Archive for February, 2015

კინოსეანსი – ოსკაროსანი ფილმები (N4)

პოსტში ტრადიციულად მიმოვიხილავ ოსკარის მომპოვებელ თუ უბრალოდ ნომინანტ ფილმებს, რომელთა ნახვაც ოსკარის დაჯილდოების 87-ე ცერემონიამდე მოვასწარი.

ბერდმენი 

  • გამარჯვებული ნომინაციაში “საუკეთესო ფილმი” 

birdman

“ბერდმენი” ჩემთვის ფილმთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, როდესაც უბრალოდ ვერ ვხვდები, რატომ აღფრთოვანდა ხალხი ასე ძალიან (ისევე როგორც თავის დროზე ვერ აღვფრთოვანდი “უოლ სტრიტის მგელით” თუ “მანდარინებით”). ამ აზრის გამო ბევრი კინომანის გულისწყრომაც დავიმსახურე :დ მართალია, ფილმში კარგი დიალოგებია, მუსიკალური გაფორმებაც კარგია, ოპერატორული ნამუშევარიც და ა.შ. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ განსაკუთრებულად მომწონებოდა, პირიქით – ძალიან მოსაწყენი მეჩვენა. თითქმის ყველა მომენტში გამოვიცანი როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ერთი იმას ვერ მივხვდი, რომ დასაწყისში თავად ბერდმენის დადგმული იყო უბედური შემთხვევა მისთვის არასასურველი მსახიობის მოსაშორებლად. ფილმის დასასრულიც ბანალური იყო – თითქოს რეჟისორს ფანტაზია აღარ ეყო და ამიტომ დაამთავრა ფილმი ასე გაურკვევლად – დაე, მაყურებელმა თავად გადაწყვიტოს ბერდმენის ბედიო.

Boyhood (ბავშვობა)

  • ნომინაცია “საუკეთესო ფილმი”, ნომინანტი

boyhood

ეს არის კეთილი ფილმი ერთი ბიჭისა და მისი ოჯახის ცხოვრებაზე. “ბავშვობის” გმირი ეკრანზე თვალსა და ხელს შუა იზრდება ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით: ფილმის გადაღება 12 წელს მიმდინარეობდა ერთი და იმავე მთავარი მსახიობების მონაწილეობით. ძალიან რეალისტური ფილმია, ზედმეტი “კვანძის შეკვრებისა” და “სიბრძნე-ფილოსოფიების” გარეშე. გამიხარდებოდა, რომ ნომინაციაში “საუკეთესო ფილმი” მას გაემარჯვა “ბერდმენის” ნაცვლად.

ამერიკელი სნაიპერი

  • ნომინაცია “საუკეთესო ფილმი”, ნომინანტი

american-sniper

რატომ მოხვდა საერთოდ ეს ფილმი ნომინანტთა შორის, გაუგებარია. რაღა ეგ და რაღა “რემბო”. ყოველ შემთხვევაში, დასაწყისში ძალიან მივამსგავსე “რემბოს”. ომი ერაყში ამერიკელი კინემატოგრაფისებისთვის ისეთივე საყვარელი და მტკივნეული თემაა, როგორც ქართველებისთვის 90-იანი წლები. კლინტ ისტვუდის ეს ნამუშევარი  “The Hurt Lockers” ჰგავს, თუმცა, ეს უკანასკნელი ბევრად სჯობია.

Still Alice (ჯერ კიდევ ელისი)

  • ნომინაციაში “საუკეთესო მსახიობი ქალი” გაიმარჯვა ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა – ჯულიანა მურმა

still alice

არ ვიცი რამდენად რეალისტურად იყო ნაჩვენები ფილმში ალცჰაიმერით დაავადებული ადამიანის ამბავი, მაგრამ, საინტერესო და გულისამაჩუყებელი კი იყო. Still Alice მოგვითხრობს როგორ იცვლება ჯულიანა მურის გმირისა და მისი ოჯახის წევრების ცხოვრება მეხსიერების თანდათანობით დაკარგვასთან ერთად. ერთადერთი მანუგეშებელი ფილმში ჯულიანას გმირის საუცხოო ოჯახია, რომელიც ყველანაირად უდგას მას გვერდში ამ მძიმე დაავადების დროს.  ჯულიანა იმსახურებდა ოსკარს! )) Still Alice კი ერთხელ საყურებლად ღირს.

ყველაფრის თეორია

  • ნომინაცია “საუკეთესო ფილმი” – ნომინანტი, ნომინაციაში “საუკეთესო მსახიობი მამაკაცი” გაიმარჯვა ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა ედი რედმეინმა

theory_of_everything_wedding_kiss

ფილმი ცნობილი ფიზიკოსის – სტივენ ჰოკინგისა და მისი ცოლის ურთიერთობის შესახებაა. ალბათ, ყველას ახსოვს, სოციალურ მედიაში ფრიად პოპულარული აქცია თავზე ყინულიანი წყლის გადასხმით – Ice Bucket Challenge, რომელიც გვერდითი ამიოტროფული სკლეროზით დაავადებულ ადამიანთა დასახმარებლად იყო მიმართული. სტივენ ჰოკინგი ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც ახალგაზრდა ასაკში განუვითარდა ეს დაავადება. მიუხედავად ამისა, ფიზიკოსმა ფარ-ხმალი არ დაყარა და ბევრ წარმატებას მიაღწია ცხოვრებაში. სტივენმა მისი როლის შემსრულებელს, ედი რედმეინს, ოსკარის მოპოვება facebook-ში გულთბილი სტატუსით მიულოცა.

Gone Girl (გაუჩინარებული ქალი)

  • ნომინაცია “საუკეთესო მსახიობი ქალი” როზამუნდ პაიკის თამაშისთვის

gone girl

ამ ფილმის ყურება ნამდვილად ღირდა. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დამაინტრიგებელი ფილმი იყო ოსკარზე წარდგენილთა შორის. ქალი ქორწინებიდან მეხუთე წლის თავზე უბრალოდ ქრება, ეჭვების მთავარი ობიექტი კი მისი ქმარი ხდება. მაგრამ ჩამთრევ სიუჟეტს მიღმა ადამიანთა შორის სასიყვარულო ურთიერთობებია, რომლებიც მუდამ იცვლება, განსაკუთრებით კი ქორწინების შემდეგ. ერთი სიტყვით, ჩემი ფავორიტი ფილმია.

ოსკარის გარეშე არ დარჩენილა ბოლო დროს ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილების მომხდენი ფილმი Interstellar – მან ნომინაციაში “საუკეთესო ვიზუალური ეფექტები” გაიმარჯვა. თუმცა, ჩემი აზრით, ბევრად მეტს იმსახურებს.

interstellar

სხვა ფილმებზე, სხვა დროს, სხვა პოსტში დავწერ ))

, , , , , , , , , , , , , , ,

3 Comments

ხეტიალი სუპერმარკეტებში

supermarket2

ძალიან მიყვარს სუპერმარკეტებში ხეტიალი. ხეტიალი და პროდუქტების არჩევა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს რაიმე ამბის/დღესასწაულის აღნიშვნას უკავშირდება და მეგობრებთან ერთად ხდება.

kinopoisk.ru

რამდენი შთამბეჭდავი სცენის გათამაშების ადგილად გვევლინება მაღაზია ფილმებში: ექსებთან თუ ყოფილ მეგობარ/მეზობლებთან უეცარი შეხვედრის, სროლის/გარჩევის/ძარცვის/მძევლების აყვანის, ძნელბედობის ჟამს შესაფარებელი ადგილის და ა.შ. თუმცა, რეალობაში პირადად მე ნაკლებად მქონია ასეთი შემთხვევები: არც წარსული მოგონებების აღმძვრელ პირს შევხვედრივარ და არც რაიმე განსაკუთრებული სცენის მომსწრე გავმხდარვარ.

Home-Alone

რამდენჯერ მინატრია ბავშვობაში ამა თუ იმ მაღაზიაზე, ჩემი ყოფილიყო. წარმოვიდგენდი ხოლმე პირველ რიგში რას მივვარდებოდი და გავუსინჯავდი გემოს – მაშინ მთავარ ადგილზე, რა თქმა უნდა, ტკბილეულობა იყო. საბედნიეროდ, დღეს ბევრად კომფორტული და დიდი არჩევნის მქონე სუპერმარკეტები გვაქვს, ვიდრე არც თუ ისე შორეულ წარსულში. “ჯიხურებიდან სუპერმარკეტებამდე” – ასე შეიძლება დავარქვათ 90-იანებიდან დღემდე განვლილ ისტორიას. თუმცა, დღესაც ბევრგან შეგხვდებათ მოწკიპული მაღაზიები,  სადაც ასანთისა და პურის გარდა არაფერი იყიდება, მაგრამ მაინც “სუპერმარკეტებად” იწოდება :)))

supermarket8

ერთი სიამოვნებაა მეგობრებთან ერთად საყიდლებზე წასვლა თავისი პატარ-პატარა თავგადასავლებით: ურიკებზე კატაობით, კამათით – რომელი სასმელის ყიდვა სჯობია, მხიარული ან მომაბეზრებელი კონსულტანტებითა და ბოლოს, რა თქმა უნდა, როცა სუპერმარკეტს სასურველი პროდუქტებით ხელდამშვენებული და დახუნძლული ტოვებ.

მოკლედ, ზოგჯერ, ასეთი მცირე რაღაცებიც საკმარისია ბედნიერებისთვის.

supermarket9

, , ,

4 Comments

%d bloggers like this: