Archive for ივლისი, 2013

ბლოგერებისა და პირველი ბლოგერი მინისტრის შეხვედრა

tea tsoloukiani1

გუშინ იუსტიციის სამინისტროში ბლოგერებსა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე, ასევე განვიხილეთ მინისტრის ბლოგი. ალბათ, გეცოდინებათ, რომ თეა წულუკიანი სულ ცოტა ხნის წინ  საქართველოში პირველი ბლოგერი მინისტრი გახდა. მინისტრმა გვკითხა რჩევები ბლოგთან დაკავშირებით, რომლებსაც იმედია გამოიყენებს :დ

ბევრს დააინტერესა, რატომ აქვს გამორთული კომენტარების სისტემა ბლოგზე. როგორც თეა წულუკიანმა თქვა, მას არ აქვს დრო კომენტარებს პასუხი გასცეს. გარდა ამისა, ის წერს იმიტომ, რომ სურს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოხატოს და არა იმიტომ, რომ ვინმე შეეპასუხოს:

“პოლემიკა აღარ მინდა დაწერის შემდეგ. კომენტარები შემაფერხებს წერაში.”

ამ მიზეზით არ უყვარს ფეისბუქზე შემოსვლა: “ფეისბუქის გახსნის სურვილი არ მიჩნდება, იმდენი რამ მხვდება იქ. თან არ იცი, სად შეიძლება მოხვდეს შენი კომენტარი. ამიტომ ფეისბუქს ბლოგი მირჩევნია, რაც სათქმელი მაქვს ვიტყვი.”

თუმცა, ბლოგზე გარკვეული ხნით (ჯერჯერობით უცნობია როდის) კომენტარების სისტემის გახსნა იგეგმება, რათა მკითხველებს კითხვების დასმის საშუალება ჰქონდეთ. კითხვებს თავად მინისტრი უპასუხებს.

bloggers

თეა წულუკიანის თქმით, ყველა სფეროში ყველა ნიშნით ყვავის დისკრიმინაცია. სწორედ ეს გახდა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან პროექტზე – ანტიდისკრიმინაციულ კანონზე – მუშაობის დაწყების მიზეზი. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების საჭიროება 17 მაისის მოვლენებმაც განაპირობა. მინისტრი 17 მაისს აფასებს როგორც კატასტროფას, თუმცა, მიუხედავად ნეგატიური მხარეებისა, იყო პოზიტიურიც: “ამ დღეს ეკლესიამ საკუთარი თავი სარკეში დაინახა”. ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიზანი არის საქართველოში მცხოვრებმა ყველა ადამიანმა ერთნაირად ისარგებლოს მინიჭებული უფლებებით, არ მოხდეს როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური დისკრიმინაცია კანის ფერის, რასის, სქესის, ასაკის, რწმენის,  პოლიტიკური ან სხვა  შეხედულების,  სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და სხვა ნიშნის მიხედვით.

კანონი ითვალისწინებს თანასწორობის ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნას. ეს იქმნება სადამსჯელო, რეპრესიული ინსტიტუტი, სანქცირების მექანიზმი მათ წინააღმდეგ,  ვინც დისკრიმინაციას ეწევა. შეეხება არამარტო სახელმწიფო, არამედ კერძო სექტორსაც, ფიზიკურ პირებს. ჩივილის საფუძველზე ინსპექტორს ექნება დისკრიმინატორის დაჯარიმების საშუალება. თანასწორობის ინსპექტორის ინსტიტუტი გაუადვილებს საქმეს ომბუდსმენს და გააძლიერებს დისკრიმინაციის აღმოფხვრას.

კანონპროექტი მოითხოვს დიდ თანხებს და ინფრასტრუქტურულ რევოლუციას, ეს აფერხებს მის მიღებასა და დამტკიცებას. კანონის ამოქმედება 2018 წლისთვისაა ნავარაუდევი.

იმედი მაქვს, მიუხედავად შექმნილი დაბრკოლებებისა, კანონი აუცილებლად მიიღება და პრაქტიკაში დამკვიდრდება. ადამიანები კი უფრო და უფრო ნაკლებად მისცემენ საკუთარ თავს სხვების დისკრიმინაციის უფლებას.

, , , , ,

დატოვე კომენტარი

მეტყველების პირველი გაკვეთილი

health-speech

გუშინ მეტყველების პირველი გაკვეთილი მქონდა. როგორც წინა პოსტში აღვნიშნე სანამ უშუალოდ აუდიოწიგნების ჩაწერაზე გადავალთ, უნდა დავიხვეწოთ მეტყველება. პირველ გაკვეთილზე დრო ხმოვნების წარმოთქმასა და სწორ სუნთქვას დავუთმეთ. ვერ წარმოვიდგენდი ასეთი რთული თუ აღმოჩნდებოდა ეს გაკვეთილი. სუნთქვის ვარჯიშების დროს რამდენჯერმე კინაღამ გული წამივიდა. როგორც მითხრეს, ეს ჩვეული ამბავია და ბევრს ემართება ასე. მითუმეტეს როცა არაფერი გაქვს ნაჭამი. მაინც მოულოდნელი იყო ჩემთვის: დილითაც მირბენია გამოუძინებელსა და მშიერს, ვაჯიშითაც მივარჯიშია სამი საათის განმავლობაში უჭმელს, მაგრამ ასე ცუდად არ გავმხდარვარ.

მეტყველების დროს ერთ-ერთი მთავარი რამ მუცლით სუნთქვაა. სწორი სუნთქვა არამარტო მეტყველებაში გვეხმარება, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. სუნთქვაზე დამოკიდებულია ჟანგბადის შეღწევა ორგანიზმში. არასწორი სუთქვა  იწვევს გულის დატვირთვას, ასეთ დროს ფილტვების სრულად ვენტილაცია არ ხდება. მე და ალბათ ბევრი ჩემ გარშემო გულ-მკერდით სუნთქვასაა მიჩვეული. რაც არ ყოფილა კარგი. გულ-მკერდით სუნთქვა არის ზედაპირული, ამ დროს ფილტვების მცირე ნაწილი ივსება ჰაერით, შესაბამისად სხეულს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება. მუცლით სუნთვქის დროს ჰაერს ღრმად ვისუნთქავთ, ისე რომ ის ფილტვების ქვედა ნაწილამდეც აღწევს. მუცლით სუნთქვისას ჩასუნთქვაზე მუცელი ოდნავ იბერება, ამოსუნთქვისას კი იზნიქება. ჰაერის ჩასუნთქვა ცხვირის (და არა პირის) მეშვეობით უნდა ხდებოდეს. სწორი სუნთქვის ჩამოყალიბებას ერთი მარტივი სავარჯიშო უწყობს ხელს: ხუთ თვლაზე ცხვირით ღრმად უნდა შევისუნთქოთ ჰაერი (ისე, რომ მუცელი ოდნავ გამოიზნიქოს), მომდევნო ხუთ თვლის განმავლობაში კი ამოვისუნთქოთ პირით (მუცელი უნდა შეიზნიქოს).

თანდათან უნდა გადავეჩვიო გულ-მკერდით სუნთქვას.

, , , ,

4 Comments

აუდიოწიგნები უსინათლო ბავშვებისთვის

Audiobook

რამდენიმე კვირის წინ გავიგე ერთი ძალიან კარგი ინიციატივის შესახებ: არასამთავრობო ორგანიზაცია ”მარიანი” და ”სამოქალაქო ინიციატივა” ეძებდა მოხალისეებს უსინათლო ბავშვებისთვის აუდიოწიგნების ჩასაწერად. როგორც განცხადებაში ეწერა, არსებული აუდიო-წიგნები არაა საკმარისი იმისთვის, რომ უსინათლო ბავშვებმა მიიღონ სრულფასოვანი სასკოლო განათლება. გარდა შეზღუდული რაოდენობისა, წიგნები არც ხარისხით გამოირჩევა: მაგალითად, ზედმეტად თეატრალურადაა გახმოვანებული, რაც მსმენელს აღქმაში უშლის ხელს.  უსინათლო ბავშვებს ურჩევნიათ შედარებით სადა, არამხატვრული თხრობა.

გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა ამ პროექტში: რა სჯობია იმას, როცა თავისუფალ დროს კეთილ საქმეს უთმობ, თან ახალ, საინტერესო გამოცდილებას იღებ. როგორც აღმოჩნდა მოხალისედ ყოფნის სურვილი ბევრმა ადამიანმა გამოთქვა, ამიტომ შერჩეულ კანდიდატებს საკმაოდ დიდი კონკურენციის გადალახვა მოგვიწია. რადგან ოდესღაც გავლილი მაქვს მეტყველების კურსი, მეგონა რომ მშვენიერი მეტყველება მქონდა, თუმცა, როგორც გასაუბრებაზე მითხრეს, პირის აპარატი ცოტა გაზარმაცებული მქონია, რაზეც მუშაობა მომიწევს. პროექტის ფარგლებში ჩაიწერება 20 წიგნი, დისკები კი უფასოდ გავრცელდება საქართველოს მასშტაბით ბიბლიოთეკებსა და სკოლებში, ასევე აიტვირთება ვებგვერდებზე NPLG.GOV.GE და LIB.GE. უშუალოდ წიგნების ჩაწერაზე სანამ გადავალთ, უნდა გავიაროთ ტრენინგები მეტყველების სპეციალისტთან, რომ რაც შეიძლება სრულყოფილი პროდუქტი მივიღოთ ბოლოს. მოკლედ წინ სასიამოვნო სამუშაო მელის 🙂

, , ,

4 Comments