Posts Tagged მარიხუანა

ბიო და მის მოხმარებასთან დაკავშირებული საფრთხეები

spice_gold_3g

ბოლო დროს საქართველოში მეტად პოპულარულ ბიოს ჩამოტანაზე რამდენიმე გადამზიდავმა კომპანიამ უარი განაცხადა, რამაც მომხმარებელთა უკმაყოფილება გამოიწვია. კანონით მისი შესყიდვა-მოხმარება აკრძალული არ არის. ბიოპლანის გამოწერა სულ მარტივად შეიძლებოდა უცხოური საიტებიდან. შეიძლება ითქვას, რომ მან აკრძალული მარიხუანა ჩაანაცვლა. სწორედ ადვილმა ხელმისაწვდომობამ განაპირობა მისი მზარდი პოპულარობა.

ცოტაოდენი რამ ბიოს შესახებ

ბიო, იგივე სპაისი მოსაწევი სინთეტიკური ნივთიერებაა. ის ევროპაში 2000-იან წლებში გამოჩნდა. შემადგენლობის მხრივ სხვადასხვა სახის სპაისი არსებობს. ზოგიერთ ქვეყანაში ზოგიერთი სახის სპაისი აკრძალულია. ის რამდენიმე სახის მცენარისა და ქიმიური ნივთიერებების (JWH-018, HU-210, CP 47,497…) შერევის შედეგად მიიღება. ბიო არომატიზატორს აქვს მარიხუანას მსგავსი ეფექტი, თუმცა, მისი მოქმედება ბევრად უფრო მალე იწყება და უფრო ძლიერია. ამასთან, მარიხუანასთან შედარებით, ხანმოკლე.

როგორ მოქმედებს ბიოპლანი ორგანიზმზე, ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის. პირველი სინთეთიკური კანაბინოიდის (მარიხუანას, ჰაშიშის აქტიური ნივთიერება) შემქმნელი პროფესორი ჯონ ჰაფმანი ბიოს მომხმარებლებს იდიოტებს უწოდებს, რადგან მისი თქმით, მათ არ იციან რა შედეგით შეიძლება დამთავრდეს ეს.

ბიოს მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს: თავბრუს ხვევა, შფოთვა, ჰალუცინაციები, აღქმის დარღვევა, კოორდინაციის დარღვევა, სისუსტე, მეხსიერების დაქვეითება, ნევროზი და ფსიქოზი. (გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი ეფექტი კანაბინოიდის ნებისმიერ შემცველს (მარიხუანა, ჰაშიში) შეიძლება ჰქონდეს).

ინტერნეტში უამრავი ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ ბიოს მავნე ზეგავლენაზე: რა დამღუპველად მოქმედებს ის ფსიქიკაზე, ფილტვებზე, ტვინზე, როგორ იწვევს მიდრეკილებებს სუიციდისკენ და როგორ ასრულებენ სიცოცხლეს მისი ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები თვითმკვლელობით. უამრავი სტატია და ვიდეოსიუჟეტია. ბევრი მათგანი არადამაჯერებლად გამოიყურება: თითქოს განგებ არის გაზვიადებული ხშირ შემთხვევაში მორალისტურ ჭრილში აღწერილი ამბები. მეც აქამდე გაგონილ  ამბებს ბიოს მავნებლობის შესახებ ეჭვის თვალით ვუყურებდი. ბიო პლანის ნეგატიურ ეფექტში მაშინ დავრწმუნდი, როცა რამდენიმე მეგობარს მის გამო სერიოზული პრობლემები შეექმნა. ზოგიერთ შემთხვევაში ეს გამოიწვია ბიოს ერთჯერადმა მოხმარებამ, ზოგიერთში – რამდენიმე კვირის მანძილზე მოწევამ. რეალობის აღქმის დაქვეითება, შეგრძნება თითქოს სიზმარში ხარ – სიმპტომი, რომელიც ყველასთვის საერთო იყო. შიში, შფოთვა, აკვიატებული აზრები, უძილობა –  ზოგიერთ მათგანს მთელი თვეები ტანჯავდა ეს უსიამოვნო შეგრძნებები. რამდენიმეს ბიოს მოხმარების შედეგად ნევროზი განუვითარდა. რაც დრო გადის, სპაისის მოხმარებით დაზარალებულების შესახებ ცნობები იზრდება. თანაც, სულ ნაცნობების მხრიდან.

ჩემი რჩევაა:

  1.  არასდროს გასინჯოთ რაიმე ნარკოტიკული საშუალება თუ ფსიქოთროპული ნივთიერება მასზე ინფორმაციის ფლობის გარეშე და მისი შესაძლო შედეგების ცოდნის გარეშე.

  2. თუ მაინც გადაწყვეტთ მოხმარებას, ძალიან ფრთხილად იყავით დოზებთან. ყველაზე უწყინარი ნივთიერების მიღების შემთხვევაშიც კი დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა სიკვდილი გამოიწვიოს. გახსოვდეთ: არამავნებელი დოზა ყველასთვის ერთნაირი არაა.

  3. თუ გყავთ თინეიჯერი შვილები, დები, ძმები, მეგობრები, ჩასჭიდეთ მათ ხელი და ესაუბრეთ ნარკოტიკული საშუალებების, მათი ნეგატიური ზეგავლენის შესახებ. უმეტესობა სწორედ ამ პერიოდში იწყებს ამ ნივთიერებების მოხმარებას (მანამდე, რა თქმა უნდა, თავად უნდა გაერკვეთ ამ საკითხში ოდნავ მაინც :))

, , , , , , , , , , , ,

130 Comments