Posts Tagged ჟურნალისტი

რატომ ვაშეარებ ნაგავს


ხანდახან ხდება ხოლმე რომ ფეისბუქზე “ნაგავს” ვაშეარებ, მაგალითად აი ასეთს. რატომ უნდა გაგიჩნდეს “ნაგვის” სხვებისთვის გაზიარების სურვილი და ამით ამ პროდუქტს ერთგვარი რეკლამირება გაუწიო? ლოგიკური და მართებული კითხვაა. პირველ რიგში, უნდა განვმარტო, რომ “ნაგავ” ინფორმაციაში ვგულისხმობ არაეთიკურ და არაპროფესიონალურ ჟურნალისტურ პროდუქტს. შევეცდები თანმიმდევრულად ავსხნა, რატომ იქცევს ხოლმე “ნაგავი” ჩემს ყურადღებას.

1) რატომ ვუყურებ “ნაგავ” სიუჟეტებს? როცა რაღაცას აფასებ, მითუმეტეს აკრიტიკებ, შენი კრიტიკის საგანს კარგად უნდა იცნობდე. ყოველ შემთხვევაში, გარკვეული წარმოდგენა მაინც უნდა გქონდეს ამ რაღაცის შესახებ. როგორ უნდა თქვა სიუჟეტზე “ნაგავიაო” თუ ნანახი არ გაქვს. მითუმეტეს ეს არ არის 2 საათიანი ფილმი, რომ მასზე დროის დახარჯვა დაგენანოს. მართალია, ყოველი წუთი ძვირფასია, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ განსაკუთრებით დიდ დროს არ მოითხოვს კრიტიკის მსგავსი ობიექტის გაცნობა.

2) პირველი პუნქტიდან გამომდინარე გასაგებია, რატომ ვეცნობი ხოლმე ინფორმაციას პირობითი სახელით “ნაგავი”. მაგრამ ჩნდება მეორე კითხვა: მას შემდეგ როცა პირადად გაეცნობი ამ ინფორმაციას, რა საჭიროა მისი გაზიარება სხვებისთვის? ინფორმაცია, რომელზეც ვსაუბრობ, არის ჟურნალისტური პროდუქტი, სადაც ხშირ შემთხვევაში ირღვევა როგორც რესპონდენტთა უფლებები, ასევე მაყურებელთა უფლება მიიღოს ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია. ეს არ არის უხარისხო ფილმი ან წიგნი, რომლის სხვებისთვის გაზიარებაც, თუნდაც ფეისბუქზე, ცოტა ლოგიკასაა მოკლებული. ძალიან იმედგაცრუებული უნდა დავრჩე ფილმით, რომ მერე ფეისბუქზე დავაშეარო და აღვნიშნო ამის შესახებ. თანაც ანტირეკლამაც რეკლამააო და პირადად ჩემს შემთხვევაში ის უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, ვიდრე ჩვეულებრივი რეკლამა.

მაგრამ ზემოთხსენებული “ნაგავი” ინფორმაცია უბრალოდ უხარისხო პროდუქტი არ არის: პირველ რიგში, აღმაშფოთებელია ის, თუ როგორ ირღვევა ამ პროდუქტით სხვისი უფლებები. რამდენმა ადამიანმა იცის, რომ ჟურნალისტს არ აქვს უფლება რესპოდენტთან შეუთანხმებლად ჩაიწეროს მისი საუბარი გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა? რამდენმა ადამიანმა იცის, რომ დაუშვებელია დანაშაულში ეჭვმიტანილისა თუ უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულის ვინაობის გამხელა ჟურნალისტის მიერ? ბევრ ადამიანს ძალიან მწირი წარმოდგენა აქვს ჟურნალისტის უფლება-მოვალეობების შესახებ. ხშირ შემხთვევაში იმ რესპოდენტებმაც კი რომელთა, სიტყვაზე ვთქვათ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაირღვა ამა თუ იმ სიუჟეტით, არ იციან ამის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უჩივლებდნენ სიუჟეტის ავტორს ან პროტესტს მაინც გამოთქვამდნენ ამის შესახებ. ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, მსგავსი “ნაგავი” სიუჟეტები დისკუსიის საგნად იქცეს და ამ დისკუსიაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს. სწორედ ამ მიზნით გამართლებულად მიმაჩნია “ნაგვის” დაშეარება თუ ყურება. მგონია, რომ თუკი საზოგადოებას მსგავსი ჟურნალისტური პროდუქტების მიმართ შესაბამისი რეაქცია ექნება, მათი რიცხვი იკლებს. იგნორირება მსგავსი ინფორმაციისა, მისი არდანახვა არ მგონია კარგი გამოსავალი იყოს. :/

, , , , , , , , , , , , ,

3 Comments

უნდა ჰქონდეს თუ არა ჟურნალისტს ბლოგი

ბევრ მედიასაშუალებაში ჟურნალისტს ეკრძალება ბლოგის წარმოება. ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზად სახელდება ის, რომ მედიამუშაკმა პირადი აზრების საჯაროდ გამოხატვისას შეიძლება ზიანი მიაყენოს მედიასაშუალების სახელს. გარდა ამისა, შესაძლოა საზოგადოების მხრიდან იკლოს ნდობამ მედიამუშაკის მიერ შექმნილი პროდუქტისადმი. ჟურნალისტის ერთ-ერთი უპირველესი პრინციპი ობიექტურობაა და როცა წინასწარ იცი მისი შეხედულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ძნელია არ დაინახო მის სტატიებში/სიუჟეტებში ამ შეხედულების გავლენა და სუბიექტურობაში დაადანაშაულო.

მიუხედავად ამისა, მაინც მიმაჩნია, რომ ჟურნალისტს ბლოგის წარმოების უფლება უნდა ჰქონდეს.

1) რთულია საკუთარი აზრები მიჩქმალო. ისინი მაინც იპოვიან გამოვლინების გზებს :დ თუნდაც არავერბალურს: შეიძლება ძახილის ერთ ნიშანსა ან ერთ გამოხედვაში ჩანდეს ადამიანის დამოკიდებულება.

2) პირადი აზრი არ გამორიცხავს ობიექტურობას.

3) პირადი აზრი ზოგჯერ (ჩემს შემთხვევაში კი უმეტესწილად) უფრო საინტერესოა, ვიდრე ობიექტური მოსაზრება.

ჟურნალისტი არ არის გრძნობადაცლილი რობოტი. ისევე როგორც სხვა ყველას, მასაც გააჩნია ინდივიდუალური შეხედულებები. მნიშვნელობა ენიჭება იმას, სად გამოხატავს ის საკუთარ აზრებს. ჟურნალისტური მასალის მომზადება პროფესიული სტანდარტების დაცვით უნდა ხდებოდეს. მაგალითად, როცა ვეცნობი ნიუსებს, სულ არ მაინტერესებს ჟურნალისტის პირადი აზრები, ამ დროს მინდა გავიგო სუბიქტურობისგან დაცლილი ამბები. მაგრამ ცარიელი, მშრალი ფაქტების უკან ბევრად საინტერესო რაღაცებია. ხშირად პირადი შეხედულებები, ჟურნალისტის თვალით დანახული რეალობა უფრო მაინტერესებს, ის, რაც არ ხვდება სტატიასა თუ სიუჟეტში. ბლოგი თან საჯარო სივრცეა და თან პირადი. გასაჯაროებული პირადი სივრცე უფრო ამრთებული იქნება ალბათ :დ ბლოგის კითხვისას (ყოველ შემთხვევაში პერსონალური ბლოგის კითხვისას) მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ ავტორი მათ წინაშე წარდგება, პირველ რიგში, როგორც ინდივიდუალური შეხედულებების მქონე ადამიანი და არა ჟურნალისტი. მას არ უნდა ჰქონდეს პრეტენზიები ავტორის ობიექტურობაზე. თანაც ხომ შეიძლება ჟურნალისტი სრულიად განსხვავებულ თემებს ეხებოდეს ბლოგზე და არა იმას, რაზეც მუშაობს. ასეთ შემთხვევაში ჩემთვის გაუგებარია, რა არგუმენტით ეკრძალება პოსტების წერა.

ამ საკითხის გადაწყვეტის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გზა (როცა არც მედია-მუშაკები იქნებიან “წაგებულები” და არც მათი ხელმძღვანელები) არის მისცე უფლება მედია-მუშაკს აწარმოოს ბლოგი, ოღონდ გარკვეული წესების დაცვით (მაგალითად, არ გაავრცელოს დისკრიმინაციული განცხადებები).

ბოლოსდაბოლოს თვითგამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, ჟურნალისტები რატომ უნდა იყვნენ “დაჩაგრულები” ამ მხრივ? :პ თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე?

, , , , , , , , , , , , ,

19 Comments

მოტივირებული აზროვნება და 26 მაისის მოვლენები

2003 წელს ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას აშშ-მ დაიწყო ომი ერაყთან. ომის მთავარი მიზეზი იყო ერაყის პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის, მიერ მასობრივი განადგურების იარაღის ფლობა. თუმცა, ეს ცნობა ტყუილი აღმოჩნდა. ომი მხოლოდ 2010 წელს დასრულდა. მას 100 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ბუშის ადმინისტრაცია ასევე შეეცადა დაერწმუნებინა ამერიკელი ხალხი, რომ სადამ ჰუსეინს კავშირი ჰქონდა “ალ-ყაიდასა” და 11 სექტემბრის ტრაგედიასთან. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიჯერა ეს ცნობა და გამოიყენა როგორც გამამართლებელი არგუმენტი ერაყთან ომის დაწყებისა. თუმცა, საბოლოოდ ეს ინფორმაციაც ტყუილი გამოდგა: ჰუსეინს არასდროს უთანამშრომლია “ალ-ყაიდასთან” და არ მიუღია მონაწილეობა 11 სექტემბრის ტერაქტების ორგანიზებაში. ერაყის პრეზიდენტმა ეს სიკვდილისწინა დაკითხვაშიც აღიარა. მიუხედავად ამისა, აშშ-ს ბევრ მოქალაქე ამის შემდეგაც კი მაინც არ აღიარებდა, რომ სადამ ჰუსეინს არაფერი აკავშირებდა ბინ ლადენთან. (უფრო დაწვრილებითი ინფოსთვის გაეცანით ამ კვლევას )

მაინც რატომ განაგრძნობდნენ ამერიკელები ჯიუტად იმის მტკიცებას, რომ 11/09-ის მოვლენებში ხელი სადამ ჰუსეინსაც ერია? ეს უცნაური ქცევა შეიძლება აიხსნას მოტივირებული აზროვნებით (Motivated Reasoning). მოტივირებული აზროვნება _ ესაა ფსიქოლოგიური ფენომენი, ადამიანის გაუცნობიერებელი ტენდენცია მხარი დაუჭიროს მის უკვე ჩამოყალიბებულ შეხედულებას და შეინარჩუნოს ის მაშინაც კი, როცა მას მიეწოდება ამ შეხედულების საწინააღმდეგო ინფორმაცია. ადამიანი აგრძელებს იმის მტკიცებას, რისიც ჯერა. იმის ნაცვლად, რომ ეძებოს რაციონალური ინფორმაცია, მოტივირებული მოაზროვნე ეძებს იმ ცნობებს, რომლებიც შეესაბამება მის შეხედულებას. მოტივირებულ აზროვნებას ადამიანი მიმართავს რათა თავი აარიდოს კოგნიტურ დისონანსს. (კოგნიტური დისონანსს შეიძლება ვუწოდოთ შინაგანი კონფქლიტი, რომელიც წარმოიქმნება ადამიანში ორი საპირისპირო აზრის არსებობისას. რადგან ის მეტად არასასიამოვნო გრძნობებს იწვევს, ადამიანი ცდილობს მის შემცირებას). ინფორმაციას, რომელიც არ შეესაბამება არსებულ შეხედულებას, ადამიანი აიგნორებს. ხშირად მოტივირებულ აზროვნებას არასწორ დაკსვნებამდე მივყავართ.

რა შუაშია ეს ყველაფერი 25 მაისის მოვლენებთან? ზუსტად მოტივირებული აზროვნებით შეიძლება აიხსნას ქართული საქოგადოების ქმედება. მაშინ როცა ხელისუფლების მომხრენი ამართლებდნენ მიტინგის დაშლას და ბევრს საუბრობდნენ ნინო ბურჯანაძის ესკორტის მიერ მოკლულ პოლიციელზე, ასევე აქციის მონაწილეთა ხულიგნობაზე და ნინო ბურჯანაძის მზაკვრულ გეგმებზე, ოპოზიციის მომხრეები არ ამართლებდნენ ხელისუფლების ამ ქმედებას და მათი ყურადღების ცენტრში იყო სპეცნაზის მიერ გამოჩენილი სისასტიკე: მოხუცებისა და დაპატიმრებულების ცემა, ჟურნალისტთა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ხელისუფლების მომხრეებს არ სურდათ ეღიარებინათ, რომ აქციის დაშლისას ძალას გადაამეტეს, ხოლო ოპოზიციის მომხრეებს ის, რომ აქციის დარბევის პროვოცირებაში დიდი წვლილი თავად აქციის მონაწილეებს მიუძღოდათ. თუმცა, ალბათ ძალიან არაობიექტური უნდა იყო, რომ არ აღიარო აქციის დაშლისას ძალის გადამეტება. მართალია აქციის მონაწილეები მართლაც ამაზრზენად იქცეოდნენ (არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, აბინძურებდნენ გარემოს, რამდენჯერმე ცემეს აქციაში არამონაწილე ადამიანები და ა.შ),რამდენიმე გაფრთხილების შემდეგაც არ დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და სპეცნაზს ჯოხით შეიარაღებულები დახვდნენ. თუმცა, ეს არ აძლევს სპეცნაზს იმის უფლებას, რომ სასტიკად ცემოს აქციის მონაწილე, რომელიც არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს მას. სპეცნაზის მთავარი მოვალეობა იყო აქციის დაშლა და არა დარბევა. თანაც, კანონის დარღვევა პოლიციის მხრიდან მე უფრო დიდ დანაშაულად მიმაჩნია, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქის მხრიდან.

რაც მოვისმინე ძირითადი არგუმენტები, რომ აქციის აღკვეთის ღონისძიება „ორგანიზებულად და კანონიერად განხორციელდა”, შემდეგი იყო:
1) ევროპაში არასანქცირებულ მიტინგებს შლიან. თქვენ არ გინახავთ ნამდვილი დარბევა.

ა) 25 მაისის აქცია რომ უნდა დაეშალათ, მგონი ამას ყველა ეთანხმება. საკამათო და მიუღებელია თვითონ დაშლის ფორმა. ბ)ევროპაში მომხდარი ფაქტი იმთავითვე არ ნიშნავს მის სიკეთეს. ყველაფერი რაც ევროპაში ხდება, ვერ იქნება მისაღები და კარგი. გ) ვნახე ევროპაში გადაღებული აქციის დაშლის რამდენიმე ვიდეო. თუმცა, ისინი 25 მაისს გადაღებულ კადრებთან შესადარებელი არაა: საქართველოში გაცილებით აგრესიულად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს. უცხოეთში გაადღებულ ვერცერთ ვიდეოში ვერ ვნახე, რომ ერთი ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობას არ უწევს სპეცნაზს, რამდენიმე კაცს ერთად ეცემა. დ) პოლიციელები ძალის გადამეტებისთვის ევროპს ქვეყნებში სათანადოდაც ისჯებიან. ი

2)ცალკეულ ექსცესებს ჰქონდა ადგილი, თუმცა მთლიანობაში ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.

გავრცელდა ვიდეოები, სადაც აშკარად ჩანს სპეცნაზელთა მხრიდან ძალის გადამეტება. ასევე რამდენიმე იქ მყოფი ჟურნალისტის მიერ ნაამბობსაც გავეცანი, რომლებიც ასევე სპეცნაზის მხრიდან ძალადობაზე საუბრობდნენ. ჟურნალისტის ვალდებულებაა მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია აუდიტორიას, თანაც, კონკრეტულად ამ ჟურნალისტებისადმი მავქს ნდობა, ამიტომ მათ ნაამბობს ვეყრდნობი. ათამდე (თუ მეტი არა) ჟურნალისტს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, წაართვეს კამერები. ჟურნალისტებს უკრძალავდნენ გადაეღოთ აქციის მონაწილეთა ცემის ფაქტები. ამიტომ ძალიან ბევრმა ვიდეომ ვერ მოაწღია ჩვენამდე. აქციის მონაწილე 100-მდე ადამიანი არის დაპატიმრებული. ზოგიერთ მათგანს აღენიშნება ძალადობისა და ცემის კვალი, რომელიც დაპატიმრების შემდეგაა მიყენებული. მოკლედ, როგორ უნდა უგულებელყო ეს ფაქტები. ჯამში ძალიან ბევრი გამოდის, თანაც ძალადობის ბევრმა ფაქტმა ვერ მოაღწია ჩვენამდე, ზუსტად იმის გამო, რომ ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ. გარდა ამისა, პოლიტიკურად არაანგაჟირებულმა ინსტიტუტებმა, მაგალითად როგორიცაა სახალხო დამცველი ან საია განაცხადეს, რომ პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა რიგ შემთხვევებში არაპროპორციული იყო.

3) სპეცნაზელი ჩვეულებრივი ქართველი ადამიანია, რომელსაც გააჩნია ემოციები. ამიტომ მისი მხრიდან საპასუხო აგრესიის გამოჩენა არის მოსალოდნელი. ის ვერ იმოქმედებს რობოტივით. როგორიცაა ერი, ისეთი სპეცნაზი გვყავს

ამ არგუმენტით ნებისმიერ სფეროში შეიძლება არაპროფესიონალიზმის გმართლება. ზოგადად სამართალდამცავთა მხრიდან ხშირად აქვს ადგილი უფლებამოსილების გადამეტებას. ამის აღსაკვეთად საჭიროა მათი სათანადოდ დასჯა.

რაოდენ დიდი სიყვარული უნდა აკავშირებდეს ადამიანს ხელისუფლებასთან ან რაოდენ დიდი სიძულვილით იყოს განწყობილი ოპოზიციის მიმართ, ამ ფაქტების უგულებელყოფა არის თავის მოტყუება. უფრო რაციონალურ მსჯელობას მივმართოთ. არავინ არ არის შეუცდომელი ამქვეყნად: არც ჩვენ და არც ხელისუფლება.
პ.ს სპეციალურად არ ვსვამ აქციის ფოტოებს, არ მინდა ემოციებზე გათვლილი პოსტი იყოს.:დ

, , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

1 კომენტარი