Archive for ოქტომბერი, 2011

Together We Will Live Forever

გიფიქრიათ ოდესმე რა მოხდება თუ საყვარელ ადამიანს დაკარგავთ? მსგავსი აზრები ხშირად მომსვლია თავში. სწორედ ეს შიშისა და სევდის მომგვრელი ფიქრები გამახსენა დარენ არონოფსკის ფილმმა The Fountain. ჩვენ ყველას გვეშინია სიკვდილის, მით უფრო ახლობელი ადამიანის სიკვდილის.
Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , , , , , , ,

3 Comments

რატომ ვაშეარებ ნაგავს


ხანდახან ხდება ხოლმე რომ ფეისბუქზე “ნაგავს” ვაშეარებ, მაგალითად აი ასეთს. რატომ უნდა გაგიჩნდეს “ნაგვის” სხვებისთვის გაზიარების სურვილი და ამით ამ პროდუქტს ერთგვარი რეკლამირება გაუწიო? ლოგიკური და მართებული კითხვაა. პირველ რიგში, უნდა განვმარტო, რომ “ნაგავ” ინფორმაციაში ვგულისხმობ არაეთიკურ და არაპროფესიონალურ ჟურნალისტურ პროდუქტს. შევეცდები თანმიმდევრულად ავსხნა, რატომ იქცევს ხოლმე “ნაგავი” ჩემს ყურადღებას.

1) რატომ ვუყურებ “ნაგავ” სიუჟეტებს? როცა რაღაცას აფასებ, მითუმეტეს აკრიტიკებ, შენი კრიტიკის საგანს კარგად უნდა იცნობდე. ყოველ შემთხვევაში, გარკვეული წარმოდგენა მაინც უნდა გქონდეს ამ რაღაცის შესახებ. როგორ უნდა თქვა სიუჟეტზე “ნაგავიაო” თუ ნანახი არ გაქვს. მითუმეტეს ეს არ არის 2 საათიანი ფილმი, რომ მასზე დროის დახარჯვა დაგენანოს. მართალია, ყოველი წუთი ძვირფასია, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ განსაკუთრებით დიდ დროს არ მოითხოვს კრიტიკის მსგავსი ობიექტის გაცნობა.

2) პირველი პუნქტიდან გამომდინარე გასაგებია, რატომ ვეცნობი ხოლმე ინფორმაციას პირობითი სახელით “ნაგავი”. მაგრამ ჩნდება მეორე კითხვა: მას შემდეგ როცა პირადად გაეცნობი ამ ინფორმაციას, რა საჭიროა მისი გაზიარება სხვებისთვის? ინფორმაცია, რომელზეც ვსაუბრობ, არის ჟურნალისტური პროდუქტი, სადაც ხშირ შემთხვევაში ირღვევა როგორც რესპონდენტთა უფლებები, ასევე მაყურებელთა უფლება მიიღოს ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია. ეს არ არის უხარისხო ფილმი ან წიგნი, რომლის სხვებისთვის გაზიარებაც, თუნდაც ფეისბუქზე, ცოტა ლოგიკასაა მოკლებული. ძალიან იმედგაცრუებული უნდა დავრჩე ფილმით, რომ მერე ფეისბუქზე დავაშეარო და აღვნიშნო ამის შესახებ. თანაც ანტირეკლამაც რეკლამააო და პირადად ჩემს შემთხვევაში ის უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, ვიდრე ჩვეულებრივი რეკლამა.

მაგრამ ზემოთხსენებული “ნაგავი” ინფორმაცია უბრალოდ უხარისხო პროდუქტი არ არის: პირველ რიგში, აღმაშფოთებელია ის, თუ როგორ ირღვევა ამ პროდუქტით სხვისი უფლებები. რამდენმა ადამიანმა იცის, რომ ჟურნალისტს არ აქვს უფლება რესპოდენტთან შეუთანხმებლად ჩაიწეროს მისი საუბარი გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა? რამდენმა ადამიანმა იცის, რომ დაუშვებელია დანაშაულში ეჭვმიტანილისა თუ უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულის ვინაობის გამხელა ჟურნალისტის მიერ? ბევრ ადამიანს ძალიან მწირი წარმოდგენა აქვს ჟურნალისტის უფლება-მოვალეობების შესახებ. ხშირ შემხთვევაში იმ რესპოდენტებმაც კი რომელთა, სიტყვაზე ვთქვათ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაირღვა ამა თუ იმ სიუჟეტით, არ იციან ამის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უჩივლებდნენ სიუჟეტის ავტორს ან პროტესტს მაინც გამოთქვამდნენ ამის შესახებ. ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, მსგავსი “ნაგავი” სიუჟეტები დისკუსიის საგნად იქცეს და ამ დისკუსიაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს. სწორედ ამ მიზნით გამართლებულად მიმაჩნია “ნაგვის” დაშეარება თუ ყურება. მგონია, რომ თუკი საზოგადოებას მსგავსი ჟურნალისტური პროდუქტების მიმართ შესაბამისი რეაქცია ექნება, მათი რიცხვი იკლებს. იგნორირება მსგავსი ინფორმაციისა, მისი არდანახვა არ მგონია კარგი გამოსავალი იყოს. :/

, , , , , , , , , , , , ,

3 Comments

მე ჯადო მაქვს

არ გჯერათ ჯადოების? არც მე მჯეროდა ამ დრომდე. ახლა კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჯადო მაქვს. არ ვიცი საიდან და როგორ, მაგრამ ერთმა სიმღერამ მომაჯადოვა: რომ ვუსმენ არაამქვეყნიურ განწყობასა და ღრუბლებში ფრენის იმიტაციას მიქმნის 🙂 კლიპიც ძალიან ლამაზი აქვს, მზიანი, თბილი და ემოციური, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, განსაკუთრებული არაფერია ამ კლიპში: წყვილის ერთი ჩვეულებრივი დღეა ასახული.

Trust-ის Candy Wall-ს ვგულისხმობ.Trust რობერტ ალფონსისა და მაია პოსტეპსკის დუეტია კანადიდან. რობერტი და მაია 2009 წლიდან თანამშრომლობენ. Candy Walls მათი სადებიუტო სინგლია, რომელიც 2011 წლის მარტში გამოუშვეს. რობერტი გარდა მუსიკისა, ფოტოგრაფიითაც არის დაკავებული. მაია კი დრამერია ბენდში Austra.

Trust-მა დამარწმუნა ჯადოების არსებობაში :))

, , , , , ,

დატოვე კომენტარი

Altervision newcomers 2011

შეიძლება ამ პოსტის დაწერა დამაგვიანდა, მაგრამ არ შემიძლია ერთი პოსტი არ მივუძღვნა ალტერვიჟენის ფესტივალის თემას. მითუმეტეს რომ ადრეც აქტიურად ვაშუქებდი.

მაშინ როცა თბილისისა და საქართველოს ერთი ნაწილი სარკოზობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავდა, ან ცოტა უფრო გვიან, თბილისის მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ თბილისობის დღესასწაული ალტერნატიულად აღენიშნათ, მწვადებისა და ტრადიციული სუფრული სიმღერების გარეშე.

Altervision Newcomers 2011 სპორტის სასახლესთან, ღია ცის ქვეშ გაიმართა. სარკოზის რა ვუთხარი, რაღა მაინცდამაინც ამ დღეს მოუნდა ჩამოსვლა :/ ზუსტად მაგის გამო მხოლოდ ბოლო ორ გამომსვლელს მივუსწარი. არადა ძალიან დიდი სურვილი მქონდა ფესტივალში მონაწილე შემსრულებლების მოსმენისა.

Altervision Newcomers – ის Line Up:

– Landmark
– Radioactive
– The Mins
– SvanSikh
– The Georgians
– Countryman
– Rema
– Plus Master
– Global House Project

Plus Master

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მან, ვინც იმის გამო არ წამოვიდა კონცერტზე, რომ უფასო იყო, ჩემი აზრით, ძალიან ბევრიც დაკარგა. კარგი იქნებოდა, რომ ბილეთებით ყოფილიყო ფესტივალზე დასწრება: როგორც არაერთმა აღნიშნა, ასეთ შემთხვევაში, ის ხალხიც აღარ მოვიდოდა აქ, ვისაც არაფერი ესაქმებოდა. მაგრამ მე პუბლიკას დიდად არ შევუწუხებივარ, არც “გარჩევების” მომსწრე ვყოფილვარ და არც “ამას მუსიკა როგორ უნდა ერქვას” მსგავსი ფრაზები მომისმენია. შეიძლება იმიტომ, რომ სცენასთან ვიდექი და ჩემ უკან რა ხდებოდა, ნაკლებად ვადევდენბდი თვალს.
ცოტა შემაცბუნა სცენის შორიახლოს გაშლილმა მაგიდებმა, მწვადის სუნმა და იქ მოქეიფე ხალხმა. ნამდვილად აჯობებდა მსგავსი სანახაობა სცენასთან არ ყოფილიყო.

რაც შეეხება “ზვუკს”, ნორმალური იყო. სპორტის სასახლეში გამართულ წინა ალტერვიჟენზე ბევრად კარგი მომეჩვენა. ყველაზე ყველაზე მთავარი: ძალიან მომეწონა ჯგუფების შესრულება! ყოჩაღ მუსიკოსებს! თითქმის ყველამ აღნიშნა ეს.

Global House Project

ერთი დასკვნა, რაც გამოვიტანე ისაა, რომ სავსებით შესაძლებელია მცირე ფინანსებით კარგი, ნორმალური კონცერტის გამართვა: მთავარი არც შოუა, არც მუსიკოსთა ტანსაცმელი და მაკიაჟი, მთავარია შესრულება და ხმის ჟღერადობა!

ერთი რამ, რაც ასევე ძალიან “ტეხს” არის ის, რომ გამომსვლელ ბენდებს ჰონორარი არ გადაუხადეს :/

, , , , , , , , , ,

5 Comments