Posts Tagged ფილიპ კ. დიკი

ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?

ამერიკელი მწერლის, ფილიპ კ. დიკის წიგნი “ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?” ჯერ კიდევ ზაფხულში, ბათუმში ყოფნისას შევიძინე. მახსოვს, მაღაზიაში “წიგნები ბათუმში” დიდხანს ვორჭოფობდი რა მეყიდა. არჩევანი ორ წიგნს შორის უნდა გამეკეთებინა. საბოლოოდ, ვარდისფერყდიანი, ლამაზი დიზაინისა და საინტერესო სათაურის მქონე წიგნი ავირჩიე. ძალიანაც ვინანე – “ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?” საერთოდ არ შეეფერებოდა ზაფხულის განწყობას. ამიტომ ეს სევდითა და უიმედობით გაჟღენთილი წიგნი ზაფხულის დამთავრებამდე  აღარც გადამიშლია.

https://www.instagram.com/p/6o3L11Eni1/?taken-by=i_amმიწ_dreamar

წიგნში კაცობრიობის ფრიად უიმედო მომავალია დახატული. დედამიწაზე მესამე მსოფლიო ომის შემდეგ ცოცხალი არსებების უმეტესობა ამოხოცილია. რადიოაქტიური მტვრისგან გადარჩენილ დედამიწელებს მთავრობა ყველა აფიშიდან, სატელევიზიო რეკლამისა თუ წერილიდან სხვა პლანეტებზე ემიგრაციისკენ მოუწოდებს. მოსახლეობის ნახევარი გამწყდარია, დანარჩენები კი კოლონიებში არიან გადასახლებულები. ემიგრაციაში ადამიანებს დიდებულ მომავალს უსახავენ – მთავრობის დაპირებების მიხედვით, ისინი გაეცლებიან საშიშ რადიოაქტიურ მტვერს, ასევე უსასყიდლოდ ეყოლებათ მსახური ჰუმანოიდი რობოტები – ანდროიდები. ზოგიერთი ადამიანი უარს აცხადებს მშობლიური დედამიწის მიტოვებაზე და “ბიოლოგიურად უსარგებლო არსებად” ყოფნას ამჯობინებს.

დედამიწაზე დარჩენილები განაგრძობენ მტვრიან და ნაცრისფერ გარემოში ცხოვრებას. გადარჩენილი ადამიანები კოლექტიურ ემპათიაზე დაფუძნებული რელიგიის – მერსერიზმის მიმდევრები არიან. მათ ყოველდღიურ განწყობაზე “განწყობის მოდულატორი” ზრუნავს, რომლითაც საკუთარი თავის სასურველ განწყობაზე მომართვა შეუძლიათ – “ზიზღი”, “დეპრესია”, “სასოწარკვეთის რეჟიმი”, “სამომავლო პერსპექტივების აღმოჩენა და გაცნობიერება, “ტელევიზორის ყურების სურვილი, მიუხედავად იმისა, რა გადის იქ” და ა.შ. რადგან დედამიწა ჯართითაა სავსე, ყველაზე ძლიერ ინდუსტრიად ომის შემდეგ დასუფთავების სამსახურები ქცეულა: იმისთვს, რომ პლანეტაზე ცხოვრება შესაძლებელი იყოს, აუცილებელია მისი ნაგვისგან გასუფთავება.

android

ფილიპ დიკის ნაწარმოების მთავარი თემა ანდროიდებისა და ადამიანების დაპირისპირებაა. ანდროიდები “კლავენ თავიანთ ბატონებს და დედამიწაზე გამორბიან, უკეთესს ცხოვრებას ესწრაფვიან, რომელშიც მონები არ იქნებიან.” ანდროიდების ადამიანებისგან გარჩევა ძალიან რთულია. ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი ემპათის უნარია, რომელიც ჰუმანოიდ რობოტებს არ გააჩნიათ. ამ უნარის გასაზომად და ანდროიდების ამოსაცნობად ადამიანები სპეციალური ვოიტ-კემპფის ტესტს იყენებენ.

წიგნის რეალობაში ადამიანები მარტოსულები და ძალიან უიმედოები არიან. მათი ერთადერთი ოცნება ნამდვილი ცხოველის ყოლაა, იქნება ეს ქათამი, ძაღლი თუ ცხვარი. ცხოველები კი გადაშენების პირას არიან და ძალიან ძვირად ფასობენ. ცოცხალი არსების ყოლა და მასზე ზრუნვა ადამიანთა ერთფეროვან არსებობას აზრს უჩენს.

ფილიპ კ. დიკის ამ ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული რიდლი სკოტის “დანის პირზე მორბენალი” (Blade Runner). “თავებზე მონადირის” ანუ ანდროიდებზე მონადირის როლში ჰარისონ ფორდი მონაწილეობს. ფილმმა, მისი ეკრანებზე გამოსვლის დროს (1982 წელს), დიდი ოვაციები დაიმსახურა სპეცეფექტების გამო და დღესაც მომავალზე გადაღებულ ფილმებს შორის ერთ-ერთ საკულტო ფილმადაა მიჩნეული.

არც ზაფხულის შემდეგ აღუფრთოვანებივარ ამ წიგნს დიდად, მიუხედავად უამრავი დადებითი რეცენზიისა. ისევ მოსაწყენი და უიმედო მომეჩვენა. ერთი რამ რაც შემიძლია გირჩიოთ – არ შეარჩიოთ  ნაწარმოების “ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?” წასაკითხად ახალი იმედებისა და მოლოდინის პერიოდი, თუ არ გინდათ, რომ უიმედობის მორევში ჩაიძიროთ.

, , , , , , , , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი