Archive for იანვარი, 2010

მარადიული სიყვარული


ბოლო დროს მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინების შესახებ. კიდევ ერთი ჰოლივუდური წყვილის ურთიერთობის დასასრული. არადა რა კარგები იყვნენ ერთად. თითქმის ყველგან ერთად დადიოდნენ, ულამაზესი შვილები ჰყავთ, მათი კონფლიქტების შესახებაც არაფერი მსმენია. ბრანჯელინა – ასე შეარქვეს ფანებმა ამ ჰოლივუდურ წყვილს.მართალია, ქვეყანა არ დაქცეულა მათი დაშორებით. მაგრამ მე რატომღაც გული დამწყდა. განა იმიტომ, რომ ბრედი და ანჯელინა ჩემი საოცნებო მსახიობები იყვნენ და მათი ფანი ვიყავი. უბრალოდ ხშირად ვფიქრობ ხოლმე სიყვარულის მარადიულობის თემაზე. შეყვარებული წყვილები ჩემი დიდ ინტერესის საგანსა და დაკვირვების ობიექტს შეადგენენ მას შემდეგ, რაც მე და გიორგი ერთად ვართ. ვაკვირდები და მაინტერესებს ყველაფერი: როგორი ურთიერთობა აქვთ, რამდენად ენდობიან ერთმანეთს, რამდენ დროს ატარებენ ერთად, რამხელა ყურადღებას უთმობენ ერთმანეთს, რაზე ჩხუბობენ ან ჩხუბობენ თუ არა საერთოდ, რაზე კამათობენ, რა არ მოსწონთ ერთმანეთში, რას ვერ აპატიებენ ერთმანეთს, რამდენად კარგად იცნობენ ერთმანეთს, რას ფიქრობენ საკუთარი მომავალი ურთიერთობის შემდეგ, როგორ უყვართ ერთმანეთი და საერთოდ რას უწოდებენ სიყვარულს. რა არის ნამდვილი და ჭეშმარიტი სიყვარული? ერთობ რთული კითხვაა, დამეთანხმებით 🙂 ადრე ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში შეგიძლია იმდენჯერ შეგიყვარდეს ვინმე, რამდენჯერაც მოგინდება. მინდოდა ბევრი ქმარი მყოლოდა ცხოვრების მანძილზე, თან სხვადასხვა ეროვნებისა და ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულები (პროფესიით, გარეგნობით, თვისებებით).ამ თითო ქმრისგან კიდევ მინდოდა თითო შვილი მყოლოდა და მქონოდა ერთი დიდი მულტინაციონალური ოჯახი 😀 წარმოიდგინეთ, რა საინტერესოა, როცა ბევრი განსხვავებული გარეგნობის შვილი გყავს, რომლებიც განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობენ 🙂 ამასთან კულტურულად რა მრავალფეროვან გარემოში მოუწევთ მათ აღზრდა. რა თქმა უნდა, ახლა განსხვავებულად ვფიქრობ.

ანჯელინასა და ბრედის პირმშო 🙂 საოცრად ლამაზი ბავშვია

ვაკვირდები რა წყვილებს (ძირითადად თანატოლებს), ვხედავ რომ მათი სიყვარული მაქსიმუმ 5 წელს გრძელდება. მიჩნდება კითხვა: ნუთუ არ შეიძლება მთელი ცხოვრება გიყვარდეს და შენი სიყვარული არ შემოიფარგლოს დროის რაღაც ჩარჩოთი. ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ სიყვარულს და არა თანაცხოვრებას. შეიძლება მთელი ცხოვრება გაატარო ერთ ადამიანთან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ მისი ერთგული ხარ და ის გიყვარს. ამის ბევრი მაგალითი მინახავს ქართულ ვითომ “შეხმატკბილებულ” ოჯახებში, ჩუმჩუმად რომ ღალატობენ ქმრები ცოლებს, ცოლებმაც იციან ამის შესახებ და არაფერს აკეთებენ სრულიად გაუგებარი და სულელური მიზეზით: “კაცია და ეპატიება”. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მაღიზიანებენ მდედრობითი სქესის ასეთი წარმომადგენლები, ღალატს რომ პატიობენ საყვარელ ადამიანს და თან არც იმჩნევენ:|
ჰოლივუდის წყვილებიც ასევე არიან ჩემი დაკვირვების ობიექტები. აქაც არაა სახარბიელო მდგომარეობა: აღიგზნება რომანი ორ ჰოლივუდურ ვასრკვლავს შორის(ან ამომავალ ვარსკვლავს შორის), გრძელდება სიამტკბილობით, მერე კონფლიქტები იჩენს თავს, თანდათან უფროდაუფრო ხშირდება და ბოლოს ურთიერთობაც წყდება. ნუთუ ყველა ურთიერთობას უნდა ჰქონდეს დასასრული? მე ამის არ მჯერა. თქვენ რას ფიქრობთ?
P.S. დიდად მადლობელი ვიქნები თუ კომენტარებში მომწერთ ცნობილი წყვილების სახელებს, ვინც დიდი ხანია ერთადაა ან ყოველ შემთხვევაში, დიდხანს უწერია ერთად ყოფნა. ან თუნდაც უცნობ, მაგრამ თქვენთვის ნაცნობ ბედნიერ წყვილებს.

, , , , , , ,

10 Comments