Posts Tagged ინფორმაცია

სამი რამ, რაც ინტერნეტქსელის დასაცავად უნდა გავაკეთოთ

Web-ის შემქმნელი ტიმ ბერნერს-ლი
ფოტოს ავტორი Sarah Lee for the Guardian

28 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საყოველთაო ქსელი – Web – შევქმენი. Web წარმომედგინა, როგორც ყველასთვის ხელმისაწვდომი ღია პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევს გააზიარო ინფორმაცია ნებისმიერი ადგილიდან და ითანამშრომლო გეოგრაფიულ და კულტურულ საზღვრებს მიღმა. სწორედ ამ ხედვას ეფუძნებოდა წლების განმავლობაში ინტერნეტქსელის არსებობა, მიუხედავად წინააღმდეგობებისა და ბრძოლებისა მისი ხელმისაწვდომობისთვის. ბოლო თვეების განმავლობაში უფრო და უფრო მეტად მაწუხებს სამი ტენდენცია, რომელსაც, ჩემი ღრმა რწმენით, უნდა შევებრძოლოთ, რათა Web-მა კლავაც შეასრულოს მისი ნამდვილი როლი – ემსახუროს კაცობრიობას.

  1. ჩვენ დავკარგეთ კონტროლი ჩვენს პერსონალურ მონაცემებზე.

    დღესდღეობით ბევრი ვებგვერდი გთავაზობს მასზე წვდომას პერსონალური მონაცემების გაზიარების სანაცვლოდ. ბევრი თანხმდება ამას – ხშირად გრძელ და გაუგებარ დოკუმენტებზე დათანხმებით – ჩვენ დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ იმას, რომ უფასო სერვისების მიღების ხარჯზე ჩვენ შესახებ გარკვეული სახის ინფორმაცია გროვდება. ამით ვკარგავთ შესაძლებლობას, ვაკონტროლოთ ვისთვის და რა მიზნით ზიარდება ეს ინფორმაცია. უფრო მეტიც, ჩვენ არ გვაქვს საშუალება, მოვთხოვოთ კომპანიებს, რომელი ინფორმაციის გაზიარება არ გვსურს მესამე მხარისთვის. კომპანიების მხრიდან ჩვენ შესახებ შეგროვებული მონაცემები სხვა მიზნითაც გამოიყენება: კომპანიებთან თანამშრომლობითა თუ მათი იძულებით მთავრობები ინტერნეტში ჩვენს ყოველ ქმედებას ადევნებენ თვალს და იღებენ ჩვენი პირადი ცხოვრების შემლახველ, უკიდურეს კანონებს. განსაკუთრებით ნათლად ჩანს რამხელა ზიანის მოტანა შეუძლია ამას რეპრესიულ რეჟიმებში, სადაც ბლოგერებს აპატიმრებენ ან კლავენ, პოლიტიკურ ოპონენტებს კი აკონტროლებენ. მაგრამ იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მთავრობები თითქოსდა მოქალაქეთა ინტერესებს აყენებენ უპირველეს ადგილზე, ყველასთვის თვალის დევნება ძალიან შორსაა წასული. ეს ცუდად მოქმედებს სიტყვის თავისუფლებაზე და ხელს უშლის ინტერნეტქსელის გამოყენებას მნიშვნელოვანი საკითხების გამოსაკვლევად.

  2. ძალიან მარტივია დეზინფორმაციის გავრცელება.

    დღესდღეობით ადამიანთა დიდი ნაწილი ახალ ამბებსა და ინფორმაციას ინტერნეტის, სოციალური მედიისა და საძიებო გვერდების საშუალებით ეცნობა. ეს საიტები მათზე არსებულ ლინკებზე დაკლიკვით ფულს შოულობენ. ისინი გვაჩვენებენ იმ კონტენტს, რომელსაც ჩვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შედეგად გვირჩევს ალგორითმი: მოულოდნელი, შოკისმომგვრელი დეზინფორმაცია, რომელიც ძალიან სწრაფად ზიარდება. ასე ვრცელდება ყალბი ინფორმაცია ფინანსური თუ პოლიტიკური მიზნებისთვის.

  3. პოლიტიკური ონლაინ რეკლამა მეტ გამჭვირვალობას მოითხოვს.

    პოლიტიკური სარეკლამო ბიზნესი ძალიან სწრაფად გადაიზარდა ფალსიფიცირების ინდუსტრიაში. პერსონალურ მონაცემებზე დაფუძნებულ ალგორითმთა დახმარებით პოლიტიკური კამპანიები ქმნიან ინდივიდუალურ მომხმარებელზე გათვლილ რეკლამას. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოველდღიურად  Facebook-ზე რეკლამის 50 000 ვარიანტი იყო გაშვებული, რის გამოც, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო მათი მონიტორინგი. ზოგიერთი პოლიტიკური რეკლამა ხელს უწყობდა ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი საიტების პოპულარიზაციას. მიზნობრივი რეკლამა საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა ჯგუფებს აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებები მივაწოდოთ. არის კი ეს დემოკრატიული?

საკითხი კომპლექსურია  და მისი გადაწყვეტა არაა მარტივი. მაგრამ არსებობს რამდენიმე ხერხი, რაც პროგრესისკენ მიგვიყვანს. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ვებკომპანიებთან, რათა სამართლიანად დავუბრუნოთ ადამიანებს პერსონალური მონაცემების კონტროლის საშუალება ახალი ტექნოლოგიების დახმარებით და განვავითაროთ მოგების ალტერნატიული მოდელები, როგორიცაა გამოწერა და მცირე გადასახადები. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ მთავრობებს კანონთა გადამეტების გამო, საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს გამოყენებითაც.

ჩვენ უნდა გამოვხატოთ უკმაყოფილება დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ და ამით მხარი დავუჭიროთ ამ საკითხის მოგვარებაში ისეთი მსხვილი მოთამაშეების მცდელობებს, როგორიცაა Google და Facebook. გვჭირდება უფრო მეტი გამჭვირვალობა ალგორითმებში და მათი დაფუძნება გარკვეულ პრინციპებზე. პოლიტიკური ინტერნეტ-კამპანიების რეგულირება უფრო ნათელი და გამჭვირვალე უნდა გახდეს.

ხუთწლიანი სტრატეგიის თანახმად ჩვენი გუნდი Web Foundation ამ საკითხებზე იმუშავებს – პრობლემების სიღრმისეულად კვლევით, აქტიური სტრატეგიული გადაწყვეტილებების შემოთავაზებითა და ძალების გაერთიანებით ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ ისეთი ქსელის განვითარებას, რომელიც ყველას თანაბარ ძალაუფლებასა და შესაძლებლობებს მისცემს.

მართალია, მე შევქმენი web, მაგრამ დღეს რაც გვაქვს, ყველა თქვენგანის დახმარებითაა შექმნილი. თქვენი ყველა ბლოგი, პოსტი, ფოტო, ვიდეო, აპლიკაცია თუ ვებგვერდი ქმნის ჩვენს ონლაინ საზოგადოებას. ძალიან ბევრი ადამიანი დაგვეხმარა: პოლიტიკოსები, რომლებიც web-ის ღიად დატოვებისთვის იბრძოდნენ, სტანდარტების მიმწოდებელი ორგანიზაციები, როგორიცაა W3C, რომელიც ტექნოლოგიების უსაფრთხოებასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, ადამიანები, რომლებიც ინტერნეტის დასაცავად ქუჩაში გამოხატავენ პროტესტს (გასულ წელს ინტერნეტის თავისუფლების მოთხოვნით მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა კამერუნში, ნიგერიაში).

ყველა ჩვენგანი იყო ჩართული web-ის შექმნაში და ახლა ყველა ჩვენგანზეა დამოკიდებული გვქონდეს ისეთი ქსელი, როგორიც გვინდა რომ იყოს. The Web Foundation იბრძვის იმისთვის, რომ ვები ყოველმხრივ დაცული იყოს. ჩვენ გვჯერა, რომ ამის გაკეთება აუცილებელია მოქალაქეთა ზრდადი უთანასწორობის დასაძლევად და მათთვის ძალაუფლების მისანიჭებლად. თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ჩვენს საქმიანობას სიახლეების გამოწერით და იპოვოთ ამ სიაში ადგილობრივი ორგანიზაცია, ვინც მხარს უჭერს ციფრულ უფლებებს. სიაში ორგანიზაციის დამატების სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ contact@webfoundation.org

შემოწირულობის გაკეთების მიზნით ეწვიეთ ბმულს.

ავტორი: ტიმ ბერნერს-ლი

სტატია გამოქვეყნდა The Guradian-ში.

 

, , , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

სოციალურ ქსელებში გაბმული

fb2

ზუსტად 10 წლის წინ ამ დღეს 20 წლის მარკ ცუკერბერგმა შექმნა სოციალური ქსელი facebook – მშობლიურ ენაზე “პირწიგნაკად” წოდებული – 21-ე საუკუნის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოგონება. დღეს ამ ქსელს მილიარდამდე მომხმარებელი ჰყავს. Facebook იმდენად იჭრება ჩვენს ცხოვრებში, რომ შეუძლებელია ვირტუალურის რეალურისგან განცალკევება. “ლაივში” პირისპირ საუბრებსა და შეხვედრებს ვირტუალური ჩათი ცვლის, ემოციებს – მრავალფეროვანი სმაილები. თანამონაწილე ხდები მეგობრების, ნაცნობების, უცნობების ცხოვრებისაც კი, ისე, რომ არ გიწევს მათ გვერდით ყოფნა. შენ არ სტუმრობ ამ ადამიანთა სახლებს, მაგრამ სულ ადვილად შეგიძლია შეაბიჯო მათ ვირტუალურ სივრცეში.

ბევრი ჩივის, რომ სოციალურ ქსელებს მიაქვს დრო, ნერვები, ცვლის ადამიანს, უფრო ზარმაცსა და კარჩაკეტილს ხდის მას. ვიღაცისთვის ფეისბუქი განტვირთვის საშუალებაა, ვიღაცისთვის საგანმანათლებლო ფუნქციასაც ითავსებს, ზოგისთვის სულაც სამსახურია. ჩემთვის კი ეს არის ნაცნობებთან (ასევე უცნობებთან:დ) ურთიერთობის, მეგობრებისა და თანამოაზრეების პოვნის, ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების ყველაზე კარგი და მარტივი ხერხი. ბევრი ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახლო ადამიანი სწორედ ინტერნეტის, კერძოდ სოციალური ქსელების საშაულებით გავიცანი: ვირტუალურმა მეგობრობამ დიდი ხანია რეალობაში გადაინაცვლა. ისიც აღსანიშნავია, რომ მათთან ურთიერთობაში ისევ აქტიურად ვიყენებ სოციალურ ქსელებს. ბევრი “ნაცნობი” ხელახლა გავიცანი: ფეისბუქი ხომ ბევრ დამატებით ცნობას გვაწვდის ადამიანის შესახებ, ზოგჯერ ეს ინფორმაცია ბევრად უფრო მრავლისმთქმელია, ვიდრე შეხვედრები სამუშაო თუ სასაწავლო პროცესში. ზემოთქმული სამსახურის მოძიებასაც ეხება: ფეისბუქი ამარტივებს ამ პროცესს – პირადი გამოცდილებიდან ვამბობ.

fb

მე არ ვადევნებ თვალს საინფორმაციო გამოშვებებს, მაგრამ საქმის კურსში ვარ რა ხდება ქვეყნად: ნიუსები თავად მოდიან ჩემთან :დ, რამე თუ მაინტერესებს და რჩევა მჭირდება, მაგალითად, სადაა ესა თუ ის დაწესებულება, რომელი ფილმის ყურება ღირს, როგორია ამა თუ იმ სიტყვის სწორი გრამატიკული ფორმა და ა.შ, არ ვურეკავ/ვწერ/ვეკითხები მეგობრებს სათითაოდ: ამისთვის ერთი სტატუსია საკმარისი. ფეისბუქი ასევე ღონისძიების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. დღეს ძნელად წარმოსადგენია ნებისმიერი სახის (იქნება ეს საპროტესტო თუ საქველმოქმედო აქცია, კონცერტი, გამოფენა და ა.შ) ღონისძიების ორგანიზება ფეისბუქის გარეშე. საინტერესო ივენთების შესახებ ძირითადად ამ სოციალური ქსელიდან ვიგებ.

ბევრის აზრით, ფეისბუქს ზედმეტად დიდი დრო მიაქვს.  მართალია, ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ მთელ დღეს სქროლვასა და ვიღაცის უაზრო სტატუსების კითხვაში ატარებ, მაგრამ ფეისბუქი გაძლევს არჩევანის საშუალებას: შეგაწუხა ვინმეს პოსტებმა? hide, unfollow, unfriend, უკიდურეს შემთხვევაში block. ასევე ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად ეფექტიანად  და აზრიანად გამოვიყენებთ დროს ფეისბუქში. 

მე არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ სოციალური ქსელები გვაშორებენ რეალობას. შესაძლოა, ვიღაცას გარეთ გასეირნებას მთელი დღის კომპთან გატარება და “საყოფაცხოვრებო” სტატუსების წერა (მშია, ვჭამ, მეძინება …) ურჩევნია, მაგრამ მთავარი საფრთხე ეს არაა. მთავარი საფრთხე ალბათ ისაა, რომ ფეისბუქზე  ჩვენ შესახებ ზედმეტად ბევრ ინფორმაციას ვაქვეყნებთ და ამგვარად ხელმისაწვდომს ვხდით მას სხვებისთვის: ამიტომ თუ არ გინდათ რამე უსიამოვნებაში გაეხვეთ, ნებისმიერი ინფორმაციის გაზიარებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.

ხანდახან ვცდილობ წარმოვიდგინო, რა მოხდებოდა, ფეისბუქი რომ არ ყოფილიყო: ალბათ, ცხოვრება ბევრად სხვანაირი იქნებოდა – რაღაც მხრივ უფრო რთული (კომუნიკაციის დამყარების, ინფორმაციის გაცვლის კუთხით) და რაღაც მხრივ უფრო მარტივი. დღეს კი, საკუთარი ნებით, მთლიანად გაბმული ვარ ამ სოციალურ ქსელში.

, , , , ,

დატოვე კომენტარი

დაცული: ბუსუსებიანი პრეზერვატივი ჩვენს მეხსიერებაში

ეს კონტენტი დაცულია პაროლით. მის სანახავად გთხოვთ შეიყვანოთ პაროლი ქვემოთ:

, , , , , , , , , ,

1 კომენტარი

როგორ გავარჩიოთ დეზინფორმაცია ინფორმაციისგან

true false 2

ინფორმაციათა ნაკადში სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება სიმართლის გარჩევა ტყუილისაგან. “ინფორმაციული ომი” განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო პერიოდში. პოსტის დაწერა ერთმა ახლახანს მომხდარმა ამბავმა გადამაწყვეტინა: ერთ-ერთმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია როგორ სასტიკად ცემეს და დააკავეს პოლიციელებმა ოპერის ბაღში ახალგაზრდა მამაკაცი. სტატია ანონიმურ წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, არ შეიცავს შსს-ს კომენტარს. არც სხვა მედიასაშუალებებს გაუვრცელებიათ მსგავსი ინფო (ვინც გაავრცელა, პირველწყაროდ ეს სააგენტო დაასახელა). მიუხედავად ამისა, ჩემდა გასაკვირად, ეს ფაქტები სულაც არ გამხდარა იმის მიზეზი, ხალხს ეჭვი შეეტანა ამბის სისწორეში. ამ ცნობას მთელი აურზაური მოყვა: ათასმა ადამიანმა დააშეარა განრისხებული კომენტარებით “რას გვიშვრება ეს მთავრობა”, “სად არიან ახალგაზრდები, რატომ არ აპროტესტებენ” და ა.შ. მოგვიანებით შსს-მ გამოაქვეყნა განხადება, სადაც წერია, რომ პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემა არ შეესაბამება სიმართლეს, მედიასაშუალებებს კი ურჩევს სანამ მსგავს ინფორმაციას გამოაქვეყნებენ, გადაამოწმონ ხოლმე. Read the rest of this entry »

, , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

რატომ ვაშეარებ ნაგავს


ხანდახან ხდება ხოლმე რომ ფეისბუქზე “ნაგავს” ვაშეარებ, მაგალითად აი ასეთს. რატომ უნდა გაგიჩნდეს “ნაგვის” სხვებისთვის გაზიარების სურვილი და ამით ამ პროდუქტს ერთგვარი რეკლამირება გაუწიო? ლოგიკური და მართებული კითხვაა. პირველ რიგში, უნდა განვმარტო, რომ “ნაგავ” ინფორმაციაში ვგულისხმობ არაეთიკურ და არაპროფესიონალურ ჟურნალისტურ პროდუქტს. შევეცდები თანმიმდევრულად ავსხნა, რატომ იქცევს ხოლმე “ნაგავი” ჩემს ყურადღებას.

1) რატომ ვუყურებ “ნაგავ” სიუჟეტებს? როცა რაღაცას აფასებ, მითუმეტეს აკრიტიკებ, შენი კრიტიკის საგანს კარგად უნდა იცნობდე. ყოველ შემთხვევაში, გარკვეული წარმოდგენა მაინც უნდა გქონდეს ამ რაღაცის შესახებ. როგორ უნდა თქვა სიუჟეტზე “ნაგავიაო” თუ ნანახი არ გაქვს. მითუმეტეს ეს არ არის 2 საათიანი ფილმი, რომ მასზე დროის დახარჯვა დაგენანოს. მართალია, ყოველი წუთი ძვირფასია, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ განსაკუთრებით დიდ დროს არ მოითხოვს კრიტიკის მსგავსი ობიექტის გაცნობა.

2) პირველი პუნქტიდან გამომდინარე გასაგებია, რატომ ვეცნობი ხოლმე ინფორმაციას პირობითი სახელით “ნაგავი”. მაგრამ ჩნდება მეორე კითხვა: მას შემდეგ როცა პირადად გაეცნობი ამ ინფორმაციას, რა საჭიროა მისი გაზიარება სხვებისთვის? ინფორმაცია, რომელზეც ვსაუბრობ, არის ჟურნალისტური პროდუქტი, სადაც ხშირ შემთხვევაში ირღვევა როგორც რესპონდენტთა უფლებები, ასევე მაყურებელთა უფლება მიიღოს ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია. ეს არ არის უხარისხო ფილმი ან წიგნი, რომლის სხვებისთვის გაზიარებაც, თუნდაც ფეისბუქზე, ცოტა ლოგიკასაა მოკლებული. ძალიან იმედგაცრუებული უნდა დავრჩე ფილმით, რომ მერე ფეისბუქზე დავაშეარო და აღვნიშნო ამის შესახებ. თანაც ანტირეკლამაც რეკლამააო და პირადად ჩემს შემთხვევაში ის უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, ვიდრე ჩვეულებრივი რეკლამა.

მაგრამ ზემოთხსენებული “ნაგავი” ინფორმაცია უბრალოდ უხარისხო პროდუქტი არ არის: პირველ რიგში, აღმაშფოთებელია ის, თუ როგორ ირღვევა ამ პროდუქტით სხვისი უფლებები. რამდენმა ადამიანმა იცის, რომ ჟურნალისტს არ აქვს უფლება რესპოდენტთან შეუთანხმებლად ჩაიწეროს მისი საუბარი გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა? რამდენმა ადამიანმა იცის, რომ დაუშვებელია დანაშაულში ეჭვმიტანილისა თუ უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულის ვინაობის გამხელა ჟურნალისტის მიერ? ბევრ ადამიანს ძალიან მწირი წარმოდგენა აქვს ჟურნალისტის უფლება-მოვალეობების შესახებ. ხშირ შემხთვევაში იმ რესპოდენტებმაც კი რომელთა, სიტყვაზე ვთქვათ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაირღვა ამა თუ იმ სიუჟეტით, არ იციან ამის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უჩივლებდნენ სიუჟეტის ავტორს ან პროტესტს მაინც გამოთქვამდნენ ამის შესახებ. ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, მსგავსი “ნაგავი” სიუჟეტები დისკუსიის საგნად იქცეს და ამ დისკუსიაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს. სწორედ ამ მიზნით გამართლებულად მიმაჩნია “ნაგვის” დაშეარება თუ ყურება. მგონია, რომ თუკი საზოგადოებას მსგავსი ჟურნალისტური პროდუქტების მიმართ შესაბამისი რეაქცია ექნება, მათი რიცხვი იკლებს. იგნორირება მსგავსი ინფორმაციისა, მისი არდანახვა არ მგონია კარგი გამოსავალი იყოს. :/

, , , , , , , , , , , , ,

3 Comments

სკანდალური ინფორმაცია

ფოტოს პირველწყარო

მედია ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს სკანდალს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის საზოგადო პირთანაა დაკავშირებული. ამის მაგალითად ბილ კლინტონსა და მონიკა ლევინსკის თავს გადახდენილი ამბის გახსენებაც კმარა. სკანდალებისადმი დიდი დროის დათმობის გამო ჟურნალისტებს ხშირად აკრიტიკებენ, რადგან ყურადღების მიღმა რჩება სხვა ბევრად მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ეს კი ქმნის იმის საფრთხეს, რომ ამომრჩეველი არჩევნების დროს მიიღებს არასწორ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ის ვერ გაითვალისწინებს/ვერ გაიხსენებს არსებით ინფორმაციას კანდიდატის შესახებ.  რადგან სკანდალი უკეთ ამახსოვრდებათ, დიდი ალბათობაა, რომ ამომრჩევლის გადაწყვეტილება დაეფუძნება სწორედ ამ სკანდალურ ინფორმაციას.

სკანდალი იპყრობს უფრო მეტ ყურადღებას და უკეთესად შემოინახება მეხსიერებაში. რატომ ამახსოვრდება ადამიანს სკანდალი არასკანდალურ ამბავზე უფრო მეტად? Read the rest of this entry »

, , , , , , , ,

2 Comments

სტერეოტიპების ავი და კარგი

დღეს სიტყვა “სტერეოტიპს” ძალიან ხშირად იყენებენ. ძირითადად თანხმდებიან იმაზე, რომ ქართველების აზროვნება გაჯერებულია სტერეოტიპებით, რომ ჩვენ ძალიან ჩამორჩენილები ვართ. ყველა, ვისაც უნდა პროგრესულ მოაზროვნედ მიიჩნიონ, ხაზს უსვამს იმას, რომ სტერეოტიპულად არ აზროვნებს. მოკლედ ამ სიტყვას მხოლოდ უარყოფით კონტექსტში ხმარობენ. არადა სტერეოტიპსაც გააჩნია თავისი კარგი მხარეები.

სტერეოტიპი _ ესაა განზოგადებული წარმოდგენა ადამიანთა ჯგუფის შესახებ, ძირითადად პიროვნულ მახასიათებლებზე. სტერეოტიპი შესაძლებელია იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შინაარსის. მაგალითად, პოზიტიური შინაარსის მატარებელია: “გერმანელები არიან შრომისმოყვარეები.”
ასევე არსებობს აუტო– და ჰეტეროსტერეოტიპი, აუტოსტერეოტიპი ეხება საკუთარ ჯგუფს, ხოლოდ ჰეტერო _ სხვა ჯგუფებს. ზოგჯერ აუტო და ჰეტეროსტერეოტიპები ემთხვევა ერთმანეთს.
სტერეოტიპი შეიძლება გადაეცემოდეს თაობიდან თაობას ისე, რომ ადამიანს რეალურად შეხებაც არ ჰქონდეს მის ობიექტთან. სტერეოტიპის ჩამოყალიბების ერთერთი ხელშემწყობია მედია და ასევე მცირეხნიანი და შეზღუდული კონტაქტი ამა თუ იმ ჯგუფთან.
სქემა, რომელიც ჩანერგილია ადამიანის გონებაში, გავლენას ახდენს მის შემდგომ აზროვნებაზე. იმ შემთხვევაშიც კი როცა ადამიანი ხედავს სტერეოტიპის (რომელსაც ეთანხმება) საწინააღმდეგო ფაქტებს, მაინც ემხრობა მას. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანი ყურადღებას აქცევს და “სათვალავში” აგდებს იმ ინფოს, რომელიც მხარს უჭრეს მის წარმოდგენებს, იმ ინფო–ს კი რომელიც არ შეესაბამება მის სტერეოტიპს, უგულებელყოფს. ეს საშუალებას აძლევს შეაფასოს საკუთარი თეორიები როგორც სწორი (ადამიანს კი ყოველთვის აქვს სურვილი იყოს სწორი).

სტერეოტიპი შეიცავს საშიშროებას, რომ მის საფუძველზე ადამიანი განახორციელებს დისკრიმინაციულ ქცევას სხვა ჯგუფის მიმართ.

სტერეოტიპის დადებითი მხარეები

1. პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ სტერეოტიპი შეიძლება იყოს სიმართლისშემცველი. თუკი ასეა, ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდის სტერეოტიპი, ყურადსაღებია. მაგალითად, ერთერთი კვლევის მონაწილეების ერთ ჯგუფს უჩვენეს ფოტოსურათი და უთხრეს ფოტოსურათზე გამოსახული ადამიანის სახელი და გვარი. მეორე ჯგუფს კი უთხრეს ადამიანის სახელი და გვარი და ასევე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ის იყო კოლეჯის სტუდენტი. ორივე ჯგუფს სთხოვეს დაეხასიათებნათ ეს ადამიანი. მეორე ჯგუფის გაკეთებული დახასიათება უფრო ზუსტი აღმოჩნდა. მათ უცნობ ადამიანზე ილაპარაკეს იმ სტერეოტიპებზე დაყრდნობით, რომლებიც ზოგადად კოლეჯის სტუდენტს ეხება.

2. სტერეოტიპი არის ნორმალური ფსიქოლოგიური პროცესის პროდუქტი. ესაა გარკვეული ტიპის სქემა, რომელიც გვეხმარება ინფორმაციის დამუშავებაში. ადამიანზე ყოველ წამს უამრავი სტიმული მოქმედებს, შეუძლებელია ყველა ამ სტიმულის დამუშავება. როდესაც გაქვს წინასწარ შემშავებული სქემა, ადვილად უმკლავდები ინფორმაციის სიმრავლეს.

გავითვალისწინოთ

სტერეოტიპებმა შეიძლება ითამაშოს ორიენტირის როლი სხვა კულტურისა თუ ჯგუფის წამომადგენლებთან ურთიერთობისას, თუმცა მათი გამოყენება მხოლოდ პირველი შეხვედრისას უნდა ხდებოდეს. სხვა ჯგუფის წარმომადგენელთა უფრო კარგად გაცნობის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ ამ სტერეოტიპების სისწორე _ და ამის შესაბამისად უგულებელვყოთ ან განვამტკიცოთ.
ადამიანმა უნდა გააცნობიეროს საკუთარი სტერეოტიპები. მანდ უნდა იცოდეს, რომ საკუთარი ინტერპრეტაციები შეიძლება იყოს როგორც სწორი, ასევე მცდარი, რომ ნებისმიერი ჯგუფის შიგნით არსებობს ინდივიდუალური განსხვავებები.
ვისაც უფრო დაწვრილებით გაინტერესებთ ამის შესახებ, წაიკითხეთ დევიდ მაცუმოტოს “ფსიქოლოგია და კულტურა”

, , , , , , , ,

3 Comments