რატომ უნდა შეეშვათ მოტივაციის ძებნას

motivation-sarahseeandersen-comics-study

დღევანდელ სამყაროში მოტივაციას განსაკუთრებული ფასი აქვს. უამრავი სტატია, თეორია თუ პრაქტიკული რჩევა იწერება, როგორ ვიპოვოთ/ავიმაღლოთ მოტივაცია, როგორ გავხდეთ უფრო მოტივირებული. მოტივაცია – წარმატების მიღწევის წინაპირობაა. თუმცა, ხშირად გვავიწყდება, რომ მოტივაცია მხოლოდ საწყისია – ერთგვარი მიმართულების მიმცემი ადამიანისთვის, გაცნობიერება იმისა, რომ რაღაც მიზანს გინდა მიაღწიო. მაგრამ მარტოოდენ მოტივაცია არაა წარმატების გარანტი, მიზნის გაჩენის შემდეგ მის მისაღწევად მოტივაციაზე ბევრად მნიშვნელოვანი თვისებაა საჭირო.

წარმოიდგინეთ, რომ რაღაცის მიღწევის დიდი სურვილი გაქვთ – მაგალითად, გინდათ წონის დაკლება, ან კუნთოვანი მასის გაზრდა – ამ მიზნის მისაღწევად დიდი ძალისხმევა და ყოველდღიური შრომა გჭირდებათ. ამ საქმის მრავალი სპეციალისტი გირჩევთ, რომ პატარ-პატარა „მოტივატორები“ მოძებნოთ – მაგალითად, ნათლად წარმოისახოთ როგორი სხეული გინდათ რომ გქონდეთ და ყოველ ჯერზე, რთული და არასასიამოვნო დავალების შესრულებისას, წარმოიდგინოთ სხეულის ეს ხატი, მოახდინოთ საკუთარი მიზნის ერთგვარი ვიზუალიზაცია ან დათქვათ, რომ ამ დავალების შესრულების შემდეგ რაღაცით დააჯილდოვებთ საკუთარ თავს (მოაწყობთ განტვირთვის დღეს, იყიდით სასურველ ნივთს და ა.შ). ასე ხდება მიზნისკენ მიმავალი გზა ყოველდღიური მოტივაციის/მოტივატორების ძებნის პროცესი, რაც საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. არ არსებობს ადამიანი, რომელიც მუდამ მოტივირებულია, განსაკუთრებით მიზნის მიღწევის გზის დასაწყისში და რთული დავალებების შესრულებისას. ყოველთვის დგება მომენტი, როცა გეზარება, განწყობა არ გაქვს და იმ მომენტში გირჩევნია სხვა საქმით დაკავდე, მიუხედავად იმის გაცნობიერებისა, რომ ეს საბოლოო მიზნის მიღწევისთვის კარგ შედეგს არ მოიტანს.

motivation-vs-discipline

როგორც აღვნიშნე, მოტივაცია პირველ ეტაპზეა მნიშვნელოვანი – როცა უნდა აირჩიო მიზანი, ის, თუ რა გინდა, შემდეგ ეტაპზე კი მოტივაცია სხვა რაღაცამ უნდა ჩაანაცვლოს და ეს ბევრად მნიშვნელოვანი რამაა – დისციპლინა, გნებავთ ჩვევა ვუწოდოთ. წარმოიდგინეთ რამდენ რამეს არ გავაკეთებდით მხოლოდ მოტივაციაზე რომ ვიყოთ დამოკიდებული – მაგალითად, არსებობს ადამიანი, ვინც დილით ლოგინის გასწორების სურვილით იღვიძებს? მე ასეთი ჯერ არ შემხვედრია, თუმცა, ყველას, გამონაკლისების გარდა, გვიწევს ამის გაკეთება. ძალიან მიყვარს დილით ძილი და მიჭირს ადრე ადგომა. გაღვიძებისას ნამდვილად არ ვფიქრობ, როგორ შეიძლება გავიჩინო/ავიმაღლო ადგომის განწყობა – უბრალოდ ვდგები. არსებობს დავალებები, რომლებიც უბრალოდ უნდა გავაკეთოთ – ყველანაირი მოტივატორის ძებნის გარეშე. თავიდან საკუთარი თავისთვის შესაძლოა ძალდატანება დაგჭირდეთ. რაც დრო გავა, მით უფრო გადაიზრდება ყოველდღიური, ნაკლებად სასიამოვნო, მაგრამ საჭირო ქმედებები ჩვევაში და მიზნის მიღწევის პროცესში ნაკლებად იქნებით დამოკიდებული ხელისშემშლელ ფაქტორებზე. ვარჯიშის წინ ნაკლებად იფიქრებთ იმაზე, რომ დღეს ცუდად გეძინათ, კარგად ვერ გამოიკვებეთ, უენერგიოდ ხართ და ათას სხვა ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზებზე, რომლებიც ვარჯიშის გადადებისკენ გიბიძგებთ. ჩვევას არ ჭირდება განწყობა – თქვენ ავტომატურად აკეთებთ იმას, რაც საჭიროა. აუცილებელი პირობა ისაა, რომ პროცესმა თანდათან სიამოვნებაც უნდა მოგანიჭოთ. თუ მიზნის მიღწევის მთელი გზა საერთოდ არ განიჭებთ სიხარულსა და ბედნიერებას, მაშინ ან მიზანი უნდა შეცვალოთ ან მისი მიღწევის ხერხი. ასე, რომ შეეშვით მოტივაციის დევნას და უბრალოდ გააკეთეთ ის, რაც გჭირდებათ.

, , ,

  1. დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი