Archive for აპრილი, 2010

აივანი

მიყვარს დიდი აივანი. მითუმეტეს როცა იქიდან ლამაზი ხედი მოსჩანს. რა სჯობს გაზაფხულზე მშვენიერ ამინდში აივანზე ჯდომასა და იქიდან თვალის დევნებას სამყაროსთვის? 😀 მოკლედ მე სახლი აივნის გარეშე ვერ წარმომიდგენია.

აქამდე რაც წაიკითხეთ, უბრალოდ შესავალი იყო, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რასაც შემდეგში დავწერ. სულ სხვა აივანზე მინდა მოგითხროთ. balconytv-ს შესახებ თუ გსმენიათ რამე? თუ არა, გეტყვით, რომ არსებობს ერთი ჩვეულებრივი აივანი. ამ აივანზე დროდადრო მუსიკოსები იკრიბებიან და საკუთარ სიმღერებს მღერიან. ძირითადად აკუსტიკურ ვერსიებს. ამას ყველაფერს იღებენ ერთი კამერით და შემდეგ ვიდეოებს ათავსებენ ინტერნეტში. ყველანაირი შელამაზებისა და შესწორების გარეშე. თუ გიყვართ ცოცხალი შესრულება და თან გაინტერესებთ, ვის როგორი მუსიკალური ნიჭი აქვს, მაშინ balconytv მისწრებაა თქვენთვის. ჩემი აზრით, მუსიკოსის შეფასება თუ გინდა, ასეთ აივანზე უნდა მოიწვიო.
balconytv 2006 წლიდან არსებობს. გადაღებები მიმდინარეობს ევროპის რამდენიმე ქალაქში (ლონდონი, დუბლინი, ჰამბურგი…). ახლა უკვე ჩვენც გვაქვს ბედნიერება შევაფასოთ ქართველი მუსიკოსების ცოცხალი შესრულება აივანზე 😀 საბურთალოზე მდებარე ერთერთ კორპუსში მუსიკალური აივანი გაჩნდა. ამ აივანზე გადაღებული ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ youtube.com-სა და myvideo.ge-ზე. მინდა შემოგთავაზოთ ჩემი ფავორიტი ჯგუფის ვიდეო: Sour Skin – She

ძირითადი ამბავი მოვყევი, ახლა კი დეტალებზე გადავალ. ეს ალბათ უფრო პირადული ამბები იქნება. ერთ მშვენიერ დღეს მე და გიორგი მივსეირნობდით ქუჩაში. უცებ დავინახე ველოსიპედზე მოკატავე ვიღაც ბიჭი, რომელიც ძალიან მეცნო. ეს ბიჭი Young Georgian Lolitaz-ის გიტარისტი ლევანი აღმოჩნდა. YGL-ს მოსმენა თინეიჯერობის პერიოდს უკავშირდება, ეს კი თითქოს საუკუნეების წინ იყოო. ამიტომ, ამ ჯგუფის ყველა წევრი, ჩემი წარმოდგენით, ოდნავ დაბერებული მაინც უნდა ყოფილიყო. მაგრამ ლევანი პატარა ბიჭივით გამოიყურებოდა 😀 აი ამ დროს მოხდა ჩემთვისა და გიორგისთვის “აივანის” შექმნის იდეის გაცნობა. გიორგი სიამოვნებით დათანხმდა ამ მუსიკალურ შოუში მონაწილეობას.
დათქმულ დღეს Sour Skin თავის გულშემატკივრებთან ერთად მიადგა საბურთალოზე მდებარე მუსიკალურ აივანს. გულშემატკივრებს რაც შეგვეხება: გადაღებაა, კონცერტია, რეპეტიციაა, არის იქ ჩვენი ადგილი თუ არა, მიუხედავად ამისა, თითქმის ყველგან დავყვებით ხოლმე 😀 😀 😀 ყოველ შემთხვევაში მე გიორგის ყველგან დავყვები 😀 სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა She-ს გადაღებას. მომავალში ბიჭები კიდევ აპირებენ აივანზე დაკვრას. რა თქმა უნდა, ერთგული გულშემატკივარი, ჩემი სახით, გვერდით ეყოლებათ 😀

, , , , , ,

6 Comments