Archive for მაისი, 2010

აჯაფსანდალი, რომელიც მერიამ შემოგვთავაზა

დღეს დიდი აურზაური იყო თბილის-ქალაქში. დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობდა სრულიად საქართველო. ჯერ ყვავილების ფესტივალი გაიმართა შარდენზე, გმირთა მოედანზე მემორიალი გაიხსნა, ევროპის მოედანზე კი ყვავილების საათი გაკეთდა, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობაც დღეს დასრულდა, ამ ყველაფერთან ერთად ტრადიციულად აღლუმიც მოეწყო. დამოუკიდებლობის დღის ზეიმი დაგვირგვინდა, როგორც ქართული მედია გვაუწყებს, გრანდიოზული გალა-კონცერტით. სპეციალურად ამ კონცერტისთვის საქართველოში ჩამოვიდა Boney M, ასევე მანანა მენაბდე და ნიკა კოჩაროვი. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ფრიად გავოცდი კონცერტის მონაწილეთა ვინაობა რომ გავიგე: სად კოჩაროვი და სად გულნაზ გოლეთიანი, ან სად ლადო ბურდული და სად სუხიშვილები :|ალბათ მიზანი რაც შეიძლება მეტი ხალხის მოზიდვა იყო, რასაც მიაღწიეს კიდეც. თავიდან ამდენი ადამიანი რომ დავინახე, რატომღაც ჯექსონის კონცერტი გამახსენდა. უამრავი ფანი რომაა შეკრებილი, თან ყვირიან “მაიკლ, მაიკლ!!!” და მაიკლის დანახვაზე გული მისდით. მშვიდობის ხიდთან შეკრებილ ხალხს ვისი ნახვა ან მოსმენა უნდოდა, არ ვიცი. ფაქტია, რომ თუ მთლად სცენასთან არ იდგებოდი, ეს შეუძლებელი იყო: მუსიკის უსაშინლესი ჟღერადობა იდგა (‘ზვუკი” ანუ). მეგობრებთან ერთად მივედი და 10 წუთზე მეტხანს ვერ გავჩერდი. პრინციპში არც ვაპირებდით იქ დარჩენას, უბრალოდ გვაინტერესებდა რა ხდებოდა. სცენაზე ვიღაც გამოვიდა და მგონი სიმღერა დაიწყო, მაგრამ ჩვენ არაფერი არ გვესმოდა და ვერც ვხედავდით ვინ იდგა სცენაზე. შეიძლება Boney M-ის გამო შეიკრიბა ამდენი მოქალაქე. მაგრამ მე თუ მკითხავ, რაღა დროს Boney M-ია, ან აღარ მობეზრდათ როგორც ჩემი ერთი მეგობარი ამბობს ხოლმე, ამ “ნაფტალინისსუნიანი” ჯგუფების ჩამოყვანა? საერთოდ კი ასეთი დასკვნა გამოვიტანე, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, ასეთ კონცერტს არ უნდა დაესწროს.
დღეს ზუგდიდშიც დიდი აურზაური იყო: იქაც კონცერტი მოეწყო, სადაც მონაწილეობდნენ MС Solaar, Youssou N’dour, Youssoupha, DJ Maia K, Jane Birkin, Grace, ასევე სალომე კორკოტაშვილი, მგზავრები, პორნოპოეზია, String, Rema. იმედი მაქვს, რომ იქ უკეთესი სიტუაცია იყო, ვიდრე აქ მშვიდობის ხიდთან. კონცერტი დევნილების მხარდასაჭერად გაიმართა. ერთერთ პლაკატს რომ მოვკარი თვალი, საიდანაც MС Solaar ნაღვლიანი მზერით შემომცქეროდა, ქვემოთ კი წარწერა იყო “დღეს მეც დევნილი ვარ”, გული ამიჩუყდა და რამის თვალზე ცრემლი მომადგა. ძალიან კარგია, რომ ზუგდიდში გაიმართა ასეთი ღონისძიება, აბა ყველაფერი მარტო თბილისში ხომ არ უნდა ხდებოდეს? ისიც კარგია, რომ დევნილები გვახსოვს და მათ დახმარებას ვცდილობთ. მაგრამ სამწუხაროა, რომ საქართველოში გამართულ კონცერტთა უმეტესობას პოლიტიკური დათვირთვა აქვს და მუსიკა მეორეხარისხოვანია. ამაზე კარგი პოსტი დაწერა ნასტასიამ.

გაღიზიანებული წამოვედი სახლში, ამდენი ხალხის ბედნიერი სახე რომ ვნახე. მაინც რა უხაროდათ არ მესმის. მერე ალბათ ტვ-ში შემდეგი სახის კომენტარებს გააკეთებენ:”არაჩვეულებრივი კონცერტი იყო. ძალიან ვისიამოვნე. კარგი იქნება თუ ხშირად გაიმართება მსგავსი ღონისძიებები. მადლობა მერიას.”
მე კი ჩემდათავად ვიტყვი, მადლობა მერიას არაჩვეულებრივი აჯაფსანდალისთვის!

გთავაზობთ 26 მაისის სურათებს, ცუდი ხარისხისაა, მაგრამ მათი დადება მაინც გადავწყვიტე 🙂


მშვიდობის ხიდს მოუხდა სცენა 😛


ხალხი “გრუზავიკზე” შემომსხდარიც კი ადევნებდა თვალყურს კონცერტს :დ


პირდაპირი ჩართვა რუსთავი2-დან


ეს ფოტო არაფერ შუაშია დღევადნელ კონცერტთან, უბრალოდ გაჩერებაზე შემთხვევით ვნახე და საინტერესოდ მომეჩვენა 😛

, , , , , , , , , ,

9 Comments

სად უნდა ვეძებოთ ქართველი ქალების მიგრაციის მიზეზი

სიდუხჭირის გამო ქალი იძულებულია წავიდეს საზღვარგარეთ. იქ დღედაღამ დაუღალავად მუშაობს, გამომუშავებულ ფულს კი საქართველოში დარჩენილ ოჯახს უგზავნის. ამ ფულით შვილი ახალ მობილურს ყიდულობს, სახლში ევრორემონტს აკეთებენ, ქმარი საყვარელსაც ამით არჩენს. მოკლედ ცხოვრებას იწყობენ ქმარიც, შვილიც და ქმრის საყვარელიც. ეს ყველაფერი საზღვარგარეთ მომუშავე ცოლის მიერ გამოგზავნილი ფულის ხარჯზე ხდება. ალბათ ბევრისთვის ნაცნობი სიტუაციაა. ზოგმა შესაძლოა ამ ქალში მეზობელი, ნათესავი, ან სულაც საკუთარი დედა ან ცოლი ამოიცნოს. სამწუხარო რეალობაა. მაინც რა არის ქართველი ქალების მიგრაციის მიზეზი? მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა? თუ სხვა მიზეზებიც გამოიძებნება? ზუსტად ამ თემას ეხებოდა ამას წინათ გოეთეს ინსტიტუტში გამართული დისკუსია. დისკუსიამდე ნინო ფურცხვანიძის დოკუმენტური ფილმი “რა თქმა უნდა ამერიკაში” აჩვენეს. საინტერესო ფილმია: მთავარი გმირი ქეთინო ხარშილაძე ბავშვობიდან ოცნებობს ამერიკაში წასვლაზე. ერთ მშვენიერ დღესაც ოცნება აუხდება: ის არალეგალური გზით ამერიკაში გაემგზავრება. ქეთინო აღწერს, როგორ ხდება კანონის დარღვევით მიგრანტების გადაყვანა ამერიკაში, რამდენად რთული და საშიში საქმეა ეს. ქეთინოს იჭერენ და ის ამერიკულ ციხეში ხვდება, მაგრამ ფილმის გმირი მაინც ბედნიერია. ამერიკული ციხე მისთვის კურორტივითაა. ქეთინო ამბობს, რომ ეს არალეგალური მოგზაურობა მისთვის საინტერესო და მრავალფეროვნებით აღსავსე იყო. მან უდიდესი გამოცდილება მიიღო. მომავალი მეუღლეც, ჯონი, ამერიკაში გაიცნო. რამდენიმე წლის მერე ქეთინოს ისევ საქართველოში აბრუნებენ. ახლა ის ისევ აქაა და ისევ ამერიკაში წასვლაზე ოცნებობს.

“მიგრაცია არ არის მხოლოდ ეკონომიკური მოტივით განპირობებული”, – აღნიშნა დისკუსიაზე ფილოსოფოსმა ლელა გაფრინდაშვილმა. “ერთერთი დაფარული მოტივია კარჩაკეტილობისგან, ერთფეროვნებისგან თავის დაღწევა, თავისუფლების მოპოვების მოტივი”. ლელა გაფრინდაშვილმა მაგალითად მოიყვანა ერთერთი შეძლებული ქართველი ქალბატონის ამბავი, რომელიც, მიუხედავად შესანიშნავი ეკონომიკური მდგომარეობისა, საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდა და თბილისში დატოვა ქმარ-შვილი. “ძალიან ბევრმა ემიგრირებულმა ქალმა ხელახლა აღმოაჩინა საკუთარი თავი”.

მართლაც, უცხო ქვეყანაში ყოფნა უდიდეს თავისუფლებას განიჭებს. შენ შეგიძლია თავი შორს დაიჭირო როგორც იქაური, ასევე შენი კულტურისაგან, შენ აღარ ხარ შებოჭილი მშობლიური დაუწერელი სოციალური ნორმებით. უცხოელობა – ეს ერთგვარი მომგებიანი როლია.

მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციას აქვს უარყოფითი მხარეები (შორდები შენს ოჯახს, ეწევი მძიმე სამუშაოს), მას პლუსებიც გააჩნია: ახალი გარემო საუკეთესო საშუალებას ქმნის იმისთვის, რათა გაერკვე შენს თავში, ხელახლა აღმოაჩინო ის, მოიპოვო შინაგანი თავისუფლება, მიიღო უდიდესი გამოცდილება. თუ გვინდა, რომ ქალებმა არ მიატოვონ ოჯახები, მარტოოდენ ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების გზით ეს შეუძლებელი იქნება. ცოტა უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ ცოლებსა და დედებს, უფრო მეტი თავისუფლება მიანიჭეთ – ასეთ დასკვნამდე მივედი დისკუსიის შემდეგ 😀

, , , , , ,

3 Comments

Nights Of Arles in Tbilisi

15 მაისს თბილისში ერთდროულად 3 ადგილას: აბანოთ-უბანში, გუდიაშვილის ბაღსა და შარდენზე ღია ცის ქვეშ გაიმართა კონცერტი. კონცერტზე გამოვიდნენ ის ახალბედა ბენდები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს Tbilisi Alter\Vision\stars for newcomers-ში.. მუსიკოსები ასე განაწილდნენ სცენის ადგილმდებარეობის მიხედვით: აბანოებთან Mirror Illusion, Rema და პორნოპოეზია უკარვდნენ, შარდენზე The Georgians, Ketrine and me, ABC, გუდიაშვილის ბაღში კი Me and My Monkey და Forest.


The Georgians
Tbilisi Open Air-ს ფესტივალს მონატრებულს ერთი სული მქონდა როდის დადგებოდა 15 მაისი. ეს ფესტივალი შარშან ზუსტად ამ დროს დაიწყო. ორგანიზატორების თქმით, Tbilisi Open Air 2010 აგვისტოს გაიმართება ბათუმში და შესაძლოა Prodigy ჩამოიყვანონ. ეს ინფორმაცია პირად საუბრებში გაისმა, ოფიციალური განცხადება ამასთან დაკავშირებით ჯერ არ გაკეთებულა. Nights Of Arles in Tbilisi-მ სულ მცირედ მაინც დააკმაყოფილა ჩემი სურვილი Open Air-ის ფესტზე ყოფნისა.
ჩემი პირველი უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ სამივე სცენაზე კონცერტი იწყებოდა ერთსა და იმავე დროს: 8 საათზე. არადა ყველა ჯგუფის გამოსვლა მაინტერესებდა, ეს კი შეუძლებელი აღმოჩნდა. უკეთესი იქნებოდა სხვადასხვა დროს დაწყებულიყო ეს კონცერტები. სამი სცენის იდეა თავიდან არ მომეწონა, მაგრამ მერე რომ ვნახე თბილისის ქუჩებში აქთ-იქით, ერთი სცენიდან მეორისკენ მოსიარულე ხალხი, ეს იდეაც დავაფასე. პატარა “მოგზაურობას” დაესმგავსა ეს მიმოსვლა: ტოვებდი ერთ სეცნას და მიდოდი მეორესთან იმის ფიქრით, აბა აქ ახლა ვინ უკრავს ნეტავ, როგორი სცენაა, როგორი ხმაა, სჯობია თუ არა პირველ სცენას, რამდენი ხალხი იქნება, ნაცნობები თუ იქნებიან და ა.შ. სხვების არ ვიცი, მაგრამ მე კი ნამდვილად ამ ფიქრებით მივდიოდი სხვა სცენისკენ.
თავიდან ბევრი წუწუნი მოვისმინე ხმის ჟღერადობაზე. ნახეს რა გამომსვლელმა ბენდებმა აპარატურა, მაშინვე გამოთქვეს უკმაყოფილება: ამ აპარატურით რა “ზვუკი” უნდა დააყენო, საშინელება იქნებაო. ამ სამი სცენის აწყობას სჯობდა ერთი გაეკეთებინათ და ხარისხიანი აპარატურა დაედგათო. საბოლოოდ კონცერტზე ხმის ნორმალური ჟღერადობა იყო (ნორმალურში ვგულისხმობ თბილისისთვის, საქართველოსთვის ნორმალურს 😀 )


My And My Monkey

შარდენზე კონცერტი რამდენიმე წუთით შეჩერდა: სიონიდან გადმოსულმა მღვდლებმა ორგანიზატორებს სთხოვეს ცოტა ხნით შეეწყვიტათ დაკვრა, რადგან პატრიარქი იყო მობრძანებული ტაძარში. Sound-check-იც მოგვიანებით შედგა, რადგან სიონში ამ დროს წირვა მიმდინარეობდა. ადრეც მითქვამს, რომ როკ-კონცერტზე ანაფორიანების დანახვა შიშს მგვრის. თანაც ხალხში მმკ-ს რამდენიმე წევრი დავლანდე 😐 საბედნიეროდ კონცერტი მშვიდობიანად გაგრძელდა და დასრულდა.

ამ დღეს ვნახე უამრავი ნაცნობი, დავლიე ბევრი ლუდი, ვიცეკვე დაღლამდე. მოკლედ მშვენიერი დრო გავატარე 🙂

, , , , , , , , , , , ,

11 Comments

Traditional Media vs Social Media

დღეს გავიცანი ბლოგსივრცის კორიფეები (:P): დოდკა, თინი, ლანდიშა, katiee, piccolina . დოდკამ შემოგვთავაზა მინიპროექტში მონაწილეობა, რომელიც ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის მხარდაჭერით შედგება. პროექტი შემდგომში მდგომარეობს: უნდა გავაშუქოთ არჩევნების პროცესი თბილისის უბნებში. ამასთან ერთად რეგიონებში არჩევნებს გააშუქებენ იქაური მედიის წარმომადგენლები. შემდეგ ეს ინფრომაცია დაიდება ბლოგზე და მოხდება ტრადიციული (რეგიონის ჟურნალისტები) და სოციალური მედიის (ჩვენ, ბლოგერები) მიერ მოპოვებული ინფორმაციის შედარება. ამ ყველაფერს ერთგვარი “კონკურსის” სახე ექნება.
ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე გავიცანი ასევე რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტები. ძალიან კარგი ტიპები არიან. გულისხმიერები, აქტიურები, ყოველთვის მზად არიან დაგეხმარონ, გამოცდილება გაგიზიარონ. ია ანთაძისგან ბევრი მსმენია რეგიონის ჟურნალისტების პროფესიონალიზმზე. ნამდვილად კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ ტრადიციულ და სოციალურ მედიას შორის მსგავსებებსა და განსხვავებებზე, მათ უპირატესობებსა თუ ნაკლზე. ორივე “ბანაკის” წარმომადგენლები ვცდილობდით წარმოგვეჩინა ჩვენი მედია უპირატესად მეორესთან შედარებით 😀 უნდა აღინიშნოს რომ ორივეს აქვს ნაკლი და დადებითი მხარე. შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო ეს მხარეები: ტრადიციული მედიის უპირატესობად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ მას სოციალურთან შედარებით უფრო დიდი აუდიტორია ჰყავს. (თუმცა, ეს დროებითი მოვლენაა ჩემი აზრით. აქტიური ინტერნეტიზაციის პირობებში სოციალური მედიის მომხმარებელთა რაოდენობა უფრო გაიზრდება). ასევე ინფორმაცია არის უფრო მეტად ობიექტური. ყველაზე დიდი ნაკლი ისაა, რომ შესაძლებელია მედიის კონტროლი, ჟურნალისტები შეზღუდულები არიან თავისუფლებაში. სოციალური მედიის დადებითი მხარეა ის, რომ ინფორმაციის გავრცელება არ არის დაკავშირებული არანაირ ფინანსებთან (მთავარია ხელი მიგიწვდებოდეს ინტერნეტზე). ასევე ამ ინფომაციის გაცნობაც არაა დაკავშირებული ხარჯებთან. ინფორმაცია არის უფრო მრავალფეროვანი, სოციალური მედიის მუშაკები (ოჰ როგორ მიყვარს ეს სიტყვა მ უ შ ა კ ი ) უფრო თავისუფლები არიან. უარყოფითი მხარეა ის, რომ ინფორმაცია შეიძლება იყოს ა) ზედმეტად სუბიექტური, ბ) პირადული – სავსებით შესაძლებელია ვინმემ არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის გამოიყენოს ეს ინფორმაცია. რადგან სოციალური მედიის წარმომადგენლები არ იცავენ სტანდარტებს, მაგალითად, არ გადაამოწმებენ იფორმაციას და გრძნობენ ნაკლებ პასუხისმგებლობას, ამის გამო უფრო დიდი შანსია გახდნენ დეზინფორმაციის გამვრცელებლები.

რომელი მედია უფრო დიდ ნდობას იმსახურებს საზოგადოებაში, ამის გარკვევა რთული საკითხია. მე მაგალითად, ამბებს რა ხდება საქართველოში, ძირითადად facebook-იდან და ბლოგებიდან ვიგებ. რა თქმა უნდა ამით არ ამოუწურება ტრადიციული და სოციალური მედიის შედარების თემა. რავ ყველაზე მნიშვნელოვნად მივიჩნიე, ის ჩამოვთვალე.

რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებმა გაგვიზიარეს არჩევნების გაშუქების გამოცდილება. ესე იგი, თუ ოდესმე მოგინდებათ დააკვირდეთ არჩევნებს, პირველი რიგში უნდა ა) გაიაროთ აკრედიტაცია ცესკო-ში, ბ) გაეცნოთ საარჩევნო კოდექსს, გ) მოიპოვოთ საჭირო კონტაქტები (გქონდეთ კავშირი სხვა დამკვირვებელ ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ა.შ). უკვე ამის შემდეგ უნდა გამოცხადდეთ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე და დააკვირდეთ არჩევნებს, ჩაინიშნოთ დარღვევები, სტატისტიკური მონაცემები არჩევნებისა, საინტერესო განცხადებები და მოკლედ ყველაფერი ის, რასაც საჭიროდ მიიჩნევთ.

მე პირადად არჩევნების ორი სხვადასხვა მედიის წამომადგენლების მიერ გაშუქებისა და მერე შედარებების გაკეთების იდეა საინტერესოდ მომეჩვენა. მთავარია როგორი გამოვა ეს ყველაფერი. წავედი ახლა, საარჩევნო კოდექსს უნდა გადავხედო 😀 😀 😀

, , , , ,

დატოვე კომენტარი

უნიჭობის ზეიმი – Tbilisi Fashion Week, Newcomers Day

9 მაისს თბილისის მოდის კვირეულზე გაიმართა 12 ახალბედა დიზაინერის კოლექციის ჩვენება. Tbilisi fashion week-მა სტარტი 6 მაისს აიღო Radisson Blue Iveria-ში. მასში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ცნობილმა ქართველმა დიზაინერებმა, როგორიცაა თამუნა ინგოროყვა, ბიჭოლა, დათუნა სულიკაშვილი … დაახლოებით ერთი თვით ადრე, მარტში, თბილისში გაიმართა მოდის კვირეული, ოღონდ Georgian Fashion Week-ის სახელით. ჩემთვის გაუგებარია რა განსხვავებაა Tbilisi fashion week-სა და Georgian Fashion Week-ს შორის, ან რა საჭიროა მოდის ორი კვირეულის გამართვა ერთსა და იმავე დროს? (წესით უნდა ჩატარდეს წელიწადში ორჯერ: გაზაფხული-ზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის კოლექციების საჩვენებლად) ეტყობა აქაც თავი იჩინა ქართველების ორიგინალურმა ჩვეულებამ: ყველაფრის აღნიშვნა ხომ ორჯერ გვიყვარს 😀
Georgian Fashion Week-გან განსხვავებით თბილისის მოდის კვირეული შედარებით ნაკლები გრანდიოზულობით მიმდინარეობს (11 მაისს არის დახურვა). ყოველ შემთხვევაში მედიასა და საზოგადოებაში მას ნაკლები ყურადღება ხვდა წილად. შეიძლება ეს იმის გამოა, რომ ქართული მოდის კვირეული პირველად ჩატარდა საქართველოში და თან უფრო ადრე. Georgian Fashion Week-ის აურზაური კარგად მახსოვს: წითელ ხალიჩასთან ჩასაფრებული ჟურნალისტები, გამოპრანჭული “ფეშენ” საზოგადოება, რომლის წარმომადგენლებიც სიამოვნებით ყვებოდნენ კამერის წინ ვისი ტანისამოსი ეცვათ, ჩვენების ბოლოს კი ელვისებური სისწრაფით გარბოდნენ შოუ-რუმისკენ მოსალოცად, გავსებული დარბაზი (ერთი ამბავი ყოფილა სკამების დაკავებაზე)…
ასეთ ფაქტებს 9 მაისს არ ჰქონია ადგილი. პოდიუმი მშვენივრად იყო მოწყობილი, ადგილების დაკავებაზეც არ იყო წეწვა-გლეჯა და ფეხზე დაბიჯებებსაც ავცდი 😀 დიზაინერებს რაც შეეხება: იყვნენ ისეთები, ვისაც საინტერესო და ორიგინალური კოლექციები ჰქონდათ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც გაუგაბარია რატომ მოხვდნენ Fashion week-ზე: მაგალითად მათ კოლექციას ამშვენებდა ჩვეულებრივ მაღაზიაში თუ ბაზრობაზე ნაყიდი ჯინსის შარვალი 😐 მომეწონა კოლექცია სათამაშოებით, ასევე ნაქსოვი და საბჭოთა თემაზე შექმნილი კოლექციები. 12 ახალბედა დიზაინერთაგან ჟიურის უნდა შეერჩია ერთი გამარჯვებული, ჯილდო მთელ კოლექციის დაფინანსება იყო. მოდელების შექმნა ძვირი ჯდება, მითუმეტეს ახალბედა დიზაინერებს არ აქვთ იმის საშუალება რომ ერთი სრულყოფილი კოლექცია შექმნან. ზოგ დიზაინერს მხოლოდ 5 მოდელი ჰქონდა გამოტანილი. ჟიურის გადაწყვეტილებით (ერთერთი წევრი იყო მაკა ასათიანი, დანარჩენები არ მახსოვს) გამარჯვებული გახდა შაკო ნიკვა. მე განსაკუთრებული ვერაფერი დავინახე მის კოლექციაში, ჩემი აზრით, ასეთი ტანისამოსის შექმნას ყველა შეძლებდა: “კალგოტკები” და ზემოდან შავი ფერის კოსტიუმები:| რა პრინციპით შეირჩა გამარჯვებული, გაუგებარია.  ასევე გაუგებარია რატომ მოხვდნენ პოდიუმზე მოდელები, რომლებმაც სიარულიც კი არ იცოდნენ. საერთოდ გავრცელებული აზრია, რომ ქართველი მოდელი გოგონები შეუხედავები და მახინჯები არიან. იქ იყო რამდენიმე ისეთი მოდელიც, რომელიც ამ შეხედულებას ამართლებდა. დიდი მნიშვნელობა აქვს კოლექციის ჩვენებისას ვინ აჩვენებს მას, როგორ და რა მუსიკის ფონზე. შეიძლება ტანისამოსი არაჩვეულებრივად ლამაზი და ორიგინალური იყოს, მაგრამ თუ მოდელები არ შეეფერებიან მას, ვერ მიიტანენ მაყურებლამდე ტანისამოსის სილამაზეს. ამ შემთხვევაში წარუმატებლობა დიზაინერისთვის გარანტირებულია. რაც შეეხება Tbilisi Fashion Week-ის მუსიკალურ გაფორმებას, ზოგი დიზაინერის კოლექციის მუსიკალური გაფორმება ძალიან მომეწონა, ზოგზე კი თითქმის ჩამეძინა (მაგალითად, ნაქსოვი მოდელების ჩვენებისას). იმედია მომავალში თბილისის მოდის კვირეულზე ახალბედა დიზაინერთაგან გამარჯვებულის შერჩევის კრიტერიუმები უფრო ნათელი იქნება, მოდელები უფრო დახვეწილები და პოდიუმზე სიარულის მცოდნეები, მუსიკალური რეჟისორი კი უფრო გამოცდილი 🙂

, , , , , , , ,

9 Comments

Salad Fingers – რა ხდება ჩვენს ქვეცნობიერში

Salad-Fingers

ამ მწვანე არსებას Salad Fingers ჰქვია. ის ამავე სახელწოდების სურეალისტური მულტფილმის გმირია. “Salad Fingers” ფსიქოლოგიური ჰორორ-ანიმაციაა, შავი იუმორით. ცოტა არ იყოს დამთრგუნავი მულტფილმია, თუმცა, შიგადაშიგ არის სასაცილო მომენტებიც. მთავარი გმირი ადამიანის მსგავსი არსებაა, რომელიც სიამოვნებას იღებს თითების ამა თუ იმ საგანზე ხახუნით. ცოტა დეპრესიული ტიპია, გიჟი და საშიშიც. მაგრამ კეთილი გული აქვს. ერთ უბადრუკ, უდაბნოს მსგავს ადგილას ცხოვრობს სრულიად მარტო. თავის წარმოსახვაში აცოცხლებს უსულო საგნებს და ელაპარაკება ხოლმე. მაგალითად, უყვარს საკუთარ თითებთან ლაპარაკი. ერთერთ სერიაში გვამს იპოვის საკუთარი სახლის მახლობლად, აბაზანას მიაღებინებს და ერთ ჭიქა ჩაიზეც მიიპატიჟებს შინ. ერთი სიტყვით, Salad Fingers საშინლად მარტოსულია.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მულტფილმის მუსიკალური გაფორმება. განწყობა, რომელიც “Salad Fingers” -ის ყურებისას დაგეუფლებათ, პირველ რიგში, შემზარავი მუსიკის დამსახურებაა. მულტფილმში გამოყენებული მელოდიები ეკუთვნის ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის ნაცნობ ბენდებს Boards of Canada, Aphex Twin , მუსიკოსს Brian Eno … ერთი სიტყვით, მუსიკა ძალიან შთამბეჭდავია.

“Salad Fingers” 2004 წელს შექმნა ინგლისელმა David Firth-მა, რომელიც მხოლოდ 27 წლისაა (მე პირადად მეგონა, რომ უფრო ხნიერი უნდა ყოფილიყო). დევიდი სხვა ანიმაციური ფილმების ავტორიცაა, მაგალითად “Burnt Face Man”. ეს უკანასკნელი წარმოადგენს სუპერმენის ერთგვარ პაროდიას. “Salad Fingers”-თან შედარებით უფრო კომედიურია, თუმცა, ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, როგორც “სალათის თითებიანმა” 😀 დევიდი შთაგონების წყაროდ მიიჩნევს South Park-ს, რეჟისორებს Tim Burton-სა და David Lynch-ს.

უყურეთ “Salad Fingers” და თქვენ აღმოჩნდებით სურეალისტურ სამყაროში, რომელიც საზიზღარ სიზმარს ჰგავს. გაფრხთილება: არავითარ შემთხვევაში არ ანახოთ ეს მულტფილმი ბავშვებს!

, , , , , , , , ,

1 კომენტარი