Archive for იანვარი, 2016

კატისა და აცრის ამბავი

ერთ მშვენიერ დღეს ვარაზისხევზე მივსეირნობდი. გზაზე ფუმფულა, რუხი ფერის, ძალიან ლამაზი კატა შემომხვდა. შემომკნაოდა და კუდს მიბზეკდა, თითქოს მიწვევდა, მოდი მომეფერეო. მეც, რა თქმა უნდა, ხელი გადავუსვი. ფისო სიამოვნებისგან აკრუტუნდა. იზნიქებოდა და იბზიკებოდა. ცოტა მოვეფერე. ხელის უკან წაღებისას ოდნავ მკვეთრი მოძრაობა გავაკეთე, კატას შეეშინდა და გამკაწრა. ნაკაწრი არ მტკენია, მაგრამ საკმაო როდენობის სისხლი წამომივიდა. ზოგადად, ფრთხილი ადამიანი ვარ, ვიცი, რომ ასეთ შემთხვევებში ცოფით დაინფიცირების რისკი არსებობს. ჩემი მეორე მე კი საწინააღმდეგოს ფიქრობდა. პანიკიორი ადამიანები გამახსენდა, ვინც ცხოველის შეხებაზეც კი ასაცრელად გარბის. მეორე მხრივ კი არსებობდა მცირე შანსი, რომ კატა ცოფიანი ყოფილიყო. საგონებელში ჩავვარდი. პირველი რაც გავაკეთე, იყო მეგობრებთან “კონსულტაციის” გავლა. რასაც არავის გირჩევთ. რადგან მეგობრები (ასიდან ალბათ 90 შემთხვევაში) გაიხსენებენ მათი მეზობლებისა თუ ნათესავების გაცოფების ისტორიებს სწორედ ასეთი უმნიშვნელო ნაკაწრებისგან. დეტალებში მოგიყვებიან საზარელ ამბებს ადამიანის ცხოველად ქცევის შესახებ. მსგავსი ამბები შიშს მოგგვრით, შიშმა კი შესაძლოა ხელი შეუშალოს რაციონალური გადაწყვეტილების მიღებას. ყველა შემთხვევაში სჯობს აზრი სპეციალისტს ჰკითხოთ. Read the rest of this entry »

, , , , , , , , ,

3 Comments

ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?

ამერიკელი მწერლის, ფილიპ კ. დიკის წიგნი “ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?” ჯერ კიდევ ზაფხულში, ბათუმში ყოფნისას შევიძინე. მახსოვს, მაღაზიაში “წიგნები ბათუმში” დიდხანს ვორჭოფობდი რა მეყიდა. არჩევანი ორ წიგნს შორის უნდა გამეკეთებინა. საბოლოოდ, ვარდისფერყდიანი, ლამაზი დიზაინისა და საინტერესო სათაურის მქონე წიგნი ავირჩიე. ძალიანაც ვინანე – “ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?” საერთოდ არ შეეფერებოდა ზაფხულის განწყობას. ამიტომ ეს სევდითა და უიმედობით გაჟღენთილი წიგნი ზაფხულის დამთავრებამდე  აღარც გადამიშლია.

https://www.instagram.com/p/6o3L11Eni1/?taken-by=i_amმიწ_dreamar

წიგნში კაცობრიობის ფრიად უიმედო მომავალია დახატული. დედამიწაზე მესამე მსოფლიო ომის შემდეგ ცოცხალი არსებების უმეტესობა ამოხოცილია. რადიოაქტიური მტვრისგან გადარჩენილ დედამიწელებს მთავრობა ყველა აფიშიდან, სატელევიზიო რეკლამისა თუ წერილიდან სხვა პლანეტებზე ემიგრაციისკენ მოუწოდებს. მოსახლეობის ნახევარი გამწყდარია, დანარჩენები კი კოლონიებში არიან გადასახლებულები. ემიგრაციაში ადამიანებს დიდებულ მომავალს უსახავენ – მთავრობის დაპირებების მიხედვით, ისინი გაეცლებიან საშიშ რადიოაქტიურ მტვერს, ასევე უსასყიდლოდ ეყოლებათ მსახური ჰუმანოიდი რობოტები – ანდროიდები. ზოგიერთი ადამიანი უარს აცხადებს მშობლიური დედამიწის მიტოვებაზე და “ბიოლოგიურად უსარგებლო არსებად” ყოფნას ამჯობინებს.

დედამიწაზე დარჩენილები განაგრძობენ მტვრიან და ნაცრისფერ გარემოში ცხოვრებას. გადარჩენილი ადამიანები კოლექტიურ ემპათიაზე დაფუძნებული რელიგიის – მერსერიზმის მიმდევრები არიან. მათ ყოველდღიურ განწყობაზე “განწყობის მოდულატორი” ზრუნავს, რომლითაც საკუთარი თავის სასურველ განწყობაზე მომართვა შეუძლიათ – “ზიზღი”, “დეპრესია”, “სასოწარკვეთის რეჟიმი”, “სამომავლო პერსპექტივების აღმოჩენა და გაცნობიერება, “ტელევიზორის ყურების სურვილი, მიუხედავად იმისა, რა გადის იქ” და ა.შ. რადგან დედამიწა ჯართითაა სავსე, ყველაზე ძლიერ ინდუსტრიად ომის შემდეგ დასუფთავების სამსახურები ქცეულა: იმისთვს, რომ პლანეტაზე ცხოვრება შესაძლებელი იყოს, აუცილებელია მისი ნაგვისგან გასუფთავება.

android

ფილიპ დიკის ნაწარმოების მთავარი თემა ანდროიდებისა და ადამიანების დაპირისპირებაა. ანდროიდები “კლავენ თავიანთ ბატონებს და დედამიწაზე გამორბიან, უკეთესს ცხოვრებას ესწრაფვიან, რომელშიც მონები არ იქნებიან.” ანდროიდების ადამიანებისგან გარჩევა ძალიან რთულია. ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი ემპათის უნარია, რომელიც ჰუმანოიდ რობოტებს არ გააჩნიათ. ამ უნარის გასაზომად და ანდროიდების ამოსაცნობად ადამიანები სპეციალური ვოიტ-კემპფის ტესტს იყენებენ.

წიგნის რეალობაში ადამიანები მარტოსულები და ძალიან უიმედოები არიან. მათი ერთადერთი ოცნება ნამდვილი ცხოველის ყოლაა, იქნება ეს ქათამი, ძაღლი თუ ცხვარი. ცხოველები კი გადაშენების პირას არიან და ძალიან ძვირად ფასობენ. ცოცხალი არსების ყოლა და მასზე ზრუნვა ადამიანთა ერთფეროვან არსებობას აზრს უჩენს.

ფილიპ კ. დიკის ამ ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული რიდლი სკოტის “დანის პირზე მორბენალი” (Blade Runner). “თავებზე მონადირის” ანუ ანდროიდებზე მონადირის როლში ჰარისონ ფორდი მონაწილეობს. ფილმმა, მისი ეკრანებზე გამოსვლის დროს (1982 წელს), დიდი ოვაციები დაიმსახურა სპეცეფექტების გამო და დღესაც მომავალზე გადაღებულ ფილმებს შორის ერთ-ერთ საკულტო ფილმადაა მიჩნეული.

არც ზაფხულის შემდეგ აღუფრთოვანებივარ ამ წიგნს დიდად, მიუხედავად უამრავი დადებითი რეცენზიისა. ისევ მოსაწყენი და უიმედო მომეჩვენა. ერთი რამ რაც შემიძლია გირჩიოთ – არ შეარჩიოთ  ნაწარმოების “ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?” წასაკითხად ახალი იმედებისა და მოლოდინის პერიოდი, თუ არ გინდათ, რომ უიმედობის მორევში ჩაიძიროთ.

, , , , , , , , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

მკვლელი სოციალური მედია

სოციალური მედია კლავს ურთიერთობებს, კლავს რეალობასა და ირეალურ სამყაროში გვძირავს. ამასწინათ კიდევ ერთ აზრს გავეცანი, რომლის მიხედვითაც სოციალური მედია ვების მკვლელადაც წარმოგვიდგება. ვებმა დაკარგა მნიშვნელობა, აღარაა საჭირო ინტერნეტ-ბრაუზერისა და უამრავი ტაბის გახსნა, სხვადასხვა ვებგვერდის შემოწმება: ამ ყველაფრისთვის ერთი აპლიკაციაა საკმარისი. სოციალური მედიის გარეშე ვებგვერდი მკკვდარია – სწორედ ფეისბუქი, ტვიტერი, სხვა სოციალური ქსელები  აცოცხლებს მას. ერთი სიტყვით, სოციალური მედია დანამომარჯვებულ პირსისხლიან მკვლელად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.

murderer - social media

არის ამაში სიმართლის მარცვალი, ისევე როგორც ბევრ სხვა ბრალდებაში. მაგალითად ის, რომ არაჯანსაღ დისკუსიას უწყობს ხელს და უამრავ სულელს აძლევს საშუალებას გახდნენ პოპულარულები. ჭორებს რომელიმე ცნობილი ფიგურის სექსუალური ცხოვრების შესახებ უფრო მეტი მკითხველი ჰყავს, ვიდრე კარგ სამეცნიერო სტატიას. ამიტომ დიდი შანსია სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია თქვენს ნიუსფიდს მიღმა დარჩეს. გაზიარებული სიახლის ვიზუალურ მხარეს უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება მნახველის მხრიდან, ვიდრე მის შინაარს: გინდა არ გინდა, სანამ შიგთავსამდე მიაღწევ, შეფუთვამ უნდა მიიქციოს ყურადღება. ამიტომ შეფუთვა შიგთავსზე მეტ მნიშვნელობას იძენს. ნაკლები ტექსტი, მეტი ვიზუალი. თუმცა, სოციალური მედიის გარეშეც, ასეთი ნიუსები, სამწუხაროდ, უფრო პოპულარულია. ახალი მედია ნიღბის მორგებისა და საკუთარი თავის წარმოჩენის მორიგი საშუალებაცაა: ქსელებში თითქმის ყველა ვცდილობთ ვიყოთ ჭკვიანი, ლამაზი, კეთილი, ლაღი, ბედნიერი, ერთმანეთს თბილ-თბილ სიტყვებს ვუწერთ, ღიად ვუტყდებით გრძნობებში, მაშინ როცა რეალობაში ერთმანეთთან სულაც არ გვაკავშირებს ასეთი თბილი გრძნობები. ბოლოს ყველაფერი გულისამრევ სიყალბემდე დადის.

Essena_O_Neill - მოდელი, რომელმაც ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ სოციალური მედია არაა რეალური ცხოვრება და აქამდე სიყალბეში ცხოვრობდა.

Essena_O_Neill – მოდელი, რომელმაც ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ სოციალური მედია არაა რეალური ცხოვრება და რომ ამ დღემდე ერთ დიდ სიყალბეში ცხოვრობდა.

ინსტაგრამის ვარსკვლავის – ავსტრალიელი მოდელის “აღსარება” მახსენდება, რომელიც ერთ მშვენიერ დღესაც აღმოაჩენს, რაოდენ დიდ სიყალბეში ცხოვრობდა ამდენი ხანი.  მოდელი თავის გულისამაჩუყებელ ვიდეოში თვალზე ცრემლმომდგარი გვიყვება, რომ მისი ცხოვრება, რომელსაც თვალს უამრავი ფოლოუერი კომპიუტერების, პლანშეტებისა თუ მობილურების ეკრანებიდან ადევნებს, სულაც არაა ისეთი, როგორიც ჩანს. ფოტოები, სადაც გოგონა უნაკლოდ გამოიყურება, ერთი და იმავე კადრის უამრავჯერ გადაღებისა და იქიდან საუკეთესოს ამორჩევის შემდეგაა გამოქვეყნებული, ყველა პოსტი, სადაც მოდელი სხვა კომპანიის პროდუქტს ახსენებს, დასპონსორებულია. საბოლოოდ, მოდელი გადაწყვეტს, თავი დაანებოს სოციალურ მედიას და დაუბრუნდეს რეალურ ცხოვრებასა და პროექტებს. მისი ინსტაგრამის აღწერაში ვკითხულობთ: “Social Media is NOT real life” (მისი ინსტაგრამის არხი დღემდე ფუნქციონირებს).

essena

და ბოლოს, ცხოვრებისეულ უბედურებაში მთავარ დამნაშავედ, რა თქმა უნდა, სოციალური მედია გამოგვყავს:

ხშირ შემთხვევაში, სოციალური მედიის უარყოფითი მხარეები უფრო მეტად ადამიანის ბუნების თავისებურებებია, ვიდრე მედიის მახასიათებლები. ჩვენ თვითონვე ვართ ყალბები, დიდი ტექსტის კითხვას მოკლე გვირჩევნია, სკანდალები გვაინტერესებს, დროს სწორად ვერ ვანაწილებთ  და მერე იმაზე ვწუწუნებთ, რამდენ დროს ვხარჯავთ ეკრანებთან. თუ საგზაო შემთხვევების სტატისტიკას გადავხედავთ, არაფერია იმაზე სახიფათო, ვიდრე ავტომობილით მგზავრობა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ავტომობილით გადაადგილებაზე უარი უნდა ვთქვათ. ჩვენ უფრო მეტი უნდა ვიმუშავოთ საკუთარ თავებზე.

სოციალური მედია სარკესავითაა – ძალიან კარგად ჩანს საზოგადოების ნაკლოვანებები და სუსტი მხარეები. ბევრს არ უყვარს სარკეში ჩახედვა და საკუთარი სიმახინჯის დანახვა, მაგრამ სარკეზე უარის თქმით საკითხი არ გამოსწორდება და უკეთესებიც არ გავხდებით.

 

, , , , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი