Archive for სექტემბერი, 2011

უნდა ჰქონდეს თუ არა ჟურნალისტს ბლოგი

ბევრ მედიასაშუალებაში ჟურნალისტს ეკრძალება ბლოგის წარმოება. ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზად სახელდება ის, რომ მედიამუშაკმა პირადი აზრების საჯაროდ გამოხატვისას შეიძლება ზიანი მიაყენოს მედიასაშუალების სახელს. გარდა ამისა, შესაძლოა საზოგადოების მხრიდან იკლოს ნდობამ მედიამუშაკის მიერ შექმნილი პროდუქტისადმი. ჟურნალისტის ერთ-ერთი უპირველესი პრინციპი ობიექტურობაა და როცა წინასწარ იცი მისი შეხედულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ძნელია არ დაინახო მის სტატიებში/სიუჟეტებში ამ შეხედულების გავლენა და სუბიექტურობაში დაადანაშაულო.

მიუხედავად ამისა, მაინც მიმაჩნია, რომ ჟურნალისტს ბლოგის წარმოების უფლება უნდა ჰქონდეს.

1) რთულია საკუთარი აზრები მიჩქმალო. ისინი მაინც იპოვიან გამოვლინების გზებს :დ თუნდაც არავერბალურს: შეიძლება ძახილის ერთ ნიშანსა ან ერთ გამოხედვაში ჩანდეს ადამიანის დამოკიდებულება.

2) პირადი აზრი არ გამორიცხავს ობიექტურობას.

3) პირადი აზრი ზოგჯერ (ჩემს შემთხვევაში კი უმეტესწილად) უფრო საინტერესოა, ვიდრე ობიექტური მოსაზრება.

ჟურნალისტი არ არის გრძნობადაცლილი რობოტი. ისევე როგორც სხვა ყველას, მასაც გააჩნია ინდივიდუალური შეხედულებები. მნიშვნელობა ენიჭება იმას, სად გამოხატავს ის საკუთარ აზრებს. ჟურნალისტური მასალის მომზადება პროფესიული სტანდარტების დაცვით უნდა ხდებოდეს. მაგალითად, როცა ვეცნობი ნიუსებს, სულ არ მაინტერესებს ჟურნალისტის პირადი აზრები, ამ დროს მინდა გავიგო სუბიქტურობისგან დაცლილი ამბები. მაგრამ ცარიელი, მშრალი ფაქტების უკან ბევრად საინტერესო რაღაცებია. ხშირად პირადი შეხედულებები, ჟურნალისტის თვალით დანახული რეალობა უფრო მაინტერესებს, ის, რაც არ ხვდება სტატიასა თუ სიუჟეტში. ბლოგი თან საჯარო სივრცეა და თან პირადი. გასაჯაროებული პირადი სივრცე უფრო ამრთებული იქნება ალბათ :დ ბლოგის კითხვისას (ყოველ შემთხვევაში პერსონალური ბლოგის კითხვისას) მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ ავტორი მათ წინაშე წარდგება, პირველ რიგში, როგორც ინდივიდუალური შეხედულებების მქონე ადამიანი და არა ჟურნალისტი. მას არ უნდა ჰქონდეს პრეტენზიები ავტორის ობიექტურობაზე. თანაც ხომ შეიძლება ჟურნალისტი სრულიად განსხვავებულ თემებს ეხებოდეს ბლოგზე და არა იმას, რაზეც მუშაობს. ასეთ შემთხვევაში ჩემთვის გაუგებარია, რა არგუმენტით ეკრძალება პოსტების წერა.

ამ საკითხის გადაწყვეტის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გზა (როცა არც მედია-მუშაკები იქნებიან “წაგებულები” და არც მათი ხელმძღვანელები) არის მისცე უფლება მედია-მუშაკს აწარმოოს ბლოგი, ოღონდ გარკვეული წესების დაცვით (მაგალითად, არ გაავრცელოს დისკრიმინაციული განცხადებები).

ბოლოსდაბოლოს თვითგამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, ჟურნალისტები რატომ უნდა იყვნენ “დაჩაგრულები” ამ მხრივ? :პ თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე?

, , , , , , , , , , , , ,

19 Comments

AlterVision Newcomers-ის შოუქეისზე გასული ბენდების სია

AlterVision Newcomers-ის კონცერტი უკვე ტრადიციად იქცა. ყოველი წლის შემოდგომას ახალბედა ჯგუფებს ეძლევათ შანსი წარდგნენ დიდი აუდიტორიის წინაშე და მონაწილეობა მიიღონ ერთ-ერთ ყველაზე ნორმალურად ორგანიზებულ კონცერტში. ჯერ კიდევ ერთი წლის წინანდელ პოსტში ვწერდი “მიუხედავად უამრავი კრიტიკისა და მოწინააღმდეგისა, Tbilisi Altervision Newcomers–ს მნიშვნელოვანი მოვლენაა მუსიკალურ სამყაროში. სერიოზული მზადება, სასცენო კოსტუმებისა და მაკიაჟის შერჩევა, მაღალი ხარისხის live–ჩანაწერი, უზარმაზარი რეკლამა და პიარი _ ეს ყველაფერი ძალიან დიდი სტიმულია ახალბედა შემსრულებლებისთვის. როკ–კლუბსა თუ ხორავას თეატრში გამართულ უღიმღამო კონცერტებთან შედარებით ალტერვიჟენი ნათელი წერტილია.”

შარშან ამ კონცერტში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი 114 ბენდმა გამოთქვა. წელს მათი რიცხვი, თუ არ ვცდები, 40-მდე იყო. (შეგასხენებთ, რომ იმ ბენდებს/მუსიკოსებს ვისაც უნდოდა Newcomers AlterVision-ში მონაწილეობა, 5 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით “ალტერვიჟენ გრუფის” ოფისში უნდა გამოეგზავნათ შემდეგი საბუთები 1)3 აუდიო ჩანაწერი (MP3 ფორმატში), 2)ჯგუფის ბიოგრაფია, 3)ჯგუფის ფოტოსურათი, 4)ვიდეო, 5)შევსებული სარეგისტრაციო ფორმა).

წელს მზადება ალტრვიჟენისთვის შარშანდელთან შედარებით უფრო ადრე დაიწყო 😛
უკვე ცნობილია იმ ბენდების სია, ვინც შოუ-ქეისზე მიიღებს მონაწილეობას (ამის შემდეგ გაირკვევა, ვინ გამოვა AlterVision Newcomers-ის კონცერტზე). ეს ბენდებია:
The Georgians
Radioactive
The Pulse
Shota Adamashvili “Country Man”
Rema
The Animals from Mars
Svansikh
Landmark
Side Effect
Global House Project
Fuck’n’Roll
November
Burn
Fly
Plus Master
Eleqtromouse
Dress Code
The Mins

ამ სიაში გამიხარდა The Georgians, Radioactive, Landmark და შოთა ადამაშვილის ხილვა. Radioactive-ს სულ ცოტა ხნის წინ გავეცანი და მომეწონა. თქვენ თავად შეაფასეთ ამ სიმღერით:

Landmark-ს რაც შეეხება, დიდი ხანია მომწონს მათი შემოქმედება და შექმნის დღიდან ვადევნებ ამ ბენდს თვალს. ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს ამ ჯგუფთან :პ ესეც ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმღერა:

The Georgians-ს ერთხელ უკვე აქვს მონაწილეობა მიღებული AlterVision Newcomers-ში. ამ კონცერტების შესახებ შეგიძლიათ შემდეგ პოსტებს გაეცნოთ.

შოთა ადამაშვილი, იგივე ქანთრიმენი, შეიძლება პროექტ”ნიჭიერიდან” გახსოვდეთ ან სადმე მიწისქვეშა გადასასვლელში შეხვედრიხართ. ძალიან კარგი და ნიჭიერი ადამიანია : )

არ შემიძლია Svansikh-ზე არ ვთქვა ორიოდე სიტყვა: არც ისე დიდი ხანია რაც მისი ახალი ტრეკი მოვისმინე და მაშინვე მოვიხიბლე:

უფრო დაწვრილებით ინფორმაციას და ცნობებს სხვა ჯგუფების შესახებ შემდეგ პოსტებში გაგაცნობთ. 🙂
მანამდე კი შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩემი პოსტი შარშანდელ AlterVision Newcomers-ზე.

, , , , , , , , , , , , , ,

3 Comments

ქორწილი

“დაქორწინდნენ და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად” – ზღაპრის ჩვეული დასასრული.

ჩემი ერთი მეგობარი მიმტკიცებდა, რომ ყველა გოგო ოცნებობს თეთრ საპატარძლო კაბასა და ქორწილზე. ვერაფრით ვერ დავარწმუნე, რომ ასე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ქორწილი საოცნებო რამ არ არის, ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. მართალია, ნაკლებად მიყვარს ოფიციალური ღონისძიებები, ჩემი აზრით, ქორწილი არ არის ჩვეული ყოველდღიურობა და სხვა დღეთაგან განსხვავებული უნდა იყოს. განსხვავებულში არ ვგულისხმობ მაინცდამაინც პომპეზურს. როგორი უნდა იყოს ეს დღე, წყვილზე არის დამოკიდებული: ზოგს შეიძლება ნაგავსაყრელზე უნდა ქორწილი, ზოგს ახლო მეგობრების მცირერიცხოვან წრეში, ზოგს კი ძალიან დიდი ფინანსური ხარჯების გარეშე ვერ წარმოუდგენია ამ თარიღის აღნიშვნა.

ყველაზე ძალიან არ მიყვარს ტრადიციული ქართული ქორწილი, რომელიც წარმოუდგენელია თამადის, უშველებელი სადღეგრძელოებისა და ქართული ცეკვის გარეშე. ასეთ ქორწილში N1 სტუმრები არიან ხოლმე ნათესავები, რომლებსაც მომავალი ცოლ-ქმარი ცხოვრებაში შეიძლება მხოლოდ ერთხელ ან არც არასოდეს შეხვედრია. ოღონდ ერთი და ორი კი არა, თითქმის მთელი სანათესაო. მეფე-დედოფალი მეჯვარეებითურთ დაბრაზის ცენტრში, ამაღლებულ ადგილას სხედს, რათა ყურადღების ცენტრში იყოს და არავის გამოეპაროს რამდენი ჭამეს/დალიეს და ზოგადად თავი როგორ ეჭირათ :დ ცალკე აღნიშვნის ღირსია “არ დაიდარდოს” ტიპის მუსიკალური ჰანგები და დამკვრელები… ყელში ამოვიდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც საკმარისია უკვე ამ მუსიკის მოსმენა :შ ტრადიციული ქართული სამზარეულო და კერძები… არა, განა არ მიყვარს, უბრალოდ რამე განსხვავებულის მომზადება მრავალფეროვნებისთვის კარგი იქნებოდა. ტრადიციულ ქორწილში ყოფნისას ეჭვი მიჩნდება, რომ ეს ღონისძიება, პირველ რიგში, სტუმრების სიამოვნებისთვისაა გამართული: რა მოსწონს წყვილს, როგორ და ვისთან ერთად უნდა აღნიშვნა ამ დღისა, მეორეხარისხოვანია.

რამდენჯერ მილაპარაკია ამ თემაზე მეგობრებთან. ისიც კი, ვინც ამბობდა, რომ არასდროს ექნებოდა ტრადიციული ქორწილი, ამ ღონისძიების გაცვეთილი ფორმით აღნიშვნას ვერ აცდა. იმიტომ, რომ საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ დედამთილ-მამამთილ-სიდედრ-სიმამრს ვერ წარმოუდგენია სხვანაირი ქორწილი, იმიტომ რომ რაღაც ახლისა და განსაკუთრებულის გამართვის მცდელობისას შემდეგი ფაქტორი ერთვება “ნათესავები/მეზობლები რას იტყვიან”, “ტრადიციას ვერ გადავუხვევთ”, იმიტომ, რომ მომავალ ცოლ-ქმარს ხშირ შემთხვევაში მშობლების ფინანსებით უხდებათ ქორწილის გადახდა: ხოდა ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთს.

ქორწილი, ჩემთვის არის არა ხელისმოწერისა და ურთეირთობის საჯაროდ დადასტურების ცერემონიალი, არამედ თანაცხოვრების დაწყების, ცხოვრების ახალი ეტაპის აღნიშვნა. პირველ რიგში ეს ღონისძიება არის წყვილისთვის და როგორც მოუნდებათ, ისე უნდა აღნიშნონ. არ მესმის, ხომ შეიძლება, ვიღაც უცხო ადამიანების ნაცვლად მხოლოდ ახლობელი ადამიანები იყვნენ დაპატიჟებულნი ქორწილში, “არ დაიდარდოს” ნაცვლად რამე სხვა, საქმროსა და საცოლეს გემოვნების მუსიკა ჟღერდეს (ვერ დავიჯერებ, რომ ყველა წყვილს ასეთი მუსიკა მოსწონს), არც დაზეპირებული სადღეგრძელოები სვან და ქართული ცეკვის ნაცვლად რამე სხვა იცეკვონ. ფლეშმობი მოაწყონ სულაც. არაა აუცილებელი სუფრა სავსე იყოს საჭმელებით, რათა სტუმრები გაძღნენ. სასმელი, მოსაწევი, სხვა სოფთ დრაგებიც საკამრისია :დ ეს ხუმრობით. სინამდვილეში მთავარია ქორწილი იყოს ლამაზი და სუფევდეს მხირაულება :დ ამ ვიდეოს რომ ვუყურებ სულ მეცინება. მერე რა, რომ პრინც უილიამისა და ქეითის ქორწილის პაროდიაა, ბევრ რეალურ მოსაწყენ ცერემონიალს კი სჯობია.

, , , , , , , , ,

7 Comments

11/09 ღრმად მეხსიერებაში

fallingman
The_Falling_Man

ზუსტად 10 წლის წინ ამ დღეს მთელი ოჯახი ტელევიზორს ვუსხედით. ეს ის დრო იყო, როცა ჩემთან სახლში ტელევიზორს ჯერ კიდევ უყურებდნენ და ის სულაც არ იყო უსარგებლო ნივთი. ტრადიციულად, საინფორმაციო გამოშვების დაწყების მოლოდინში ჩემი მშობლები ეკრანს მიაპყრობდნენ თვალებს. იმ დღეს თითქმის ყველა არხზე ერთსა და იმავეს გადასცემდნენ: ცნობას აშშ-ში მომხდარი ოთხი ტერორისტული აქტის შესახებ. რაღაც საშინელება იყო, კოშმარი. საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი. ყველაზე მეტად იმ კადრებმა შემაძრწუნეს, სადაც ადამიანები ცეცლხმოკიდებული ცათამბჯენებიდან ხელებს იქნევდნენ დახმარების მოლოდინში და ფანჯრებიდან ხტებოდნენ. მათ მთელი მსოფლიო უყურებდა, მაგრამ ვერავინ შეძლო შველა. მიუხედავად იმისა, რომ არც სისხლი იყო ნაჩვენები და არც გვამები (რითიც ცდილობენ ხოლმე ყურადღების მიპყრობას ეთიკის დამრღვევი მედიასაშუალებანი), ყველაზე სულისშემძვრელი კადრები იყო.

ნაწყვეტები დოკუმენტური ფილმიდან “9 11 the falling man”, რომელიც ცათამბჯენებიდან გადმომხტარი ადამიანების შესახებაა. საინტერესო ფილმია.



მეორე დღეს ჩემს ახალ სკოლაში ყველა ამ ტრაგედიის შესახებ ლაპარაკობდა. ეს იყო უცხო ქვეყნის ტრაგედია, რომელიც ყველაზე მეტად განვიცადე. ალბათ იმიტომ, რომ პირდაპირი ეთერში ვადევნებდი თვალს და მეც ამ ამბის ერთგვარ მონაწილედ ვიქეცი. მას შემდეგ მედიით გავრცელებულ არცერთ ამბავს მოუხდენია ჩემზე ასეთი გავლენა. 10 წელი გავიდა და ის კადრები დღესაც თავში მიტრიალებს.

, , , , , , ,

3 Comments

ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს

ბარგის ჩალაგება ჩემთვის ერთი რუტინული პროცესია. სადმე წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ვიწყებ იმაზე ფიქრს, რა წავიღო. არ მიყვარს როცა ამ პროცესის დაჩქარებულად წარმართვა მიხდება _ ასეთ შემთხვევაში დიდი შანსია რამე დამრჩეს. თბილისში წამოსვლამდე მე და ჩემი შყვარებული ვწუწუნებდით ბარგს რა ჩაალაგებსო. ამის გაგონებაზე ერთმა ჩვენმა მეგობარმა (მამრობითი სქესის :პ) გაოცებულმა შეყვარებულს ჩემზე მიუთითა: აბა, ეს რისთვის გყავსო. არ გამკვირვებია: ქართველი კაცების დიდი რაოდენობა (ყოველ შემთხვევაში მე ბევრს ვიცნობ) ისეთი ელემენტარული საქმის გასაკეთებლად, როგორიცაა ბარგის ჩალაგება, არასოდეს იწუხებს თავს. ამის გაკეთება ჯერ მათ დედებს აბარიათ, დაქორწინების შემდეგ კი _ ცოლებს. ბარგის ჩალაგება ერთადერთი რამ არაა, რასაც მამრობითი სქესის წარმომადგენლები სხვებს აბარებენ: ლოგინის მილაგება, მაგიდის გაწყობა, ჭამის შემდეგ საკუთარი თეფშის გარეცხვა, საკუთარი ნივთების დალაგება, “ნასკების” ან თუნდაც საცვალის გარეცხვა ქალის “პრეროგატივად” მიიჩნევა.

ვერ ვიტან როცა მაგიდის გაწყობაზე მიდგება საქმე და მამრობითი სქესის წარმომადგენლები დამშეულ თვალებს შემოანათებენ იქ მყოფ ქალებს და მიუხედავად იმისა, რომ სრულიად უსაქმურნი და დასვენებულები არიან ბრძანებას გასცემენ: “აბა, დატრიალდით ახლა!” არადა ეს ზემოთჩამოთვლილი საქმენი არც სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს და არც განსაკუთრებულ ნიჭს. ელემენტარული რამაა ჭამის შემდეგ მაგიდიდან შენი დაყრილი ნამცეცები გადაწმინდო ან თეფშზე საჭმელი გადმოიღო, რა საჭიროა ამისთვის დამხმარე? მესმის, რომ სასიამოვნოა როცა სხვები გემსახურებიან, მაგრამ მთელი ცხორვება ასეთ უსუსურ მდგომარეობაში ყოფნა გამაღიზიანებელია. არის ელემენტარული რაღაცები, როგორც პირადი ჰიგიენის დაცვაა, რასაც ყველა თვითონ უნდა აკეთებდეს. ვერ წარმომიდგენია, ადამიანი, რომელიც საცვალს ვერ ირეცხავს, როგორ უნდა გახდეს დამოუკიდებელი?

, , , , , , , ,

13 Comments