კატისა და აცრის ამბავი

ერთ მშვენიერ დღეს ვარაზისხევზე მივსეირნობდი. გზაზე ფუმფულა, რუხი ფერის, ძალიან ლამაზი კატა შემომხვდა. შემომკნაოდა და კუდს მიბზეკდა, თითქოს მიწვევდა, მოდი მომეფერეო. მეც, რა თქმა უნდა, ხელი გადავუსვი. ფისო სიამოვნებისგან აკრუტუნდა. იზნიქებოდა და იბზიკებოდა. ცოტა მოვეფერე. ხელის უკან წაღებისას ოდნავ მკვეთრი მოძრაობა გავაკეთე, კატას შეეშინდა და გამკაწრა. ნაკაწრი არ მტკენია, მაგრამ საკმაო როდენობის სისხლი წამომივიდა. ზოგადად, ფრთხილი ადამიანი ვარ, ვიცი, რომ ასეთ შემთხვევებში ცოფით დაინფიცირების რისკი არსებობს. ჩემი მეორე მე კი საწინააღმდეგოს ფიქრობდა. პანიკიორი ადამიანები გამახსენდა, ვინც ცხოველის შეხებაზეც კი ასაცრელად გარბის. მეორე მხრივ კი არსებობდა მცირე შანსი, რომ კატა ცოფიანი ყოფილიყო. საგონებელში ჩავვარდი. პირველი რაც გავაკეთე, იყო მეგობრებთან “კონსულტაციის” გავლა. რასაც არავის გირჩევთ. რადგან მეგობრები (ასიდან ალბათ 90 შემთხვევაში) გაიხსენებენ მათი მეზობლებისა თუ ნათესავების გაცოფების ისტორიებს სწორედ ასეთი უმნიშვნელო ნაკაწრებისგან. დეტალებში მოგიყვებიან საზარელ ამბებს ადამიანის ცხოველად ქცევის შესახებ. მსგავსი ამბები შიშს მოგგვრით, შიშმა კი შესაძლოა ხელი შეუშალოს რაციონალური გადაწყვეტილების მიღებას. ყველა შემთხვევაში სჯობს აზრი სპეციალისტს ჰკითხოთ.

საშინლად არ მინდოდა აცრის გაკეთება. იმიტომ, რომ რამდენიმე დღეში შვებულების აღებასა და ქალაქგარეთ გასვლას ვაპირებდი. ყოველ რამდენიმე დღეში ერთხელ აცრის მიზნით ანტირაბიული კაბინეტის სტუმრობის სურვილით ნამდვილად არ ვიწვოდი. თანაც დასვენების დღეებში. არც ალკოჰოლზე უარის სათქმელად ვიყავი მზად და ისიც მსმენოდა, რომ ცოფის საწინააღმდეგო აცრა მთლად კარგი არ არის ორგანიზმისთვის.

ხელი საპნითა და გამდინარე წყლით მოვიბანე და კონსულტაციისთვის ამჯერად იმუნიზაციის ცენტრში (231 22 78) დავრეკე (ერთ-ერთი კლინიკა, სადაც ანტირაბიული კაბინეტის მომსახურება 24 საათიანია). რადგან გვიანი იყო, ექიმმა მეორე დილას შემომთავაზა მოსვლა, თუმცა, იმდენად შეპყრობილი ვიყავი სიტუაციის მოგვარების სურვილით, რომ მაშინვე გავემართე კლინიკაში.

ღამის 12 საათი იყო დაახლოებით, როცა ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე იმუნიზაციის ცენტრში მივედი. ექიმმა დახედა ჩემს ნაკაწრს, მითხრა, რომ განსაკუთრებით სარისკო ადგილას არ მდებარეობდა (განსაკუთრებით საშიში ადგილებია: ხელის მტევანი, სახე, თავი, კისერი, ტერფი, გენიტალიები – ასეთ დროს აცრა პირველივე დღეს კეთდება, რადგან საინკუბაციო პერიოდი მოკლდება). დაინახა რა, რომ ძალიან არ მინდოდა აცრის გაკეთება, ასეთი რამ შემომთავაზა: 10 დღის განმავლობაში დააკვირდი ცხოველს და თუ გადარჩა, არ გაიკეთო, მაგრამ თუ დაიკარგა ან მოკვდა, აუცილებლად დაგჭირდება აცრაო. ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ აცრა არ გამეკეთებინა.

https://www.instagram.com/p/BBFNAtxEnkv/?taken-by=i_am_dreamar

რაბიოლოგმა საინტერესო ინფორმაციას მომაწოდა აცრასთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, არსებული მითები დამინგრია:

  1. აცრა აუცილებლად 24 საათში უნდა გაიკეთო – რა თქმა უნდა, რაც უფრო მალე გაიკეთებ აცრას, მით უკეთესი, თუმცა, 24 საათის გასვლის შემდეგაც აქვს აზრი აცრის გაკეთებას.
  2. აცრის შემდეგ ალკოჰოლის მიღება 6 თვის განმავლობაში არ შეიძლება – როგორც რაბიოლოგმა მითხრა, ეს შეზღუდვები ძველ დროში არსებობდა, დღეს არსებულ პრეპარატებს კი ამგვარი მითითება არ აქვთ. თუმცა, ექიმები თავის დაზღვევის მიზნით, პაციენტებს მაინც ურჩევენ თავი შეიკავონ ალკოჰოლისგან. ეს ინფორმაცია რამდენად სწორია არ ვიცი, სხვა რაბიოლოგებისგან არ მსმენია და რა თქმა უნდა, გარისკვა არ ღირს.  :/

წინ დიდი სამუშაო მელოდა – პირველ რიგში კატა უნდა მეპოვა.  მეორე დღეს უშედეგოდ ვცდილობდი მომეძებნა ბუთქუნა, ნაცრისფერი კატა – ამაოდ შემოვიარე ვარაზისხევი და ახლოს მიმდებარე ქუჩები. უამრავი კატა ვნახე, თუმცა, არა ჩემი დამკაწვრელი. ფისო მესამე დღეს გამოჩნდა, მიწოდებული სოსისიც მიირთვა გემრიელად. ათი დღის განმავლობაში თვალყური უნდა მედევნებინა მისთვის. იყო დღეები როცა კატა ქრებოდა და ვერ ვაგნებდით: იმედი რომ გადამეწურებოდა, მერე ისევ გამოჩნდებოდა. თუმცა, რამდენიმე დღეში ქალაქგარეთ მივდიოდი და მის მონახულებას ვერ შევძლებდი. რაღაც უნდა მომეფიქრებინა.

ამასობაში, გადავიკითხე ინტერნეტში ცოფზე არსებული ინფორმაცია. ცოფი ვირუსული დაავადებაა, რომელიც ცენტრალუტი ნერვული სისტემის დაზიანებას იწვევს და სიკვდილით მთავრდება. ცოფის გადამდები ცხოველია ნებისმიერი თბილსისხლიანი შინაური/გარეული ცხოველი (კატა, ძაღლი, თაგვი, მელია, მგელი და ა.შ.). ვირუსი გადადის ნერწყვით – ამიტომ ცოფით დაინფიცირება შესაძლოა მოხდეს ცხოველთან (რომელიც არ არის აცრილი ან ბოლო აცრიდან 11 თვეზე მეტია გასული) იმ ნებისმიერი კონტაქტით, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმში ხვდება ნერწყვი: დადორბვლა/დაკბენა/გაკაწვრა. ორგანიზმში ნერწყვი არამარტო ჭრილობიდან, არამედ თვალით უხილავი მიკროტრავმებიდანაც შესაძლოა მოხვდეს. შესაძლო დაინფიცირების არე უნდა მოიბანოს საპნიანი წყლის ჭავლით და სტერილური სახვევი გაუკეთდეს. არ შეიძლება მისი სპირტით, იოდით დამუშავება.

ვაქცინაციის კურსი ერთ თვეს გრძელდება (თუ ცხოველი მოკვდა/დაიკარგა): აცრა კეთდება ყოველ ნულოვან, მე-3, მე-7 დღე, მე-14 და 28-ე დღეს. თუ მე-14 დღემდე ცხოველი ცოცხალია, აცრები წყდება. კურსის დროს ადამიანს ეძლევა სპეციალური დოკუმენტი, სადაც მითითებულია როდის რომელი სახის პრეპარატი გაუკეთდა. ვაქცინაციის დაწყება არასდროს არაა გვიან, ცოფის ვირუსის საინკუბაციო პერიოდი 15 დღიდან 6 თვემდე/1 წლამდე გრძელდება ყოველგვარი სიმპტომების გარეშე. ანტირაბიულმა ვაქცინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა გვმართებს (ანტირაბიული პრეპარატი უნდა იყოს ხარისხიანი და წესის მიხედვით შენახული, აცრები დაწესებული რეჟიმის მიხედვით უნდა ჩატარდეს). ბოლო აცრის გაკეთებიდან 6 თვით იკრძალება ალკოჰოლის დალევა, 10 დღის განმავლობაში კი ალერგიული რეაქციის გამომწვევი საკვების მიღება. თუმცა, ალკოჰოლთან დაკავშირებით, როგორც ზემოთ ვახსენე, განსხვავებული აზრიც მოვისმინე რაბიოლოგისგან.

ცოფის სიმპტომებია: წყლის შიში, ნერწყვის გაძლიერებულად გამოყოფა, ჰალუცინაციები. ცხოველებში შემდეგი სიმპტომები გვხვდება: უმიზეზო ყეფა, ჭამასა და სმაზე უარის თქმა, აგრესიულობა, დორბლიანობა, გაძნელებული სუნთქვა.

ერთ დღეს კატის ძებნისას მეგობარმა (უნდა ითქვას, რომ ამ ოპერაციაში მთელი გუნდი იყო ჩართული) შემთხვევით მიაგნო გოგონას, რომელიც ამ კატას აჭმევდა ხოლმე. გოგონამ მითხრა, რომ ფისო არ იყო საშიში, მეც დავუკაწრივარ ბევრჯერო. საკონტაქტო მონაცემები გამოვართვი და ვთოხვე, 10 დღის განმავლობაში ედევნებინა თვალი ფისოსთვის. შვებულების ყოველი დღე კატის მოკითხვით იწყებოდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერი ვიყავი, როცა კატა ათი დღის შემდეგაც ცოცხალი იყო! ერთი სიტყვით, აცრას საბოლოოდ გადავურჩი.

პ.ს. საინტერესო იქნება თქვენი გამოცდილების მოსმენა: თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა, გაგიკეთებიათ თუ არა აცრა, რა გსმენიათ ვაქცინაციის პერიოდში/მის შემდეგ ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებით – სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს.

, , , , , , , , ,

  1. #1 by Sophie Golden on ივნისი 14, 2016 - 11:05 AM

    პოსტი რა ორიგინალურად დაიწყე ლოლ 🙂 ცხოველები მეც მიყვარს, მაგრამ ადამიანების მოფერება მირჩევნია 🙂

    მადლობა ღმერტს, რომ ყველაფერი კარგადაა. პანიკა კიდევ ყველაფერზე უარესია ზოგჯერ.

  2. #2 by mgalobeli1 on მარტი 14, 2017 - 8:28 PM

    me chemsas vityvi. erti wlis win chemma shinaurma katam damkawra. shemtxvevit gamisva brchyali da 7 dgis shemdeg daikarga. rogorc gavige dzaglma daglija, araferi gamiketebia magram cocxali var. yvelaze didi cofis matarebeli aris tagvi da virtxa romelsac kata chams. mashin katebi sul dacopilebi da mkvdrebi und aiyvnen magram ase araa. milionshi erti shemtxvevaa katis gacofebis d afiqsirebuli. magrakm es imas ar nishnavs rom kata ar uhnda avcrat da ar shegveshindes, mainc sibrtxiles tavi ar tkiva

  3. #3 by ლიზა on ივნისი 28, 2019 - 7:37 PM

    ღმერთო ჩემო დღეს შუადღით ვსეირნობდი მეგობრებთან ერთად და პატარა კნუტი შემხვდა და ავიყვანე და თითზე მიკბინა სისხლი წამომივიდა ძალიან მეშინია საპნით მოვიბანე ბებიამ მითხრა იოდი წამესვა და შემდეგ სანტავიკით შევიხვიე გავიგე რომ აცრა პირველივე დღეს უნდა გაკეთდეს მაგრამ არავინ იყო ვისაც შეეხლო რომ წავეყვანე ხვალისთვის ალბათ მამაჩემს უნდა ვუთხრა რომ წამიყვანოს დედაჩემი აქეთ არაა და დეიდაჩემთან ვცხოვრობ დეიდა კი მუშაობ დილიდან ღამემდე არვიცი რა გავაკეთო ყველაფერი წავიკითხე ამის შესახებ და უფრო მეტი შიში მაქვს ახლა რომ ცოფი დამემართება და მოვკვდები😭😭ის კნუტი ნარინჯისფერი იყო ერთი თვის დაბადებული იქნებოდა😭🤯ლიზა 12 წლის

დატოვე კომენტარი