევდი Giraffage-ს: 23 წლის კალიფორნიელ დიჯეის.

giraffage

ფოტოს პირველწყარო

ყველაზე მეტად Batumi Summer Set-ზე Faithless-ს (უფრო სწორედ პროექტს, სადაც მონაწილეობენ ამ ჯგუფის მთავარი წევრები Maxi Jazz და Sister Bliss) ველოდებოდი, რომელიც ბოლო, მესამე დღეს უნდა გამოსულიყო. ჩემი წარდგენა არ ჭირდება ამ ბრიტანულ ელექტრონულ ბენდს. “Insomnia”, “God Is a DJ”, “We Come 1” – აქედან ერთი ტრეკი მაინც გექნებათ მოსმენილი. ყველაზე საშინელი ფესტივალის ბოლო დღე გამოდგა: სამწუხაროდ, კონცერტი წვიმის გამო ჩაიშალა. Faithless-ის ნახვა არ მეღირსა. ბევრმა ცუდ ორგანიზებას დააბრალა კონცერტის ჩაშლა, იმ მიზეზით, რომ ორგანიზატორებს ამინდის პოგნოზი უნდა გაეთვალისწინებინათ. სანამ ჩაშლის დეტალებზე გადავალ, ორიოდე სიტყვით ორგანიზებაზე ვიტყვი:

ძალიან კარგად იყო მოწყობილი ფესტივალის ადგილი: გადახურული იყო საკმაოდ დიდი ტერიტორია (სამი დიდი ბარი, სცენის მიმდებარე ტერიტორია). მეორე დღეს ბევრმა წვიმას სწორედ ამ გადახურულ ადგილებს შეაფარა თავი. ასევე მომეწონა ვიზუალური გაფორმება. გარდა მუსიკის მოსმენისა შეგეძლო უამრავ საინტერესო გათამაშებაში მიგეღო მონაწილეობა და მოგეგო სხვადასხვა პრიზი. პირადად მე და ჩემმა მეგობრებმა თითქმის ყველგან მოვსინჯეთ ძალები და ფესტივალიდან საჩუქრებით დატვირთულები წამოვედით. მგონი პირველად მოხდა ისე, რომ ასეთი მასშტაბის ფესტივალზე არავის უჩხუბია, მიუხედავად იმისა, რომ გარშემო უამრავი ალკოჰოლმიღებული ყმაწვილი დაიარებოდა.

რაც შეეხება კონცერტის მესამე დღეს: ამოვარდა ძლიერი ქარი და წვიმა, ფესტივალის ტერიტორია დაიტბორა ბათუმის “საოცრებათა პარკის” სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის გამო, მოხდა მოკლე ჩართვა და დაიწვა აპარატურა. გარდა ამისა, მსგავსი სიმძლავრის შტორმი კიდევ იყო მოსალოდნელი რამდენიმე საათში, სწორედ ამიტომ ორგანიზატორებმა ფესტივალის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს. ალბათ, მომავალში საფესტივალო ადგილის შერჩევისას უფრო მეტი ყურადღება მიექცევა სანიაღვრე სისტემის გამართულობას. მაგრამ ისევე როგორც შეუძლებელია გათვალო სად, როდის და როგორი სიმძლავრის მიწისძვრა მოხდება, ასევე შეუძლებელია გამოიცნო  ამინდის ზუსტი პროგნოზი.

როგორც Batumi Summer Set-ის ფეისბუქ გვერდზე წერია ბილეთების დაბრუნების ყველა მსურველს თანხას უკან მისცემენ. სანამ ბილეთებს დააბრუნებდეთ, ერთ კარგ ამბავს გეტყვით:

20 სექტემბერს, ამჯერად თბილისში, ფესტივალის ბოლო დღე გაიმართება იმავე პროგრამით, რომელიც თავიდან იყო გაცხადებული:

20:00 Vako Key and Vako T.
22;00 Mao and The Mins
23:00 Gio Shengelia and Sikha
00:45 Rone Live
01:45 Faithless Live PA and DJ Set
03:30 Vincent and Lasha

შეინახეთ ძველი ბილეთები, გამოგადგებათ 🙂

Faithless

, , , , , , ,

4 Comments

ტრენინგი ეთნოგრაფიულში

პროექტის “აუდიოწიგნების ჩაწერა უსინათლოთათვის” პირველი ეტაპი დასრულდა. გუშინ პროექტის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს შეხვედრა გვქონდა ეთნოგრაფიულ მუზეუმში. გავუზიარეთ ერთმანეთს მუშაობის პროცესისგან მიღებული შთაბეჭდილებები, მიზნები და სურვილები.  სექტემბრიდან მცირე შესვენების შემდეგ პროექტი ისევ აქტიურად გრძელდება: დაგეგმილია 20 აუდიო წიგნის ჩაწერა, აქედან რამდენიმეს ჩაწერა უკვე დაწყებულია.  მეც ჩავწერე რაღაც ნაწილი: სამეცნიერო ლიტერატურა შემხვდა, საკმაოდ რთული ენით დაწერილი სასწავლო დამხმარე წიგნი მითოლოგიის შესახებ. სიმართლე გითხრათ, მერჩივნა მხატვრული ლიტერატურა წამეკითხა, ძალიან მინდოდა ეს ასტრიდ ლინდგრენის რომელიმე წიგნი ყოფილიყო, მაგრამ კითხვის სტილისა და მანერის მიხედვით ყველაზე მეტად ჩემი ხმა სამეცნიერო ლიტერატურას მოერგო. თუმცა, როგორც ორგანიზატორები შემპირდნენ, რაიმე მოთხრობასაც ჩამაწერინებენ გული რომ არ დამწყდეს :დ

cawera radioSi2

მეტყველების კურსისგან საკმაოდ განსხვავებული აღმოჩნდა უშუალოდ ჩაწერის პროცესი: მიკროფონთან მუშაობისას შეპყრობილი ხარ ფიქრებით, ყველა ბგერა სწორად თქვა, რამე არ შეგეშალოს, მიაქციო ყურადღება ინტონაციასა და ტონს. ეს კი მცირე დაძაბულობას იწვევს. თუმცა, ყველაფერს თანდათან ეჩვევი. არ მეგონა, რომ სამუშაო ასეთი შრომატევადი იქნებოდა. მაგრამ რაც უფრო მეტს დებ ამა თუ იმ საქმეში, მით უფრო მეტს იღებ.

treningi3

treningi4

ტრენინგზე ვიხილე უსინათლოთათვის განკუთვნილი სხვადასხვა დამხმარე საშუალებები: სანტიმეტრი, სახაზავი, კალამი და დაფა, რომლის საშუალებითაც წერენ, კალკულატორი, რუკები, ნახატები, ბრაილის შრიფტით დაწერილი “ვეფხისტყაოსანი” (უზარმაზარი წიგნი, რომელიც ერთ-ერთ ტომს წარმოადგენდა)… გარდა ამისა, ტრენინგზე მონაწილეებმა გავიკეთეთ სპეციალური სათვალე, რომელიც არ ატარებს სინათლეს და ამ სათვალეებში გამცილებლის დახმარებით დავათვალიერეთ მუზეუმი.

treningi6

treningi5

ორგანიზაცია “მარიანის” წარმომადგენლებმა დაგვირიგეს ბროშურები, სადაც წერია რჩევები როგორ უნდა დავეხმაროთ უსინათლო ადამიანს გადაადგილებისას. მაგალითად, არასდროს მიაწვეთ მას უკნიდან, გამცილებელი ერთი ნაბიჯით წინ უნდა იდგეს. მიმართულების ახსნისას არ გამოიყენოთ ისეთი ფრაზები როგორიცაა: იქით შეუხვიეთ, აქეთ გადმოდით და ა.შ. ამის ნაცვლად უთხარით უშუალოდ რომელ მხარეს წავიდეს: მარჯვნივ, მარცხნივ, უკან და ა.შ.

პ.ს. ძალიან საინტერესო დღე იყო 🙂

, , , ,

დატოვე კომენტარი