Archive for მაისი, 2014

პირველი ინტერნეტ ფორუმი თბილისში

iforum5

24 მაისს თბილისში პირველი ინტერნეტფორუმი გაიმართა. ღონისძიება საინტერესო და მრავალფეროვანი თემებით დატვირთული გამოვიდა. გაეცა პასუხი შემდეგ ზოგადსაკაცობრიო კითხვებს: “აქვს თუ არა პორნოს არსებობის უფლება”, “ვინ გააფუჭა ქართველი ბლოგერები”, “ვინ ვის ბაღჩაში ისროლა ქვა ქართულ ბლოგოსფეროში”და ა.შ. ეს ხუმრობით, თუმცა, ღონისძიებაზე ამ საკითხების წამოჭრამ ძალიან გაახალისა აუდიტორია. 🙂 ფორუმის მომხსენებლებმა გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება და ისაუბრეს ისეთი საინტერესო თემების შესახებ, როგორიცაა: ონლაინ აქტივიზმი, სამოქალაქო ჟურნალისტიკა, ონლაინ ჟურნალის წარმოება და ა.შ.

სესიიდან ონლაინ ჟურნალის წარმოების შესახებ  ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ის, რომ “ამ საქმით ფულს ვერ იშოვი”. ამიტომ, ვინც გეგმავთ ონლაინ ჟურნალის გამოშვებას, არ შეიქმნათ ილუზია, რომ გამდიდრდებით: მაქსიმუმი რასაც შეძლებთ, საკუთარი თავის შენახვაა. დამამახსოვრდა ასევე ლაშა ქავთარაძის (http://photoessay.ge/) რჩევა, რომ ონლაინ ჟურნალის გაკეთება არ უნდა დაიწყოთ მეგობრებთან ერთად. ეს ბევრ რამეში შეგიშლით ხელს. ლევან პაიჭაძემ (http://ideahub.ge/) ჟურნალების მომავალზე საუბრისას აღნიშნა, რომ ვიზიტორების ნახევარზე მეტი ideahub.ge-ს მობილურებიდან, პლანშეტებიდან, აიპედებიდან სტუმრობს.  პერსონალურ კომპიუტერებსა და ლეპტოპებს უფროდაუფრო ნაკლებად გამოიყენებენ. ონლაინ ჟურნალის შემქმნელებმა ესეც უნდა გაითვალისწინონ.

iforum2

ნიკა დავითაშვილმა “პარტიზანული მებაღეობიდან” ისაუბრა როგორ აქტიურად იყენებენ ისინი სოციალურ მედიას სხვადასხვა აქციის ორგანიზებასა და დაგეგმვაში. განსაკუთრებით twitter-ს ისეთ აქტივისტებთან დასაკავშირებლად, რომლებსაც არ მიუწვდებათ ხელი ინტერნეტზე და მხოლოდ “ფანრიან” ნოკიას იყენებენ.

სპიკერებმა ისაუბრეს ბლოგინგის გამოწვევების შესახებ. გამოითქვა მოსაზრება, რომ “მიკრობლოგინგი კლავს ბლოგინგს”. ამას მოყვა მიკრობლოგინგისა და ბლოგინგის შედარება. კითხვაზე რა არის საჭირო ბლოგინგის განვითარებისთვის, დოდი ხარხელს (http://digit.ge/ შემდეგი პასუხი ჰქონდა რომ, ერთადერთი რამ, რაც ბლოგინგის განვითარებას ჭირდება, არის ინტერნეტის გავრცელება.

iforum4

იცოდით თუ არა რომ საჯარო ინფორმაციის გამოწერა ინტერნეტის მეშვეობით, განცხადების დაწერის, შემდეგ მისი კანცელარიაში ჩაბარებისა და ათასი პროცედურის გავლის გარეშე შეგიძლიათ? ამისთვის my.gov.ge -ზე უნდა დარეგისტრირდეთ. 2013 წლიდან  ყველა საჯარო დაწესებულებას საკუთარ ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება დაევალა. ასეთი ინფორმაცია მოიცავს საჯარო დაწესებულებების სტრუქტურას, წესდებასა და ბიუჯეტს; ინფორმაციას შესყიდვების შესახებ და ა.შ ლევან ავალიშვილის (http://idfi.ge/) თქმით, ასევე იგეგმება ისეთი პროექტის განხორციელება, რომლის მიხედვითაც ყველა მოქალაქეს პეტიციის ელექტრონულად შექმნისა და ხელმოწერების მოგროვების შემდეგ მისი მთავრობისთვის გადაგზავნის საშუალება ექნება. თუმცა, ერთია რომ მონაცემები ქვეყნდება და მეორეა რამდენად დაინტერესებულები არიან მოქალაქეები ამ მონაცემების ნახვითა და გაანალიზებით, პოლიტიკის შემუშავებაში ჩართვით. ეს თემები განიხილეს ღია მმართველობაზე დისკუსიისას.

iforum3

ონლაინ სატირაზე საუბარი სესსიის მოდერატრომა, ნიკა ქავთარაძემ, გულწრფელი აღიარებით დაიწყო: “არასდროს ვყოფილვარ მოდერატორი, სამაგიეროდ ვყოფილვარ თამადა” . ინტერნეტთან მისი შეხება მირკით დაიწყო. ნიკამ გაიხსენა კურიოზებიც: თუ როგორ აღმოჩნდა მირკში მის მიერ გაცნობილი გოგო ირაკლი კაკაბაძე, ირაკლი კაკაბაძის მიერ გაცნობილი გოგო კი – დათო გოგიჩაიშვილი.

ონლაინ სატირაზე დისკუსიისას, საბა ლეკვეიშვილმა (http://chiti.ge/) აღნიშნა, რომ ძალიან უხარია, როცა ვინმე “ჩიტი.ჯის” ნიუსს იჯერებს. ამგვარად გამოდის, რომ მიზანი მიღწეულია: ვიღაც დაიტროლა. 

საინტერესო იყო ასევე სესია ბავშვის აღზრდისა და ბლოგინგის შესახებ. სესიას წარუძღვა მშობლებისთვის და ზოგადად ბავშვებთან ურთიერთობის მქონე ადამიანებისთვის მეტად სასარგებლო ბლოგის http://ganatlebageo.wordpress.com/ ავტორი თამარ გაბისონია. 

ბოლო სესია სამოქალაქო ჟურნალისტიკას შეეხო. კითხვას “ჩაანაცვლებს თუ არა სამოქალაქო ჟურნალისტიკა მედიას” არაერთგვაროვანი პასუხები მოყვა დამსწრეებისა და სპიკერებისგან. თქვენ როგორ გგონიათ? პირადად მე ვფიქრობ, რომ ვერ ჩაანაცვლებს.

დისკუსიის პარალელურად ეკრანზე თვალს ვადევნებდით ფორუმის დამსწრეთა მეტად სახალისო ტვიტებს ჰეშთეგით #IFTbilisi14.

მოკლედ ძალიან ვისიამოვნე პირველი ინტერნეტფორუმით. იმედია, მომავალ წელსაც დავესწრები ამ ივენთს ^^

ფოტოები აღებულია ინტერნეტფორუმის გვერდიდან.

 

, , , , , , , , , , ,

5 Comments